ჰიუნდაის და ქუთაისის იოლი გამარჯვებები

20-წლამდელთა ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. 2 შეხვედრას საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა, რომელთაგან დაძაბულობით ვერც ერთი ვერ გამოირჩა.

ნიკო ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა “ჰიუნდაიმ” “სოხუმი” დაამარცხა. სოხუმელებმა ჩემპიონატში პირველი გამარჯვება წინა ტურში მოიპოვეს, რითაც სტიმული კი მიეცათ, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში წარმატების შანსი არ ჰქონიათ.

ჰიუნდაელებმა პირველი, მეორე და მესამე მეოთხედი დამაჯერებლად მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ საქმე მოგვარებული ჰქონდათ – 26 ქულით იგებდნენ და დარჩენილი 10 წუთიც ფიქტიური გამოდგა, რომელიც სოხუმელებმა დამაჯერებლად მოიგეს, თუმცა საბოლოოდ 9 ქულით დამარცხდნენ – 65:74.

სანდრო სანაძემ გამარჯვებულებს 15 ქულით, 9 მოხსნითა და 6 პასით ულიდერა. 13 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა კახა ტომარაძემ, ხოლო სანდრო ბოლქვაძის ანგარიშზე 14 ქულა და 5 პასი დაგროვდა. “სოხუმში” ტრადიციულად გურამ კენჭიაშვილი გამოირჩა, რომელმაც 16 ქულა მიითვალა, ილია პატარაიას კი 11 ქულა დაუგროვდა.

მეორე მატჩი “აკადემიასა” და “ქუთაისს” შორის საინტერესოდ  დაიწყო, მაგრამ დაძაბულობამ ქუთაისელთა გააქტიურებასთან ერთად იკლო. კობა კირთაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე მეოთხედი 22:11მოიგო და ტემპი არც დიდი შესვენების შემდეგ დააგდო. უჩა გამრეკლიძის, გიორგი ცირეკიძისა და ლევან გრძელიძის წინაძღოლობით ქუთაისლებმა დარჩენილ დროში ლიდერობა 29 ქულამდე გაზარდეს და საბოლოოდ 78:49 გაიმარჯვეს.

სტუმართა რიგებში გამრეკლიძე 24 ქულითა და 22 მოხსნით გამოირჩა, გრძელიძემ 15 ქულა და 8 პასი მიითვალა, ხოლო ცირეკიძის ანგარიშზე 14 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.

ხვალ, საკალათბურთო აკადემიაში 20-წლამდელთა ჩემპიონატის 3 შეხვედრა გაიმართება:

აკადემია – ოლიმპი                10:30

შსს აკადემია – ქუთაისი        12:30

ჰიუნდაი – რუსთავი              14:30

მატჩისშემდგომი კომენტარები

ჰიუნდაი – სოხუმი  74:65

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(,,ჰიუნდაის” მთავარი მწვრთნელი): ამ თამაშზე ვერაფერს ვიტყვი, ჩვენთვის მთავარი ბრძოლა ოთხეულში დაიწყება, მთლიანად პლეი ოფებზე ვართ ორიენტირებული და მაქსიმალურად ვემზადებით, რათა ნახევარფინალებს სათანადო ფორმაში შევხვდეთ.

 

თემურ კანკია(,,სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,ჰიუნდაის” გუნდს დამსახურებულ გამარჯვებას, ჩვენზე გამოცდილი და ძლიერი გუნდია და ეს შედეგი ლოგიკური იყო.

აკადემია – ქუთაისი 49:78

გელა წულაძე(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): ქუთაისი ძალიან ძლიერი მეტოქეა და მათი დამარცხება ჩვენს გუნდს ნამდვილად არ შეეძლო, მითუმეტეს, რომ ასაკობრივად ყველაზე პატარა გუნდი ვართ და სიმაღლის პრობლემაც გვაქვს. მივულოცავ ქუთაისს გამარჯვებას.

 

კობა კირთაძე(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი): ,,აკადემია’’ ახალგაზრდა და მომავალზე გათვლილი გუნდია, 1-2 წელიწადში ის საკმაოდ ძლიერი და ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება.  ჩვენ უფრო გამოცდილები ვართ, სიმაღლეშიც ვჯობივართ არა მარტო ,,აკადემიას’’, არამედ სხვა გუნდებსაც. ამიტომ, დღეს არ გაგვიჭირდა, ბიჭებმა დალაგებულად ითამაშეს, მოსაგები თამაში იყო და ასეც მოხდა.

