მაროტა: „პირლოსთან ახალ კონტრაქტს თებერვლის ან მარტის თვეში გავაფორმებთ“

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ განაცხადა, რომ ამჟამად კლუბის ხელმძღვანელობა ანდრეა პირლოსთან კონტრაქტის გახანგძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის დასრულებამდე მოქმედებს.

,,პირლოს კონტრაქტი? ამის გამო არ ვნერვიულობთ, რადგან მოლაპარაკებების წარმოება უკვე დავიწყეთ. ამის მიუხედავად, აღნიშნულ საკითხს თებერვლის ან მარტის თვეში დავუბრუნდებით“, – განაცხადა მაროტამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

„იუვენტუსმა“ პირლოს საქციელის შემდეგ გუნდში ახალი წესი შემოიღო

მოგეხსენებათ, იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში ტურინის „იუვენტუსსა“ და „ვერონას“ შორის გამართული მატჩის (2:1) მიმდინარეობისას „ხნიერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუნდის ნახევარმცველი ანდრეა პირლო შეცვალა. 34 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა არ ისურვა და მოედნიდან პირდაპირ გასახდელში ჩავიდა. პირლოს ამ ქმედების შემდეგ, გუნდში ახალი წესი დამკვიდრდა.

„პირლოს საქციელის განხილვას საჭიროდ არ ვთვლი. აქამდე ასეთი პრეცენდენტი არ გვქონია. ამიერიდან ახალი წესი გვაქვს, რომელიც ჩვენი გუნდის თითოეულ მოთამაშეზე გავრცელდება: მატჩის დროს შეცვლილ ფეხბურთელს პირდაპირ გასახდელში შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ის ფეხს მოიტეხს, ანდაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდება. ყველა სხვა შემთხვევაში, შეცვლილი მოთამაშე მატჩის საფინალო სასტვენამდე სათადარიგოთა სკამზე უნდა იჯდეს“, – განაცხადა კონტემ.

აღნიშნული წესის დარღვევა ფულად ჯარიმასა და ერთი თვის განმავლობაში უთამაშებლობას ითვალისწინებს.

ბექა დოგრაშვილი

ინიესტამ საუკეთესო მეტოქეთა სია შეადგინა

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე საუკეთესო მოთამაშეთა სია შეადგინა, რომელთა წინააღმდეგაც მას ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში უთამაშია.

„საუკეთესო მეკარე – პეტრ ჩეხი. საუკეთესო მცველი – პაოლო მალდინი. საუკეთესო ნახევარმცველი – ანდრეა პირლო. საუკეთესო თავდამსხმელი – რაიან გიგზი“, – ციტირებს ინიესტას სიტყვებს barcastuff-ის მიკრობლოგი.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბარსელონა“ პირველ შეხვედრას ამსტერდამის „აიაქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 18 სექტემბერს, „ნოუ კამპზე“ შედგება.

ბექა დოგრაშვილი