ჟუნინიო: „კვლავ შეგიძლიათ, იხილოთ ნამდვილი რონალდინიო“

ბრაზილიის ნაკრებისა და „ლიონის“ ყოფილი ნახევარმცველი ჟუნინიო პერნამბუკანო თვლის, რომ რონალდინიოს კვლავ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში და მისი ევროპაში დაბრუნება ურიგო არ იქნებოდა.

„ვფიქრობ, რონალდინიო უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ის ბექჰემი იყო, რომელიც „პარი სენ-ჟერმენმა“ დაიმატა.
რონალდინიოს მიერ ნაჩვენები თამაშები ვნახე ბრაზილიის ლიგისა და კოპა ლიბერტადორესის ტურნირებზე. კვლავ შეგიძლიათ, იხილოთ ნამდვილი რონალდინიო, თუმცა ეჭვი მეპარება, „პარი სენ-ჟერმენმა“ ის დაიბრუნოს, რადგან გუნდი სრულად დაკომპლექტებულია და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძვის“, – აცხადებს ჟუნინიო.

33 წლის რონალდინიო ბრაზილიის ნაკრების განაცხადში აპრილის თვის შემდეგ აღარ შეუყვანიათ.

„ის „ბარსელონას“ დონეს ვეღარ მიაღწევს, თუმცა რონალდინიოს კვლავ ძალუძს ბევრი რამის გაკეთება. მას ამ ასაკშიც შეუძლია, რომ მრავალი რამ შემოგვთავაზოს. ის იტანს გოლებს და ატანინებს სხვებსაც. მის მსგავსად ვერავინ აკეთებს. რონალდინიო შესანიშნავი პიროვნებაა, ის კვლავ ბრწყინავს“, – ჟუნინიოს სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

2014 წლის მუნდიალი – კალათების სავარაუდო შემადგენლობა

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე 32 ნაკრებიდან 31-ის ვინაობა ცნობილია. Fanebi.Com-ი წარმოგიდგენთ კალათების შემადგენლობას, რითაც მოხდება წილისყრის განსაზღვრა. მართალია, ეს ჯერ არაოფიციალურია, თუმცა დიდი ალბათობით სწორედ ასე გადანაწილდებიან გუნდები კალათებში.

ბრაზილიის მუნდიალის მონაწილე ნაკრებთა ვინაობა სრულად თბილისის დროით ხვალინდელი დღის დილის 05:00 საათზე გახდება ცნობილი, როდესაც ურუგვაისა და იორდანიის ნაკრებთა შორის მატჩი დასრულდება. პირველი შეხვედრა სამხრეთ ამერიკელებმა დიდი უპირატესობით, ანგარიშით 5:0 მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ფაქტობრივად გაინაღდეს.

ტრადიციულად, 32 გუნდი ოთხ კალათაში გადანაწილდება. პირველ კალათაში მოხვდება ტურნირის მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები და ფიფას ოქტომბრის თვის რეიტინგით 7 საუკეთესო გუნდი. ესენია: 1) ესპანეთი, 2) გერმანია, 3) არგენტინა, 4) კოლუმბია, 5) ბელგია, 6) ურუგვაი*, 7) შვეიცარია.

რა პრინციპით შეივსება მეორე კალათა, ეს ფიფას ჯერჯერობით არ განუცხადებია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გუნდები როგორც წინა მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ახლაც გეოგრაფიული პრინციპით დალაგდებიან.

მე-2 კალათაში უნდა მოხვდნენ აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ნაკრებები, მე-3 კალათაში – აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ნაკრებები, მე-4 კალათაში კი – ევროპის ნაკრები გუნდები.

თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე იმ ევროპულ ნაკრებთა რაოდენობა, რომლებიც ფიფას რეიტინგის ტოპ-შვიდეულში არ შედიან, 9 არის და არა – 8. ამიტომ, ყველაზე ცუდი რეიტინგის მქონე ევროპული ნაკრები მე-3 კალათაში გადაინაცვლებს, ასეთი გუნდი კი საფრანგეთი გახლავთ. „მამლები“ ვერ მოხვდებიან ჯგუფში სხვა ევროპულ ნაკრებთან ერთად. აქედან გამომდინარე, პირველი კალათიდან შესაძლებელია საფრანგეთის მეტოქედ მოგვევლინოს არგენტინის, კოლუმბიის, ურუგვაის ან ბრაზილიის ნაკრებებიდან ერთ-ერთი.

