პატო “მილანში” დაბრუნებას არ გამორიცხავს

“ტიანძინ ცუანცძიანის” თავდამსხმელი ალეშანდრე პატო “მილანში” დაბრუნებას არ გამორიცხავს.

“მილანი” ჩემი სახლია. ეს ჩემი პირველი უცხოური კლუბი იყო. “მილანმა” მომცა საშუალება, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ფეხბურთელი გავმხდარიყავი, ევროპაში მეთამაშა, ტიტულები მომეგო და დიდებულ მოთამაშეებთან ერთად გამოვსულიყავი. მიყვარს “მილანი”.

მიხარია, როდესაც გუნდი წარმატებას აღწევს, ვინაიდან “მილანში” დღემდე მყავს მეგობრები. სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის (“მილანის” ყოფილი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი) WhatsApp-ის საშუალებით ვეკონტაქტები.

იმედი მაქვს, რომ “მილანი” კარგ გუნდად დარჩება. რამდენად არსებობს დაბრუნების შანსი? ახლა ჩინეთში ვთამაშობ და აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. თუ “მილანისგან” ან რომელიმე სხვა ევროპული კლუბისგან შესაბამის წინადადებას მივიღებ, შემოთავაზებას აუცილებლად განვიხილავ”, – ციტირებს პატოს სიტყვებს “ტუტო მერკატო”.

შეგახსენებთ, რომ ალეშანდრე პატო “მილანის” ღირსებას 2007-დან 2012 წლამდე იცავდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში “როსონერის” რიგებში 150 მატჩი ჩაატარა და 63 გოლი გაიტანა.

რატომ ვერ ხერხდება “ტიანცზინ ცუანცზიანში” პატოს ტრანსფერი

“ვილიარეალის” თავდამსხმელ ალეშანდრე პატოს ტრანსფერი “ტიანცზინ ცუანცზიანში” ბოლო მომენტში შეფერხდა. როგორც ირკვევა, კონტრაქტის გაფორმებამდე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჩინურ კლუბს ახალი ფინანსური მოთხოვნა წაუყენა.

ალეშანდრე პატომ “ტიანცზინ ცუანცზიანში” სამედიცინო შემოწმება გაიარა და ის იყო, შრომითი ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა, რომ ახალი მოთხოვნა წამოაყენა. “ასის” ცნობით, პატომ წელიწადში ანაზღაურების სახით დათქმულზე ოთხი მილიონი ევროთი მეტი მოითხოვა.

როგორც ცნობილია, “ტიანცზინ ცუანცზიანი” 27 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელს სეზონში 6 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა პატომ 10 მილიონი მოითხოვა, რაც გახდა კიდეც მხარეებს შორის უთანხმოების მიზეზი.

ჩინურ კლუბსა და ალეშანდრე პატოს შორის მოლაპარაკება გრძელდება.

“ტიანცზინ ცუანცზიანმა” პატო კლუბში არ მიიღო (ფოტო)

“ვილიარეალის” თავდამსხმელ ალეშანდრე პატოს ტრანსფერი “ტიანცზინ ცუანცზიანში” ბოლო მომენტში ჩაიშალა.

FOX Sports-ის ცნობით, 27 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჩინურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც მხარეებს შორის კონტრაქტი უნდა გაფორმებულიყო, თავდამსხმელმა გუნდის ფორმის მორგებაც მოასწრო, მაგრამ “ტიანცზინ ცუანცზიანის” პრეზიდენტმა ტრანსფერი დაბლოკა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ალეშანდრე პატოს ჩინურ კლუბში ჯამაგირის სახით წელიწადში დაახლოებით 6 მილიონ ევროს სთავაზობდნენ.

“ჩელსის” პატო არ სჭირდება

ალეშანდრე პატო ლონდონის “ჩელსის” დატოვებს. ინგლისური გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ 26 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი არ სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსიმ” პატო ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “კორინთიანსისგან” ინათხოვრა, თუმცა ფიზიკურ ფორმასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

კონტე პატოს ჩანაცვლებას სხვა ფორვარდით აპირებს. კერძოდ, “ჩელსის” სატრანსფერო მიზანს შემდეგი თავდამსხმელები წარმოადგენენ: ალვარო მორატა (“იუვენტუსი”), რომელუ ლუკაკუ (“ევერტონი”) და გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”).

აქვე შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყებს

პატო: “დავიღალე, მაგრამ ბედნიერი ვარ”

ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში ლონდონის “ჩელსიმ” “ასტონ ვილა” ანგარიშით 4:0 დაამარცხა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე პენალტი გაიტანა ალეშანდრე პატომ, რომლისთვისაც ეს ინგლისურ კლუბში სადებიუტო მატჩი გახლდათ.

“ძალზედ ბედნიერი ვარ. გამიკვირდა, როდესაც მითხრეს, რომ მინდორზე მე უნდა გავსულიყავი. მოედანზე თანაგუნდელებს ძალიან ადვილად გავუგე. კმაყოფილი ვარ, თუმც ცოტა დავიღალე”, – ციტირებს პატოს სიტყვებს “ბიბისი”.

 

“ჩელსის” პატოსთან იჯარის გაწყვეტა სურს

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობას ალეშანდრე პატოსთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტა სურს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა კლუბმა ბრაზილიელი თავდამსხმელი “კორინთიანსისგან” იანვარში ინათხოვრა. “ჩელსის” სამწვრთნელო შტაბი უკმაყოფილოა იმით, რომ პატოს გამოჯანმრთელების პროცესი გაჭიანურდა.

გარდა ამისა, უკმაყოფილონი არიან “კორინთიანსშიც”. როგორც აღმოჩნდა, ბრაზილიელებს ალეშანდრე პატოს გასხვისების ნაცვლად ფეხბურთელის ჩინურ კლუბში გაყიდვა შეეძლოთ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებას ვადა ამა წლის 30 ივნისს გაუვა.

 

ალეშანდრე პატოს ახალი იმიჯი (ფოტო)

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა ვილიანმა სოციალურ ქსელში კლუბის ახალწვეულ ალეშანდრე პატოსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ბრაზილიელი თავდამსხმელი ახალი იმიჯით არის ასახული.

Pato new image

პატო: “იმედი მაქვს, “ჩელსის” ამ ნდობისთვის გადავუხდი”

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსიმ” “კორინთიანსის” თავდამსხმელი ალეშანდრე პატო იჯარის წესით აიყვანა. 26 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის შრომითი ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება.

“ძალზედ ბედნიერი ვარ იმით, რომ “ჩელსის” მოთამაშე გავხდი. ველოდები იმ მომენტს, როდესაც ახალ თანაგუნდელებს გავიცნობ. ძალიან მინდა მოედანზე გასვლა. მადლობას ვუხდი “ჩელსის” მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს, რომ კლუბსა და ფანებს ამ ნდობისთვის გადავუხდი”, – ციტირებს პატოს სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ალეშანდრე პატოს ევროპაში თამაშის გამოცდილება აქვს. ბრაზილიელი ფეხბურთელი 2007-დან 2013 წლამდე “მილანის” ღირსებას იცავდა.

 

პატომ “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

“კორინთიანსის” თავდამსხმელმა ალეშანდრე პატომ ლონდონის “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამ ინფორმაციას ბრაზილიური გამოცემა Globoesporte-ი ავრცელებს.

უახლოეს პერიოდში ბრაზილიელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსი” პატოს სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს გაიღებს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ კლუბმა ბრაზილიელი ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე არენდის წესით აიყვანოს.

ცნობისათვის, ბრაზილიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ჩატარებულ 33 მატჩში ალეშანდრე პატომ 10 გოლი გაიტანა.

 

პატოს “ჩელსი”, “ლივერპული”, “ბენფიკა” და “სპორტინგი” ეპატიჟება

“კორინთიანსის” ფორვარდ ალეშანდრე პატოს ერთბაშად ოთხი ევროპული კლუბი ეპატიჟება. ამის შესახებ ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტმა ჟილმარ ველოზმა განაცხადა.

“ზამთრის სატრანსფერო პერიოდი ძალზედ შეზღუდულია. პატოსთვის “ჩელსი”, “ლივერპული”, “ბენფიკა” და “სპორტინგი” იბრძვიან. შანსი ამ ოთხივე კლუბს აქვს”, – აღნიშნა ფეხბურთელის აგენტმა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსიმ” პატოსთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია.

 

პატო: “იმედია, ინგლისში ან ესპანეთში ვითამაშებ”

“კორინთიანსიდან” “სან პაულუში” იჯარის წესით მოთამაშე თავდამსხმელი ალეშანდრე პატო გადაჭრით ამბობს, რომ მომდევნო წელს კლუბს გამოიცვლის. 26 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელით არაერთი ევროპული კლუბია დაინტერესებული, მათ შორის “ბარსელონაც”.

“მომავალ წელს “სან პაულუში” აღარ ვითამაშებ. ამის შესახებ ყველამ იცის. იმედი მაქვს, ინგლისის ან ესპანეთის რომელიმე კლუბში გადავალ”, – ციტირებს პატოს სიტყვებს “დეილი მეილი”.

ცნობისათვის, ბრაზილიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 30 მატჩში ალეშანდრე პატომ 10 გოლი გაიტანა.

 

“კორინთიანსი” პატოს სანაცვლოდ 25 მილიონს ითხოვს

“კორინთიანსის” სპორტულმა დირექტორმა ედუარდუ ფერეირამ განაცხადა, რომ კლუბი მზად არის, ალეშანდრე პატოს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს.

“ჯერჯერობით ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორებია, თუმცა თუ პატოს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს შემოგვთავაზებენ, ჩვენ მას გავყიდით. სხვა შემთხვევაში, იგი იანვარში “კორინთიანსში” დაბრუნდება”, – ციტირებს ფერეირას სიტყვებს “გლობო”.

შეგახსენებთ, რომ ალეშანდრე პატო იჯარის წესით “სან პაულუში” თამაშობს. 26 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 9 გოლი გაიტანა.