დელ პიერო “სიდნეის” ტოვებს

“სიდნეის” ფორვარდმა ალესანდრო დელ პიერომ ავსტრალიური კლუბიდან წასვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ მცირე პაუზას აიღებს, თუმცა კარიერის დასრულებას ჯერ არ ფიქრობს.

“რთული გადაწყვეტილება იყო. საფეხბურთო და ცხოვრებისეული თვალსაზრისით აქ თავს კარგად ვგრძნობდი. ჩემს ოჯახთან ერთად აქ შესანიშნავი ორი წელი გავატარე. ავსტრალია ყოველთვის იქნება ჩემს გულში. ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა “სიდნეი” გულშემატკივრებს. მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი” – განაცხადა დელ პიერომ.

დელ პიერო: „იუვენტუსში“ მხოლოდ როგორც მოთამაშე დავბრუნდები“

ლეგენდარულმა იტალიელმა თავდამსხმელმა ალესანდრო დელ პიერომ კარიერის გაგრძელების ვარიანტებზე ისაუბრა.

„არ ვიცი, თუ რით დავკავდები შემდეგ სეზონში. ყველაფერს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გადავწყვეტ. ჩემს გულს სურს, რომ თამაში გავაგრძლო, თუმცა ბევრი რამ ფეხებისგანაც იქნება დამოკიდებული. სეზონის ბოლოს „სიდნეის“ პრეზიდენტს შევხვდებით. პირველ რიგში, ზუსტად ჩემი ამჟამინდელი კლუბის წინადადებას გადავხედავ“.

„იუვენტუსში“ დაბრუნების შესახებ დასმულ კითხვაზე დელ პიერომ ჟურნალისტს შემდეგი პასუხი გასცა: „ამ კლუბში მხოლოდ მოთამაშის სახით თუ დავბრუნდები“.

ალექსანდრე მატევოსოვი

დელ პიერო, შესაძლოა, იაპონიაში ან აშშ-ში გადაბარგდეს

39 წლის თავდამსხმელი ალესანდრო დელ პიერო „სიდნეისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს და კლუბს მიმდინარე წელს დატოვებს.

„Sky Sport Italia“-ს ვარაუდით, ტურინის „იუვენტუსის“ ექს-ლიდერი, დიდი ალბათობით, კარიერას გააგრძელებს, თუმცა სხვა ჩემპიონატში გადაბარგდება.

გავრცელებული ინფორმაციით, დელ პიერო კონტრაქტს იაპონიის ან აშშ-ს ერთ-ერთ კლუბთან გააფორმებს.

ცნობისთვის, ავსტრალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ვეტერანი ფორვარდის ანგარიშზე რვა გოლია.

ალექსანდრე მატევოსოვი

დელ პიერომ ეროს რამაცოტისთან ერთად იმღერა

„სიდნეის“ იტალიელმა თავდამსხმელმა ალესანდრო დელ პიერომ შანსი ხელიდან არ გაუშვა, ავსტრალიაში თანამემამულე ეროს რამაცოტის კონცერტს დაესწრო და მასთან ერთად რამდენიმე სტროფიც იმღერა. დელ პიერო და რამაცოტი მეგობრები არიან.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.