რუსეთის თასის ფინალში კვირკველიას “ლოკომოტივი” ჭანტურიასა და ტაბიძის “ურალს” შეხვდება

ეკატერინბურგში ადგილობრივ “ურალსა” და ყაზანის “რუბინს” შორის რუსეთის თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. როგორც მოგეხსენებათ, “ურალის” რიგებში ორი ქართველი გამოდის. გიორგი ჭანტურია მძიმე ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის და განაცხადში არ ყოფილა. რაც შეეხება ჯიმი ტაბიძეს, ის სათადარიგოთა შორის დარჩა.

რუსეთის თასის ფინალურ შეხვედრაში “ურალის” მეტოქე მოსკოვის “ლოკომოტივი” იქნება, რომლის ღირსებასაც საბა კვირკველია იცავს. დედაქალაქურმა გუნდმა ერთი დღით ადრე გათამაშებას “უფა” გამოთიშა (1:0).

რუსეთის თასის ფინალური მატჩი 2 მაისს, ქალაქ სოჭში გაიმართება.