ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა!

დღეს ეროვნული ლიგის 35-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა თბილისში, “დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე”, სადაც თბილისური გუნდები, “საბურთალო” და “დინამო” ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერეო გამოდგა, მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ განსაკუთრებით მონდომებულები “დინამოს” ფეხბურთელები იყვნენ, რადგან მოგების შემთხვევაში მათ შანსი ჰქონდათ, ერთი ტურით ადრე გაენაღდებიათ ეროვნული ლიგის ჩემპიონობა, თუმცა მათ “საბურთალომ” ტოლი არაფერში დაუდო და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა. აქედან გამომდინარე ყველაფერი ბოლო ტურში “დინამოსა” და “ტორპედოს” შორის გასამართ შეხვედრაში გაირკვევა. თავის მხრივ კი “საბურთალომ” მეოთხე ადგილი გაინაღდა და “დავით ყიფიანის სახელობის თასის” ფინალს დაელოდება, სადაც ქუთაისელთა წარმატების შემთხვევაში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

სასტარტო შემადგენლობები:

“საბურთალო”: 17. ლაზარე კუპატაძე, 4. გაგი მარგველაშვილი, 5. ცოტნე ნადარაია, 6. თედორე გრიგალაშვილი, 9. ლაშა შინდაგორიძე, 10. გიორგი ხარაიშვილი (C), 13. გრიგო ჩაბრაძე, 20. ელვინ ტერა, 24. თორნიკე თარხნიშვილი, 90. დავით ვოლკოვი, 93. ნდუე მუეცი.

“დინამო”: 1. სერგი ლიტოვჩენკო, 3. ლაშა თოთაძე, 5. ლევან გეგეჭკორი, 8. ოთარ კიტეიშვილი (C), 9. ბექა მიქელთაძე, 11. აკაკი შულაია, 15. ლაშა ქოჩლაძე, 20. ლაშა სალუქვაძე, 24. დავით კობოური, 27. გიორგი კუცია, 31. ბექა ქავთარაძე.

“ლოკომოტივი” 2-5 “სამტრედია”

დღეს ეროვნული ლიგის 35-ე ტური შეხვედრა გაიმართა თბილისში, “ლოკომოტივმა” “სამტრედია” უმასპინძლა და საკმაოდ საინტერესო ბრძოლაში 2-5 დამარცხდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად დაიწყო, მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავდაპირველად ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, 24-ე წუთზე ვატო არველაძის კარგი გასროლის შემდეგ მიგინეიშვილი უძლური აღმოჩნდა. ამ ყოველივს იმერელთა გააქტიურება მოჰყვა და 30-ე წუთზე ჯერ კასრაძემ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 37-ე წუთზე მანჯგალაძემ “სამტრედია” წინ გაიყვანა. მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყეს თბილისელებმა და 54-ე წუთზე ლუკა კიკაბიძემ ანგარიში მეორედ გაათანაბრა. თუმცა 66-ე და 70-ე წუთზე რაჟამაშვილმა ორი გოლი გაიტანა და აღნიშნულ შეხვდრაში ბევრი რამ გადაწყვიტა. ბოლო გოლი კი გიული მანჯგალაძის არგარიშზეა (87′). საბოლოოდ შეხვედრა იმერელთა გამრჯვებით 2-5 დასრულდა.

სასტარტო შემადგენლობები:

“ლოკომოტივი”: 25. რევაზ თევდორაძე, 4. ნიკა ჭანტურია, 8. ნოდარ ქავთარაძე, 13. ლაშა გვალია, 14. ლუკა კიკაბიძე, 23. გიორგი გოროზია, 24. ვატო არველაძე, 27. გიორგი გაბაძე, 30. მამუკა კობახიძე, 50. გიორგი რეხვიაშვილი, 80. დავით უბილავა (C).

