სან პაულუში 2014 წლის მუნდიალის ბრაზილიაში გამართვა გააპროტესტეს

სან პაულუში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრაზილიაში ჩატარების წინააღმდეგ ახალი საპროტესტო ტალღა აგორდა.

„ფრანს პრესი“ იუწყება, რომ პოლიციის ცნობით, აქციაზე 600 კაცი შეიკრიბა, თუმცა მიტინგის ორგანიზატორთა თანახმად, 2014 წლის მუნდიალზე სახელმწიფოს მიერ დიდი ოდენობით თანხის გაღება ათასზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა. წინა დემონსტრაციებისგან განსხვავებით, ბოლო აქციაზე მომიტინგეთა და სამართალდამცავთა შორის შეტაკება არ მომხდარა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, რომ თანხები განათლებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გამოიყოს და არა – მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ბექა დოგრაშვილი

კუთხურის ალამთან გაკეთებული მშვენიერი ფინტი

როგორც ყველასათვისაა ცნობილი, ბრაზილიელები ტექნიკით არიან გამორჩეული. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც რამდენიმე დღის წინ, ბრაზილიის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში გაკეთებული ფინტია აღბეჭდილი.

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-9 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეცხრე ნომერი, რომლის დიდი ნაწილიც საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ეხება.

ნომერში წაიკითხავთ:

სტუმრად  „ბარსას“  მუზეუმში;
გარიცხავენ რუსეთს ფიფადან?
კვირის   კარიკატურები;
დამსახურებული დასვენება.

   კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

9 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ფერნანდინიოს ბრწყინვალე გოლი სამხრეთ აფრიკის კარში

5 მარტს, სამხრეთ აფრიკისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (0:5), ფერნანდინიომ მეტოქის კარი უძლიერესი დარტყმით დალაშქრა.

სკოლარი: “შემადგენლობა 90-95 პროცენტით დაკომპლექტებულია”

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ფელიპე სკოლარიმ განაცხადა, რომ თავის ფეხბურთელებს ბოლომდე ენდობა. ასევე ფეხბურთის ბრაზილიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ნაკრებში მოხვედრის შანში ჯერ კიდევ ყველას აქვს.

“გაიხსენეთ 2002 წლის მუნდიალი. მაშინ ისეთ ფეხბურთელები წავიყვანე, რომლებსაც ჩემთან ფაქტობრივად არ უმუშავიათ. რიკარდინიოს საერთოდ არ უთამაშია ჩემს გუნდში, კაკამ კი მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. ახლა ფერნანდინიოს და რაფინიას გამოვცდი.

შემადგენლობა პრაქტიკულად შევკრიბე. ახლა ნაკრები 90-95 პროცენტით არის დაკომპლექტებული, მაგრამ გაძლიერება ყოველთვის საჭიროა” – განაცხადა სკოლარიმ.

რონალდინიომ ბრაზილიურ კარნავალზე გარეპა

როგორც იცით, ამჟამად, ბრაზილიაში კარნავალი მიმდინარეობს. ხალხის ზეიმს არ გამოკლებია რონალდინიო, რომელმაც მოედანზე შეკრებილი ადამიანები თავისი რეპით გაამხიარულა.

სკოლარიმ ემისარი ევროპაში სპეციალური დავალებით წარგზავნა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ევროპაში თავისი წარმომადგენელი გააგზავნა, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელებთან მოლაპარაკებების გამართვა დაევალა.

ასეთი ნაბიჯებით აპირებენ ბრაზილიელები, დიეგო კოსტას მსგავსი ისტორიის გამეორება თავიდან აიცილონ. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ესპანეთის ნაკრებში თამაში აირჩია.

სკოლარის მიერ წარგზავნილი ემისრის პირველი საქმე „პორტუს“ ტალანტ კელვინთან მოლაპარაკებების გამართვა იქნება. კელვინი „დრაკონთა“ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება. გარდა ამისა, შეხვედრები დაგეგმილია კარლოს როჩასთან („რეალი“), ლუკას ვეგასთან („ბარსელონა“), ანდრეას პერეირასთან („მანჩესტერ იუნაიტედი“) და მარკოს ლოპესთან („მანჩესტერ სიტი“).

ბექა დოგრაშვილი

მუნდიალის მასპინძელ სტადიონზე სახურავი ჩამოინგრა

ბრაზილიურ ბელუ ჰორიზონტეში მდებარე “მინეირანის” სტადიონზე სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. ძლიერი წვიმის შემდეგ სახურავის სამი სექცია ტრიბუნებსა და მოედანზე ჩამოინგრა. შემთხვევას დაზარალებულები არ მოჰყოლია.

აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ სტადიონზე შტატის ჩემპიონატის მატჩი გაიმართა.

“მინეირანის” არენაზე 2014 წლის მუნდიალის მატჩები გაიმართება. მათ შორის ნახევარფინალური შეხვედრაც.

