საქართველო — სერბეთი: მატჩს გერმანელები განსჯიან

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის 24 მარტს, “დინამო არენაზე” გასამართ მატჩში გერმანელ მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს. მთავარი არბიტრი 35 წლის ფელიქს ცვაიერი იქნება, რომელსაც ტორსტენ შიფნერი და მარკო აჰმიულერი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი კრისტიან დინგერტი იქნება.

ფელიქს ცვაიერი ფიფას კატეგორიის არბიტრი 2012 წელს გახდა. იგი უეფას პირველი კატეგორიის მსაჯია და ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებსაც სჯის. იგი პროფესიით უძრავი ქონების ბროკერი გახლავთ და ბერლინში ცხოვრობს. მას არასოდეს უმუშავია საქართველოს ნაკრების ან ქართული კლუბების მონაწილეობით ჩატარებულ მატჩში.

საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრა 24 მარტს, “დინამო არენაზე” გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5, 10, 15, და 25 ლარია.