“სამტრედია”: 12. ომარ მიგინეიშვილი, 18. ჯემალ გოგიაშვილი, 3. ლაშა კასრაძე, 24. ბაქარ ბალდე, 22. გიორგი მჭედლიშვილი, 26. გიორგი დათუნაიშვილი (C), 7. დავით რაჟამაშვილი, 6. გიული მანჯგალაძე, 80. ანტე გიი, 10. ნიკოლოზ საბანაძე, 99. მაიკლ ოლაიტანი.

“კოლხეთი” 0-4 “ჩიხურა”

დღეს ეროვნული ლიგის 35-ე ტური შეხვედრა გაიმართა ფოთში “პარკი არენაზე”, ადგილობრივმა “კოლხეთმა” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა და უშანსოდ დამარცხდა.

შეხვედრა საჩხერელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. პირველი სახიფათო მომენტი თორნიკე გორგიაშვილის კარგ ცრუმოძრაობას მოჰყვა, რის შემდეგაც უკანასკნელმა ტექნიკურად დაარტყა, მაგრამ ფოთელები ძელმა იხსნა, ამის შემდეგ უკვე სარდალიშვილს მიეცა გატანის შანსი, მაგრამ “კოლხეთი” ამჯერადაც ძელმა გადაარჩინა. საბოლოოდ ანგარიში 42-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიდან გაიხსნა, პენლატი ზუსტად დიმიტრი ტატანაშვილმა გამოიყენა. მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე საჩხერლებმა მეორე ბურთი გაიტანეს, 47-ე წუთზე გორგიაშვილის კარგი გადაცემის შემდეგ თავი გაბედავამ გამოიჩინა. 56-ე წუთზე კი დიმიტრი ტატანაშვილმა დუბლი გაიფორმა. ამის შემდეგ უკვე საპენალო ნიშნულიდან თავის შანსი გიორგი გაბედავამაც გამოიყენა და ანგარიში ოთხამდე გაზარდა. საბოლოოდ შეხვედრა საჩხერელთა გამარჯვებით 0-4 დასრულდა.

სასტარტო შემადგენლობები:

“კოლხეთი”: 26. კონსტანტინე სეფიაშვილი, 2. გიორგი კილასონია, 3. ალექსანდრე გურეშიძე, 4. ლაშა გოგონაია (C), 6. ამოს ნონდი, 8. ლევან კაკულია, 9. იგორ ბროვკო, 14. გიორგი ჯანელიძე, 17. თამაზ ჟიშკარიანი, 77. დავით ბოლქვაძე, 99. გიორგი ბუხაიძე.

“ჩიხურა”: 30. დინო ჰამზიჩი, 3. თორნიკე გრიგალაშვილი, 5. ბაქარ მირცხულავა, 6. პაპუნა ფონიავა, 7. გიორგი განუგრავა, 9. გიორგი გაბედავა, 10. მიშიკო სარდალიშვილი, 15. გიორგი კორიფაძე, 18. დიმიტრი ტატანაშვილი (C), 19. ლევან კაკუბავა, 39. თორნიკე გორგიაშვილი.

ეროვნული ლიგის 35-ე ტური: პრევიუ

22 ნოემბერს ეროვნული ლიგის 35-ე ტურის შეხვედრები გაიმართება. ყველა მატჩი 14:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენს ვებ-გვერდზე შემოგთავაზებთ.

დავით პეტრიაშვილი არენაზე თბილისურ დერბიში ერთმანეთს „საბურთალო“ და „დინამო“ დაუპირისპირდებიან. დინამოელთათვის აღნიშნულ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საბურთალოელებთან გამარჯვების შემთხვევაში კახა კაჭარავას გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდებს ჩემპიონობას. თავისმხრივ „საბურთალო“ მეოთხე ადგილისთვის იბრძვის და მიზნის მისაღწევად გია ჭიაბრიშვილის გუნდს დარჩენილ ორ ტურში დადებითი შედეგის ჩვენება სჭირდება. მიმდინარე სეზონში თბილისურ კლუბებს შორის გამართული სამი შეხვედრიდან ორი დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი, საბურთალოელების.

