ეროვნული ლიგა: “ჩიხურამ” და “შუქურამ” ქულები გაიყვეს

დღეს ეროვნული ლიგის 21-ე ტურის შეხვედრები იმართება.

“ივანწმინდა არენაზე” ადგილობრივი “ჩიხურა” ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდა. ანგარიში აჭარლებმა გახსნეს: მე-12 წუთზე თავი მარსელინიომ გამოიჩინა. 44-ე წუთზე ლაშა ჩიკვაიძემ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ნახევარში “ჩიხურა” უფრო გააქტიურდა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდა – 1-1.

ამ ფრის შემდეგ იმერული გუნდი 30 ქულით მეხუთეზეა, “შუქურა” რვით – მეათეზე.

 

ეროვნული ლიგის 21-ე ტური: პრევიუ

4, 5 და 6 აგვისტოს ეროვნულ ლიგაში ოცდამეერთე ტურის მატჩები გაიმართება

4 აგვისტოს, ტურის პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე თბილისის „დინამო“ გორის „დილას“ უმასპინძლებს. ბოლო წლებში გორული კლუბი დინამოელთათვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა და ეს ტენდენცია ამ სეზონშიც გრძელდება. „დილა“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელთანაც „დინამოს“ შეხვედრა არ მოუგია. გამართული ორი მატჩიდან ერთი გორელებმა მოიგეს, ერთი კი, ფრედ დასრულდა. სატურნირო თვალსაზრისით მომავალ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გასულ ტურში „დინამო“ დამარცხდა და ამით უშუალო კონკურენტს სხვაობის 3 ქულამდე შემცირების საშუალება მისცა. აქედან გამომდინარე, ერთიპიროვნული ლიდერობის შესანარჩუნებლად მომავალ შეხვედრაში თბილისელებს დადებითი შედეგი სჭირდებათ. თავისმხრივ „დილას“ უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და ქულები მასაც ძალიან სჭირდება. გიორგი დარასელიას გუნდს 22 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. ყველა ზემო აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით გულშემატკივარს საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ელის.

5 აგვისტოს, ლიგაში ორი შეხვედრა გაიმართება.

ბათუმის „რაგბი არენაზე“ ადგილობრივი „დინამო“ „სამტრედიას“ დაუპირისპირდება. არასტაბილურად ჩატარებული ჩემპიონატის პირველი ნახევრის შემდეგ, ბათუმელებმა მესამე წრე კარგად დაიწყეს და გამართული ორი შეხვედრიდან ორივე მოიგეს. ბუნებრივია ეს მათ სატურნირო მდგომარეობაზე დადებითად აისახა და კონსტანტინ ფროლოვის გუნდმა გადათამაშების ზონას თავი დააღწია. მესამე წრე „სამტრედიამაც“ წარმატებულად დაიწყო და მეტოქის მსგავსად ორივე მატჩი მოიგო. სამტრედიელები 39 ქულით მესამე ადგილზე არიან და ლიდერ თბილისის „დინამოს“ 7 ქულით ჩამორჩებიან. მოახლოვებულ მატჩს ორივე გუნდი კარგ ფორმაში ხვდება. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ მაყურებელი უშეღავათო ბრძოლას იხილავს.

სტუმრად გამართული შეხვედრების შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ სტადიონზე ბრუნდება. 21-ე ტურის შეხვედრაში „რამაზ შენგელიაზე“ ქუთაისელები ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებენ. ტორპედოელები ეროვნულ ლიგაში შესანიშნავად ასპარეზობენ და 43 ქულით მეორე ადგილზე არიან. კახა ჩხეტიანის გუნდმა მომავალ მეტოქეს მიმდინარე სეზონში გამართული ორივე შეხვედრა მოუგო. პირველ შემთხვევაში „ტორპედომ“ 2:1 იმარჯვა, მეორეში კი – 3:0. ფოთელები რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაში არიან. გელა სანაიას გუნდი ზედიზედ ექვსი შეხვედრაა ვერ იგებს და 18 ქულით მეცხრე ადგილზეა.

21-ე ტურის დასკვნითი ორი შეხვედრა 6 აგვისტოს ჩატარდება.

