ანტონიო კონტე “ჩელსის” დატოვებას გეგმავს

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს. ამ ინფორმაციას საკმაოდ ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, The Telegraph ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, 48 წლის სპეციალისტი უკმაყოფილოა კლუბის ხელმძღვანელობის ქმედებებით – ანტონიო კონტე პრეზიდენტის მხრიდან საკმარის მხარდაჭერას ვერ გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ კონტე ზაფხულშიც საკმაოდ სერიოზულად ფიქრობდა ლონდონიდან წასვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი თაოსნობით “არისტოკრატები” უმაღლესი დონის ფეხბურთს თამაშობდნენ.

კონტეს “ჩელსისთან” კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს, თუმცა რომან აბრამოვიჩთან და მარინა გრანოვსკაიასთან არსებული არც თუ ისე სახარბიელო ურთიერტობის გამო, მათი გზები დიდი ალბათობით 2018 წელს გაიყოფა.

ანტონიო კონტემ მორატას ტრავმაზე გააკეთა კომენტარი

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ “მანჩესტერ სიტისთან” წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ პრესასთან გამართულ კონფერენციაზე ალვარო მორატას ტრავმაზეც გააკეთა კომენტარი.

“მორატას კუნთი აქვს დაზიანებული, არამგონია, ამან სერიოზული პრობლემები შეუქმნას. თავის დაზღვევის მიზნით, მან თვითონ მთხოვა, რომ მოედნიდან გამეყვანა.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა დრო დასჭირდება მის გამოჯანმრთელებას. უახლოეს დღეებში მას სამედიცინო შემოწმება უნდა ჩაუტარდეს, რომელიც საჭირო ინფორმაციას მოგვაწვდის.

დიდია შანსი, რომ მორატამ სანაკრებო პაუზაზე ესპანეთის ნაკრების დახმარება ვერ შეძლოს,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი, რომელიც თავის მეორე სეზონს ატარებს “სტემფორდ ბრიჯზე”.

კონტემ “ატლეტიკოსთან” მოგებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდის “ატლეტიკოსთან” მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

“ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ, ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. ძალიან რთულია, როდესაც ასეთ გუნდთან პირველ გოლს უშვებ, მაგრამ მობილიზება მოვახერხეთ და მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ ავთამაშდით.

ეს მოგება დავიმსახურეთ. ამ მატჩისთვის კარგად ვიყავით მომზადებულები და ფეხბურთელებშიც ძალიან დიდ სურვილსა და მოტივაციას ვხედავდი.

უნდა გვიხაროდეს, რომ ედენ აზარი მოედანზე დაბრუნდა. ეს უკანასკნელი მორატას ძალიან ადვილად შეეწყო. ისიც სასიამოვნოა, რომ ბატშუაიმ და უილიანმაც მაღალ დონეზე შეძლეს თამაში. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ასეთ თამაშებში მონაწილეობის ღირსნი ვართ,” – აცხადებს კონტე.

ანტონიო კონტე: “ფანების მიერ შეთხზული ახალი სიმღერა ძალიან მომეწონა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ “სტოკ სიტის” განადგურების (0-4) შემდეგ პრესასთან ამ მატჩში გულშემატკივრების მიერ შესრულებულ როლს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მათ მიერ შეთხზული ახალი სიმღერა ძალიან მოეწონა.

როგორც იცით, ზემოთ აღნიშნულ მატჩში “არისტოკრატთა” ახალწვეულმა, ალვარო მორატამ ჰეთ-ტრიკით გამოიჩინა თავი. ესპანელ შემტევს გულშემატკივრებმა ამის გამო ახალი სიმღერაც მიუძღვნეს: “ალვარო, ალვარო, ის მზიანი ესპანეთიდან მოდის, ის ჰარი კეინზე უკეთესია.” (“Alvaro, Alvaro, he comes from sunny Spain, he’s better than Harry Kane.”)

“მშვენიერი ცვლილება იყო და ახალი სიმღერაც ძალიან კარგი იყო. ჩვენი გულშემატკივრები ფანტასტიკურები იყვნენ, ისინი ჩვენ შეჩერების საშუალებას არ გვაძლევდნენ, რის გამოც მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი ძალიან დაგვეხმარნენ.