 

superleague.ge

სადისციპლინო-ტექნიკური კომისიის გადაწყვეტილება

“ჰიუნდაის” 20-წლამდელთა გუნდის 2 მოთამაშე – თორნიკე ჟორჟოლიანი და გუგა ძიძიგური კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკურმა კომისიამ 10-10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება დისციპლინარებმა იმ ჩხუბის გამო მიიღეს, რომელიც 25 იანვარს რუსთავში მოხდა და რომელშიც აღნიშნული მოთამაშეები მონაწილეობდნენ.

ინციდენტი 25 იანვარს, “რუსთავი” – “ჰიუნდაის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე მოხდა. შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, როცა “ჰიუნდაისა” და “რუსთავის” მოთამაშეებს შორის ჩხუბი ატყდა. ინციდენტის მოთავე ჰიუნდაელი ჟორჟოლიანი იყო, რომელიც რუსთაველ კალათბურთელს მუშტით გაუსწორდა, ხოლო გუგა ძიძიგურმა რუსთაველ გიგი გოგობერიშვილს, რომელიც გაშველებას ცდილობდა, ჩხუბი აუტეხა.

აღნიშნულის შესახებ ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკურმა კომისიამ იმსჯელა და ჟორჟოლიანსა და ძიძიგურს, როგორც თავშივე აღვნიშნეთ, 10-10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუტანა. რაც შეეხება გიგი გოგობერიშვილს, მან ფედერაციის დისციპლინარებისგან გაფრთხილება მიიღო. 

gbf.ge

თბილისის ჩემპიონატი 13-წლამდელთა შორის დაიწყო

დღეს, 53-ე საჯარო სკოლის დარბაზში თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირი “თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირისა” და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული. ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობს და მისი მიზანი დედაქალაქის ჩემპიონის გამოვლენასთან ერთად საქართელოს პირველობისთვის გუნდების შერჩვაა.

13-წლამდელთა ჩემპიონატში 1 გუნდი კონკურსგარეშე მონაწილეობს. სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით ორგანიზატორებმა თბილისის პირველობაზე დაუშვეს გოგონათა ოლიმპიური ნაკრები. აღნიშნული ნაკრები ცოტა ხნის წინ შეიქმნა და თბილისში 2015 წელს გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება.

თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატში 16 გუნდი 3 ჯგუფში გადანაწილდა. ჯგუფური ეტაპის ფარგლებში 1 წრე გაიმართება, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო 2-2 გუნდი და 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი პლეი ოფში გავა. თბილისის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ჯგუფებში წარმატებული 8 გუნდი მეოთხედფინალიდან გააგრძელებს.

 

თბილისის ჩემპიონატი ამავდროულად საქართველოს პირველობის საკვალიფიკციო ეტაპია. დედაქალაქის ჩემპიონატის საუკეთესო 10 გუნდი ქვეყნის პირველობაზე გასასვლელ საგზურებს მოიპოვებს. მეოთხედფინალში გასული გუნდები ავტომატურად გავლენ საქართველოს ჩემპიონატზე, ხოლო დარჩენილი 2 საგზურისთვის ჯგუფებში მე-4 ადგილზე გასული გუნდები უარესი შედეგის მქონე მესამეასდგილოსანთან ერთად იბრძოლებენ. თბილისის ჩემპიონატის მეოთხედფინალებთან ერთად სტარტს აიღებს საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც 4 გუნდი დაწყვილდება და 2 გამარჯვებული საქართველოს პირველობაზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.

თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩები საკალათბურთო აკადემიაში, სპორტის სასახლესა და 53-ე სკოლაში გაიმართება. დღეს 6 შეხვედრა 53-ე სკოლაში ჩატარდა.

