ეროვნული ლიგის მეხუთე ტური: 5 აპრილის მატჩების პრევიუ

ხვალ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის სამი შეხვედრა გაიმართება.

Fanebi.Com-აღნიშნული მატჩების პრევიუს გთავაზობთ.

თბილისის “დინამო” – საჩხერის “ჩიხურა”

დასაწყისი: 5 აპრილი, 18:00 საათი

ცენტრალურ დაპირისპირებას 5 აპრილს თბილისი უმასპინძლებს. „დინამო არენაზე“ ერთმანეთს „დინამო“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდებიან. სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. საჩხერლებს შვიდი ქულა აქვთ და მეორეზე არიან, დინამოელები კი – ექვსი ქულით მეხუთეზე არიან. კლუბების ბოლო დაპირისპირება 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში შედგა და იმერელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ზოგადად კი „დინამოსა“ და „ჩიხურას“ ერთმანეთის წინააღმდეგ 29 შეხვედრა აქვთ გამართული. აქედან 17 მატჩი თბილისელებმა მოიგეს, 7 ფრედ დასრულდა, 5-ში კი საჩხერლებმა გაიმარჯვეს.

ბათუმის “დინამო” – ქობულეთის “შუქურა”

დასაწყისი: 5 აპრილი, 16:00 საათი

ამავე დღეს, ქობულეთის „ჩელე არენაზე“ აჭარული დერბი გაიმართება: ბათუმის „დინამო“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს. ეროვნული ლიგის გასულ ტურში ბათუმელებმა საჩხერის „ჩიხურა“ დაამარცხეს და საჭირო სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. ქობულეთელებმა კი ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმეს და 2 ქულით გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე არიან. აღსანიშნავია, რომ „დინამო“ „შუქურასთან“ 1993/94 წლების სეზონის შემდეგ არ დამარცხებულა. ამ პერიოდში გუნდებმა ოთხი შეხვედრა გამართეს, აქედან ორი ბათუმელებმა მოიგეს, ორი კი ფრედ დასრულდა.

თბილისის “საბურთალო” – სამტრედიის “სამტრედია”

დასაწყისი: 5 აპრილი, 20:00 საათი

თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „საბურთალო“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. თბილისელებს მიმდინარე სეზონში შესანიშნავი სტარტი აქვთ და 9 ქულით გათამაშებას ლიდერობენ. 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის ჩემპიონი კი არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება და ოთხი ქულით გორის „დილასთან“ ერთად მე-8 მე-9 ადგილებს იყოფს. აღნიშნულიდან გამომდინარე „მიხეილ მესხზე“ დაძაბული და საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი.