დი მარია: “მსაჯებს სიტყვიერ შეურაცხყოფას სხვებიც ვაყენებდით, მაგრამ მხოლოდ მესი დასაჯეს”

არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ ლიონენ მესის ოთხმატჩიან დისკვალიფიკაციაზე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩილეს ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გვერდითი არბიტრის შეურაცხყოფის გამო ფიფამ მესი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

“მსაჯების მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზები მეც წამოვიძახე. არბიტრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა არც სხვა ფეხბურთელებმა დააკლეს, მაგრამ მხოლოდ მესი დასაჯეს”, – ციტირებს დი მარიას სიტყვებს ESPN.

თავად ლეო მესიმ განაცხადა, რომ შეურაცხმყოფელი ფრაზა ჰაერში თქვა და არა მსაჯის მისამართით.

დი მარიასა და იოზილს “რეალში” დაბრუნება სურთ

“პარი სენ-ჟერმენის” გარემარბ ანხელ დი მარიასა და ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველ მესუთ იოზილს თავიანთ ყოფილ გუნდში სურთ დაბრუნება.

“მარკას” ცნობით, არგენტინელ და გერმანელ ფეხბურთელებს მადრიდის “რეალის” რიგებში თამაშის სურვილი კვლავ აქვთ.

ანხელ დი მარია და მესუთ იოზილი “სამეფო კლუბის” წარმომადგენლებთან კონტაქტზე უკვე გავიდნენ და გუნდში დაბრუნების მზადყოფნაც გამოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ იოზილი “რეალიდან” “არსენალში” 2013 წელს 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. დი მარია კი “სანტიაგო ბერნაბეუდან” “მანჩესტერ იუნაიტედში 2014 წელს 75 მილიონ ევროდ გადაბარგდა.

დი მარია: “ეს გამარჯვება დავიმსახურეთ”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენმა” ლონდონის “ჩელსი” საპასუხო შეხვედრაშიც დაამარცხა (2:1). მატჩის შემდეგ კმაყოფილება არ დამალა პარიზელთა ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ, რომელმაც ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

“ძალიან გახარებულები ვართ. მთელი სეზონის განმავლობაში გაწეულმა მუშაობამ შედეგი დღეს გამოიღო. “პარი სენ-ჟერმენმა” თავისი ძალა აჩვენა. ჩვენ თამაშის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ”, – ციტირებს დი მარიას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

 

დი მარია: “რეალის” კარში გატანილ გოლს არ აღვნიშნავ”

“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ მადრიდის “რეალის” კარში გატანილ გოლს არ აღნიშნავს. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთად მოხვდნენ.

“არ ვიცი, როგორ დამხვდებიან მადრიდში, თუმცა სათქმელია ის, რომ ჩვენ ერთად მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და სხვა ტურნირები. “ატლეტიკოსთან” გამართულ უკანასკნელ მატჩში ქომაგებმა უკვე იცოდნენ, რომ გუნდიდან მივდიოდი, თუმცა ტაში მაინც დამიკრეს. სასიამოვნო იქნება “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაბრუნება. გოლს თუ გავიტან, არ აღვნიშნავ. ჯერ კიდევ გულში მაქვს ყველაფერი ის, რაც “რეალთან” ერთად მოვიგე”, – დი მარიას კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“პარი სენ-ჟერმენი” “რეალს” საკუთარ მოედანზე 21 ოქტომბერს მიიღებს, 3 ნოემბერს კი “სანტიაგო ბერნაბეუზე” ეწვევა.

 

ოფიციალურად: დი მარია “პსჟ”-ში გადავიდა

“პარი სენ-ჟერმენმა” ოფიციალურად დაადასტურა ანხელ დი მარიას ტრანსფერი.

არგენტინელმა ფეხბურთელმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

“პარი სენ-ჟერმენი” ტრანსფერის ფინანსურ დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზელებმა 63 მილიონი ევრო გაიღეს.

“სიამაყით ვატარებ “პარი სენ-ჟერმენის” მაისურს. ვეცდები, ყველა ტურნირზე გავიმარჯვო – საფრანგეთის მასშტაბით იქნება ეს თუ – ევროპის. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პარიზში ჩემპიონთა ლიგის თასი ჩამოვიტანოთ”, – ციტირებს დი მარიას სიტყვებს ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი მანამდე “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა, სადაც გასული წლის ზაფხულში მადრიდის “რეალიდან” გადავიდა. ანხელ დი მარიამ ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

დი მარიას “მანჩესტერიდან “პსჟ”-ში გადასვლით “რეალიც” იხეირებს

ანხელ დი მარიას “მანჩესტერ იუნაიტედიდან” “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლით მადრიდის “რეალიც” იხეირებს.

Cadena Cope-ს მიხედვით, როდესაც არგენტინელი ფეხბურთელი “სამეფო კლუბიდან” “წითელ ეშმაკებს” შეუერთდა, კონტრაქტში ჩაიწერა პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ ინგლისური კლუბი დი მარიას გაყიდიდა, “რეალს” გარკვეული პროცენტი უნდა მიეღო. წყაროს ცნობით, თანხა, რომელიც მადრიდულმა კლუბმა ამ ტრანსფერისთვის უნდა მიიღო, 8 მილიონ ევროს შეადგენს. თავად ტრანსფერი 63 მილიონ ევროდ ფასდება.