გთავაზობთ კალათების არაოფიციალურ შემადგენლობას:

 კალათა I (ფიფას რეიტინგის ტოპ-შვიდეული)
 ნაკრები  ადგილი ფიფას რეიტინგში
 ბრაზილია (მასპინძელი) 11
 ესპანეთი 1
 გერმანია 2
 არგენტინა 3
 კოლუმბია 4
 ბელგია 5
 ურუგვაი* 6
 შვეიცარია 7
 კალათა II (აზია+ჩრდ. ამერიკა)
 ნაკრები  ადგილი ფიფას რეიტინგში
 აშშ 13
 მექსიკა 24
 კოსტა-რიკა 31
 ჰონდურასი 34
 იაპონია 44
 ირანი 49
 სამხრეთ კორეა 56
 ავსტრალია 57
 კალათა III (სამხ. ამერიკა+1 ევროპული ნაკრები)
 ნაკრები  ადგილი ფიფას რეიტინგში
 ჩილე 12
 კოტ-დივუარი 17
 ეკვადორი 22
 განა 23
 ალჟირი 32
 ნიგერია 33
 კამერუნი 59
 საფრანგეთი 21
 კალათა IV (ევროპა)
 ნაკრები  ადგილი ფიფას რეიტინგში
 ჰოლანდია 8
 იტალია 9
 ინგლისი 10
 პორტუგალია 14
 საბერძნეთი 15
 ბოსნია/ჰერცეგოვინა 16
 ხორვატია 18
 რუსეთი 19

* ურუგვაის ნაკრებს ჯერ არ გაუნაღდებია მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა 6 დეკემბერს შედგება.

ბექა  დოგრაშვილი

სკოლარი: ,,მოურინიო სპეციალურად ამხედრებს საზოგადოებას ნეიმარის წინააღმდეგ”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ,,სელესაოს’’ თავდამსხმელი ნეიმარი დაიცვა, რომელსაც ლონდონის ,,ჩელსის’’ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ სიმულანტი უწოდა.

,,მოურინიო მედიას თავისი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს. მას ეს ძალიან კარგად გამოსდის. მოურინიო ხვდება, რომ ნეიმარმა თითქმის უკვე მიაღწია ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდუს დონეს. შესაძლოა, ,,ჩელსის’’ ჩემპიონთა ლიგაზე ,,ბარსელონა” შეხვდეს და პორტუგალიელი ამისთვის უკვე ემზადება, საზოგადოებაში მცდარ წარმოდგენებს ავრცელებს. მოურინიო სპეციალურად ამხედრებს საზოგადოებას ნეიმარის წინააღმდეგ. რას ვიზამთ, ეს მისი სტილია”, – ციტირებს სკოლარის სიტყვებს ,,გარდიანი”.

ბექა დოგრაშვილი

ბექჰემმა ბრაზილიის ნაკრები მოინახულა (ფოტომასალა)

ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ეწვია, რომელიც მაიამიში არის დაბინავებული. 17 ნოემბერს ბრაზილიელი ფეხბურთელები ჰონდურასის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

ბრაზილიის ნაკრების ოფიციალური ვებ-გვერი იტყობინება, რომ ბექჰემს „სელესაოს“ სამწვრთნელო შტაბთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა. ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მოქმედ ბრაზილიელ ფეხბურთელებთან ფოტოებიც გადაიღო.

სკოლარი: „ტოტი რომ ბრაზილიელი იყოს, ჩემს ნაკრებში თამაშის დიდი შანსი ექნებოდა“

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი გამოტყდა, რომ მის გუნდში ისეთი ფეხბურთელების ხილვას ისურვებდა, როგორებიც არიან ანდრეა პირლო და ფრანჩესკო ტოტი. ფეხბურთის ბრაზილიელი სპეციალისტის თქმით, იტალიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია.

