ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წილისყრის შედეგები

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა. მატჩები 1-2 და 8-9 აპრილს შედგება.

გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ.

„ბარსელონა“ — „ატლეტიკო“
„რეალი“ — „ბორუსია“
„პარი სენ-ჟერმენი“ — „ჩელსი“
„მანჩესტერ იუნაიტედი“ — „ბაიერნი“

რობენმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ბავარიული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 30 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა „ბაიერნთან“ ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. კონტრაქტის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

„მოხარული ვარ, რომ ახალი კონტრაქტი გავაფორმე და „ბაიერნთან“ ერთად ტიტულების მოგების შესაძლებლობა კვლავ მექნება. მიუნხენში ეს უკვე ჩემი მეხუთე წელიწადია, წინ კიდევ სამი წელია. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მეც და ჩემი ოჯახიც აქ თავს კარგად ვგრძნობთ. ამ კლუბში თამაში ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. „ბაიერნის“ რიგებში კიდევ ბევრი ტიტულის მოგების მოლოდინში ვარ“, – რობენის სიტყვები ბავარიული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

არიენ რობენი „ბაიერნის“ ღირსებას 2009 წლის ზაფხულიდან იცავს. მანამდე ჰოლანდიელი ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“ თამაშობდა.

რობენმა გერმანიის ბუნდესლიგის მიმდიანარე გათამაშებაში 20 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი მიითვალა.

ბექა დოგრაშვილი

გვარდიოლა: „ვიმედოვნებ, ჰიონესის დაბრუნებისას მე ისევ აქ ვიქნები“

მიუნხენის „ბაიერნის“ თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა იმედს გამოთქვამს, რომ კლუბის პრეზიდენტის პოსტიდან ული ჰიონესის გადადგომა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გავლენას არ იქონიებს.

„კლუბში მხოლოდ ცხრა თვის წინათ მოვედი, თუმცა ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ გამეგო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფიგურაა ული ჰიონესი „ბაიერნისთვის“. მან შეცდომა დაუშვა და აღიარა კიდეც. იმედი მაქვს, როცა კლუბში დაბრუნდება, მე ისევ აქ ვიქნები“, – გვარდიოლას სიტყვებს „სქაი სპორტსი“ ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ჰიონესი ფინანსური მაქინაციების გამო დააპატიმრეს და სამწელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „ბაიერნის“ ყოფილმა პრეზიდენტმა დანაშაული აღიარა.

ბექა დოგრაშვილი

დასჯის უეფა „ბაიერნს“?

მიუნხენის „ბაიერნის“ ქომაგებმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:1) დაწყებამდე ტრიბუნაზე ინგლისური კლუბის შეურაცხმყოფელი ბანერი გამოფინეს.

აღნიშნულ ბანერზე „არსენალის“ ნახევარმცველი მესუთ იოზილი გახლდათ გამოსახული, რომელსაც ზედ ასეთი წარწერა ჰქონდა გაკეთებული: „Gay Gunners“.

ბრიტანული „დეილი მეილის“ ცნობით, აღნიშნულ ინციდენტზე უეფამ გამოძიება უკვე დაიწყო.

ფრე „ბაიერნის“ სასარგებლოდ

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მეორე მატჩში მიუნხენის „ალიანს არენაზე“ ადგილობრივმა „ბაიერნმა“ ლონდონის „არსენალი“ მიიღო. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, რაც ხელს გერმანულ კლუბს აძლევდა, ვინაიდან პირველი მატჩი ბავარიელებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს.

ანგარიში 55-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა გახსნა. ზუსტად ორ წუთში „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკას პოდოლსკიმ ანგარიში გაათანაბრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შემოსულ თომას მიულერს თერთმეტმეტრიანი დარტყმით თავის გამოჩენის საშუალება მიეცა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია.

ამრიგად, ორი მატჩის ჯამში „ბაიერნმა“ „არსენალი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (მეორე მატჩი)
„ბაიერნი“ — „არსენალი“ 1:1 (0:0)

„ბაიერნი“: ნოიერი, ლამი, ალაბა, დანტე, ხავი, მარტინესი, რობენი, შვაინშტაიგერი, ალკანტარა, რიბერი (მიულერი 85′), გიოტცე (კროოსი 59′), მანჯუკიჩი.
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
„არსენალი“: ფაბიანსკი, მერტესაკერი, სანია, ვერმალენი, კოსელნი, არტეტა (გნაბრი 77′), იოზილი (როსიცკი 46′), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ფლამინი 84′), კასორლა, პოდოლსკი, ჟირუ.
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
გოლები: შვაინშტაიგერი 55′ — პოდოლსკი 57′.
გაფრთხილებები: დანტე 8′, ხავი მარტინესი 79′ — პოდოლსკი 26′, არტეტა 29′, ვერმალენი 83′.
გამოუყენებელი პენალტი: მიულერი 90+2′ (მეკარე).
მთავარი მსაჯი: სვეინ მოენი (ნორვეგია).

