აკაკი შულაია თბილისის “დინამოში” ვარჯიშობს

ცნობილი გახდა, რომ ქართველი ფეხბურთელი, აკაკი შულაია თბილისის “დინამოში” ვარჯიშობს. ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმაც დაგვიდასტურა. მისივე თქმით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, 20 წლის სპორტსმენი დედაქალაქურ გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს.

აქვე გეტყვით, რომ შუალაიმ კარიერა მარტვილის “მერანში” დაიწყო. იგი 2012-2015 წლებში მარტვილის “მერანში” გამოდიოდა. ამის შემდეგ იყო “ცხინვალი” და “სიონი”. ბოლოს კი, ახალგაზრდა ნახევარმცველი ისევ მარტვილურ კლუბში გამოდიოდა.

აკაკი შულაია: “ფინალში უკან დასახევი გზა არ არსებობს!”

ხვალ ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართება. გამარჯვებულის ვინაობას მარტვილის “მერანი” და ქუთაისის “ტორპედო” გაარკვევენ.

Fanebi.Com-ი მეგრული კლუბის ფეხბურთელს, აკაკი შულაიას დუკავშირდა და მას წინასამატჩო ინტერვიუ ჩამოართვა.

“ფინალამდე მოსვლა არც ისე ადვილი იყო. ვეთამაშეთ საქართველოს ძალიან ძლიერ გუნდებს, რომლებიც, ჩვენგან განსხვავებით, უმაღლეს ლიგაში გამოდიან. ჩატარებული შეხვედრებიდან გორის “დილასთან” თამაშს გამოვყოფდი. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვებული თერთმეტრიანებით გადაწყდა.”

“ვაცნობიერებთ, სად ვართ და ვის ვეთამაშებით. ეს ფინალია – სხვა განზომილება, სადაც უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩემპიონები გავხდეთ! ამისთვის დიდი მოტივაცია გვაქვს.”

“რაც შეეხება ფავორიტს… უმეტესობა ამ სტატუსს “ტორპედოს” ანიჭებს, თუმცა ჩვენ ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ ვართ. ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ და ხვალაც იმავეს გაკეთებას ვაპირებთ!” – განაცხადა შულაიამ

U21-ს დებიუტანტი ჰყავს – აკაკი შულაია ნიკა ძალამიძის ნაცვლად

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი – ალექსანდრე ჩივაძე, ევროშესარჩევის მოახლოებული ორი მატჩისთვის იძულებით ცვლილებებს მაინც ვერ ასცდა.

გუშინ საღამოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პოლონური ბიალისტოკის „იაგელონიადან“ ოფიციალური წერილი მოვიდა, სადაც სათქვამია:

„უპირველესად, მადლობას გიხდით ჩვენი ფეხბურთელის – ნიკა ძალამიძის 21-წლამდე ნაკრებში გამოძახებისთვის. თუმცა, გვინდა გაცნობოთ, რომ ნიკამ ახლახანს დაამთავრა ხანგრძლივი მკურნალობა მძიმე ტრავმის შემდეგ. ფეხბურთელი ახლაც ექიმებისა და თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამავდროულად, ის უკვე ვარჯიშობს გუნდთან ერთად და თამაშიც დაიწყო, მაგრამ მას კიდევ სჭირდება დრო ფორმის სრულად აღსადგენად. ამიტომ, გთხოვთ, გააუქმოთ მისი გამოძახება მოახლოებული ორი თამაშისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ძალამიძეს მეტი დრო სჭირდება აღდგენისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ ნაკრებში მომდევნო გამოძახებისთვის ის სრულ მზადყოფნაში იქნება.“

აქედან გამომდინარე, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიიღო გადაწყვეტილება, ნაკრებში გამოძახების შესახებ გუშინვე ეცნობებინა მარტვილის „მერანის“ 17 წლის შემტევისთვის – აკაკი შულაიასთვის. შესაბამისად, კლუბში ოფიციალური გამოძახება გაიგზავნა.

ალექსანდრე ჩივაძემ აკაკი შულაია გაზაფხულზე, გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ნახა და მას შემდეგ, მხედველობის არეში სულ ჰყავდა. ახლა კი, ნაკრების თავკაცმა 17 წლის ფეხბურთელს უკვე თავისთან უხმო, რაც, თავისთავად, დიდი ნდობის გამოცხადებაა. წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატში, აკაკი შულაია მართლაც, ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელია და ის ამას ყველა თამაშზე ამტკიცებს.

ამ ეტაპზე, ახალგაზრდულ ნაკრებში მეტი სიახლე არაა და კვლავ შეგახსენებთ, რომ მედიის შეკითხვებს ალექსანდრე ჩივაძე საგანგებო პრესკონფერენციაზე უპასუხებს.

სფფ-ის პრესსამსახური