ჩემპიონობის კიდევ ერთი პრეტენდენტი ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. გასულ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ გადაწყდა, რომ ბათუმელები ეროვნულ ლიგაში დასარჩენად გადათამაშებაში იბრძოლებენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ „დინამო“ დარჩენილ ორ შეხვედრას პლეო-ოფისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს. განსხვავებულ სიტუაციაში არიან ქუთაისელები. „ტორპედო“ ჩემპიონობისთვის იბრძვის, თუმცა მხოლოდ საკუთარი თამაშის შედეგზე არაა დამოკიდებული. საჩემპიონო რბოლაში დასარჩენად კახაბერ ჩხეტიანის გუნდს გამარჯვებასთან ერთად უშუალო კონკურენტის, თბილისის „დინამოს“ წარუმატებელი თამაში სჭირდება. ასეა თუ ისე იმერლებს უპირობო გამარჯვება სჭირდებათ.

თბილისის „ლოკომოტივი“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „სამტრედიას“ უმასპინძლებს. ბოლო ტურებში ლოკო ძალიან არასტაბილურად ასპარეზობს და ბუნებრვია ეს სატურნირო ცხრილზე აისახა. უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან თბილისელებმა მხოლოდ ერთხელ მოიგეს და მეხუთე ადგილზე დაქვეითდნენ. მიუხედავად ამისა, „ლოკომოტივი“ მეოთხე ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებს და დარჩენილ შეხვედრებში გუნდი სწორედ ამ მიზნისთვის იბრძოლებს. რაც შეეხებათ იმერლებს, „სამტრედიამ“ ევროტურნირებზე თამაში უკვე გაინაღდა და მეორე ადგილზე გასვლის მიზერულ შანსსაც ინარჩუნებს.

ეროვნული ლიგის გადათამაშების ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას შეეცდება ფოთის „კოლხეთი“. ფოთელები „პარკი არენაზე“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებენ, დასახული მიზნის მისაღწევად მათ ფრეც ჰყოფნით. კოლხებს 23 ქულა აქვთ და უშუალო კონკურენტს, ქობულეთის „შუქურას“ 5 ქულით უსწრებენ. საჩხერელთათვის აღნიშნულ შეხვედრა სატურნირო მნიშვნელოვანი არ არის. „ჩიხურას“ არც გავარდნა ემუქრება და აღარც მეოთხე ადგილზე მოხვედრის შანსი აქვს. მოკლედ იმერლები სრულად საქართველოს თასის ფინალზე არიან გადართულნი და დარჩენილ მატჩებს სწორედ ფინალური შეხვედრისთვის მოსამსაზდებლად გამოიყენებენ.

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „დილა“ ქობულეთის „შუქურას“ შეხვედება. გორელებმა გასულ ტურში თბილისის „ლოკომოტივის“ დამარცხებით ეროვნულ ლიგაში დარჩენა გაინაღდეს. თუმცა ხვალინდელი შეხვედრა მიმდინარე სეზონში „დილასთვის“ საკუთარ მოედანზე ბოლოა და აქედან გამომდინარე, გიორგი დარასელიას გუნდი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს. რთულ მდგომარეობაში არიან ქობულეთელები, „შუქურა“ ეროვნული ლიგიდან პრაქტიკულად გავარდნილია და უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნების მიზერული შანსი აქვს. გადათამაშების ზონაში მოსახვედრად აჭარლებს საკუთარ მოგებებთან ერთად ფოთის „კოლხეთის“ წარუმატებელი თამაში სჭირდებათ.

Eliga.Ge

“რუსთავი” ეროვნულ ლიგა 1-ში იასპარეზებს!

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ეროვნულ ლიგა 2-ის ოცდამეთხუთმეტე ტურის შეხვედრა რუსთავში, ადგილობრივმა გუნდმა “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა მეტოქე.