„ტოტი ძალიან მომწონს. ის კარგად თამაშობს, ფლობს განსაკუთრებულ უნარებს და არის საკუთარი გუნდის ერთგული. ის რომ ბრაზილიელი იყოს, ჩვენს ამჟამინდელ ნაკრებში მოხვედრის დიდი შანსი ექნებოდა, თუმცა მას უკვე გაუმართლა, რადგან ეკუთვნის შესანიშნავ საფეხბურთო ერს. ის, ვინც იტალიის ნაკრებში ხვდება, ბრაზილიის ნაკრებში თამაშსაც უპრობლემოდ შეძლებს.

პირლოც უნდა აღვნიშნო. ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაიმეთი სხვებზე მაღლა დგანან. პირლო ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც საკუთარი თავი მთელი ეპოქის სახით წარმოგვიდგინა. ის თამაშის მაღალი კულტურით გამოირჩევა, კარგად ფლობს ბურთს და შეუძლია მოედანზე სწორი პოზიციის შერჩევა. ის ნებისმიერი ლიგის ნებისმიერ გუნდში თამაშს შეძლებდა.

ვთვლი, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მომწონს, როგორ მუშაობს ჩეზარე პრანდელი იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე. მან საოცარი მუშაობა გასწია და განაახლა გუნდი როგორც ტაქტიკურად, ასევე – ფსიქოლოგიურად“, – სკოლარის სიტყვები „კორიერე დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ბრაზილიის მუნდიალზე შაკირა იმღერებს

შაკირა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იმღერებს, თუმცა ჯერეჯერობით უცნობია, კოლუმბიელი მომღერალი გახსნის ცერემობიალზე გამოვა, თუ – დახურვისაზე.

შაკირასთვის ეს მესამე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა იქნება. შესაძლოა, მან დუეტი შემოგვთავაზოს ტელეშოუ „არაბთა კერპის“ გამარჯვებულ მოჰამედ ასაფთან.

ხერარ პიკეს მეუღლემ მანამდე 2006 წლისა და 2010 წლის მსოფლიოსა ჩემპიონატებზე იმღერა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ბრაზილიის მუნდიალის მთავარ კომპოზიციას რიკი მარტინი შემოგვთავაზებს, რომელმაც 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჰიმნი შეასრულა.

 

„ბარსელონას“ ბრაზილიელთა დებიუტები „ელ კლასიკოში“

ბოლო 20 წელიწადში ნეიმარი „ბარსელონას“ მეხუთე ბრაზილიელი ფეხბურთელია, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ერთად გავიხსენოთ, თავის დროზე როგორ ჩაატარეს „ბარსელონას“ ბრაზილიელმა ვარსკვლავებმა მადრიდის „რეალთან“ თავიანთი პირველი მატჩი.

რომარიო
1993/94 წლების სეზონი: „ბარსელონა“–„რეალი“ 5:0
რითი გამოიჩინა თავი: 24-ე წუთზე „ელ კლასიკოს“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა. „რეალის“ განადგურებას სათავე დაუდო, რომარიომ იმავე მატჩში კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

რონალდო
1996/97 წლების სეზონი: „რეალი“–„ბარსელონა“ 2:0
რითი გამოიჩინა თავი: პირველივე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, გაზაფხულის „კლასიკოში“ გამარჯვების გოლი გაიტანა, თუმცა „რეალის“ წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

რივალდო
1997/98 წლების სეზონი: „რეალი“–„ბარსელონა“ 2:3
რითი გამოიჩინა თავი: ანგარიში მატჩის მე-5 წუთზე გახსნა. დანარჩენი დრო გუნდზე მუშაობას მოახმარა.

რონალდინიო
2003/04 წლების სეზონი: „რეალი“–„ბარსელონა“ 1:2
რითი გამოიჩინა თავი: კატალონიელთა გადამწვეტ შეტევაში მიიღო მონაწილეობა. მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთი ადრე, „პარაშუტით“ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ჩავი ერნანდესი, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.