თბილისის ჩემპიონატი 13-წლამდელთა შორის. 53-ე სკოლა. 26 იანვარი

“მართვე-შსს 2” – “ჰიუნდაი”         29:74

“მართვე 2” – “დინამო”                     28:78

“მართვე” – “ბასტიონი”                  20:0 (ბასტიონი არ გამოცხადდა)

“აკადემია” – “ვარსკვლავები”        83:25

“მართვე-შსს” – TBC                        70:24

“ვესტა” – “ჰიუნდაი 2”                    20:53

 gbf.ge

18-წლამდელებმა წლის ბოლო შეხვედრები გამართეს

დღეს 18-წლამდელთა ჩემპიონატის 2013 წლის სეზონის ბოლო შეხვედრები გაიმართა. აკადემიის დარბაზმა 4 მატჩს უმასპინძლა. გაგაცნობთ აღნიშნული შეხვედრების ანგარიშებსა და საუკეთესო მოთამაშეთა მონაგარს.

 

თსსუ – ჰიუნდაი  53:88

თსსუ: გიორგი დარსალია – 33 ქულა;

ჰიუნდაი: ნოდარ სანაია – 22 ქულა, 11 მოხსნა; ლევან ბეროშვილი – 17 ქულა, 12 მოხსნა; ლუკა ბულიავა – 16 ქულა, 11 მოხსნა.

 

ნიკეა – რუსთავი 2  63:56

ნიკეა: ზუკა გეგეჭკორი – 26 ქულა; გიორგი კანდელაკი – 11 ქულა, 15 მოხსნა;

რუსთავი 2: აჩიკო ღვალაძე – 23 ქულა; გიორგი ბექაური – 13 ქულა, 14 მოხსნა; დიმიტრი მეტრეველი – 12ქულა.

 

მართვე – ქუთაისი  77:70

მართვე: დავით ლომიძე – 33ქულა, 16მოხსნა, 6პასი; გიგი ტუღუში – 12ქულა; რატი ლომიძე – 11ქულა.

ქუთაისი: ვიტალი ცქიფურიშვილი – 31ქულა, 14მოხსნა, 8პასი; დემეტრე ნანობაშვილი – 13ქულა, 11მოხსნა; გიგი ვადაჭკორია – 11ქულა.

 

U-16 ნაკრები – სოხუმი 1  67:59

U-16 ნაკრები: ლადო ფურცხვანიძე -15 ქულა, 11 მოხსნა, ლევან ბაბილოძე – 15 ქულა, 9 მოხსნა, ლუკა ბულაშვილი – 13 ქულა

სოხუმი1: ვალერიან ქვარაია- 14 ქულა, 14 მოხსნა,   გოგლიკო ჭაჭია – 14 ქულა, კონსტანტინე ბიწაძე – 12 ქულა, 8 მოხსნა, გიორგი ოდიშარია – 10 ქულა

“ჰიუნდაიმ” წელი “ოლიმპთან” რევანშით დახურა

“ჰიუნდაიმ” 2013 წელი მაჟორულ ნოტაზე დახურა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა დღეს გამართულ მატჩში ერთ-ერთი კონკურენტი “ოლიმპი” 28 ქულით გაანადგურა. მიმდინარე წელს ორივე გუნდისთვის ეს ბოლო შეხვედრა იყო.

“ჰიუნდაისთვის” ამ გამარჯვებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. პირველი წრის მატჩში “ოლიმპმა” ჰიუნდაელებს 17 ქულის სხვაობით – 59:42 მოუგო და იმ მარცხისთვის ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდმა დღეს სრულფასოვანი რევანში აიღო.

საბოლოო ანგარიშიდან კარგად ჩანს, თუ რა იოლად მოიგო “ჰიუნდაიმ”. გააზრებული და რაც მთავარია, ზუსტი თამაშის წყალობით ჩერქეზიშვილის გუნდმა პირველი მეოთხედი 17:10 მოიგო, მეორე – 18:10 და დიდი შესვენებაზე 15-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

ვითარება არც მეორე ნახევარში შეცვლილა. ჰიუნდაელებმა დარჩნილი პერიოდებიც მოიგეს და საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვეს – 79:51. გამარჯვებაში დიდი წილი დაიდო გუგა ძიძიგურმა, რომელმაც 21 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მისმა თანაგუნდელმა, ლუკა ბულიავამ თავი 19 ქულას მოუყარა, ხოლო სანდრო სანაძემ ჰიუნდაელებს 15 ქულა შესძინა. “ოლიმპში” ერთადერთი კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს – ნოდარ გოგოძემ თავი 22 ქულას მოუყარა.

მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრა დღეს რუსთავში გაიმართება, სადაც ადგილობრივ გუნდს “შსს-აკადემია” დაუპირისპირდება.

სტატისტიკა

მატჩისშემდგომი კომენტარები

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(,,ჰიუნდაის’’ მთავარი მწვრთნელი): კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით, ყველამ კარგად იასპარეზა, მეტოქეს კი არაფერი გამოუვიდა. ჩვენს წინა დაპირისპირებაში პირიქით იყო.  ,,ოლიმპი’’ კარგი, პერსპექტიული გუნდია, კარგი მწვრთნელი ჰყავთ და ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო საინტერესო შეხვედრა გველის ერთმანეთთან.

ზაზა ცაგარეიშვილი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):  მივულოცავ ,,ჰიუნდაის’’ გამარჯვებას, ძალიან კარგად ითამაშეს და ნამდვილად დამსახურებულად მოიგეს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არაფერი გამოგვივიდა. წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს პრობლემების და ხარვეზების გამოსასწორებლად.

http://u-20.ge

შსს-ს და აკადემიის გამარჯვებები

20-წლამდელთა ჩემპიონატის ლიდერ “შსს-აკადემიას” მიმდინარე სეზონში ერთადერთი წაგება აქვს, რომელიც გიორგი ნიკოლაძის გუნდმა “ჰიუნდაისთან” განიცადა. ეს გუნდები დღეს მეორე წრის მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს და აკადემიელებმა რევანში აიღეს.

ვერ ვიტყვით, რომ “ჰიუნდაიმ” თამაში იოლად დათმოო – ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი ბოლომდე იბრძოდა და შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა. ჰიუნდაელებმა გადამწყვეტი შტურმის განხორციელება ვერ მოახერხეს. “შსს-აკადემიამ” დარჩენილ დროში შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვებამდე მივიდა – 74:58.

ჰიუნდაელებმა ვერ მოახერხეს “შსს-აკადემიის” ცენტრის, შოთა გელაზონიას შეჩერება, რომელიც 3-წამიან ზონაში თავს თავისუფლად გრძნობდა. აკადემიელთა ცენტრმა მთელი ბოლო მეოთხედი 4 პერსონალურით ითამაშა, თუმცა მოედანზე მატჩის ბოლომდე დარჩა. საბოლოოდ, მის ანგარიშზე 29 ულა და 21 მოხსნა დაგროვდა, შსს-ს მეორე მეფარე ლერი კვანტალიანმა კი პირად ანგარიშზე 22 ქულა და 18 მოხსნა ჩაიწერა.

“ჰიუნდაიში” საუკეთესო შედეგი სანდრო ბოლქვაძეს ჰქონდა – 18 ქულა. კახა ტომარაძემ კი ჰიუნდაელებს 13 ქულა შესძინა. დღეს კიდევ 1 შეხვედრა გაიმართება – “სოხუმი” “აკადემიას” შეხვდება.

სტატისტიკა

მატჩისშემდგომი კომენტარები

გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი):  თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა გვქონდა ჩავარდნები, განსაკუთრებით მესამე მეოთხედში და ასეთი ხარვეზები დიდი ამბიციების მქონე გუნდს არ უნდა ჰქონდეს. ,,ჰიუნდაის” მივულოცავ კარგ თამაშს,საკმაოდ კარგი გუნდია და ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან. ჩვენ 1 კვირაა, რაც ინტენსიური ვარჯიშები დავიწყეთ და ვფიქრობ, ახალი წლის შემდეგ უკეთეს კონდიციებში შევხვდებით ჩემპიონატს.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(,,ჰიუნდაის” მთავარი მწვრთნელი):  დღეს მეტოქემ აშკარად გვაჯობა. თუმცა, ვფიქრობ ჩვენი შემადგენლობით ნამდვილად შეგვიძლია სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლა, ნაკრების წევრები დაგვემატებიან და მომავალ წრეს უკეთესად ჩავატარებთ.