შეხვედრაში აშკარა უპირატესობას “რუსთავი” ფლობდა. თავდაპირველად გოლი მე-18 წუთზე, გათამაშების ბომბარდირმა დათა სიჭინავამ გაიტანა, ხოლო 61-ე წუთზე ზაზა ციცქიშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა. ამ გამარჯვების შემდეგ რუსთაველებმა ეროვნულ ლიგა 1-ის საგზური პირდაპირ მოიპოვეს და შემდეგი სეზონიდან საქართველოს რანგით პირველ დივიზიონში იასპარეზებენ. ასევე გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომელებიც გადათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას. “მერანი”, დიდი ალბათობით, ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდება, ხოლო “სიონი” ბათუმის “დინამოსთან” მოსინჯავს ძალებს.

ასევე გაირკვა, რომ ეროვნულ ლიგა 2-ს გამოემშვიდობა ტყიბულის “მეშახტე”, ხოლო “ზუგდიდმა” ბოლოსწინა ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში მიიღებს მონაწილეობას. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი გუნდი გავა მე-8 პოზიციაზე. გადარჩენისთვის “გურია” და “ცხინვალი” იბრძვიან. ბოლო ტურში ერთადერთ ინტრიგას სწორედ მერვე-მეშვიდე ადგილზე გასული გუნდების ვინაობი გარკვევა წარმოადგენს.

ჯაბა დვალი: “თუ იმის თავი გაქვს, რომ დაკისრებული მოვალეობა შეასრულო, უნდა ითამაშო!”

ჯაბა დვალს ეროვნული ტიტულები ნამდვილად არ აკლია, მან თბილისის „დინამოში“ ორჯერ ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ერთხელ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასსა და სუპერთასს დაეუფლა.

32 წლის ფეხბურთელმა „ზესტაფონის“ შემადგენლობაში ოქროს მედლები ორჯერ მოიპოვა, ხოლო თითოჯერ თასი და სუპერთასი აღმართა.

დვალს საქართველოს ფარგლებს გარეთაც უთამაშია მოლდოვურ „დაჩიაში“ და აზერბაიჯანულ აგდამის „ყარაბაღში“. აგდამელებთან ერთად აზერბაიჯანის ჩემპიონატის ოქროს მედლებიც მოიპოვა.

დვალი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბომბარდირი ორჯერ იყო – 2005-06 წლების სეზონში „დინამოს“ მაისურით 21 გოლი გაიტანა, ხოლო 2011-12 წლების სეზონში „ზესტაფონის“ რიგებში მეტოქეთა კარი 20-ჯერ აიღო.

ამჟამად, გამოცდილი ფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ „სიონში“ გამოდის და ბოლნისელები რომ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვიან, მის მიერ გატანილი გოლების დამსახურებაა. სეზონის დასკვნითი ეტაპი წინაა და დვალს პროფესიონალურ კარიერაში პირადი რეკორდის (21 გოლი სეზონში) გაუმჯობესების შანსიც აქვს.

ლიგა 2-ის ერთ-ერთი ბომბარდირი Eliga.Ge-ს სტუმარია…

– სეზონის დასაწყისში „სიონში“ რატომ გადახვედი? ეროვნული ლიგის კლუბებიდან წინადადება არ გქონდა?

– კონტრაქტი მოლდოვურ „დაჩიასთან“ მაკავშირებს, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში მთავრდება. ზამთარში იყო შანსი, მოლდოვაში დავბრუნებულიყავი. შემდეგ რაღაც გუნდების ვარიანტი მქონდა, მაგრამ „დაჩიამ“ არ გამიშვა, ზოგან მე არ მოვინდომე წასვლა.

საბოლოოდ, უთამაშებელი რომ არ ვყოფილიყავი, ნახევარი სეზონი იჯარით „სიონში“ თამაში გადავწყვიტე, ხოლო შემდეგ განათხოვრების ვადა გავახანგრძლივეთ.