ბექა დოგრაშვილი

მიულერი: „საჩემპიონო ბრძოლა დასრულებულია“

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა თომას მიულერმა გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში გელზენკირხენის „შალკეს“ განადგურების (5:1) შემდეგ გადაჭრით აღნიშნა, რომ ჩემპიონატს ბავარიული გრანდი მოიგებს.

„ღიად ვაცხადებ, საჩემპიონო ბრძოლა დასრულებულია.

ნუთუ ვინმეს მართლა ჰგონია,რომ დარჩენილ მატჩებს წავაგებთ, მით უფრო მაშინ, როცა აქამდე არ დავმარცხებულვართ“, – მიულერის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ მადევარ დორტმუნდის „ბორუსიას“ მთელი 20 ქულით უსწრებს.

ბექა დოგრაშვილი

ბენდტნერმა „არსენალის“ მარცხი ღამის კლუბში „აღნიშნა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „არსენალი“ შინ მიუნხენის „ბაიერნთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდა და წესით, ლონდონურ კლუბის ფეხბურთელებს სირცხვილით სახლიდან ცხვირიც არ უნდა გამოეყოთ, მაგრამ ნიკლას ბენდტნერი რისი ნიკლას ბენდტნერი იქნებოდა, საკუთარი სურვილის მიხედვით რომ არ ემოქმედა.

„მეთოფეთა“ დანიელმა თავდამსხმელმა არც აცია, არც აცხელა და წაგებული მატჩის შემდეგ ღამის კლუბს ეწვია, დრო ლამაზ გოგონებთან ერთად გაატარა და გუნდის წარუმატებლობაც უმალ დაივიწყა.

ღამის კლუბის მფლობელი საიმონ ჰამერშტეინი თავის დაწესებულებას მისტიკის, საიდუმლოებებისა და სექსუალური აღვირახსნილობის ადგილს უწოდებს. აღნიშნული კლუბი მთელს ბრიტანეთში ცნობილია თავისი ორსაათიანი სექს-შოუებით. ლონდონის ამ კლუბში ისეთი ცნობილი სტუმრები ჰყავთ გამოჭერილი, როგორებიც არიან პრინცი ჰარი, კეიტ მოსი და ჯუდ ლოუ.

ბენდტნერი ბევრს კი ეცადა, არავის შეემჩნია, მაგრამ ბრიტანელ პაპარაცებს ასეთი ფაქტების გამოჭერა არ ესწავლებათ. დანიელმა ფეხბურთელმა კლუბი დილის 5 საათზე დატოვა.

ბექა დოგრაშვილი

რობენი: „პენალტი იყო, მაგრამ მეკარის გაძევება საკამათო საკითხია“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:0), მეტოქის კარის მიმართულებით დანიშნული პენალტის შესახებ ისაუბრა..

„მეტოქე გუნდის მეკარის მისამართით წითელი ბარათის ჩვენება მატჩის გადამწყვეტი მოვლენა იყო. ტონი კროოსმა მშვენიერი გადაცემა გამიკეთა, მეკარეს ვაჯობე და ბურთს დავეუფლე, რის შემდეგაც მან მე წამაქცია.

პენალტი ნამდვილად დასანიშნი იყო, მაგრამ რამდენად იმსახურებდა შჩესნი წითელ ბარათს, ეს საკამათო საკითხია“, – აღნიშნა რობენმა.

ბავარიელთა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ საწყის წუთებში „არსენალი“ უკეთ თამაშობდა.

„საწყის წუთებში „არსენალი“ ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა და პირველ 15 წუთში სახიფათოდ გვიტევდნენ. საბედნიეროდ, მანუელ ნოიერმა პენალტი მოიგერია. ამის შემდეგ თამაში გავაუმჯობესეთ.

მეოთხედფინალის საგზური ჯერ არ გაგვინაღდებია. „არსენალს“ დიდ პატივს ვცემთ, დიდებული გუნდია. მათ საწყის 15 წუთში გვიჩვენეს, თუ რა შეუძლიათ“, – რობენის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნსა“ და „არსენალს“ შორის განმეორებითი მატჩი მიუნხენში, 11 მარტს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

„ბაიერნმა“ სტუმრად ათკაციანი „არსენალი“ წააქცია

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ სტადიაზე სტუმართა დომინაცია გრძელდება. მეორე დღესაც ორივე სტუმარმა გუნდმა მოიპოვა გამარჯვება, თანაც ისე, რომ კარი მშრალად შეინახეს. „ემირეითსზე“ ლონდონის „არსენალმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო. წყვილში ფავორიტად გერმანული გუნდი სახელდება და ეს რომ ასეა, პირველივე შეხვედრაში დამტკიცდა.