 

დღეს გამართულ მეორე მატჩში “აკადემიამ” “სოხუმი” დაამარცხა. თემურ კანკიას და ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილი გუნდი სეზონისპირველ მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო წუთებზე აკადემიელებმა ლიდერობა შეინარჩუნეს და გამარჯვება მოიპოვეს – 63:57.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და შესაბამისად, მწირექულიანი გამოდგა. პირველ მეოთხედში მხოლოდ 20 ქულა ჩავარდა – “აკადემიამ” 13:7 მოიგო, მეორე ათწუთეულში კი მეტოქეს 7 ქულით აჯობა და დიდი შესვენებისთვის 35:22 დაწინაურდა.

სოხუმელებმა მესამე მეოთხედში თამაში გამოასწორეს და გამარჯვების შანსიც გამოუჩნდათ. შოთა გოლეთიანისა და გურამ კენჭიაშვილის წინამძღოლობით კანკიას გუნდმა პერიოდი 17:12 მოიგო და ბოლო მეოთხედის დაწყებამდე ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა.

სოხუმელებმა წარმატებული თამაში განაგრძეს და მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მეტოქეს 2 ქულით მიუახლოვდნენ –  47:49. “აკადმეიამ”, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა, წაგების საფრთხის წინაშე დადგა. გუნდის მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო და დარჩნილ დროში სწორი სათამაშო ტაქტიკის წყალობით გამარჯვებამდე მივიდა.

აკადემიელებს 17 ქულით ნიკა ამირხანაშვილმა ულიდერა, ნიკა ღურწკაიამ პირად ანგარიშზე 13 ქულა ჩაიწერა, ლევან გუგუშვილმა კი შეხვედრა 12 ქულითა და 9 მოხნით დაასრულა. სოხუმელთა შორის 21 ქულით საუკეთესო გურამ კენჭიაშვილი იყო, შოთა გოლეთიანმა კი თავის გუნდს 19 ქულა შემატა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდად დავიწყეთ , თუმცა მეორე ნახევარში შევძელით თამაშის შემობრუნება. სამწუხაროდ, ბოლოს ძალები აღარ გვეყო. მივულოცავ აკადემიის გუნდს გამარჯვებას.

 

გელა წულაძე(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):  ძალიან დაძაბული თამაში იყო, თითქმის მთელი თამაში წინ ვიყავით, თუმცა ბოლოს მეტოქემ სხვაობა შეამცირა და საკმაოდ მოგვიახლოვდა. ბოლო წამებამდე ბრძოლა იყო. ამ თამაშმაც აჩვენა, რომ ბიჭები სათანადო ფიზიკურ ფორმაში არ არიან.

 

http://u-20.ge/

თბილისის ჩემპიონი 14-წლამდელებში I ექსპერიმენტალური სკოლის გუნდი “ჰიუნდაია”

14-წლამდელთ შორის თბილისის ჩემპიონი 1-ელი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდი “ჰიუნდაი” გახდა. ლაშა თოიძისა და ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია 66:53 დაამარცხა და დედაქალაქის საუკეთესო კლუბის ტიტულს დაეპატრონა.

დედაქალაქის პირველობა აღნიშნულ ასაკში ათწლეულებია, არ ჩატარებულა და მისი ორგანიზება წლეულს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად იტვირთა. ჩემპიონატი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ღირსეული ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ.

ფინალურ მატჩამდე, დღეს, საკალათბურთო აკადემიაში, გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც ერთმანეთს “დინამო” და “ოლიმპი” შეხვდნენ. ამ გუნდებმა ტურნირის მსვლელობისას შესანიშნავი თამაში აჩვენეს და ნახევარფინლში დამსახურებულად გავიდნენ, სადაც წაგების შემდეგ ბრინჯაოს მოსაპოვებლად ერთმანეთს შეერკინნენ. გამარჯვება “დინამოს” დარჩა, რომელიც გახდა კიდეც მე-3 ადგილის მფლობელი.

რაც შეეხება ფინალურ მატჩს, იგი ჰიუნდაელთა უპირატესობით წარიმართა. ჩერქეზიშვილ-თოიძის გაწვრთნილმა გუნდმა “შსს-აკადემიას” დამაჯერებლად მოუგო და თბილისის ჩემპიონიც დამსახურებულად გახდა.