ამ სიმღერაზე ალვაროსთანაც ვისაუბრე და ისიც ძალიან კმაყოფილი და გულშემატკივრების მადლობელია,” – აცხადებს კონტე, რომლის გუნდიც ექვი ტურის შემდეგ მესამე პოზიციაზე იმყოფება.

კონტე: “არასდროს დავივიწყებ, რომ მასთან ერთად პრემიერ ლიგა მოვიგეთ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ გუნდიდან დიეგო კოშტას წასვლაზე გააკეთა კომენტარი, რომელიც “არისტოკრატთა” საჩემპიონო სეზონის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო.

“არასდროს დავივიწყებ, რომ მასთან ერთად პრემიერ ლიგა მოვიგეთ. მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის, რაც კლუბისთვის გააკეთა და არა მარტო გასული სეზონისთვის,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოსკენ ანტონიო კონტესა და დიეგო კოშტას არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და მეტწილად სწორედ კონტეს დამსახურებაა, რომ კოშტამ კლუბი ნაადრევად დატოვა.

ანტონიო კონტე: “შესაძლოა, “ჩელსი” წელს უტიტულოდ დარჩეს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე გულშემატკივრებთან მიმართვისას აცხადებს, რომ წელს მისი გუნდისგან დიდი მოლოდინები არ უნდა ჰქონდეთ.

“იარაღით არავინ დამმუქრებია და არ უთქვამთ, რომ უტიტულოდ დარჩენის შემთხვევაში გამიშვებენ. ერთადერთი, რისი გარანტიც შემიძლია მოგცეთ არის ის, რომ ვიმუშავებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ზოგჯერ შეიძლება იგებდე, მაგრამ სამომავლოდ არანაირი პოზიტიური ნაბიჯი არ იდგმებოდეს, რაც ნამდვილად ცუდია. “ტოტენჰემი” ამ მხრივ ძალიან კარგად მუშაობს და როდესაც მათზე ვსაუბრობ, ყოველთვის დადებითად ვაფასებ პოჩეტინოს მიერ გაწეულ სამუშაოს.

შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგისთვის საბრძოლველად ჩვენც ამდენი დაგვჭირდეს (ოთხი წელი, როგორც პოჩეტინოს), წელს კი საერთოდ უტიტულოდ დავრჩეთ. ჩვენ ნელა ვპროგრესირებთ და მომავალზე ვაკეთებთ აქცენტს,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

ნაინგოლანი: “კონტე ისევ გაბრაზებულია ჩემზე”

იტალიური “რომას” ნახევარმცველი, რაჯა ნაინგოლანი აღიარებს, რომ ანტონიო კონტე მასზე ნაწყენი და ცოტათი გაბრაზებულიც კი არის, “ჩელსიში” გადასვლაზე უარის თქმის გამო.

“კონტესგან წელს არაფერი მსმენია.

მგონი, ის კვლავ გაბრაზებულია ჩემზე გასულ წელს მომხდარის გამო… ყოველშემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ, ზუსტად ნამდვილად არ ვიცი.

როგორც ადრე ვთქვი, აქ ყოფნა ბედნიერებას მანიჭებს, “რომას” ფანები ჩემს მიმართ დიდ პატივისცემას, სიყვარულს იჩენენ. მომწონს აქ თამაში და კლუბების ხშირი ცვლა ჩემი სტილი ნამდვილად არ არის,” – აცხადებს ნაინგოლანი.

ანტონიო კონტე: “ტოტიმ ფეხბურთის თამაში უნდა გააგრძელოს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ფრანჩესკო ტოტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის კარიერაც ბოლო დღეებს ითვლის.

“ფრანჩესკო ტოტი ფანტასტიკური ფეხბურთელია და ვიცი, რომ კარიერის გაგრძელება უნდოდა.

როდესაც კარიერა დასასრულს უახლოვდება, შენივე სხეული და გონება განიშნებს, თუ როდის არის შესაფერისი მომენტი წასასვლელად.

ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. თუ მისი მონდომებისა და ენთუზიაზმის დონე არ შეცვლილა, მან ფეხბურთის თამაში უნდა გააგრძელოს.

ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია არა მარტო იტალიაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით,” – აცხადებს ანტონიო კონტე.

კონტე ექვსი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე მიუხედავად არსებული რესურსებით მიღწეული დიდი წარმატებისა, 2017/18 წლების სეზონის დაწყებამდე 6 ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

The independent-ის ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა თვალი “საუთჰემპტონის” მცველს, ვირჯილ ვან დეიკს დაადგა და ის სიას “რეალის” ესპანელ ფორვარდთან, ალვარო მორატასთან ერთად უდგას სათავეში.

გარდა ამისა, ანტონიო კონტე გუნდში რომელუ ლუკაკუს მოყვანის აუცილებლობასაც ხედავს, რომელსაც ეს უკანასკნელი დიეგო კოშტას ჩამნაცვლებლად მოისაზრებს.

დარჩენილი სამი სამიზნის ვინაობის შესახებ კი ინგლისური გამოცემა არაფერს ამბობს.

“ინტერის” დირექტორმა ანტონიო კონტესთან შეხვედრა გამართა

მილანის “ინტერის” ახალმა დირექტორმა, ვოლტერ საბატინიმ საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გამართა ლონდონის “ჩელსის” იტალიელ თავკაცთან, ანტონიო კონტესთან.

როგორც იცით, “ნერაძურის” სათავეში მყოფმა ჩინურმა კომპანიამ, Suning-მა დღეს დილით დანიშნა ვოლტერი ტექნიკური კოორდინატორის პოსტზე.

საბატინის პირველი დავალება კი სტეფანო პიოლის ჩამნაცვლებლის პოვნა გახლავთ, რომელიც დაკავებული პოსტიდან 10 მაისს გაანთავისუფლეს.

როგორც ცნობილი ხდება, “რომასა” და “პალერმოს” ყოფილი დირექტორი ბოლო დროს ლონდონში საკმაოდ ხშირად ჩნდება. კონტეს კი პირველად ის 26 აპრილს, ლონდონის იტალიურ რესტორანში შეხვდა.

კონტე: “ეს ჩემპიონატი სრულიად განსხვავდება ესპანური და იტალიური ლიგებისგან”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, რომლის გუნდიც ძალიან ახლოსაა ინგლისის ჩემპიონობასთან, პრემიერ ლიგაზე ისაუბრა.

“ეს ჩემპიონატი სრულიად განსხვავდება იტალიური ან ესპანური ლიგებისაგან. პრემიერ ლიგაში ძალიან რთულია თამაში, უძლიერესი ჩემპიონატია.

თითოეულ მატჩში ბოლომდე უნდა იბრძოლო, რათა სეზონის ბოლოს ევროპაში თამაშის უფლება მოიპოვო. რაც ძალიან რთულია.

ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს ნაკრებისთვისაც, რადგანაც სეზონის ბოლოს ფეხბურთელები ძალიან გადაღლილები არიან, მუნდიალზე ან ევროპის ჩემპიონატზე ასეთ მდგომარეობაში ფეხბურთელებით წარმატების მიღწევა კი ადვილი ნამდვილად არ არის.

იძულებული ხარ ყოველ მატჩში ბოლომდე ითამაშო, ბოლომდე დაიხარჯო. თუ საკუთარ ძალებში არ ხარ დარწმუნებული და თვლი, რომ საშუალო დონის გუნდში ხარ, წაგებისთვის ხარ განწირული,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

ანტონიო კონტე: “მბაპეს ყველაფერი აქვს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ”

ლონდონის “ჩელსის” იტალიელმა თავკაცმა, ანტონიო კონტემ “მონაკოს” ახალგაზრდა ვარსკვლავი და მიმდინარე სეზონის ნამდვილი აღმოჩენა, კილიან მბაპე შეაფასა.

“არ მიყვარს სხვა გუნდის ფეხბურთელებზე საუბარი, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს. ის ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდაა.

ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ძლიერი გახდება. ჩემი გადმოსახედიდან, მას ყველაფერი აქვს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ,” – აცხადებს ანტონიო კონტე.

მიმდინარე სეზონში მან “მონაკოს” მაისური 39 შეხვედრაში მოირგო და ამ დროის მანძილზე 24-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.