ადრიანო გალიანი „მილანს“ ტოვებს

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ 27-წლიანი მუშაობის შემდეგ კლუბს ტოვებს.

„თაობათა ცვლა სწორი მიდგომაა, თუმცა არა ამ გზით. ეს გაცილებით ელეგანტურად უნდა ვაკეთოთ“, – აღნიშნა გალიანიმ „სქაი სპორტ 24“-ის ეთერში.

„არავითარ შემთხვევაში არ დავრჩები პოსტზე და ამ გადაწყვეტლებას თავისი მიზეზები აქვს. ჩემმა რეპუტაციამ სერიოზული დარტყმა მიიღო და აქ იმისთვის არ დავრჩები, რომ ნელ ცეცხლში დავიწვა“, – განაცხადა გალიანიმ, რომელიც თანამდებობას 11 დეკემბერს, ამსტერდამის „აიაქსის“ წინააღმდეგ გასამართი მატჩის შემდეგ დატოვებს.

შეგახსენებთ, მანამდე „მილანის“ პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილმა ბარბარა ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ გუნდს ახალი ფილოსოფია სჭირდება. თუმცა, მას საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით სხვა რაიმე მინიშნება არ გაუკეთებია. ამის მიუხედავად, იტალიაში თვლიან, რომ გალიანის გადაწყვტილების მიზეზი მასსა და ბარბარა ბერლუსკონის შორის გაჩაღებული კონფლიქტია.

 

ბექა დოგრაშვილი