ჩემპიონებს 20 ქულითა და 21 მოხსნით ლევან წენგუაშვილმა ულიდერა, მის თანაგუნდელსა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მომგებ გივი გოგიტაშვილს კი 13 ქულა და 23 მოხსნა დაუგროვდა. “შსს-აკადემიაში” 31 ქულითა და 20 მოხსნით გამოირჩა გიორგი ხუბულაშვილი, რომელმაც თბილისის განვითარების კავშირის გამგეობის წევრ ალეკო პეტრიაშვილისგან ტურნირის ბომბარდირისთვის დაწესებული პრიზი ჩაიბარა.

თბილისის ჩემპიონი “ჰიუნდაი” თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ დააჯილდოვა, რომელმაც ტრიუმფატორთა კაპიტან გივი გოგიტაშვილს საჩემპიონო თასიც გადასცა.

თბილისის ჩემპიონი პირველი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდი “ჰიუნდაია”, ხოლო ტურნირის საუკეთესო 10-მა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის საგზურები მოიპოვა.

თბილისის ჩემპიონატი 14-წლამდელებში. საკალათბურთო აკადემია. 10 დეკემბერი

მე-3 ადგილისთვის

დინამო – ოლიმპი    83:58

ფინალი

1 ექს სკოლა – შსს    66:53

ოლიმპმა რუსთავს 1 ქულით სძლია

20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ზაზა ცაგარეიშვილის გაწვრთნილმა “ოლიმპმა” “რუსთავს” 1 ქულით – 64:63 მოუგო, რითაც ცხრილში მეორე ადგილზე “ჰიუნდაის” შეუერთდა. ორივე ამ გუნდს 6 მოგება და 4 მარცხი აქვს.

რუსთაველებმა, რომლებსაც ჩემპიონატში ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს, სამაგალითოდ იბრძოლეს და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში ვერ იმარჯვეს. პირველი მეოთხედი ქვემოქართლელებმა 19:10 მოიგეს, მეორე პერიოდი კი 13:22 დათმეს და დიდი შესვენებისთვის ანგარიში თანაბარი იყო – 32:32.

თითქმის მთელი დარჩენილი დრო თანაბარ ბრძოლაში გაილია. ქულა-ქულაში მიმდინარე თამაშში ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა, ხან – მეორე. ყველაფერს პასუხი ბოლო წუთებმა გასცა. მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველებმა საფინალო სირენამდე 4:30 წუთით ადრე 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, ლიდერობის შენარჩუნება ვერ შეინარჩუნეს.

მომდევნო 3-წუთიანი მონაკვეთი ოლიმპელებმა შეუდარებლად ჩაატარეს და 10:0 გაქცევით 64:59 გალიდერდნენ.  აღნიშნულ სპურტში ქულები თემურ ფხაკაძემ, თენგო ხუციშვილმა, ბექა ნადირაძემ და ლაშა ოსკოპელმა მიითვალეს. რუსთაველები არ გატყდნენ და შოთა ნარჩომაშვილისა და გიორგი ტურძელაძის ორქულიანებით შეხვედრის დასრულებამდე 40 წამით ადრე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 63:64.

დარჩენილ დროში რუსთაველებს გამარჯვების ბურთის ჩაგდებაც შეეძლოთ, თუმცა ნარჩომაშვილმა საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ორქულიანი ააცილა. ოლიმპელებს 14 ქულით ბექა ნადირაძემ ულიდერა, თემურ ფხაკაძემ კი პირად ანგარიშზე 13 ქულა ჩაიწერა. ქვემოქართლელთა შორის 20 ქულით ნარჩომაშვილი გამოირჩა, გიგი გოგობერიშვილმა კი თავი 16 ქულას მოუყარა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ზაზა ცაგარეიშვილი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან რთული და მძიმე თამაში იყო. რუსთავის გუნდმა არაჩვეულბრივად ითამაშა და გამარჯვებასაც იმსახურებდნენ, თუმცა დღეს იღბალი ჩვენს მხარეს იყო. ფაქტობრივად, წაგებული თამაში შემოვაბრუნეთ. ბევრი გვაქვს სამუშაო, რათა ასეთი ჩავარდნები აღარ გვქონდეს. მობილიზაცია არ გვქონდა ისეთი, როგორიც  საჭირო იყო და კინაღამ წავაგეთ. თუმცა, ბოლოს კონცენტრაცია მოვახდინეთ და ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ.

