კონტეს ინგლისში ელიან

შესაძლოა, მილანის “ინტერის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს. “სქაის” ცნობით, იტალიელ სპეციალისტთან მოლაპარაკებას ლონდონის “ტოტენჰემ ჰოთსპური” აწარმოებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ანტონიო კონტეს კლუბის სპორტული დირექტორის პოსტზე ფაბიო პარატიჩის დანიშვნა სურს, რომელიც ტურინის “იუვენტუსში” ხსენებულ თანამდებობაზე მუშაობდა და იტალიელ სპეციალისტს კარგად იცნობს. გარდა ამისა, განხილვის თემაა კონტრაქტის ხანგრძლივობა, პროექტის დეტალები, ხელფასი და შესაძლო ტრანსფერები.

“ინტერთან” გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კონტეს მომდევნო სეზონში იტალიაში მუშაობის უფლება არ აქვს.

როგორც მოგეხსენებათ, ანტონიო კონტემ გასულ სეზონში “ინტერთან” ერთად იტალიის ჩემპიონატი მოიგო. მან “ნერაძური” კლუბში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს ინგლისში მუშაობის გამოცდილება აქვს. ის 2016-დან 2018 წლამდე ლონდონის “ჩელსის” თავკაცობდა და გუნდთან ერთად პრემიერლიგა და ქვეყნის თასი მოიგო.

კონტე “ინტერს” საგანგებო წერილით დაემშვიდობა

გუშინ, მილანის “ინტერსა” და გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. იტალიელი სპეციალისტი “ნერაძურის” საგანგებო წერილით დაემშვიდობა:

“ეს რა მოგზაურობა მოვაწყვეთ ამ ორი წლის განმავლობაში?!ყოველდღიურად განვითარებულმა ძალამ, განწყობამ, ნებამ, მსხვერპლთგაღებამ დაამსხვრია ჩვენ გარშემო არსებული მედიდურობის ლოგიკა.

არავითარი საბაბი, არანაირი ალიბი, მხოლოდ შრომა, შრომა და შრომა პატივისცემასა და განათლებასთან ერთად. 11 წლის შემდეგ სკუდეტო “ინტერს” დავუბრუნეთ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ კლუბი დავაბრუნეთ იმ ადგილას, რომელსაც ის საკუთარი ისტორიისა და ტრადიციების გამო იმსახურებს.

მადლობა მათ, ვინც ეს შესაძლებელი გახადა! ფეხბურთელებს, სტაფს, პრეზიდენტს, მენეჯერებსა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში გვეხმარებოდა და გვქომაგობდა.

მინდა ვუთხრა “ინტერის” ფანებს, რომ პანდემიისგან გამოწვეულ ყველასთვის რთულ პერიოდში მათ მხარდაჭერასა და სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდით.

ყოველთვის თან მექნება “სან სიროზე” აღმართული სკუდეტოს ფოტო. მადლობა!” – დაწერა კონტემ.

ანტონიო კონტე: “ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მომდევნო მატჩები უფრო მაღელვებს”

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მილანის “ინტერმა” თანაქალაქელი “მილანი” ანგარიშით 3:0 დაამარცხა და მასთან სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა. მატჩის შესახებ “ნერაძურის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ისაუბრა.

“შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო უმაღლესი დონის დერბი. ფეხბურთელები მართლაც კარგად მოქმედებდნენ. ვაგრძელებთ იმ გზას, რომელზეც წელიწადნახევრის წინ დავდექით.

ვულოცავ სტეფანო პიოლისა და “მილანს” იმას, რასაც მიაღწიეს.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით “ჯენოასთან” და “პარმასთან” გასამართი მატჩები უფრო მაღელვებს. საკმაოდ მძიმე თამაშები იქნება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ნამდვილად გავაკეთეთ თვისობრივი ნახტომი და შეგვიძლია გათამაშების დასრულებამდე ლიდერის პოზიციის შენარჩუნება.

მწვრთნელის ამოცანა გუნდის ყველა ნაწილის აწყობა და იდეების გაზიარებით მოთამაშეთა დახმარებაა. ბურთით და მის გარეშე თამაშის თაობაზე სპეციფიკური მოსაზრებები გაგვაჩნია. განსაკუთრებით ვამაყობ ივან პერიშიჩისა და კრისტიან ერიქსენის პროგრესით. ნიკოლო ბარელა თავიდანვე ყველაფერში გაერკვა. სხვებს კი, მაგალითად ერიქსენს, უფრო მეტი დრო დასჭირდათ.

ძირითად კონკურენტებს პირისპირ დაპირისპირებაში ვაჯობეთ. დღევანდელმა მატჩმა აჩვენა, რომ სერიოზული პროგრესი გვაქვს”, – ციტირებს კონტეს სიტყვებს DAZN.

ანტონიო კონტე: “ამ მარცხის გამო დიდი სინანულის გრძნობა არ მაქვს”

უეფას ევროპის ლიგის ფინალურ შეხვედრაში მილანის “ინტერი” “სევილიასთან” ანგარიშით 2:3 დამარცხდა. იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მატჩის შემდეგ თქვა, რომ ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით მარცხის მიუხედავად, წაგების გამო დიდად არ წუხს.

