ჯონათანი: “იმედი მაქვს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშებ”

მილანის “ინტერის” მარჯვენა მცველი, ჯონათანი აცხადებს, რომ მას ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაში სურს.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავკაცი, ლუიშ ფელიპე სკოლარი იტალიაში იმყოფებოდა, ის “სან სიროზე” მილანურ დერბის დაესწრო.

“ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, როცა იგებ, რომ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შენს დასაკვირვებლად არის ჩამოსული. შეიძლება, ითქვას, ამ ყოველივემ დამატებითი მოტივაცია მომცა. იმედი მაქვს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ვითამაშებ”, – ამბობს ჯონათანი.

რონალდო: „ნეიმარი ისტორიაში როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი შევა“

ლეგენდარულ ბრაზილიელ თავდამსხმელ რონალდოს არ ეპარება იმის ეჭვი, რომ მისი თანამემამულე ნეიმარი ფეხბურთის ისტორიაში შევა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ნეიმარი დიდებულ მოთამაშედ ჩამოყალიბდება. ასევე, იგი ბრაზილიისა და მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაშიც შევა.

ნეიმარი სწორ გზაზე დგას. წარმატების მისაღწევად ეს მოთამაშე ყველაფერს სწორად აკეთებს“, – განაცხადა რონალდომ.

ალექსანდრე მატევოსოვი

მარადონა: „არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდება“

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო არმანდო მარადონას აზრით, მისი ქვეყნის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება.

„ჩვენ 1986 წლის შედეგს გავიმეორებთ და ჩემპიონატს მოვიგებთ. ბრაზილია უნდა დავამარცხოთ, რომლის ნაკრები უბრალოდ საშინელია. გერმანიასა და ჰოლანდიას კარგი გუნდი ჰყავს, ესპანეთის თამაში კი უკვე მოსაბეზრებელი გახდა. დელ ბოსკეს გუნდი ბურთს აკონტროლებს, თუმცა თამაშს ვერ ამწვავებს“, – განაცხადა მარადონამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

31 წლის ადრიანო ფეხბურთს “ატლეტიკო პარანაენსეს” გავლით უბრუნდება (ვიდეო)

დიდი შანსია, 31 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, ადრიანო დიდ ფეხბურთში ისევ ვიხილოთ. “ინტერის”, “ფიორენტინასა” და “პარმას” ყოფილი თავდამსხმელი მიმდინარე კვირაში, “ატლეტიკო პარანაენსეს” ვარჯიშებზე იხილეს.

მიუხედავად იმისა, რომ წონაში მყოფი მოთამაშე “ატლეტიკო პარანაენსეში” ვარჯიშობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ადრიანომ ბოლოს ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა 2012 წლის მარტში მიიღო, მაშინ ის “კორინთიასის” ღირსებას იცავდა.

დანტეს მსოფლიო თასის ფინალში ბრაზილიისა და გერმანიის ნახვა სურს

მიუნხენის “ბაიერნის” და ბრაზილიის ნაკრების ცენტრალურ მცველ დანტეს, 2014 წლის მსოფლიო თასის ფინალში ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირების ნახვა სურს.

“ჩემი აზრით გერმანია ერთ-ერთი მთავარია ფავორიტია. გემრმანელებთან ერთად ფავორიტებში ჩვენი ნაკრები, ესპანეთი და არგენტინა არიან. კარგი იქნებოდა ფინალში გერმანიის ნაკრებთან შეხვედრა. ამინდი? მსოფლიო თასისი პერიოდში ბრაზილიაში ფორმალურად ზამთარი იქნება, შესაბამისად ჰაერის ტემპერატურა 22-28 გრადუსი იქნება, რაც დიდი სიცხე ნამდვილად არ არის” – განაცხადა 30 წლის ფეხბურთელმა.

“Balada do Neymar” – ბრაზილიაში ნეიმარისთვის სიმღერა შექმნეს

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი ფეხბურთელი, ნეიმარი მთელ მსოფლიოში, გამორჩეულად კი, თავის სამშობლოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ბრაზილიაში ნეიმარისათვის სიმღერაც შექმნეს, რომელსაც ასეთი სახელი დაარქვეს: “Balada do Neymar”.

ფრედმა “ფლუმინენსეს” ჩემპიონატიდან გავარდნის გამო იტირა

ბრაზილიის სერია A-ში მოასპარეზე “ფლუმინენსეს”, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურში “ბაია” დაამარცხა, ქვედა დივიზიონში დაქვეითება მოუწია, რაც გუნდის თავდამსმხელი ფრედისათვის ძნელად გადასატანი აღმოჩნდა.

რონალდინიო გოლებით დაბრუნდა (ვიდეო)

როგორც იქნა, რონალდინიომ ტრავმა მოიშუშა, მოედანს დაუბრუნდა და პირველივე მატჩში გაიტანა გოლი (უფრო სწორად გოლები!). ბრაზილიის სერია A-ს ეგიდით  „ატლეტიკო მინეიროსა“ და „ვიტორიას“ შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. შეხვედრის მე-6 წუთისთვის „ვიტორიას“ უკვე ორი ბურთი ჰქონდა გატანილი, თუმცა „მინეირომ“ რონალდინიოს დახმარებით სიტუაციის შემოტრიალება შეძლო. სახელგანთქმულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ლამაზი საჯარიმო დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა, რონალდინიომ მეორე გოლი შეხვედრის 90-ე წუთზე პენალტით გაიტანა და გუნდს ქულა მოუტანა – 2:2.