საჩხერის „ჩიხურა“ ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე გათამაშების აუტსაიდერს, ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს. საჩხერელები არასტაბილურად ასპარეზობენ და 29 ქულით მეხუთე პოზიციაზე არიან. სოსო ფრუიძის გუნდის მიზანი საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაა და მათთვის თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხებათ ქობულეთელებს, მათ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნების მიზერული შანსი აქვთ და მიზნის მისაღწევად დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგის ჩვენება სჭირდებათ.

ტური თბილისური დერბით დასრულდება. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდებიან. აღნიშნული კლუბების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო მატჩებით გამოირჩევა და გამონაკლისი არც ეს მატჩი იქნება. მიმდინარე სეზონში გამართული ორი შეხვედრიდან ორივე საბურთალოელებმა მოიგეს, მაგრამ სატურნირო ცხრილში უკეთეს პოზიციას ლოკო იკავებს. გიორგი დევდარიანის გუნდს 30 ქულა აქვს და მეოთხეა, საბურთალოელები კი, 26 ქულით მეექვსეზე არიან. ორივე გუნდი ლიდერთა სამეულში მოსახვედრად იბრძვის და ამ ბრძოლაში ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებ შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

Eliga.Ge

“ლოკომოტივმა” თბილისური დერბი მოიგო

დღეს, “მიხეილ მესხი 2”-ზე ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში თბილისური დერბი შედგა. ერთმანეთს დედაქალაქური კლუბები, “ლოკომოტივი” და “დინამო” დაუპირისპირდნენ.

მატჩში ანგარიში მე-17 წუთზე ვატო არველაძემ გახსნა. ზუსტად რვა წუთში ბექა მიქელთაძემ პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა.

მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე არველაძემ კიდევ ერთხელ გაიყვანა “ლოკო” წინ. 82-ე წუთზე გიორგი ხიდეშელმა მესამე გოლი გაუტანა “დინამოს”.

საბოლოოდ, “ლოკომ” მატჩი ანგარიშით 3-1 მოიგო. იგი 30 ქულით მეოთხეზეა. “დინამოს” 46 ქულა აქვს და პირველზეა.

ეროვნული ლიგა: პირველი ორი წრის მაყურებელთა რაოდენობა (ფოტო)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჯი-ეფ-ემ სტუდიოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, 2017 წლიდან პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ხორციელდება ეროვნული ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი.

ეროვნული ლიგის პირველი ეტაპის შემდეგ მიღებული სტატისტიკური მონაცემებით, პირველ ორ წრეში მხოლოდ ინტერნეტ-ტრანსლაციებს თვალი ადევნა 520 653 გულშემატკივარმა (საშუალოდ 5 785 მაყურებელი).

პირველი ნახევრის ყველაზე ყურებადი მატჩი იყო იყო მე-14 ტურში, ჩიხურა-დინამო (14 242 მაყურებელი).

აქვე შეგახსენებთ, რომ გარდა ინტერნეტ-ტრანსლაციებისა, სფფ აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ტელეკომპანია აჭარასთან და ახლა უკვე სილქ-უნივერსალთანაც, რომელთა რეიტინგები ზემოთ აღნიშნულ სტატისტიკაში არ შედის.

 

Eliga.Ge

ეროვნული ლიგის მე-20 ტური: პრევიუ

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩები 28, 29 და 30 ივლისს გაიმართება.

28 ივლისს, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „სამტრედია“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს. იმერული კლუბები სატურნირო ცხრილში მესამე-მეოთხე ადგილებზე არიან. სამტრედიელებს 36 ქულა აქვთ და საჩხერლებს კომფორტული უპირატესობით – 7 ქულით უსწრებენ. აქედან გამომდინარე, სოსო ფრუიძის გუნდისთვის ურთიერთშეხვედრები შესანიშნავი შანსია იმისთვის, რომ ჩამორჩენა აღმოფხვრას და საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლოს. თავის მხრივ „სამტრედია“ მიმდინარე სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და გუნდისთვის თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

29 ივლისს ეროვნულ ლიგაში ორი შეხვედრა გაიმართება.