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-8 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მერვე ნომერი, რომელიც მთლიანად 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგების შეფასებას ეხება.

ნომერში წაიკითხავთ:

ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — გუნდების თავკაცების შეფასებები;
ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — ჩვენი კალენდარი;
ისტორია,   სტატისტიკა,   შანსები.

 კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

2 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

10 საუკეთესო მაისური მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე

სპორტულმა პორტალმა GiveMeSport-მა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოთამაშე გუნდების 10 საუკეთესო მაისურის ფოტო გამოაქვეყნა.

მექსიკა (საშინაო)

ბრაზილია

კოლუმბია

არგენტინა

ესპანეთი

საფრანგეთი

გერმანია

მექსიკა (საგარეო)

ჰოლანდია

კოლუმბია (საგარეო)

ნეიმარი: „არ ველოდი, თუ „ბარსელონასთან“ ადაპტაციას ასე მალე გავივლიდი“

მიუხედავად იმისა, რომ კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ნეიმარი მხოლოდ 22 წლისაა, ის ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ბევრი ექსპერტის აზრით, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, ნეიმარი თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენს და „სელესაოს“ მუნდიალის მოგებაში დაეხმარება.

ნეიმარმა ინტერვიუ მისცა ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდს, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

– ექვსი თვის წინ, სამშობლო დატოვეთ და კატალონიის „ბარსელონაში“ გადახვედით. გუნდთან ადაპტაცია მალევე გაიარეთ. ელოდით თუ არა ამას?
– სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. გამიმართლა, რისთვისაც ღმერთს მადლობას ვუხდი. ძალიან კარგი ადამიანების გვერდით მოვხდი, ისინი აქ თბილად დამხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელებს უამრავი ტიტული აქვთ მოგებული, ისინი საკმაოდ თავმდაბლები არიან. ბარსელონაში არაერთი მეგობარი შევიძინე. ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ადაპტაცია მალევე გავიარე.

– უკვე, მოახერხეთ თუ არა ესპანური ენის შესწავლა?
– ესპანურად საუბარი ჯერ-ჯერობით მიჭირს. ესპანური ენა პორტუგალიულს გავს, მაგრამ რთული სასწავლია.

– გასულ წელს, კონფედერაციის თასის ფინალში, „ბარსელონას“ არაერთმა ფეხბურთელმა ითამაშა. როგორ ფიქრობთ, მოახერხებენ თუ არა ისინი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში მოხვედრასაც?
– ვფიქრობ, ფინალში თამაშს ყველა ვერ მოახერხებს. მუნდიალზე, ყველა ნაკრები იმ მიზნით მიდის, რომ ტურნირი მოიგოს. ყველა გუნდი ბოლომდე იხარჯება და ცდილობს, ფინალში გააღწიოს.

– ლუიშ ფელიპე სკოლარის მოსვლის შემდეგ, რა შეიცვალა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში?
– ჩემი აზრით, ჩვენმა გუნდმა თავისი დამახასიათებელი ნიშნები მოიპოვა. ცხადია, იმისათვის, რომ სასურველი ფეხბურთი ვითამაშოთ, კიდევ დროა საჭირო. კონფედერაციის თასზე, ჩინებულად ვიასპარეზეთ. ძალიან შეკრული გუნდი გვყავს და რაც მთავარია, მოტივაცია არ გვაკლია.

– ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრები მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე დღეებს ითვლიან. რას ეტყვით მათ?
– მინდა, მათ ვუთხრა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თითოეული ჩვენგანი ბოლომდე დაიხარჯება და მათი გულების გახარებას შეეცდება. გულშემატკივრები ყოველთვის ჩვენს გვერდით დგანან და დარწმუნებული ვარ, ეს მუნდიალზეც ასე იქნება.

– დაასრულეთ: „2014 წელს, ნეიმარი იქნება…“
– …მსოფლიოს ჩემპიონი.

დიტო ჭიჭინაძე

ჟუნინინოს უმაღლესი სტანდარტი

ჟუნინიო პერნამბუკანომ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ის ფეხბურთის ისტორიაში ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელია, რასაც ფაქტებიც ადასტურებს: 39 წლის ფეხბურთელმა საჯარიმო დარტყმებით 76 გოლი გაიტანა, მასზე მეტი ვის უნდა გაეტანა?!

76 გოლი საჯარიმო დარტყმებით:
რომელი გუნდების შემადგენლობაში გაიტანა?

გოლი: კლუბი: კარიერის წლები:
1 სპორტი“, რესიფი (ბრაზილია) 1993/1994
18 ვასკო და გამა“, რიო დე ჟანეირო (ბრაზილია) 1994/2001, 2011/2012, 2013/2014
44 ლიონი“ (საფრანგეთი) 2001/2009
9 ალ გაფარა“, დოჰა (ყატარი) 2009/2011
4 ბრაზილიის ნაკრები 1999/2006

ვის გაუტანა ყველაზე მეტი?
3 გოლი
„სანტოსი“ (ბრაზილია)
„ლანსი“ (საფრანგეთი)
„ნიცა“ (საფრანგეთი)
„მეცი“ (საფრანგეთი)
„ტულუზა“ (საფრანგეთი)

რომელ ტურნირზე რამდენი გაიტანა?