– ბოლოს ქვედა ლიგაში, რომელსაც მაშინ პირველი ლიგა ერქვა, 12 წლის წინ თბილისის „დინამო 2“-ში ითამაშე. მაშინდელთან შედარებით ახლა რა მდგომარებაა ლიგა 2-ში?

– მე რომ ვთამაშობდი, პირველ ლიგაში ბევრი გუნდის დუბლშემადგენლობები გამოდიოდნენ. შეიძლება ითქვას, დუბლების ჩემპიონატი უფრო იყო. ანუ პირველი ლიგაში უმეტესად ის ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომლებიც უმაღლეს ლიგაში მთავარ გუნდში ვერ ხვდებოდნენ.

ახლა სულ სხვა ვითარებაა. ლიგა 2-ის ზოგიერთი გუნდი ეროვნულ ლიგაშიც თავისუფლად ითამაშებდა. მაგალითად, „რუსთავმა“ საქართველოს თასის 1/4-ფინალში თბილისის „დინამოსთან“ ფრე ითამაშა და მხოლოდ პენალტების სერიაში გავარდა. უფრო მეტიც, ლიგა 3-ის ხონის „იმერეთი“ თასის 1/2-ფინალში გავიდა…

– ეროვნულ ლიგასთან შედარებით ლიგა 2-ში თამაში გიადვილდება?

– ლიგა 2 იქნება თუ მე-5 ლიგა, თამაში ადვილი არსადაა. ხომ ამბობდნენ წლების განმავლობაში, უმაღლეს ლიგაში ფეხბურთელები დადიანო და 2 კილომეტრსაც ვერ დარბიანო. ახლა როდესაც პოლარის სისტემის შედეგები დაიდო, აღმოჩნდა, რომ ჩვენთანაც 10 კილომეტრზე ნაკლებს არ დარბიან.

ჩემი მოვალეობა გოლის გატანაა და ეს ლიგა 2-შიც არაა ადვილი. არ ვიძახი, რომ სერია ა გვაქვს, მაგრამ ადრინდელივით გასასეირნებელი მატჩები აღარ არის.

– როგორ ფიქრობ, ეროვნულ ლიგასა და ლიგა 2-ში 10-გუნდიანმა ფორმატმა გაამართლა?

– 10-გუნდიანმა ფორმატმა გაამართლა. ადრე თუ ზოგ გუნდს თამაშზე წასასვლელი ან თუნდაც საჭმლის ფული არ ჰქონდა, მსგავსი რამ აღარ ხდება. ნელ-ნელა სტადიონებიც გვემატება, იგივე, დავით პეტრიაშვილის არენა ძალიან კარგია. 10-გუნდიან ჩემპიონატში ვინ ვის მოუგებს, წინასწარ რთული სათქმელია. ლიგა 2-შიც ძალიან კარგი გუნდებია – „ვიტ ჯორჯია“, „გაგრა“, „სამგურალი“. ამიტომ მოდუნების საშუალება არ გაქვს და სულ ტონუსში ხარ, როდესაც ზურგსუკან სუნთქვა გესმის. ფეხის დაცდენის უფლება არ გაქვს. ჩემპიონატის დონემ რომ აიწიოს, დაძაბულობა უნდა იყოს, რაც მიმდინარე სეზონში ნამდვილადაა.

– ლიგა 2-ის ბომბარდირის წოდებისთვის იბრძვი და ეს შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია?

– ცხადია, თავდამსხმელისთვის მთავარი გოლის გატანაა. რაც მეტი გაგაქვს, გუნდს უფრო ეხმარები წარმატების მიღწევაში. თუმცა, ჩემთვის გოლების გარდა, მთავარი გუნდის წარმატებაა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ფეხბურთელი ბომბარდირი გამხდარა, მაგრამ მის გუნდს შედეგი ვერ უჩვენებია. მაგალითად, მე 10:0 მოგებულ მატჩში 8 გოლის გატანას, მირჩევნია, როდესაც ანგარიში 0:0 ან 1:1-ია, გადამწყვეტი გოლი გავიტანო.