ნეიმარი
2013/2014 წლების სეზონი: „ბარსელონა“–„რეალი“ 2:1
რითი გამოიჩინა თავი: გახდა პირველი გოლის ავტორი. გარდა ამისა, ალექსის სანჩესს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

ბექა დოგრაშვილი

რონალდომ 2014 წლის მუნდიალზე თავისი ფავორიტები დაასახელა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტებად ბრაზილიის, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებებს თვლის.

„ესპანეთი და გერმანია ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან, თუმცა ბრაზილიის ნაკრებმაც წარმოაჩინა თავისი ძლიერი მხარე, თანაც ისინი სახლში ითამაშებენ. ფავორიტებად ბრაზილიის, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებებს დავასახელებდი“, – ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

რონალდოს კომენტარის გაკეთება მიროსლავ კლოზეს შესახებაც სთხოვეს, რომელსაც ბრაზილიელის რეკორდის დამხობის შანსი აქვს. მოგეხსენებათ, გერმანელ თავდამსხმელს მუნდიალებზე 14 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთი გოლით ნაკლებია რონალდოს მონაგარზე.

„ამის შესახებ ბევრი საუბრობს. ვფიქრობ, რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ ის დაამხო. ეს მე არ მაწუხებს. ერთ დღესაც ვიღაც ჩემს რეკორდს დაამხობს. სახელი იმით გავითქვი, რომ ბევრი გოლი გავიტანე და ეს დავიწყებას არ მიეცემა. ჩემი პირადი ისტორია და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გატანილი 15 გოლი არასდროს წაიშლება. თუ ის ჩემზე მეტ გოლს გაიტანს, მივულოცავ და ვაღიარებ, თუმცა ჩემს მიერ გატანილ გოლებს ისტორიიდან ვერ ამოშლის“, – განაცხადა რონალდომ.

ბექა დოგრაშვილი

სად იცხოვრებს ინგლისის ნაკრები 2014 წლის მუნდიალის მსვლელობისას?

ინგლისის ნაკრები ერთ-ერთი პირველია, რომელმაც გადაწყვიტა, თუ სად დაბინავდება გუნდი ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას.

როი ჰოჯსონის ფეხბურთელები ბინას რიო დე ჟანეიროში მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Royal Tulip-ში დაიდებენ. სასტუმრო 17-სართულიანია და 418 ნომრისგან შედგება.

მას შემდეგ, რაც ინგლისის ნაკრებმა 2014 წლის მუნდიალის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა, ფეხბურთის ასოციაციამ დრო არ დაკარგა და გადაწყვიტა, თუ სად იცხოვრებს გუნდი ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო პირველობის მიმდინარეობისას. ასოციაციის გენერალური მდივნის, ალექს ჰორნის თქმით, ინგლისელებმა თავიანთი არჩევანი ფიფას წარმომადგენლებთან უკვე განიხილეს.

გთავაზობთ აღნიშნული სასტუმროს ფოტოებს.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ბექა დოგრაშვილი

მამები და შვილები – პელე

Fanebi.Ge დღეიდან სერიებად გიამბობთ ფეხბურთის ისტორიაში სამი გამორჩეული ფეხბურთელის შვილებზე. ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს იმის თხრობა, თუ რა გზას დაადგნენ ლეგენდარული მოთამაშეების გვარის გამგრძელებლები.

რამდენიმე დღეში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე საქართველოს ეწვევა. სწორედ მის შვილზე გიამბობთ დღეს.

“ფეხბურთის მეფის” შვილიც თამაშობდა “სანტოსში”, მაგრამ, მამისგან განსხვავებით, ედინიომ გოლკიპერის ამპლუა აირჩია. სხვათა შორის, რამდენჯერმე პელესაც მოუწია კარში ჩადგომა და ამ ამოცანას თავი კარგადაც გაართვა. ედინიო პირველ ხუთ წელიწადში სან-პაულოს შტატის ჩემპიონი გახდა და კონმებოლის თასიც მოიგო. ამის მიუხედავად, სერიოზული კარიერა ვერ აიწყო და თავი უმეტესწილად სკანდალური შემთხვევებით დაგვამახსოვრა.

