საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ პრეზიდენტის განცხადება
ქართულ ფეხბურთში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავს ნება მივეცი გულშემატკივრების წინაშე ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
საფეხბურთო კლუბსა და ფეხურთელს შორის ურთიერთობას აწესრიგებს კონტრაქტი, რომლის შესრულებაც ორივე მხარისთვის სავალდებულოა. ურთიერთობის ამ ფორმას აღიარებს ფიფა და უეფა, თუმცა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტმა ფეხბურთელი თორნიკე გორგიაშვილი გაათავისუფლა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ წინაშე არსებული ვალდებულებებისგან და მას თავისუფალი აგენტის სტატუსი მიანიჭა, საკითხი ასეთი სახით დაისვა – ხომ არ შეიქმნა პრეცედენტი იმისა, რომ ხვალ და ზეგ, სხვა კლუბების ფეხბურთელებს, გარკვეული მცირე დავის წარმოშობის შემთხვევაშიც კი, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანომ არასამართლიანად მიანიჭოს თავისუფალი აგენტის სტატუსი და საკონტრაქტო ვალდებულებებისგან გაათავისუფლოს… ანუ საფრთხე შეექმნას სისტემას, რომელიც აწესრიგებს კლუბსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობას და რომლის სრულყოფასა და მოწესრიგებაზე ფიფა-სა და უეფა-ში მთელი რიგი ღონისძიებები ხორციელდება.
კერძო მესაკუთრის მფლობელობაში არსებული კლუბის ერთადერთი შემოსავლის წყარო ამა თუ იმ ფეხბურთელის უცხოურ ან სხვა ქართულ კლუბში გასხვისებაა. კლუბების კერძო მფლობელები ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავენ ქართული ფეხბურთის გასავითარებლად და თუ ტრანსფერების განხორციელების საშუალება არ მიეცემათ, მაშინ დახარჯული თანხის მინიმალური რაოდენობით უკან დაბრუნების შესაძლებლობაც სათუო ხდება. აქედან გამომდინარე, კერძო მფლობელი სერიოზულად დაფიქრდება მომავალში ქართულ ფეხბურთში განაგრძოს თუ არა ინვესტირება, რაც ამ ეტაპზე ერთიანად წამგებიანია და აქამდე მხოლოდ ფეხბურთის სიყვარული, ქართველი გულშემატკივრების პატივისცემა და ქართული ფეხბურთის მომავალზე ზრუნვა აძლევდა ამ ნაბიჯის გადადგმის სტიმულს.
უკვე დიდი ხანია ფეხბურთის ფედერაციის წინაშე დადგა საკითხი, რათა კერძო და არაკერძო მფლობელობაში არსებული კლუბების უფლებები თანაბრად იქნას დაცული, მათი დაფინანსება ერთი საერთო პრინციპის მიხედვით მოხდეს და ადგილი არ ჰქონდეს მუნიციპალურ დაქვემდებარებაში მყოფი კლუბების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ კუთხით ვითარება არ შეცვლილა, სასიკეთო ძვრებს ვერ ვხედავთ და კვლავ ერთ ადგილს ვტკეპნით.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კერძო მფლობელობაში არსებული კლუბების საქმიანობა საკმაოდ ეფექტური და შედეგის მომცემია. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდები. აქ მოთამაშე ფეხბურთელთა უმეტესობა სწორედ კერძო კლუბებში ირიცხებიან და ამიტომაც, ასეთი კლუბები უფრო მეტად უნდა წახალისდნენ, შეღავათები დაუწესდეთ, მათ მიმართ მეტი ყურადღება იქნას გამოჩენილი.
შექმნილ სიტუაციაში სოლიდარობას ვუცხადებთ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“. ჩვენი აზრით, კერძო ინვესტორების წასვლა ქართულ ფეხბურთიდან კატასტროფის ტოლფასი იქნება. მიგვაჩნია, რომ სწორედ პრინციპულობა, სამართლიანობის აღდგენა და ამავე დროს კომპრომისი გადაარჩენს დღეს რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ქართულ ფეხბურთს!
პატივისცემით,
ბესიკ ჩიხრაძე