– 32 წლის ხარ და კარიერის დასრულებაზე ხომ არ ფიქრობ?

– ჩემი აზრით, სადაც არ უნდა თამაშობდე, ვიდრე შეგიძლია შედეგი აჩვენო, დატვირთვებს გაუძლო და გოლები გაიტანო, კარიერა არ უნდა დაასრულო. თუ იმის თავი გაქვს, რომ დაკისრებული მოვალეობა შეასრულო და გუნდის წარმატებაში წვლილი შეიტანო, უნდა ითამაშო!

Eliga.Ge

ბათუმის “დინამოს” მარცხი “საბურთალოსთან” “რაგბი არენაზე” (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრები იმართება.

ბათუმში, “რაგბი არენაზე” ადგილობრივმა “დინამომ” თბილსიის “საბურთალო” მიიღო. ანგარიში მესამე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა გახსნა. ამის შემდეგ გუნდებს რამდენიმე მომენტი შეექმნათ, თუმცა გოლი პირველ ტაიმში არ გასულა. მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე ნდუე მუეციმ “საბურთალოს” ჩამორჩენა აღმოფხვრა. ხოლო, მესამოცე წუთზე დავით ვოლკოვმა საერთოდ წინ გაიყვანა თბილისლები. საბოლოოდ, სწორედ მათ იმარჯვეს ანგარიშით, 2-1.

ამ წაგების შემდეგ “დინამო” 33 ქულით მერვე პოზიციაზეა. ხოლო, “საბურთალოს” 56 ქულა მოუგროვდა და მეოთხე ადგილზე იმყოფება.

“ტორპედომ” “ჩიხურა” დამაჯერებლად დაამარცხა

დღეს ეროვნული ლიგის 34-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა თბილისში “მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე”, სტუმრის სტატუსით მოასპარეზე “ჩიხურამ” “ტორპედო” მიიღო და 1-3 დამარცხდა.

შეხვედრის დასაწყისში ორივე გუნდი უპირატესობის მოპოვებაც ცენტრში ცდილობდა, თითქმის თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, მაგრამ 25-ე წუთზე საჩხერელთა შეუთანხმებელი თამაშით გრიგოლ დოლიძემ ისარგებლა და საკმაოდ ლამაზი გოლიც გაუტანა დინო ჰამზიჩს. მეორე ტაიმი ზემო იმერლებმა აქტიურად დაიწყეს და ირაკლი ლექვთაძის კარგი გარღვევის შემდეგ თორნიკე გორგიაშვილმა ზუსტად დაარტყა და ანგარიშიც გაათანაბრა. საჩხერელთა შეტევები ამის შემდეგ კიდევ უფრო სახიფათო გახდა. ქუთაისლები კონტრშეტევებზე ცდილობდნენ გოლის გატანას და ასეც მოხდა, 59-ე წუთზე კაპანაძის კარგი მოქმედების შემდეგ საკუთარ კარში ბურთი ლაშა ჩიკვიაძემ ჩაჭრა, 10 წუთში კი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და კუტალიას გოლის გატანის საშუალება მისცა. საბოლოოდ შეხვედრა “ტორპედოს” გამარჯვებით 3-1 დასრულდა.

სასტარტო შემადგენლობები:

“ჩიხურა”: 30. დინო ჰამზიჩი, 3. თორნიკე გრიგალაშვილი, 5. ბაქარ მირცხულავა, 9. გიორგი გაბედავა, 10. მიშიკო სარდალიშვილი, 19. ლევან კაკუბავა, 22. ირაკლი ლექვთაძე, 23. ოთარ კვერნაძე, 24. ლაშა ჩიკვაიძე (C), 27. დენის დობროვოლსკი, 39. თორნიკე გორგიაშვილი

“ტორპედო”: 89. როინ კვასხვაძე (C), 2. ვაჟა ტაბატაძე, 5. დავით ხურცილავა, 6. ოლეგ მამასახლისი, 9. თორნიკე კაპანაძე, 11. გუგა ფალავანდიშვილი, 17. გიორგი გურული, 19. ლევან კუტალია, 22. გრიგოლ დოლიძე, 23. გიორგი ქიმაძე, 88. ბექა ტუღუში.