 გოლი:  ჩემპიონატი:
 31 საფრანგეთის ჩემპიონატი 
 17  ბრაზილიის ჩემპიონატში
 10 ჩემპიონთა ლიგა 
7 ყატარის ჩემპიონატი 
 3  ბრაზილიის ნაკრები(ამხანაგური მატჩი)
 3 საფრანგეთის თასი 
 1 2006 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპი 
 1  ლიბერტადორესის თასი
 1 მერკოსურის თასი (სამხრეთ ამერიკა)
 1 შეიხ იასიმის თასი (ყატარი)
 1 მემკვიდრე პრინცის თასი (ყატარი

მხოლოდ ფაქტები:

საჯარიმო დარტყმით ჟუნინიომ პირველი გოლი მშობლიური „სპორტ რესიფის“ რიგებში გაიტანა, ბოლო კი „ვასკო და გამას“ შემადგენლობაში იმავე „სპორტ რესიფის“ გაუტანა.

2003/2004 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ჟუნინიომ საჯარიმო დარტყმით „ბაიერნის“ ლეგენდარულ კიპერ ოლივერ კანს გაუტანა, რითაც საქვეყნოდ გაითქვა სახელი.

„ლიონის“ რიგებში 44 საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლიდან ოთხის დისტანცია ორმოცი მეტრის ტოლია, ან ორმოც მეტრს აღემატება: 41 მეტრის რადიუსიდან გაუტანა „აიაჩოს“ 2006 წელს, 45 მეტრიდან – „ბარსელონას“ 2007 წელს, 48 მეტრიდან – „ნიცას“ 2008 წელს და 40 მეტრიდან – „მარსელს“ 2009 წელს.

18 გატანილი გოლით ჟუნინიო ევროთასებზე „ლიონის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მე-17 გოლი ბრაზილიელმა ნახევარმცველმა 2008/2009 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „ბარსელონას“ გაუტანა.

იმ შემთხვევაში, თუ დევიდ ბექჰემი საჯარიმო დარტყმას 20 მეტრის ან ნაკლები დისტანციის მანძილიდან  ასრულებდა, ჯარიმა ნაკლებად ეფექტური გამოდიოდა. რონალდინიოს შემთხვევაში კი, საჭირო იყო მინიმუმ 30-მეტრიანი დისტანცია. აი, ჟუნინიოს შემთხვევაში, მნიშვნელობა არ ჰქონდა მანძილს, მას ნებისმიერი დისტანციიდან შეეძლო ეფექტურად დარტყმა.

მის დარტყმულს მეტსახელებიც კი მოუგონეს: „გველის გასროლა“, „მკვდარი ბურთი“.

ჟუნინიოს დარტყმის ტექნიკას თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელებიც იყენებენ: რონალდუ, მესი, ბეილი, ნეიმარი, რონალდინიო, პირლო…

ჟუნინიო პერნამბუკანო  (2006 წელი):

„საჭიროების შემთხვევაში, ვიყენებ მარჯვენა ფეხის ან შიდა ან გარე მხარეს. ვცდილობ, ბურთი არ დავატრიალო, რადგან არსებობს რისკი, რომ საჭირო ტრაექტორია დაიკარგოს. რა თქმა უნდა, სიძლიერით ჩემი დარტყმული რობერტო კარლოსის დარტყმას ვერ შეედრება, მაგრამ დამიჯერეთ, ჩემს შემთხვევაშიც კი, ბურთი ძალიან სწრაფად მიფრინავს.

არასდროს არ ვფიქრობ იმაზე, ვარ თუ არა საუკეთესო. ვიცი, რომ ჩემს საჯარიმო დარტყმებს ქულისა და გამარჯვების მოტანა შეუძლია. ამიტომ, ვარჯიშებზე ძალიან ბევრს ვშრომობ, ვცდილობ, რომ დარტყმა მუდმივად გავაუმჯობესო. ჩემი მთავარი საიდუმლო საკუთარ თავზე მუშაობაა.

საჯარიმო დარტყმებზე ბავშვობიდან ვვარჯიშობ, ეს ყოველთვის მაინტერესებდა“.

ანდრეა პირლო, იტალიის ნაკრების ნახევარმცველი:

„ჟუნინიო სტანდარტული მდგომარეობების ყველაზე დიდი ოსტატია. მისი საჯარიმო დარტყმები სრულიად უნიკალურია. ჯარიმის შესრულებისას ვცდილობ, რომ ჟუნინიოს მივბაძო ხოლმე და ხანდახან ეს გამომდის კიდეც“.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com