“რთული და დაბალანსებული თამაში გამოვიდა. მეორე ტაიმში განვითარებულ ერთ მომენტს შეეძლო მატჩის ბედის გადაწყვეტა. გოლის გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა, თუმცა შემდეგ ლუკაკუს ავტოგოლის ეპიზოდში არ გაგვიმართლა.

ამ მარცხის გამო დიდი სინანულის გრძნობა არ მაქვს. ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ასეთი ტიპის თამაშს უჩვენებს. ვფიქრობ, მეტოქის გამოცდილებამ იქონია გავლენა საბოლოო შედეგზე.

ჩემმა ფეხბურთელებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ ბევრი იმუშავეს და ბევრ კომპონენტში დაიხვეწნენ. ისინი ფინალში გავიდნენ. ამ სეზონში ბევრმა ახალგაზრდა მოთამაშემ მიიღო დიდი გამოცდილება. მათ ამ გზაზე თავდაჯერებულად შეუძლიათ სიარული”, – კონტეს კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კონტე “ჩელსისგან” 10,5 მილიონს ითხოვს, კლუბი იტალიელს ფეხბურთელებთან კონფლიქტში ადანაშაულებს

ლონდონის “ჩელსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ინგლისური კლუბისგან 10,5 მილიონ ევროს (9 მილიონი გირვანქა სტერლინგი) ითხოვს.

“ბიბისის” ცნობით, 49 წლის სპეციალისტი ინგლისის პრემიერლიგის საარბიტრაჟო კოლეგიის სხდომას დაესწრო, რომელიც მასსა და “ჩელსის” შორის წარმოქმნილ უთანხმოებას იძიებს. იტალიელი მიიჩნევს, რომ ლონდონურმა კლუბმა მას კონტრაქტით გათვალისწინებული ბოლო წლის ანაზღაურება სრულად უნდა დაუფაროს. თავის მხრივ, “ჩელსი” ანტონიო კონტეს ფეხბურთელებთან უთანხმოებასა და შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. კერძოდ, ინგლისურ კლუბს მაგალითად მოჰყავს კონტესა და დიეგო კოსტას შორის წარმოქმნილი უთანხმოება, რის გამოც ესპანელი ფეხბურთელი იძულებული გახდა, “სტემფორდ ბრიჯი” დაეტოვებინა. ამის გამო “ჩელსი” თვლის, რომ იტალიელ სპეციალისტს არა 10,5 მილიონი ევრო, არამედ ნაკლები ოდენობა უნდა გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ “ჩელსი” 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა და გუნდში მუშაობის პირველივე სეზონში ინგლისის პრემიერლიგა მოიგო. იტალიელი სპეციალისტი კლუბიდან გასული წლის ზაფხულში გაათავისუფლეს.

“ჩელსის” ფანებმა ანტონიო კონტეს მეუღლე აატირეს (ვიდეო, ფოტო)

ორშაბათს ლონდონის “ჩელსისა” და “უოტფორდს” შორის გამართული მატჩის (4:3) მიმდინარეობისას ემოციური სიტუაცია შეიქმნა.

ლონდონური გუნდის ფანებმა ანტონიო კონტეს პატივსაცემად სიმღერა წამოიწყეს.

“ანტონიო, ანტონიო”, – ერთხმად გაიძახოდა “სტემფორდ ბრიჯზე” შეკრებილი პუბლიკა.

მატჩს იტალიელი სპეციალისტის მეუღლე ელიზაბეტა მუსკარელოც ესწრებოდა, რომელმაც ამ ეპიზოდში ცრემლები ვერ შეიკავა.

მიმდინარე სეზონი კონტეს ოჯახისთვის რთული გამოდგა, ვინაიდან ანტონიო შორეულ ინგლისში იყო გადაბარგებული, მეუღლე და შვილი კი იტალიაში დარჩნენ, თუმცა მოგვიანებით ელიზაბეტა და ქალიშვილი ვიქტორია ლონდონში გადავიდნენ საცხოვრებლად და ახლა ცოტა თუ ეჭვობს იმას, რომ კონტე “ჩელსიში” მუშაობას გააგრძელებს.

“ინტერი” გუნდის თავკაცის პოსტზე სიმეონესა და კონტეს კანდიდატურებს განიხილავს

მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტეფანო პიოლის მუშაობით უკმაყოფილოა და მისი შემცვლელის ძიებას უკვე შეუდგა.

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში “რომასთან” შინ განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ პიოლის სავარძელი მნიშვნელოვნად შეირყა. თუ “ნერაძური” ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, გუნდში 51 წლის სპეციალისტს არ გააჩერებენ.

“მარკას” თანახმად, “ინტერის” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატურას განიხილავს – დიეგო სიმეონე და ანტონიო კონტე. არგენტინელი მოთამაშის რანგში იცავდა მილანური კლუბის ღირსებას და ამ გუნდთან სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სიმეონესა და “ინტერს” შორის შეთანხმებაც არის იმის თაობაზე, რომ “ატლეტიკოს” დატოვების შემდეგ არგენტინელი სწორედ იტალიურ გუნდს ჩაიბარებს.