 მიხეილ ბერუაშვილი(,,რუსთავის” მწვრთნელი): მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. კარგი თამაში იყო, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და გვქონდა მოგების შანსი, თუმცა ბოლოს ბურთი არ ჩავარდა. დავმარცხდით, თუმცა ეს არ არის მთავარი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ნელ-ნელა ბიჭები ასრულებენ მწვრთნელების დავალებებს. ახალგაზრდები არიან და დიდ გამოცდილებას იღებენ.

http://u-20.ge

ჰიუნდაიმ სოხუმს მე-9 მარცხი აგემა

სოხუმის” 20-წლამდელთა გუნდს, რომელიც გასული სეზონის ჩემპიონია, მიმდინარე ჩემპიონატში მოგება ჯერაც არ მოუპოვებია. თემურ კანკიას და ლიკა ქაჯაიას გუნდმა დღეს მე-9 მატჩი წააგო. სოხუმელთა მეტოქე “ჰიუნდაი” იყო, რომელმაც რიგით მე-6 გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

თუ არ ჩავთვლით მე-3 მეოთხედს, შეხვედრა “ჰიუნდაის” დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა. ნიკო ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა პირველი მეოთხედი 24:8 იმარჯვეს და ამ სოლიდურ უპირატესობას დიდი შესვენებისთვის კიდევ 6 ულა წაამატეს. მესამე პერიოდი “ჰიუნდაის” 22-ქულიანი ლიდერობით გაიხსნა, თუმცა სოხუმელებმ ერთ ეპიზოდში თამაში გამოასწორეს და ჩამორჩენის შემცირება შეძლეს.

ბოლო პერიოდის ახალდაწყებულზე გურამ კენჭიაშვილის ზუსტი 3-ქულიანის შემდეგ სოხუმელები მეტოქეს 10 ქულით მიუახლოვდნენ (45:55), მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს იყო მათი მაქსიმუმი. “ჰიუნდაიმ” სრულ მოედანზე კონტროლი დაამყარა და მატჩი გამარჯვებამდე უპრობლემოდ მიიყვანა – 71:54.

გამარჯვებულთაგან  გამოსარჩევია სანდრო ბოლქვაძის 22 ქულა, ასევე ლუკა ბულიავას ორმაგი დუბლი – 14 ქულა, 13 მოხსნა. სოხუმელთა შორის 25 ქულით საუკეთსო გურამ კენჭიაშვილი იყო.

მატჩისშემდგომი კომენტარები

თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდად დავიწყეთ. მართალია, მესამე პერიოდში გამოვასწორეთ თამაში, თუმცა ფარი პირწმინდად წავაგეთ და ამან დიდწილად განაპირობა ჩვენი მარცხი. მივულოცავ ,,ჰიუნდაის’’ მოგებას, გვაჯობეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. შემადგენლობაში პრობლემები გვაქვს და ვნახოთ, რამდენად მოვახერხებთ მეორე წრეშივე ამ პრობლემების მოგვარებას.

 

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(,,ჰიუნდაის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან უკმაყოფილო ვარ, ბიჭები აგდებულად მიუდგნენ ამ თამაშს და ასე თუ გავაგრძელეთ, ფინალამდე ვერ მივალთ. დღევანდელ თამაშში ვერავის გამოვარჩევდი.

http://u-20.ge

16-წლამდელთა ჩემპიონტი გრძელდება

16-წლამდელთა მორიგ შეხვედრებს აკადემიამ და 53-ე სკოლის დარბაზმა უმასპინძლეს.