გუშინ ანხელ დი მარიამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კარიერას “პარი სენ-ჟერმენში” გააგრძელებს.

 

დი მარია: “პსჟ”-ში გადასვლით მოხარული ვარ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კარიერას “პარი სენ-ჟერმენში” გააგრძელებს.

“მოხარული ვარ “პსჟ”-ში გადასვლით. ვიცი, რომ პარიზელებმა გასულ სეზონში საფრანგეთში ყველა ტიტული მოიგეს. ეს კლუბისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

მინდა, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ბარიერის დაძლევაში დავეხმარო. ვეცდებით, რომ რაც შეიძლება შორეულ ეტაპზე გავიდეთ”, – ციტირებს დი მარიას სიტყვებს Get French Football News-ი BeIN Sports AR-ზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ანხელ დი მარიამ დოჰაში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, პარიზულ კლუბთან კი ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. აღნიშნული ტრანსფერი 63 მილიონ ევროდ ფასდება.

 

დი მარია “პსჟ”-ში გადასვლას დათანხმდა

ფრანგული გამოცემა “ლე პარიზიენი” იუწყება, რომ ანხელ დი მარია “მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენას არ აპირებს. წყაროს თანახმად, 27 წლის ფეხბურელი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლას დათანხმდა.

პარიზელები მზად არიან, დი მარიას სანაცვლოდ “წითელ ეშმაკებს” 60 მილიონი ევრო შეაძლიონ. ფრანგებმა გარიგებაში შესაძლოა, კლუბის ჰოლანდიელი მცველი გრეგორი ვან დერ ვილიც ჩართონ.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია “მანჩესტერ იუნაიტედში” მადრიდის “რეალიდან” გასულ წელს გადავიდა. ფეხბურთელმა 2014/15 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

დი მარიას “ბარსელონაში” გადასვლა აკრძალული აქვს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ანხელ დი მარია “ბარსელონაში” ვერ გადავა. “მუნდო დეპორტივოს” ცნობით, როდესაც არგენტინელი ფეხბურთელი მადრიდის “რეალიდან” “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგდა, ხელშეკრულებაში ჩაიწერა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, დი მარიას “ბარსელონაში” გადასვლა აეკრძალა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ნახევარმცველი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2014 წელის გადავიდა. “წითელმა ეშმაკებმა” მის სანაცვლოდ 59,7 მილიონი ფუნტი გაიღეს, რაც ინგლისური კლუბებისთვის სარეკორდო თანხაა.

გასულ სეზონში ანხელ დი მარიამ “მანჩესტერ იუნაიტედის”რიგებში 32 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ათი საგოლე გადაცემა გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელი ფეხბურთელით სხვა ევროპული კლუბებიც არიან დაინტერესებულნი, კერძოდ – “პარი სენ-ჟერმენი”, მიუნხენის “ბაიერნი” და “მანჩესტერ სიტი”.

 

დი მარიას “რეალში” დაბრუნება სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ ანხელ დი მარიას მადრიდის “რეალში” დაბრუნება სურს.

ტელეკომპანია La Sexta-ს ცნობით, არგენტინელმა ფეხბურთელმა თავის აგენტ ჟორჟე მენდეშს “სამეფო კლუბში” დაბრუნების შესაძლებლობის გარკვევა სთხოვა, თუმცა “რეალის” წარმომადგენელმა დი მარიას აცნობა, რომ გუნდს იგი აღარ სჭირდება.

გასულ სეზონში ანხელ დი მარიამ 27 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ათი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

დი მარიას “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება სურს

“დეილი ექსპრესის” ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა.

გამოცემის ცნობით, 27 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა საკუთარ აგენტს ახალი კლუბის მოძიება დაავალა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დი მარიას მიმართ ინტერესს “პარი სენ-ჟერმენი” იჩენს. არგენტინელის შესაძლო ტრანსფერის მთავარ დაბრკოლებად მისი მაღალი ფასი ითვლება, რის გამოც პარიზელებმა შესაძლოა, კიდევ ერთხელ დაარღვიონ ფინანსური “ფეარ პლეის” წესი.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია მადრიდის “რეალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გასული წლის ზაფხულში 60 მილიონი ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა და “წითელი ეშმაკების” ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

მიმდინარე სეზონში დი მარიამ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

დი მარიამ მესის საუკეთესო არგენტინელი ლეგიონერის ტიტული წაართვა

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში არგენტინელი ჟურნალისტები ლიონელ მესის წლის საუკეთესო ლეგიონერად ასახელებდნენ.

ამჯერად, წლის საუკეთესო არგენტინელად, რომელიც საზღვარგარეთ თამაშობს, არა ლეო, არამედ ანხელ დი მარია გახდა. გასულ სეზონში დი მარიამ მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ანხელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაბარგდა.

არგენტინის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად კი „ველეს სარსფილდის“ თავდამსხმელი ლუკას პრატო დასახელდა, რომელიც უახლოეს დროში ბრაზილიურ „ატლეტიკო მინეიროში“ გადავა.