მბაპე კონტრაქტში “რეალში” გადასვლის პუნქტის ჩაწერას ითხოვს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის მზადაა, მაგრამ შრომით ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტის ჩაწერას ითხოვს. ფრანგი ფეხბურთელის სურვილია შრომით ხელშეკრულებაში იმ გამოსასყიდი თანხის ჩაწერა, რისი გადახდის შესაძლებლობაც მადრიდის “რეალს” ექნება.

საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგა კლუბებს კონტრაქტებში ფეხბურთელთა გამოსაყიდი თანხის ჩაწერას უკრძალავს. თუ მოთამაშესა და გუნდს შორის ასეთი შეთანხმება მაინც შედგება, კლუბი შესაძლოა, ლიგა 1-დან მოკვეთონ.

მადრიდის “რეალს” კილიან მბაპეს დამატება სურს და ამაზე მუშაობის გაგრძელებას მომდევნო სატრანსფერო პერიოდში აპირებს. ესპანურ გრანდში იმედოვნებენ, რომ მბაპე “პარი სენ-ჟერმენთან” აღარ გაახანგრძლივებს კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

კილიან მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ჩატარებულ 31 მატჩში 27 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

კრიშტიანუს ჰოლანსა და მბაპეს შორის საუკეთესოს დასახელება სთხოვეს

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანსა და “პარი სენ-ჟერმენის” შემტევ კილიან მბაპეს შორის საუკეთესოს დასახელება სთხოვეს.

“რთულია ერთის ამორჩევა და თქმა, რომ საუკეთესო მაინცდამაინც ის იქნება. ახალი თაობის ფეხბურთელთა ცქერა საინტერესოა. ახლა ასპარეზზე ჰოლანი და მბაპე გამოდიან.

ზოგიერთი ფეხბურთელი მხოლოდ ერთ-ორ კარგ სეზონს ატარებს, დიადი მოთამაშეები კი წლიდან წლამდე ინარჩუნებენ დონეს. ამის გაკეთება ადვილი საქმე არ არის. ამას ბევრი შრომა და თავდადება სჭირდება”, – ციტირებს რონალდუს სიტყვებს Goal-ი.

მბაპე ამ ზაფხულს “რეალში” არ გადავა

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდს, სავარაუდოდ, არ გამოიცვლის.

L’Équipe-ის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელი აცნობიერებს იმას, რომ დღეს არსებული ფინანსური გარემოს გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში მადრიდის “რეალში” მისი გადასვლა თითქმის არარეალურია.

გავრცელებული ინფორმაციით, კილიან მბაპეს პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა ორი წლის შემდეგ გასდის. მბაპე ხელშეკრულების გახანგრძლივებას თაობაზე მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოთქვამს, თუ მისი კონტრაქტის გამოსასყიდად ადეკვატური თანხა ჩაიწერება ან დაფიქსირდება პუნქტი, რომელიც მას კონკრეტულად “რეალში” გადასვლის საშუალებას მისცემს.

კილიან მბაპემ მიმდინარე სეზონში “პარი სენ-ჟერმენის” ფორმით 33 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

კილიან მბაპეს რეკორდი

საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში “პარი სენ-ჟერმენმა” გასვლაზე “სენტ-ეტიენი” მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი პარიზელთა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ გაიტანა.

მბაპე უკანასკნელი 45 წლის განმავლობაში პირველი ფრანგი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატის საწყის 18 ტურში 19 გოლის გატანა მოახერხა.

20 წლის ფორვარდი ბომბარდირთა დავას ლიდერობს, ხოლო უახლოესი მადევარი ასევე “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი ედინსონ კავანი გახლავთ, რომელსაც აქტივში 17 გატანილი ბურთი აქვს.

მბაპე – 20: კარიერა რიცხვებში

დღეს საფრანგეთის ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ კილიან მბაპეს 20 წელი შეუსრულდა. ამ ასაკში მას უკვე მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატი, “მონაკოსა” და “პსჟ”-ის რიგებში თითო-თითოჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, არის ქვეყნის თასისა და ლიგის თასის მფლობელი, გარდა ამისა ფიფასა და “ფრანს ფუტბოლის” ვერსიით, დასახელებულია 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. წარმოგიდგენთ მბაპეს ხანმოკლე, მაგრამ უკვე მნიშვნელოვანი მიღწევებით დატვირთულ კარიერას რიცხვებში.

