“იუვენტუსმა” ფედერიკო ბერნანდესკი დაიმატა

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “ფიორენტინას” იტალიელი გარემარბი, ფედერიკო ბერნანდესკი დაიმატეს.

ტრანსფერის სანაცვლოდ კი “იებმა” 40 მილიონი ევრო მიიღეს. როგორც ცნობილი ხდება, “ფიორენტინა” ამ თანხას ნაწილ-ნაწილ, სამი წლის მანძილზე მიიღებს.

ბერნანდესკიმ ტურინულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი შემდგომი ტრანსფერიდან კი “ბებერმა ქალბატონმა” “ფიორენტინას” მიღებული თანხის 10 პროცენტი (მაქსიმუმ 5 მილიონი ევრო) უნდა გადარიცხოს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ სერია ა-ს გასულ სეზონში იტალიელმა ფეხბურთელმა 11-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.

“იუვენტუსი” ბერნანდესკის სანაცვლოდ 42 მილიონს იხდის

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “ფიორენტინასთან” წამოიწყეს მოლაპარაკებები ფედერიკო ბერნანდესკის ტრანსფერის თაობაზე.

იტალიური ჟურნალ-გაზეთების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ბებერმა ქალბატონმა” უკვე გაუკეთა “ფიორენტინას” პირველი შეთავაზება – “შავ-თეთრები” ნახევარმცველის სანაცვლოდ 42 მილიონ ევროს იხდიან.

თუმცა, “იები” ბონუსების სახით 10 მილიონ ევროს ითხოვენ, რაზეც ტურინელები დიდი ალბათობით თანხმობას უახლოეს მომავალში განაცხადებენ და ტრანსფერიც განხორციელდება.

ბერნანდესკიმ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა

იტალიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, ფედერიკო ბერნანდესკიმ და მისმა აგენტმა “ფიორენტინას” წინადადება, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით უარყვეს.

ბერნანდესკისა და “იებს” შორის არსებული ამჟამინდელი კონტრაქტი 2019 წელს იწურება, თუმცა იტალიელებს მისი შენარჩუნება იმდენად სურთ, რომ მზად არიან, ხელფასი ახლავე გაუზარდონ.

ეს ყველაფერი კი “ინტერის”, “იუვენტუსის”, “მილანის”, “ჩელსისა” და 23 წლის ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესებული სხვა კლუბების წისქვილზე ასხამს წყალს.

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ ახალგაზრდა ბერნანდესკის ანგარიშზე მიმდინარე სეზონის 35 მატჩში გატანილი 13 გოლი და გაკეთებული 5 საგოლე გადაცემაა.