საქართველოს სახალხო დამცველი ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და “გოლდენ-სტეიტ უორიორსის” წევრ ზაზა ფაჩულიას აკადემიას დისკრიმინაციაში ამხელს. კერძოდ, უჩა ნანუაშვილის უწყება შპს “ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის” PR სპეციალისტის პოზიციაზე პირის აყვანაზე უარის თქმის რეალურ მიზეზად მის განსხვავებულ მოსაზრებას მიიჩნევს.
ომბუდსმენმა მიიჩნია, რომ განმცხადებელს კალათბურთის აკადემიაში დასაქმებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან მან თავის ფეისბუქის გვერდზე კრიტიკული პოსტი დაწერა აკადემიის დამფუძნებლისა და დირექტორის ზაზა ფაჩულიას მეგობრის, ლევან კობიაშვილის შესახებ. განმცხადებლის განმარტებით, მას აკადემიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პოსტის წაშლა სთხოვა, რადგან ზაზა ფაჩულია ლევან კობიაშვილთან მეგობრობს და თავს უხერხულად გრძნობდა.
როგორც რეკომენდაციის დოკუმენტშია აღნიშნული, 2016 წლის 16 აგვისტოს განმცხადებელმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა პოსტი, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს, რომელიც გლდანის 21-ე ოლქში პარტია “ქართული ოცნების” მიერ მაჟორიტარობის კანდიდატად იყო წარდგენილი.
“ვინ ხართ თქვენ, ბიჭოოოო….. !!!!!!!
რევოლუცია იმიტომ მოაწყვეთ, რომ ბოლოს ეს გაგეკეთებინათ?! ადამიანი იმიტომ
დაიჭირეთ, რომ მანდ მოხვედრილიყავით და ვერ გავიგე, დეპუტატობა ფედერაციის შენობის
გავლითაა?! წესი ასეთია?! ამდენ ადამიანს იმიტომ დაამხეთ ცხოვრება, რომ ბოლოს აქამდე
მისულიყავით?! მანდ ხო დააწიწკნეთ ყველაფერი, ხო გამოტენეთ პროფესიონალებით და
ტალანტებით?!
ეს არის დამპალი პრაქტიკა, დამპალი იყო და იქნება – აკეთე ერთი საქმე, შენი საქმე და აკეთე
თუ შეგიძლია…. კანონმდებლობა რომ არ კრძალავს, ეგეც არის დიდი სისულელე და რა
პრეცედენტებიც ყოფილა, ყველა სისულელე იყო.
ჰო, ვერ ვიქნები ობიექტური და 8 თვე კი არა, 8 საუკუნე რომ გავიდეს, ამათ ვერ მოვინელებ…
იმათ ვერ მოვინელებ, ვინც პოლიტკორექტული სახეებით მოჰყვნენ, ადამიანის ცხოვრებაში,
საქმეში ხელები აფათურეს, თავზე დაამხეს ცხოვრება, მოწყვიტეს ცხოვრების საქმეს,
დატოვეს ღია ცის ქვეშ და მერე წავიდნენ : ))) ჰო, ასე! ხო გეკიდათ მაშინაც ბურთიც, ბალახიც,
მოედანიც და ახლაც ხო გკიდიათ?! აბა, რა ბებიათქვენის გინდოდათ?! ხო გამიჯნეთ სპორტი
და პოლიტიკა?! ხო სამართლიანები ხართ?! ხო გადარეცხეთ სისხლიანი 9 წლის ნარჩენები?!
კატების ქვეყანა…. ან კატებს რას ვერჩი :/
შიდა ბარდაგი დაალაგე, ოქრო, გლდანი დიდია, პილასოსი ვერ გაგიქაჩავს…
ფუი თქვენი…
P.S. ჰო, მისდექით ახლა დამლაიქებელ-დამკომენტარებლებს და სათითაოდ ურჩიეთ საქმე
:))) ამის პრაქტიკა ხომ გაქვთ?!”, – აღნიშნული იყო პოსტში.
რეკომენდაციით სახალხო დამცველმა შპს “ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას” მოუწოდა, მომავალში თავი შეიკავოს შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.