მიხეილ მესხის სახელობი სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისურ დერბიში ერთმანეთს „ლოკომოტივი“ და „დინამო“ დაუპირისპირდებიან. გუნდები განსხვავებულ სეზონს ატარებენ. დინამოელები სტაბილურად ასპარეზობენ და გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობენ. ლოკომ კი, კარგად დაწყებული ჩემპიონატის შემდეგ ფორმის შენარჩუნება ვერ მოახერხა და ახლა 27 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. დერბი ყოველთვის საინტერესო მატჩებით გამოირჩევა და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა უნდა გამოდგეს. „დინამოს“ ერთპიროვნული ლიდერობის შენარჩუნება სურს, „ლოკომოტივი“ კი, საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის და მიზნის მისაღწევად ქულები სჭირდება.

საინტერესო უნდა გამოდგეს ფოთის „კოლხეთისა“ და თბილისის „საბურთალოს“ დაპირისპირება. ორივე კლუბმა ეროვნული ლიგის მეორე ნახევარი წაგებით დაიწყო. ფოთელები სტუმრად თბილისის „დინამოსთან“ ანგარიშით 6:1 დამარცხდნენ, თბილისისელებმა კი, საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ 1:2 წააგეს. გუნდები მოახლოვებულ შეხვედრას არც თუ ისე სასურველი სატურნირო მდგომარეობით ხვდებიან. შესაბამისად მოგება ორივე მათგანს ძალიან სჭირდება და გულშემატკივარი დაძაბულ შეხვედრას იხილავს.

მეოცე ტურის დანარჩენი ორი მატჩი 30 ივლისს გაიმართება.

ცენტრალურ შეხვედრაში გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „დილა“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება. კლუბები ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან და სატურნირო ცხრილში მათ შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა. გორელები 22 ქულით მეშვიდე ადგილზე არიან, ბათუმელები კი, 20 ქულით მერვეზე. სეზონის დასაწყისში „დილაც“ და „დინამოც“ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტებად ითვლებოდნენ, მაგრამ არასტაბილურად ჩატარებული პირველი ნახევრის გამო ახლა ორივე გუნდისთვის პრიორიტეტი უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაა.

ტურის ბოლო შეხვედრას ბათუმის „რაგბი არენა“ უმასპინძლებს – ქობულეთის „შუქურა“ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება. ქუთაისელები ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები არიან, ქობულეთელები კი, ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე გამარჯვება ორივე გუნდს ძალიან სჭირდება. განსაკუთრებით კი, „შუქურას“, რადგან გიორგი შაშიაშვილის გუნდს მხოლოდ 7 ქულა აქვს და გადათამაშების ზონას 10 ქულით ჩამორჩება.

Eliga.Ge

ეროვნული ლიგის მე-19 ტური: პრევიუ

21 ივლისს, ერთთვიანი შესვენების შემდეგ ეროვნული ლიგა თბილისის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთის“ დაპირისპირებით განახლდება. საზაფხულო შესვენებისას ორივე კლუბში სერიოზული ცვლილებები მოხდა. თბილისელთა რიგები რამდენიმე ლიდერმა დატოვა, თუმცა გუნდში საინტერესო ფეხბურთელები კვლავ გამოჩნდნენ. წამყვანი მოთამაშეები წავიდნენ „კოლხეთიდანაც“. ვლადიმირ კორობკა კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელებს, სტეფან სიკაჩი რუსეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა, მიკოლა კოვტალიუკი კი, სწორედ თბილისელთა შემადგენლობაში ითამაშებს, მაგრამ მე-19 ტურის შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. მოკლედ სეზონის განახლებას ორივე გუნდი ცვლილებებით ხვდება, მაგრამ მათი მიზნები უცვლელია, „დინამო“ ჩემპიონობისთვის იბრძვის „კოლხეთი“ კი, უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად.