 53-ე საჯარო სკოლა

ზაზა-გორი 106:67

ზაზა: რატი ტოლიაშვილი – 44 ქულა, 24 მოხსნა, ნიკა ჭიჭვეიშვილი –  26 ქულა, ლუკა შერმადინი – 14 ქულა

გორი: გიორგი ჯირკველიშვილი – 24 ქულა, დავით პავლიაშვილი – 19 ქულა, ლევან წითური – 10 ქულა

 

ჰიუნდაი 2-  ხაშური 149:42

ჰიუნდაი2: თორნიკე აბულაძე – 31 ქულა, 13 მოხსნა, საბა ლანჩავა – 24 ქულა, 17 მოხსნა, ვატო თუთაშვილი – 23 ქულა,  ნიკა აბულაძე – 16 ქულა,  ბაადურ ჩხეიძე – 13 ქულა, 12 მოხსნა,  ლუკა ლანჩავა – 11 ქულა, 10 მოხსნა, დევიდ დევიდსონი -10 ქულა

ხაშური: მიხეილ ბითაძე – 17 ქულა, ბაქარ ხაჩიძე – 12 ქულა, 11 მოხსნა

 

 

1-ელი ექსპერიმენტალური ჰიუნდაი – ფოთი   74:64

1-ელი ექსპერიმენტალური ჰიუნდაი: გოგა ბითაძე – 18 ქულა, ზურაბ ჯანელიძე – 13 ქულა, 10 მოხსნა, ალექსანდრე კაკუბერი – 11 ქულა

ფოთი: დაჩი თოფურია – 26 ქულა, 22 მოხსნა, გიორგი კორსანტია – 15 ქულა, 19 მოხსნა, დავით გაბუნია – 12 ქულა

 

 აკადემია 2- რუსთავი 2   58:76

აკადემია2: ნიკა მეცხვარიშვილი – 21 ქულა

რუსთავი2: გიორგი გრიგორაშვილი – 29 ქულა, 13 მოხსნა, გიორგი ლაკლაკიშვილი – 17 ქულა, გოგა შავერდაშვილი – 16 ქულა, 15 მოხსნა

 

არმია-რუსთავი 1   65:70

არმია: ნიკა აბაიშვილი – 21 ქულა, გოგა სალდაძე – 17 ქულა, 13 მოხსნა, ედემი ჯაჭვლიანი – 10 ქულა

რუსთავი1: საბა პაპუაშვილი – 21 ქულა, 19 მოხსნა, გუგა პატაშური – 19 ქულა, 11 მოხსნა, საბა ღვედაშვილი – 16 ქულა, 11 მოხსნა,

იმედი – ქუთაისი   39:49

იმედი: გიორგი ღონღაძე – 15 ქულა, მათე ფირცხალავა – 12 ქულა, 9 მოხსნა

ქუთაისი: რომა კალაძე – 23 ქულა

 

http://u-16.ge

მართვე-ზაზას გამარჯვება რუსთავში

16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას დღეს რუსთავმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა ,,რუსთავი 2”-მა ,,მართვე-ზაზა” მიიღო. დაძაბულ შეხვედრაში სტუმრებმა საბოლოოდ 2 ქულით  – 62:60 იმარჯვეს. გაგაცნობთ აღნიშნული მატჩის გამორჩეულ მოთამაშეთა მონაგარს.

რუსთავი 2: გოგა შავერდაშვილი – 20ქულა, 19მოხსნა; გიორგი გრიგორაშვილი – 14ქულა, 10მოხსნა; გაბრიელ აფციაური – 12ქულა, 12მოხსნა.
მართვე-ზაზა: ნიკოლოზ ჭიჭვეიშვილი – 27ქულა; რატი ტოლიაშვილი – 12ქულა, 15მოხსნა; ლუკა შერმადინი – 12ქულა, 9მოხსნა.

 http://u-16.ge

არმიამ რუსთავში იმარჯვა

დღეს რუსთავში 18-წლამდელთა  ჩემპიონატის მორიგი მატჩი გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “რუსთავი 2-მა”  “არმიას” უმასპინძლა და მარცხი განიცადა – 60:68.

რუსთავი 2-არმია     60:68

რუსთავი2: დიმიტრი მეტრეველი – 18 ქულა, არჩილ ღვალაძე – 10 ქულა, გიორგი ბექაური – 12 ქულა, 12 მოხსნა

არმია: თორნიკე გაგუა – 13 ქულა, ირაკლი ყიფშიძე – 12 ქულა, მამუკა ბაზუაშვილი – 11 ქულა, 11 მოხსნა, ჯუმბერ ხონელიძე – 10 ქულა

http://u-18.ge