1999 წელს ედინიო ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს და ექვსწლიანი სასჯელი მიუსაჯეს. ინციდენტი მოხდა მაშინ, როცა ფეხბურთელი სანტოსის ქუჩის ავტორბოლაში მონაწილეობდა. ედინიო ავტომობილით მოტოციკლს შეეჯახა, რომლის მძღოლიც ადგილზევე დაიღუპა. მოგვიანებით ეს მოქმედება შეფასდა, როგორც განუზრახავად ჩადენილი მკვლელობა, 2005 წლის ივლისის თვეში ედინიოს სასჯელი მოუხსნეს და რეაბილიტირებულ იქნა.

2007 წელს, როცა ედინიოს საფეხბურთო კარიერა უკვე დასრულებული ჰქონდა (ბუცები ლურსმანზე 29-წლის ასაკში მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ ჩამოკიდა – მყესები გაიწყვიტა), სან-პაულოში ნარკოტიკების მოხმარების გამო დააპატიმრეს.

“ჩემი ისტორია ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის მაგალითი უნდა იყოს, რათა ამ გზას არ გაჰყვნენ”, – აღნიშნა ყოფილმა მეკარემ, რომელმაც ისიც დაამატა, რომ მარიხუანას მოხმარება კარიერის დასრულების შემდეგ გამოწვეული დეპრესიის გამო დაიწყო.

ბრაზილიის უმაღლესი სასამართლოს ტრიბუნალმა ედინიო წინასწარი დასკვნით გაათავისუფლა, პელემ კი პირადად წაიყვანა ის ნარკომანთა კლინიკაში.

ახლა ედსონ შოლბი ნასიმენტუ 43 წლის გახლავთ და “სანტოსში” მწვრთნელად მუშაობს.

ბექა დოგრაშვილი

სკოლარი დიეგო კოსტას დათანხმებას ცდილობს

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი იმედს გამოთქვამს, რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი დიეგო კოსტა „სელესაოში“ თამაშის გადაწყვეტილებას მიიღებს და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელს როგორც ესპანეთის, ასევე ბრაზილიის მოქალაქეობა აქვს. მას ბრაზილიის ნაკრების ფორმით ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, „სელესაოს“ რიგებში მხოლოდ ორი ამხანაგური შეხვედრა აქვს ჩატარებული. აქედან გამომდინარე, ფიფამ დიეგო კოსტას არჩევანის საშუალება მისცა. ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„იმისთვის, რომ სამუნდიალო განაცხადი დავასახელო, დრო მაისამდე მაქვს. დიეგო კოსტას მამასთან ამ თემაზე უკვე ვისაუბრე“, – ციტირებს სკოლარის სიტყვებს ფრანგული Le10Sport-ი.

ბექა დოგრაშვილი

თბილისში პელეს წარმომადგენელი ჩამოვიდა

თბილისში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს წარმომადგენელი და ფიფას აგენტი პედრო კაბრაალ და სილვა ჟუნიორი ჩამოვიდა. ის რიო-დე-ჟანეიროდან საქართველოში პელეს ვიზიტის დეტალების შესათანხმებლად ჩამოფრინდა. ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ 26 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე თბილისსა და ქუთაისში გასამართ საქველმოქმედო ახალგაზრდულ ტურნირს დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, არგენტინელი, ბრაზილიელი და ურუგვაელი ფეხბურთელები.

„მე საქართველოში ბრაზილიელ ფეხბურთელ პელეს ვიზიტთან დაკავშირებით ვიმყოფები. ქართულ მხარესთან რამდენიმე კონკრეტული დეტალია შესათანხმებელი. თავად პელეს დიდი სურვილი აქვს, ეწვიოს საქართველოს და დაესწროს ტურნირს, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის 150 და ქართული ფეხბურთის 110 წლის იუბილეს მიეძღვნება. მასთან ყველაფერი შეთანხმებულია და ახლა მხოლოდ რამდენიმე საკითხიღა დარჩა დასაზუსტებელი“, – განაცხადა პელეს წარმომადგენელმა.