  • 180 – სწორედ ამდენი მილიონი ევრო გადაუხადა “პარი სენ-ჟერმენმა” “მონაკოს” მბაპეს სანაცვლოდ. მბაპე ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა შორის მეორე ადგილზეა.
  • 63 – მბაპემ ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 63 გოლი გაიტანა, მას ამისთვის 123 მატჩის ჩატარება დასჭირდა.
  • 26 – მბაპემ კარიერის პირველ სრულფასოვან სეზონში 26 გოლი გაიტანა (44 მატჩში), რითაც 2017 წელს საფრანგეთში “მონაკოს” გაჩემპიონებაში ლომის წილი დაიდო. ეს მისთვის საუკეთესო პირადი შედეგია.
  • 15 – მბაპემ ამ სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში 15 გოლი გაიტანა. ასეთი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, ის პირად რეკორდს გააუმჯობესებს.
  • 13 – ამდენი გოლი გაიტანა მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე (23 მატჩში). ამ მაჩვენებლით საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია.
  • 10 – მბაპე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საფრანგეთის ნაკრების რიგებში 10 გოლი გაიტანა,  აქედან 4 ბურთი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიითვალა.
  • 9 – სანაკრებო დონეზე გატანილი გოლებიდან ცხრა ბურთი 2018 წელს მიითვალა. საფრანგეთის ნაკრებში მხოლოდ ტიერი ანრის აქვს კალენდარულ წელიწადში უფრო მეტი გატანილი (11 გოლი 2003 წელს).
  • 4 – მბაპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პლეიოფში ჩატარებულ თავის ოთხივე სადებიუტო მატჩში მოახერხა გოლის გატანა.

France Football-მა 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა

ჟურნალ France Football-ის ვერსიით, 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად “პარი სენ-ჟერმენისა” და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპე დასახელა, რომელსაც რაიმონ კოპას სახელობის ჯილდო გადაეცა.

გამოკითხვის შედეგად 19 წლის ფორვარდმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (“ლივერპული”), პატრიკ კუტრონე (“მილანი”) და ჯასტინ კლუივერტი (“რომა”) ჩამოიტოვა.

კილიან მბაპე 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ლიგის თასი.

ამ კალენდარულ წელიწადში მბაპეს ანგარიშზე 56 მატჩში გატანილი 32 გოლია.

მბაპე: “სიცილით ვკვდები, როცა მეტსახელით მომმართავენ”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ კილიან მბაპეს პარიზულ გუნდში მეტსახელად ერთ-ერთი კუ-ნინძის სახელი დონატელო შეარქვეს, რაც თავად ფრანგ ფეხბურთელს სასაცილოდ არ ჰყოფნის.

“სიცილით ვკვდები, როდესაც მეტსახელით მომმართავენ. დონატელო კიმპემბემ შემარქვა. შემდეგ ამ მეტსახელით მომართვა დანი ალვესმაც დაიწყო. ეს ჩვენი მეგობრობის ნიშანია, რაც სირთულეების წარმატებით დაძლევაში გვეხმარება”, – ციტირებს მბაპეს სიტყვებს “ტუტოსპორტი”.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ 2017 წლის “ოქროს ბიჭინას” ჯილდო მოიპოვა. “გოლდენ ბოი” (“ოქროს ბიჭუნა”) ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა “ოქროს ბურთის” ტოლფას ჯილდოდ ითვლება და მას 2003 წლიდან იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” ყოველწლიურად ატარებს.

“სიტი”მბაპეს სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის, “მონაკოს” ეცოტავება

ფრანგული პრესის ცნობით, “მანჩესტერ სიტიმ” “მონაკოდან” კილიან მბაპეს გადაბირება მოისურვა და მონეგასკელებს 100 მილიონი ევრო შესთავაზა.

“მონაკომ” შემოთავაზებაზე უარი თქვა. “ტელეგრაფის” თანახმად, კლუბი 18 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 130 მილიონ ევროს ითხოვს. “მონაკოს” საჩქარო არაფერი აქვს, ვინაიდან მბაპესთან გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2019 წლის 30 ივნისს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ 37 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მბაპეს რეკორდი

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “მონაკომ” “მანჩესტერ სიტი” 3:1 დაამარცხა და მომდევნო სტადიაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მონაკოელები კილიან მბაპემ დააწინაურა. როგორც მოგეხსენებათ, მან წყვილის პირველ შეხვედრაშიც მოახერხა გოლის გატანა და ტურნირის არსებობის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც პლეი-ოფის ორივე მატჩში გაიტანა. მბაპე 18 წლისა და 85 დღის გახლავთ. მან თანამემამულე ნიკოლა ანელკას მიერ 2000 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კილიან მბაპემ უკანასკნელ 11 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.