“სამტრედიამ” “კოლხეთი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრები იმართება.

სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძეზე” ადგილობრივმა “სამტრედიამ” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა. მატჩი თავიდან ბოლომდე იმერელთა უპირატესობით წარიმართა. შეხვედრაში ანგარიში მეგრელთა მეკარის, კონსტანტინე სეფიაშვილის შეცდომის შემდეგ გაიხსნა. მე-19 წუთზე მას გუნდელმა პასი მისცა, რის შემდეგაც სეფიაშვილმა ბურთი დროულად ვერ მოიგერია და მას იგი საბანაძემ აართვა. “სამტრედიელთა” თავდამსხმელს ცარიელ კარში გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. მეორე გოლი 33-ე წუთზე მაიკლ ოლაიტიანმა შეაგდო.

მეორე ნახევარში, 48-ე წუთზე ოლაიტანმა დუბლი შეასრულა. ხოლო, მეოთხე გოლის ავტორი აღნიშნული მომენტიდან ზუსტად 11 წუთში ანტე გიი გახდა. მეხუთეჯერ და უკანასკნელად “კოლხების” კარი გიული მანჯგალაძემ აიღო. საბოლოოდ, ეს მატჩი ანგარიშით, 5-0 დასრულდა.

“კოლხეთის” განადგურების შემდეგ, “სამტრედია” მესამე პოზიციაზეა – მას 64 ქულა აქვს. ხოლო, რაც შეეხებათ მეგრელებს, ისინი 23 ქულით მეცხრე პოზიციაზე არიან.

ეროვნული ლიგის 34-ე ტური: პრევიუ

სანაკრებო პაუზის შემდეგ, 18 ნოემბერს ეროვნულ ლიგაში 34-ე ტურის მატჩები გაიმართება.

„სამტრედია“ საკუთარ მოედანზე ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს. სამტრედიელები საჩემპიონო რბოლას ჩამოშორდნენ და მესამე ადგილიც პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ. აქედან გამომდინარე იმერულ კლუბს დიდი სატურნირო მოტივაცია არ გააჩნია. უჩა სოსიაშვილის გუნდი უახლოეს მდევარს, თბილისის „საბურთალოს“ რვა ქულით უსწრებს და სავარაუდოა, რომ დარჩენილ სამ შეხვედრაში იმერლები ამ უპირატესობას ხელიდან არ გაუშვებენ. ფოთელები მოახლოვებულ შეხვედრას კარგ განწყობაზე ხვდებიან. „კოლხეთმა“ გასულ ტურში რამდენიმე თვიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და გორის „დილას“ დამარცხებით გადათამაშების ზონაში მოხვედრის კარგ შანსს ინარჩუნებს.

უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართება ბათუმის „რაგბი არენაზე“. ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი ქობულეთის „შუქურა“ გათამაშების ლიდერს, თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე თითოეულ ქულას ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და შეიძლება ითქვას, რომ 34-ე ტურის შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი მიმდინარე სეზონში შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს. გამარჯვების შემთხვევაში თბილისელები ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდებიან. ქობულეთელები კი, მარცხის შემთხვევაში დიდი ალბათობით ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდებიან.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმერული დერბიში ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან. მატჩს ქუთაისელთათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩემპიონატის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და მომავალი შეხვედრა კახა ჩხეტიანის გუნდისთვის ერთ-ერთი ბოლო შანსი იქნება ლიდერთან სხვაობის შესამცირებლად. რა თქმა უნდა, დანებებას არც „ჩიხურა“ აპირებს. ეროვნულ ლიგაში არც თუ ისე წარმატებული ასპარეზობის მიუხედავად ბოლო ტურებში სოსო ფრუიძის გუნდს ოთხეულში მოხვედრის შანსი გაუჩნდა და ბუნებრივია, საჩხერელები ამ შანსის გამოყენებას შეეცდებიან.

