გიორგი კორიფაძე: “ჩიხურა” ერთი დიდი ოჯახია, რომელიც ჩემპიონობისთვის ყველაფერს გააკეთებს!”

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” სტუმრად სამტრედიის “სამტრედია” გიორგი კორიფაძის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. საჩხერელთა ფეხბურთელმა 67-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით აიღო მეტოქის კარი.

Fanebi.Com-ი გოლის ავტორს დაუკავშირდა და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

– პირველ რიგში, შეაფასეთ შეხვედრა, რა გქონდათ მიზნად დასახული და მიაღწიეთ თუ არა მას?

– ანგარიშგასაწევი მეტოქე გვყავდა და დაძაბული შეხვედრაც გამოვიდა. ჩვენ ნებისმიერ თამაშზე მოსაგებად გავდივართ. ამ მატჩშიც იმავეს მიღწევა გვსურდა. დამსახურებული სამი ქულა მოვიპოვეთ და მიზანს მივაღწიეთ.

– წინა სეზონში ფინალში დამარცხდით. როგორ ფიქრობთ, რა დაგაკლდათ ტიტულის მოსაგებად?

– ჩემი აზრით, რიგ ეპიზოდებში კონცეტრაცია დაგვაკლდა. იმ ორ შეხვედრაში სწორედ ეს იყო მთავარი ფაქტორი, რამაც შედეგზე ცუდად იმოქმედა და თასი სამტრედიელებს დარჩათ.

 – არის თუ არა წინა სეზონზე ძლიერი ამჟამინდელი “ჩიხურა” და შეუძლია თუ არა დიდი მიზნისთვის ბრძოლა?

– მიმაჩნია, რომ ჩვენ ახლა გაცილებით უფრო ძლიერი შემადგენლობა გვყავს. თუმცა, სახელი არ თამაშობს გადამწყვეტ როლს. მთავარი ჩვენი მონდომება, შრომა და თავდადებული თამაშია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ნებისმიერ თამაშზე, განურჩევლად, ბოლომდე დავიხარჯებით. გამოჩნდება, მივაღწევთ თუ არა უმაღლეს მიზანს.

– თუ ზაფხულში ეს შემადგენლობა შეინარჩუნეთ, თქვენი აზრით, ევროსარბიელზე რა შანსები გაქვთ?

– იქამდე დიდი დროა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, გუნდი როგორც ფიზიკურ, ასევე ტაქტიკურ ასპექტებს გააუმჯობესებს და საჩხერის “ჩიხურა” ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

– თქვენ როგორ გრძნობთ თავს გუნდში? თუ იქნება შემოთავაზება, გაახანგრძლივებთ კონტრატს?

– აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. “ჩიხურა” ერთი დიდი ოჯახია. თუ კლუბის მხრიდან შემოთავაზება წამოვა, ჩემი პასუხი მხოლოდ დადებითი იქნება.