კაშია: “გაბრაზებულები ვართ, შეგვეძლო, ყველაფერი პირველივე ტაიმში დაგვესრულებინა”

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა.

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საბოლოო შედეგით უკმაყოფილო და გაბრაზებულიც კი არის.

“არა, დამწუხრებული კი არა, გაბრაზებულები ვართ. ჩვენ შეგვეძლო, რომ პირველივე ტაიმში დაგვესრულებინა ყველაფერი, მაგრამ ასე უბრალოდ გავანიავეთ ეს სამი ქულა. მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ, დამნაშავე არც მწვრთნელია და არც გულშემატკივარი.

როდესაც ასეთ დონეზე თამაშისას საგოლე მომენტებს ქმნი, აუცილებლად უნდა გამოიყენო და ასე ადვილადაც არ უნდა გაუშვა გოლები საკუთარ კარში.

დაცვაში ჩადგომა არ გვიცდია, პირველივე ტაიმში ველოდებოდით მათ შეცდომებს. მწვრთნელს უკან დახევა ნამდვილად არ დაუვალებია ჩვენთვის. მაქსიმალურად ვცდილობდით ინიციატივა ჩვენს ხელში აგვეღო, მაგრამ მეორე ტაიმში ეს უკვე გვიანი იყო,” – აცხადებს კაშია.