მიხაელ შუმახერი – ლეგენდარული სახელი, თუ მეტი არა. ხუმრობა ხომ არაა, ავტორბოლის ყველაზე პრესტიჟულ კლას ფორმულა 1-ში შვიდგზის ჩემპიონობა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ადამიანი, რომელიც ყოველ უქმეებზე მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ტრასების მოსახვევებში 200 კმ/სთ-მდე სიჩქარით შედიოდა, 45-ე დაბადების დღიდან სამი დღით ადრე, თხილამურებით სრიალის დროს დაცემის შემდეგ, კომაში ჩავარდებოდა. შუმახერი საავადმყოფოში 29 დეკემბერს თავის მძიმე ტრავმით მიიყვანეს, რომელიც საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალისას დავარდნის შემდეგ მიიღო. მიხაელის პრესმდივანმა თავდაპირველად განაცხადა, რომ დაზიანება მის სიცოცხლის საფრთხეს არ შეუქმნიდა, თუმცა მოგვიანებით მდგომარეობა გაუარესდა: ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო გერმანელ მრბოლელს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად შუმახერი სიცოცხლისთვის იბრძვის. გადარჩენის შანსი არსებობს, მითუმეტეს, რომ გერმანელი სპორტსმენისთვის ეს პირველი შემთხვევა არაა.
ავტოავარია ინგლისში
მიხაელს ყველაზე დასამახსოვრებელი და, რა თქმა უნდა, ყველაზე საშინელი ავტოავარია 15 წლის წინ, დიდ ბრიტანეთში გამართული ფორმულა 1-ის გრანპრის დროს მოუვიდა. მაშინ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სტიუარდები ტრასაზე ავარიის თავიდან აცილების მიზნით გამოვიდნენ, რის შესახებაც გერმანელმა სპორტსმენმა არ იცოდა და სიჩქარეც არ შეუნელებია. ერთ-ერთ მოსახვევში კი მისმა ბოლიდმა კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავიდა და საბურავების დამცავ კედელს შეეჯახა. ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ მისი მდგომარეობა სერიოზული იყო.
მოგვიანებით, ექიმების დაკვირვების შემდეგ, აშკარა გახდა, რომ მას მარჯვენა ფეხზე ორმაგი მოტეხილობა აღენიშნებოდა, რასაც შეეძლო, შუმახერის სპორტული კარიერა შეეწირა, მაგრამ მან არამხოლოდ ტრასაზე დაბრუნება შეძლო, კიდევ რამდენიმე ტიტულიც მოიპოვა. „ვგრძნობდი, რომ გულის ძგერა ნელ-ნელა მიჩერდებოდა და ბოლოს სულ გაჩერდა. მაშინვე გავიფიქრე, რომ უკვე სამოთხის გზაზე ვიდექი. დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ გულმა მოქმედება შეწყვიტა. მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე“, – იხსენებდა მრბოლელი შემდეგ დღეს.
ფრენა ავსტრალიაში, 2001-ში
მიუხედავად იმისა, რომ შუმახერმა პირველი ავარიის შემდეგ „მნიშვნელოვანი გამოცდილება“ მიიღო, სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას არ უშინოდა, რაც ახალ ხიფათს მოასწავებდა. ყველაფერი კიდევ უფრო საშინლად გამოყურებოდა, როდესაც 2001 წლის ავსტრალიის გრანპრიზე, ბოლიდების გამოცდის დროს მეექვსე მოსახვევში შუმახერის „ფერარიმ“ კონტროლი დაკარგა და ტრეკიდან გადავარდა. სავალი ნაწილიდან გადასვლის შემდეგ ბოლიდი ამოყირავდა და სალტო გააკეთა, შუმახერის თავი მიწას სულ რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა. „გზა სუფთა იყო და არ დავზიანებულვარ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მომეწონა. რაღაც მომენტში წარმოვიდგინე, როგორ ჩაუფრინა ამოტრიალებულმა მანქანამ მიწას. ვიცი რაც მოხდა და რომელ მოსახვევშიც. ამ ადგილს ადრეც დავაკვირდი და გავიფიქრე, რომ აქ შეიძლებოდა რაღაც მომხდარიყო. ამაში კარგი არაფერია, თავიდანვე უნდა გამეთვალისწინებინა. გადავრჩი, რომ კედელს არ შევეჯახე“, – განიხილა შემზარავი ეპზოდი შუმახერმა.
სინგაპური 2011
ავსტრალიაში გაკეთებული სალტოს შემდეგ შუმახერის ცხოვრებაში კიდევ იყო ავტოავარია. მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც სინგაპურში 2011 წელს მოხდა.
ლეგენდარული მრბოლელისთვის სინგაპურის გრანპრისთვის ბრძოლა 29-ე წრეზე დასრულდა, როდესაც თავისი „მერსედესი“ დაამტვრია. თავიდან გერმანელი ნიკო როსბერგთან ავარიას ძლივს გადაურჩა, თუმცა შემდეგ „ზაუბერის“ პილოტ სერხიო პერესს შეეჯახა და სავალი ნაწილიდან გადავარდა. შეჯახების შემდეგ ბოლიდი საშინლად გამოიყურებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, შუმახერს ტრავმა არ მიუღია.
მოტოციკლი
ყველამ იცის, რომ შუმახერმა სპორტულ კარიერაში გარკვეული ხნით პაუზა აიღო, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ექსტრიმზე თქვა უარი. მოტოციკლი შუმახერის გატაცებაა და ხიფათის მხრივ, ის ფორმულა 1-ის მანქანაზე კიდევ უფრო საშიშია. 2009 წლის თებერვალში შუმი ესპანეთის ქალაქ კარტახენას ტრასაზე მოტოციკლის გამოცდის დროს დაეცა. შემთხვევის შემდეგ, საავადმყოფოდან უიმედო ინფორმაცია გამოვიდა – ნეკნების და ზურგის ტრავმა. მრბოლელისთვის ეს კიდევ უფრო სახიფათოა, მითუმეტეს, თუ საუბარია მისი კარიერის გაგრძელებაზე. მაგრამ მიხაელი არ დანებებულა. „დღეს კარტახენაში მოტოციკლის დატესტვისას ავარიაში მოვყევი და უსაფრთხოების მიზნით სავადმყოფოში მოვედი. შემოწმების შემდეგ არაფერი გამოვლინდა და მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი წესრიგში მაქვს“, – განაცხადა შუმახერმა და ცხოვრება იმავე სტილში განაგრძო, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებს – სიცოცხლის გარისკვა.
მსუბუქი ავტომობილი
ერთი წლით ადრე, 2008 წელს, „ნიურბურგრინგის“ გერმანულ ტრასაზე მიხაელ შუმახერმა „ფერარის“ ახალი ავტომობილი Scuderia F430 გამოცადა. დატესტვა წვიმის თანხლებით მიმდინარეობდა. სველ ასფალტზე 250 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა შუმახერმა კონტროლი დაკარგა და სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავტომობილი იმ დონეზე დაზიანდა, რომ ის ვერც შეაკეთეს. საბედნიეროდ შუმახერი გადარჩა.
გთავაზობთ, მიხაელ შუმახერის ავარიების ამსახველ ვიდეონაკრებს.
გიორგი დოგრაშვილი