მატჩი ორივე გუნდმა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და გოლის გატანის შანსიც მიეცათ, თუმცა ჯერ ტონი კროოსის შორეულ დარტყმულს გაუმკლავდა ვოიცეხ შჩესნი, შემდეგ კი მანუელ ნოიერმა აუღო იაია სანოგოს. მალევე „ბაიერნის“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა. საჯარიმო მოედანზე ჟერომ ბოატენგმა მესუთ იოზილი წააქცია. პენალტის შესრულება თავად დაზარალებულმა ითავა. იოზილმა ისე ცუდად დაარტყა, რომ უკვე გადამხტარმა ნოიერმა მაინც მოახერხა ბურთის მოგერიება. ასე გაანიავეს „მეთოფეებმა“ დაწინაურების კარგი შანსი. შეხვედრის პირველი ნახევრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე თერთმეტმეტრიანი დარტყმა უკვე მასპინძელთა კარის მიმართულებით დაინიშნა. მეკარესთან ერთი ერთზე გაჭრილი არიენ რობენი შჩესნიმ წააქცია, რის გამოც პოლონელი კიპერი წითელი ბარათით დაისაჯა. შჩესნიმ მოედნის დატოვებამდე უცენზურო ჟესტი აჩვენა, რის გამოც, არ არის გამორიცხული, უეფამ ის კიდევ უფრო მკაცრად დასაჯოს. პენალტის ნიშნულთან დავიდ ალაბა მივიდა. მოედანზე ახლადშემოსულმა მეკარე ლუკაშ ფაბიანსკიმ კუთხე ვერ გამოიცნო, თუმცა ბავარიელთა მცველმა ბურთი კარს ააცილა. მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია, თუმცა ვიხილეთ ორი გაფუჭებული პენალტი და წითელი ბარათი.

შეხვედრის მეორე ნახევარში სრულ უპრატესობას რიცხობრივ უმრავლესობაში დარჩენილი „ბაიერნი“ დაეუფლა. მასპინძლებს უფრო და უფრო უჭირდათ გერმანელთა შემოტევის გაძლება. შედეგად, მატჩის 54-ე წუთზე კროოსმა ლამაზი მოჭრილი დარტყმით ანგარიში გახსნა. არც გატანილი გოლის შემდეგ დათმო სათამაშო უპირატესობა „ბაიერნმა“, „არსენალს“ კი ძირითადად გაძლებაზე თამაში უწევდა, თუმცა ლონდონელებმა მეორე ბურთიც მიიღეს: 88-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა თომას მიულერმა თავური დარტყმით მეორედ შეარხია ფაბიანსკის კარის ბადე და შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა – 0:2.

განმეორებითი მატჩი მიუნხენში, 11 მარტს შედგება.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„არსენალი“ – „ბაიერნი“ 0:2 (0:0)

„არსენალი“: შჩესნი მერტეზაკერი, სანია, გიბსი (ნაჩო მონრეალი 31′), კოსელნი, იოზილი, ფლამინი, კასორლა (ფაბიანსკი 39′), უილშირი, სანოგო, ოქსლეიდ ჩემბერლენი (როსიცკი 74′).
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
„ბაიერნი“: ნოიერი, ლამი, ბოატენგი (რაფინია 46′), ალაბა, დანტე, რობენი, ხავი მარტინესი, კროოსი, ტიაგო ალკანტარა (პიზარო 79′), გიოტცე, მანჯუკიჩი (მიულერი 64′).
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
გოლები: კროოსი, 54′, მიულერი 88′.
გაფრთხილებები: სანოგო 55′, როსიცკი 86′ – ბოატენგი 8′, მანჯუკიჩი 45+2′.
გაძევება: შჩესნი 37′.
გამოუყენებელი პენალტები: იოზილი 8′ (მეკარე) – ალაბა 40′ (ააცილა).
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

ბექა დოგრაშვილი

კვირის კარიკატურები – კროოსი, იგუაინი

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ნახევარმცველი მეჰმედ შოლი ტონი კროოსს მოუწოდებს, რომ კლუბში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე ბავარიელებს პოკერს ნუ ეთამაშება. 24 წლის ფეხბურთელის მიმართ სერიოზულად დაინტერესდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი დევიდ მოიესი. კროოსს „ბაიერნთან“ მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება.

„ტონის მხრიდან ჭკვიანური არ არის „ბაიერნთან“ პოკერის თამაში. სწორედ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ახლა. კროოსის ამჟამინდელი ხელფასი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დღეში ცხელი კერძი ორჯერ ჰქონდეს“, – აღნიშნა შოლმა.