გორის „დილა“ საკუთარ მოედანზე თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე ორივე გუნდს უპირობო გამარჯვება სჭირდება. მითუმეტეს, რომ გასულ ტურში ორივე მათგანმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და საქმე კიდევ უფრო გაირთულა. გორელები სტუმრად „კოლხეთთან“ დამარცხდნენ, ლოკომ კი, საკუთარ მოედანზე „შუქურას“ ვერ მოუგო და მეოთხე ადგილზე გადასვლის კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.

ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ თბილისის „საბურთალოს“ დაუპირისპირდება. ბათუმელები უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან და ამის გაკეთება გადათამაშებაში მონაწილეობის გარეშე სურთ. საბურთალოელთა მიზანი კი, მეოთხე ადგილის შენარჩუნებაა. ორივე გუნდს აღნიშნული მიზნების მისაღწევად დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგის ჩვენება სჭირდება. აჭარელთა მდგომარეობას ის ფაქტი ართულებს, რომ „დინამო“ მხოლოდ საკუთარ თავზე არაა დამოკიდებული და მიზნის მისაღწევად კონკურენტის წარუმატებელი თამაში სჭირდება. ამ მხირვ თბილისელთა მხარეს კარგი სიტუაციაა. „საბურთალო“ უშუალო კონკურენტს ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგით უსწრებს და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გია ჭიაბრიშვილის გუნდის ხელშია.

Eliga.Ge

“ტორპედომ” “სამტრედია” დაამარცხა და “დინამოსთან” არსებული სხვაობა შეინარჩუნა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 33-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ცენტრალური მატჩი ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” ადგილობრივ “ტორპედოსა” და “სამტრედიას” შორის შედგა. აქამდე ამ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულა იყო. პრინციპულ დაპირსპირებაში ანგარიში მე-13 წუთზე მას შემდეგ გაიხსნა, როცა “ტორპედოელებმა” აუტი მოაწოდეს და მეკარესთან ერთი ერთზე დარჩენილ თორნიკე კაპანაძეს გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.

70-ე წუთზე “სამტრედიას” ცენტრალურ მცველებს გიორგი ქიმაძე გაექცათ, მან ბურთი საჯარიმოში მიიღო, კაპანაძეს “უპასა”, რომელსაც ცარიელ კარში გატანა აღარ გასჭირვებია. საბოლოოდ, ქუთაისლებმა სწორედ კაპანაძის დუბლის წყალობით ანგარიშით, 2:0 მოიგეს.

“ტორპედომ” ამ გამარჯვებით “დინამოსთან” არსებული სხვაობა, ანუ ოთხი ქულა შეინარჩუნა. მას 67 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა. ხოლო, “სამტრედია” მის დღევანდელ მეტოქეზე ერთი საფეხურით და ექვსი ქულით უკანაა.

ეროვნული ლიგა: ორი “დინამოს” დაპირისპირება თბილისლებმა მოიგეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მორიგი შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში, “დინამო არენაზე” ორი “დინამოს” დაპირისპირება შედგა – დედაქალაქელები ბათუმლების წინააღმდეგ. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში კახა კაჭარავას შეგირდების უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-19 წუთზე თბილისელთა მარჯვენა მცველმა, ლევან გეგეჭკორმა გახნსა.

49-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ ორამდე გაზარდა სხვობა. 79-ე და 82-ე წუთებზე მიქელთაძემ ჯერ დუბლი შეასრულა, შემდეგ –
კი ჰეთრიკი. საბოლოოდ, “დინამომ” ანგარიშით, 4-0 იმარჯვა.

ამ მოგების შემდეგ თბილისურ გუნდს 71 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ბათუმური გუნდი 33-ით მერვეა.