მეცხრამეტე ტურის მეორე შეხვედრა 22 ივლისს შედგება. გასული წლის ჩემპიონი „სამტრედია“ საკუთარ მოედანზე ქობულეთის „შუქურას“ მიიღებს. ჩემპიონატის პირველ ნახევარში დაფიქსირებული ცუდი შედეგის გამო ქობულეთელთა რიგებში დიდი ცვლილებები განხორციელდა. კლუბი ერთბაშად 14-მა ფეხბურთელმა დატოვა. მათ მაგივრად კი, გიორგი შაშიაშვილის გუნდში 10 ახალი მოთამაშე მივიდა. როგორც ხედავთ „შუქურა“ მესამე წრიდან სრულიად განახლებული შემადგენლობით იასპარაზებს და ასე შეეცდება ეროვნულ ლიგაში დარჩენას. ცვლილებები სამტრედიელთა შემადგენლობაშიც მოხდა, თუმცა გაცილებით ნაკლები. გია ცეცაძამ გუნდიდან 4 ფეხბურთელმა გაუშვა და ამდენივე ახალი მოთამაშე დაიმატა. იმერული კლუბი ლიგაში  მაღალი პოზიციებისთვის იბრძვის. 2 წრის შემდეგ სამტრედიელებს 33 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე არიან.

ეროვნული ლიგის მეცხრამეტე ტურის დანარჩენი სამი შეხვედრა 23 ივლისს გაიმართება.

საჩხერის „ჩიხურა“ ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე გორის „დილას“ უმასპინძლებს. საჩხერელებმა შემადგენლობა შეინარჩუნეს და საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ. ამჟამად სოსო ფრუიძის გუნდი 26 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. სატურნირო თვალსაზრისით გორელებიც დაახლოებით იგივე მდგომარეობაში არიან. მათ 22 ქულა აქვთ და მეშვიდე ადგილზე არიან. ორივე კლუბს მსგავსი მიზნები აქვს და ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებ შედეგს სეზონის ბოლოს დიდი მნიშვნელობა ექნება. აქედან გამომდინარე გულშემატკივარს საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ელის.

ბათუმის „რაგბი არენაზე“ ადგილობრივი „დინამო“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს. სეზონის პირველ ნახევარში ბათუმელებმა ცუდად იასპარეზეს და შესაბამისად უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევთ ბრძოლა. აჭარულ კლუბში გარკვეული ცვლილებები მოხდა და შეიძლება ითქვას, რომ კონსტანტინ ფროლოვის გუნდი ჩემპიონატის დარჩენილ თამაშებს გაძლიერებული შემადგენლობით ჩაატარებს. „დინამოსგან“ განსხვავებით საკმაოდ წარმატებული პირველი ნახევარი ჩაატარა თბილისის „ლოკომოტივმა“. დედაქალაქელებმა გამართულ 18 შეხვედრაში 27 ქულა მოაგროვეს და მეოთხე ადგილზე არიან. გიორგი დევდარიანი გუნდმა საზაფხულო შესვენება კარგად გამოიყენა და რამდენიმე პოზიციაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები დაიმატა. „დინამოსა“ და „ლოკომოტივის“ დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო მატჩებით გამოირჩევა და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით გამონაკლისი არც ეს შეხვედრა უნდა გამოდგეს.

მეცხრმატე ტურის ბოლო შეხვედრას დავით პეტრიშვილის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. თბილისის „საბურთალო“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება. ქუთაისელებმა მეორე წრე შესანიშნავად ჩაატარეს და 37 ქულით გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. კარგად იასპარეზა „საბურთალომაც“, გია ჭიაბრიშვილის ახალგაზრდულმა გუნდმა 25 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში კლუბებს შორის გამართული ორი შეხვედრიდან ქუთაისურმა გუნდმა ვერც ერთი მოიგო. ერთი მატჩი საბურთალოელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა, მეორე შემთხვევაში კი, ნულოვანი ფრე – 0:0 დაფიქსირდა.

Erovnuliliga.Ge

ოფიციალურად: ზურაბ არზიანი ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელია

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ თბილისის “საბურთალოს” უკვე ყოფილი მოთამაშე, ზურაბ არზიანი კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს. ამის შესახებ ამ უკანასკნელი გუნდის საიტი იტყობინება.

რუსეთის მოქალაქესა და კლუბს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები უცნობია.

აქვე გეტყვით, რომ 29 წლის ნახევარმცველმა ეს სეზონი “საბურთალოში” დაიწყო და ეროვნულ ლიგაში 17 შეხვედრას მოუყარა თავი. ისე კი მას ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა: “ანჟი”, “დინამო” (თბ.), “ვოლგა”, “დილა”, “ორენბურგი”, “სახალინი”, “ნიირეგიჰაზა”, “არმავირი” და “შუქურა”.