ეს განცხადა ომარ მომანის შთაგონების წყაროდ იქცა და კარიკატურისტმა მორიგი ნახატი შექმნა: კროოსი პოკერის მაგიდას  „ბაიერნის“ ხელმძღვანელებთან ერთად უზის, თუმცა მას უკან  შოლი ექაჩება.

ომარ მომანის კიდევ ერთი კარიკატურა გონსალო იგუაინსა და დიეგო მარადონას ეძღვნება. სურათის შთაგონების წყარო იგუაინის განცხადებაა.

„მინდა გავაკეთო ის, რაც თავის დროზე მარადონამ გააკეთა. პირველ რიგში, მინდა, მოვიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და შემდეგ სკუდეტო. მარადონამ 1986 წელს მექსიკაში მუნდიალი მოიგო, ერთი წლის შემდეგ კი „ნაპოლი“ გადაიყვანა ჭკუიდან. მინდა, რომ „ნაპოლიში“ კიდევ დიდ ხნის განმავლობაში დავრჩე. აქ მეფესავით ვარ“, – განუცხადა გონსალო იგუაინმა „ლა გაძეტა დელო სპორტს“.

კარიკატურაზე აღბეჭდილია გონსალოს კორონაცია, მარადონა მას მეფის გვირგვინს ადგამს და არც არის წინააღმდეგი, რომ მისი მიღწევები გაიმეოროს. განზე დგანან „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი რაფა ბენიტესი და პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი. მსხვილი ხედით კი გამოსახულია გახარებული მარეკ ჰამშიკი.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

გვარდიოლა: „არსენალს“ ჩვენთვის ბევრი უსიამოვნების შექმნა შეუძლია“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კიდევ ორი მატჩი გაიმართება. ყურადღების ცენტრში ექცევა ლონდონის „არსენალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის „ემირეითსზე“ გასამართი შეხვედრა. ბავარიელთა მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ მისთვის საინტერესო იქნება მისი გუნდის გამოცდა საერთაშორისო დონეზე.

„ლონდონში, „არსენალის“ წინააღმდეგ უკვე მესამედ ჩამოვედი. აქ ჯერ არ გამიმარჯვია და ვხვდები, რომ 90 წუთის განმავლობაში ინიციატივის ფლობა შეუძლებელია. 45 ან 70 წუთის განმავლობაში კარგი ფეხბურთის ჩვენება და თამაშის შენი კარნახით წარმართვა შესაძლებელია, მაგრამ არა 90 წუთის მანძილზე.

„არსენალს“ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც ჩვენთვის ბევრი უსიამოვნების შექმნა შეუძლიათ. ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. განმეორებით მატჩზე ფიქრს ჯერ აზრი არც აქვს, ფოკუსირება პირველ შეხვედრაზე უნდა მოვახდინოთ. იმედი მაქვს, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება.

პლანეტის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვთამაშობთ და „არსენალის“ წინააღმდეგ შესანიშნავ სტადიონზე თამაში მოგვიწევს. ეს ჩემი ბიჭების გამოცდის კარგი შესაძლებლობაა. გერმანიაში მშვენივრად გამოვიყურებით, თუმცა გვინდა, რომ ჩვენი ძალა საერთაშორისო დონეზეც ვაჩვენოთ. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო იქნება.

ვიცი, რაოდენ რთული იქნება შემდეგი ნაბიჯის გადადგმა. ვიცი, რა მოხდა შარშან – „ბაიერნმა“ მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება კი მოიპოვა, მაგრამ განმეორებითი მატჩის ბოლო ხუთი წუთი ურთულესი გადასატანი აღმოჩნდა. არსენ ვენგერს დიდ პატივს ვცემ. მისი გუნდი მეტად ორგანიზებულია, ყოველთვის კარგ ფორმაშია და ბურთითაც კარგად თამაშობს“, – პეპ გვარდიოლას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

მატჩი „არსენალსა“ და „ბაიერნს“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას იტალიელი არბიტრი ნიკოლა რიცოლი მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

„ბაიერნი“ რობენთან გაახანგრძლივებს

გერმანული გამოცემა „კიკერი“ უწყება, რომ მიუნხენის „ბაიერნმა“ არიენ რობენთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

30 წლის ჰოლანდიელ ნახევარმცველს ბავარიულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა მიუნხენელებს სურთ, რომ რობენს კონტრაქტი კიდევ ორი წლის ვადით გაუგრძელონ. თავად ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ „ბაიერნი“ მის კარიერაში უკანასკნელი კლუბი იქნება.

მიმდინარე სეზონში რობენმა გერმანიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე 20 მატჩი ჩაატარა, ათი გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ბექა დოგრაშვილი