რაც შეეხება ანტონიო კონტეს, იტალიელს ლონდონის “ჩელსიში” საქმეები კარგად მისდის, მაგრამ კლუბის მეპატრონე რომან აბრამოვიჩთან საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებს, რაც, შესაძლოა, გუნდიდან მისი წამოსვლის მიზეზი გახდეს.

კონტე: “კანტეს ერთი ნაკლი აქვს, რომელიც ერთ დროს მეც მქონდა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუნდის ნახევარმცველი ნგოლო კანტე შეაქო, თუმცა მის თამაშში ერთი ნაკლი იპოვა.

“კანტე ფანტასტიური ფეხბურთელია, თუმცა მისი პირველი პასი ყოველთვის ჰორიზონტალურია, როცა ვერტიკალური უნდა იყოს. მისი ეს მოქმედება შეტევის ტემპს ანელებს. თავის დროზე მეც მქონდა ანალოგიური პრობლემა, მაგრამ შემდეგ გავიგე, როგორ უნდა მოვქცეულიყავი მართებულად.

კანტე მართლაც კარგი ბიჭია, თანაგუნდელებს ყოველთვის ეხმარება. დიდებული ტრანსფერი გამოდგა. იგი ახალგაზრდაა და კიდევ შეუძლია განვითარება”, – ციტირებს კონტეს სიტყვებს Squawka.

შეგახსენებთ, რომ ნგოლო კანტე “ჩელსიმ” გასული წლის ზაფხულში “ლესტერ სიტიდან” გადმოიბირა. “ლურჯებმა” 25 წლის ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 32 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღეს.

კონტემ ნგოლო კანტეს შესახებ არაფერი იცოდა

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გამოტყდა, რომ გუნდში მისვლამდე ნგოლო კანტეს არსებობის შესახებ არ იცოდა.

“ვაღიარებ, რომ “ჩელსიში” გადმოსვლამდე ნგოლო კანტეს შესახებ არაფერი ვიცოდი. ახლა უკვე ვიცი, რომ იგი მრავალმხრივი ნახევარმცველია. პრესინგის დროს ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ასეთ დროს ძალიან კარგად თამაშობს”, – ციტირებს კონტეს სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ “ჩელსი” ამა წლის ზაფხულში ჩაიბარა. ამავე პერიოდში შეიძინა გუნდმა ნგოლო კანტე “ლესტერ სიტიდან”. ლონდონელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 32 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღეს.

კონტე: “ამ მარცხის შემდეგ ორი ღამე არ მეძინა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გამოტყდა, რომ ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტურში “არსენალთან” განადგურების შემდეგ (0:3) ორი ღამე არ ეძინა.

“არ მეძინა. ასეთი მატჩის, ასეთი მარცხის შემდეგ ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენაა უძილობა. არა ერთი, არამედ ორი ღამე არ მეძინა. როდესაც არ მძინავს, ვფიქრობ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია, რომ ჩემი გამოცდილება გამოვიყენო და გუნდი მალე დავაბრუნო გამარჯვების გზაზე. თუ გვინდა, რომ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ვიყოთ, თამაში აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ”, – ციტირებს კონტეს სიტყვებს Football Italia.

კონტე: “სეზონის ბოლოს ჩემპიონობისთვის ხუთი-ექვსი გუნდი იბრძოლებს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე არ თვლის, რომ ინგლისის პრემიერლიგის წლევანდელი გათამაშების უპირობო ფავორიტები მანჩესტერული გუნდები არიან. იტალიელი სპეციალისტის თქმით, სეზონის ბოლოს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ხუთი-ექვსი გუნდი იქნება ჩართული.

“ფავორიტებზე საუბარი არ მიყვარს. გასულმა სეზონმა გვიჩვენა, რომ გუნდი, რომელიც ფავორიტად არ ითვლება, შესაძლოა, ჩემპიონი გახდეს.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტი” შესანიშნავი გუნდები არიან, რომლებიც ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდნენ. ამის მიუხედავად, ვთვლი, რომ სეზონის ბოლოს ტიტულისთვის ბრძოლაში ხუთი-ექვსი გუნდი იქნება ჩართული”, – ციტირებს კონტეს სიტყვებს Goal.com-ი.

ანტონიო კონტე ლილის სტადიონის მინდვრით უკიმაყოფილოა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ლილის სტადიონის მინდვრით უკმაყოფილო დარჩა. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს “სკუადრა აძურა” ლილში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

“ეს მოედანი ევროპის ჩემპიონატის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ამით ჩემი ფეხბურთელების გამართლებას არ ვცდილობ, ვინაიდან ირლანდიელებსაც აქ მოუწევთ თამაში. ჩვენ უკეთეს ხარისხს მოველოდით. ძალზედ სამწუხაროა. ევროპის ჩემპიონატი კარგად ორგანიზებულია, მაგრამ მოედნის საფარი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს”, – ციტირებს კონტეს სიტყვებს lequipe.fr