ოფიციალურად: თორნიკე თარხნიშვილი “საბურთალოს” ფეხბურთელია

ბათუმის “დინამოს” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, თორნიკე თარხნიშვილი თბილისის “საბურთალოში” გააგრძელებს კარიერას. ამის შესახებ აჭარელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება.

“დინამოსა” და სპორტსმენს შორის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ხოლო, “საბურთალოსთან” გაფორმებული კონტრაქტის პირობები, ჯერჯერობით, უცნობია.

სხვადასხვა დროს 27 წლის ნახევარმცველს უთამაშია ისეთ გუნდებში, როგორებიცაა: “სიონი”, “ცხინვალი”, “ტორპედო”, “დინამო” II (თბ.), “ვენცპილსი”, “ცხინვალი”, “შუქურა” და ბოლოს ბათუმური “დინამო”.

ეროვნული ლიგის მე-17 ტური: პრევიუ

დღეს და ხვალ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართება.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ ნახსენები მატჩების პრევიუს.

თბილისის “ლოკომოტივი” – სამტრედიას “სამტრედია”

დასაწყისი: 16 ივნისი, 17:30 წუთი

16 ივნისს, ტურის პირველ შეხვედრაში თბილისის „ლოკომოტივი“ „დავით პეტრიაშვილზე“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. მატჩს სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. გუნდები უშუალო კონკურენტები არიან და მათ შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა. ლოკო 24 ქულით მეოთხე ადგილზეა, სამტრედიელებს კი, 27 ქულა აქვთ და მესამე პოზიციას იკავებენ. კლუბებს შორის პირველ წრეში სამტრედიაში გამართული შეხვედრა გატანილი გოლები გარეშე 0:0 დასრულდა.

ფოთის “კოლხეთი” – საჩხერის “ჩიხურა”

დასაწყისი: 16 ივნისი, 18:30 წუთი

ფოთის „კოლხეთი“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს. ფოთელები მართალია გასავარდნ ზონაში არიან, მაგრამ გელა სანაიას გუნდმა ბოლო ტურებში თამაში გამოასწორა და ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. წარმატებული სერია ჰქონდათ საჩხერელებსაც, მაგრამ ბოლო ტურში ისინი ქუთაისის „ტორპედოსთან“ დამარცხდნენ. მიმდინარე სეზოში კლუბებს განსხვავებული მიზნები აქვთ, თუმცა შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „კოლხეთს“ უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება სურს, „ჩიხურა“ კი, საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის.

გორის “დილა” – ქობულეთის “შუქურა”

დასაწყისი: 16 ივნისი, 20:30 წუთი

სათამაშო დღის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს გორის „დილა“ და ქობულეთის „შუქურა“ დაუპირისპირდებიან. გორელები მოახლოვებულ მატჩს ზივ ავრაჰამ არიეს გარეშე ხვდებიან. ებრაელმა სპეციალისტმა კლუბი ბოლო ტურის შემდეგ დატოვა და როგორც ცნობილია უახლოეს ორ შეხვედრაში მის მოვალეობას გიორგი დეკანოსიძე შეასრულებს. ახალი მთავარი მწვრთნელი ყავთ ქობულეთელებსაც. გიორგი შაშიაშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა ორი შეხვედრა გამართა, საიდანაც ერთი მოიგო და ერთში დამარცხდა. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, „დილა“ 19 ქულით მეშვიდეა, „შუქურა“ კი, ჩემპიონატის გამოკვეთილი აუტსაიდერია და შვიდი ქულით ბოლო, მეათე ადგილს იკავებს.

თბილისის “საბურთალო” – თბილისის “დინამო”

დასაწყისი: 17 ივნისი, 18:00 საათი

ცენტრალურ შეხვედრას თბილისის დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. თბილისურ დერბიში ერთმანეთს „საბურთალო“ და „დინამო“ დაუპირისპირდებიან. კლუბების დაპირისპირებას დიდი ისტორია არ აქვს, თუმცა მათ შორის გამართული მატჩები ყოველთვის საინტერესოა. ურთიერთშეხვედრებში აბსოლიტურ უპირატესობას დინამოელები ფლობენ, გამართული 5 მატჩიდან მათ 4 მოიგეს და 1 ფრედ ითამაშეს.

