ეშლი უილიამსი: “ნილ ტეილორი ატირდა, როდესაც გაიგო, რომ კოულმენს ფეხი მოსტეხა”

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ქვეჯგუფის მე-5 ტურში ირლანდიისა და უელსის ნაკრებთა შორის გამართული მატჩი (0:0) საბედისწერო გამოდგა “მწვანე არმიის” მცველ სიმუს კოულმენისთვის, რომელსაც შეხვედრის 69-ე წუთზე უელსელი ნილ ტეილორი ეუხეშა და მას ფეხი მოსტეხა. ეს ეპიზოდი უელსის ნაკრების კაპიტანმა და “ევერტონში” კოულმენის თანაგუნდელმა ეშლი უილიამსმა გაიხსენა.

“ვარდნა არ დამინახავს. დავინახე, რომ ჩემს ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენეს. ჩემი პირველი რეაქცია მსაჯთან მისვლა იყო. ერთი წუთის შემდეგ შევამჩნიე, რომ ამ ვარდნის შემდეგ მეტოქე ფეხზე ვერ ადგა და ის სიმუსი იყო. თამაშზე აღარ ვფიქრობდი და არც იმაზე, რომ მოედანზე ათი კაცით დავრჩით. მხოლოდ იმაზე ვდარდობდი, ხომ კარგად იყო ჩემი მეგობარი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რამდენად მძიმე სახის ტრავმა იყო.

მატჩის შემდეგ პირდაპირ ირლანდიელთა გასახდელში შევედი და ჯეიმს მაკკარტის ვესაუბრე. მან მითხრა, რომ კოულმენს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნილ ტეილორიც სრულიად ძალადაკარგული იყო. გასახდელ ოთახში ძირს იჯდა და ცრემლები მოსდიოდა. მკითხა, რამდენად შესაძლებელი იყო, რომ კოულმენი საავადმყოფოში მოენახულებინა. შემდეგ მისი ტელეფონის ნომერი გამომართვა და შეტყობინება გაუგზავნა. როცა გავიგე, რომ სიმუსს ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ცუდად გავხდი, ვინაიდან იგი ძალიან მიყვარს, ის ჩემი მეგობარია”, – ეშლი უილიამსის კომენტარი Irish Mirror-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ D ქვეჯგუფში ასპარეზობს საქართველოს ნაკრებიც.