“ნაპოლის” ტიფოზები “რეალის” ფეხბურთელებს შეურაცხმყოფელი ფრაზებით დახვდნენ

ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და მადრიდის “რეალს” შორის “სან პაოლოზე” საპასუხო მატჩი გაიმართება.

ნეაპოლიტანური გუნდის ტიფოზები შეხვედრისთვის საგანგებოდ ემზადებიან. “ასის” ცნობით, იტალიელი ულტრასები სასტუმროსთან “რეალის” ავტობუსს დახვდნენ, ესპანური გუნდის ფეხბურთელები უწმაწური და დამცინავი შეძახილებით აიკლეს და სამართალდამცველთა კორდონის გარღვევის მცდელობაც ჰქონდათ, რისი შესაძლებლობაც არ მიეცათ. სასტუმროსთან 700-მდე ნეაპოლიტანელი ტიფოზი იყო შეკრებილი.

დამხვდურთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც “რეალის” ფეხბურთელებს გულთბილად შეხვდნენ. ერთმა იტალიელმა მზარეულმა სასტუმროსთან საგანგებოდ კრიშტიანუ რონალდუსთვის გამომცხვარი პიცა მიიტანა. რამდენიმე გულშემატკივარი კი “სამეფო კლუბის” ფეხბურთელებს ესპანეთისა და “რეალის” დროშებით შეეგება.

შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი მატჩი “რეალის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.