ქუთაისის “ტორპედო” – ბათუმის “დინამო” 

დასაწყისი: 17 ივნისი, 21:00 საათი

ტურის ბოლო შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ „რამაზ შენგელიაზე“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. ქუთაისელები შესანიშნავ ფორმაშია არიან და ზედიზედ ექვსი ტურია იგებენ. აღნიშნულ მატჩებში კახა ჩხეტიანის გუნდმა 13 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი მიიღო. ბუნებრივია კარგი ასპარეზობა სატურნირნო ცხრილზეც აისახა და „ტორპედო“ 34 ქულით მეორე ადგილზეა. რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა ბათუმელთა მხარეს. „დინამო“ არასტაბილურად ასპარეზობს, 16 ქულა აქვს და მერვე პოზიციაზეა. არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო გუნდში გარკვეული ცვლილებებიც მოხდა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლევან ხომერიკი კონსტანტინ ფროლოვმა ჩაანაცვლა. ამასთან ერთად ბათუმელები რამდენიმე ახალ ფეხბურთელსაც ელიან. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით გულშემატკივარი საინტერესო და დაძაბული შეხვედრას იხილავს.

Erovnuliliga.Ge

“ტორპედომ” “სამტრედიას” მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მეორე დღეა.

თავისი მატჩი ჩაატარა ქუთაისის “ტორპედომ”, რომელიც ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” სამტრედიის “სამტრედიას” დაუპირისპირდა. მატჩში ანგარიში მე-12 წუთზე შოთა ბაბუნაშვილმა გახსნა. 44-ე წუთზე თეიმურაზ ბაბუნაშვილმა ავტოგოლი გაიტანა და ქუთაისური კლუბი ორბურთიანი უპირატესობით გავიდა წინ.

მეორე ტაიმში ორი დასამახსოვრებელი მომენტი იყო. 73-ე წუთზე გიული მანჯგალაძემ მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედანი დატოვა. ხოლო, მეორე დამატებით წუთზე გიორგი ბერიაშვილმა სხვაობა შეამცირა. ამის შემდეგ აღარაფერი შეცვლილა.

საბოლოოდ, 2-1 და “ტორპედომ” უპრინციპულესი დაპირისპირება მოიგო. მას 31 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა. ერთით ქვემოთა საფეხურზეა “სამტრედია”, რომელიც ქუთაისურ გუნდს უკვე ხუთი ქულით ჩამორჩება.

 

“ჩიხურამ” “საბურთალო” სტუმრად დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მატჩები გაიმართა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის “საბურთალომ” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო. მეათე წუთზე ანგარიშის გახსნა დიმიტრი ტატანაშვილმა შეძლო და იმერლები წინ გაიყვანა. 13 წუთში “ჩიხურას” კაპიტანმა, შოთა კაშიამ საკუთარ კარში გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა. 30-ე წუთზე სტუმარი გუნდი ისევ გავიდა წინ. ამჯერად გიორგი ივანიშვილმა შეარხია თბილისლების კარის ბადე.

მეორე ნახევარში “საბურთალოს” ჰქონდა შანსები, თუმცა ვეღარ გაიტანა.

საბოლოოდ, სოსო ფრუიძის შეგირდებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს.

ამ გამარჯვების შემდეგ “ჩიხურას” 23 ქულა აქვს და მეოთხეზეა. “საბურთალო” 19 ქულით მეექვსეზეა.

ეროვნული ლიგა: “კოლხეთმა” და “დილამ” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურის სადებიუტო შეხვედრა სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძეზე” გაიმართა. ერთმანეთს ჩემპიონატის მეცხრე- და მეშვიდეადგილოსნები, შესაბამისად, ფოთის “კოლხეთი” და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ.

მატჩი დაძაბული გამოდგა. უპირატესობა “დილას” ჰქონდა, თუმცა “კოლხეთმაც” შექმნა რამდენიმე მომენტი. საბოლოოდ, დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.

ამ ფრის შემდეგ მეგრელებს 15 ქულა აქვთ და მეცხრე ადგილზე არიან. “დილა” 19 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.