გთავაზობთ რონალდინიოს მიერ აღნიშნულ მატჩში გატანილი პირველი გოლის ამსახველ ვიდეომასალას.

 

რონალდო: „ბრაზილიისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის შეხვდება“ (ინტერვიუ)

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ, რომელმაც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ელჩის როლი მოირგო, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ რონალდოსთან ჩაწერილ ინტერვიუს.

– ვინ არიან დამდეგი მუნდიალის ფავორიტები?
– რა თქმა უნდა, მე მშობლიურ ბრაზილიას დავასახელებ. მთავარი კონკურენტი გერმანიის ნაკრები იქნება. შემდეგ ესპანელები და არგენტინელები მოდიან, რომელთაც არასასიამოვნო სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლიათ. ლუიშ ფელიპე სკოლარის მჯერა. მან იცის, რას აკეთებს და ეს კონფედერაციის თასზეც დაამტკიცა. ვის ველი მეტოქედ? არა მგონია, ბრაზილიისთვის ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.

– ბრაზილიის ნაკრები ამდენად ძლიერია?
– ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ პირველად მოხდა, რომ შემადგენლობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ არის. სკოლარის გუნდში საუკეთესოები არიან. ის უდიდესი მოტივატორია და ნაკრებიც სწორ გზაზე დგას.

– არ ფიქრობთ, რომ დიდმა მოლოდინმა შეიძლება ცუდი სამსახური გაგიწიოთ?
– არა. პირიქით კი მგონია. ხალხის სიყვარული გვეხმარება. როდესაც კონფედერაციის თასის ფინალური მატჩის წინ მთელი სტადიონი ბრაზილიის ჰიმნს ხმის ჩახლეჩამდე მღეროდა… იცით, ეს არის ფეხბურთის ნამდვილი სული.

– რას ფიქრობთ ფიფას რეიტინგზე, რომლის თანახმადაც, ისეთი გუნდები, როგორებიც არის იტალია და ჰოლანდია, განთესილებს მიღმა აღმოჩდნენ?
– ჩემი აზრით, ეს რეიტინგი სამართლიანად აღწერს გუნდების ძალას მსოფლიოს მასშტაბით. ფიფას რეიტინგი გვიჩვენებს, თუ რომელი გუნდია ძლიერი კონკრეტულ მომენტში. მაღალი რეიტინგი ჩემპიონატის მოგების გარანტიას არ იძლევა. მაგალითად, განთესილებს შორის არ არის ბევრი ძლიერი ნაკრები, რადგან ეს გუნდები ბოლო პერიოდში კარგად არ გამოიყურებოდნენ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუნდიალზე მათ ხელები უნდა ჩამოუშვან.

– როგორ ფიქრობთ, ის ფაქტი, რომ მატჩები უჩვეულო დროს გაიმართება, რამდენად დიდ როლს ითამაშებს მუნდიალზე?
– მატჩები არც ისე ადრე დაიწყება. ვიცი, რომ ფიფამ ექიმებთან, ფიზიოთერაპევტებთან და მწვრთნელებთან გარკვეული სახის კონსულტაციები გაიარა. წინათ მსოფლიოს ჩემპიონატები ცხელ ამინდში იმართებოდა და მატჩებიც ადრე იწყებოდა. ვიცი, რასაც ვამბობ. 1994 წლის აშშ-ის მუნდიალზე დღის საათებში ვთამაშობდით.

– ბევრს აშფოთებს სტადიონების მდგომარეობა სან-პაულუში, კუიაბასა და კურიტიბაში.
– ადრე თუ გვიან სტადიონები მზად იქნება, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს, თუმცა რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება. ეს სატესტო ღონისძიების, მოედნების, ტრიბუნების, ტექნიკური დეტალების შემოწმების საშუალებას მოგვცემს. დიდი იმედი მაქვს, არენებს ჩემპიონატის სტარტამდე გამოვცდით.

– მსოფლიოს ჩემპიონატებზე 15 გოლი გაქვთ გატანილი და ეს სარეკორდო მაჩვენებელია, თუმცა მიროსლავ კლოზეს დამდეგ ზაფხულს ამ რეკორდის გაუმჯობესების შანსი მიეცემა…
– კი ბატონო, ძალიან მომიახლოვდა და იმედი მაქვს, ვერ დამეწევა (იცინის). სერიოზულად თუ მივუდგებით, რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ ისინი დაამხო. მე თავად გავაუმჯობესე ვიღაცის მიღწევა და ერთხელაც მოვა დრო, როცა სხვები აჩვენებენ ჩემზე კარგ შედეგებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გოლებს ღირებულება დაეკარგება. თითოეული გატანილი გოლით დღემდე ვამაყობ.

– რას იტყვით ნეიმარის პროგრესის შესახებ?
– ნეიმარი ევროპაში სრულიად ახალგაზრდა წავიდა, თუმცა ვფიქრობ, ის ადაპტირებას გაივლის და ბევრ რამესაც ისწავლის. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობ, უფრო სწრაფად პროგრესირებ. დარწმუნებული ვარ, ნეიმარი პლანეტის უდიდეს მოთამაშედ იქცევა. ის „ბარსელონას“ ძალიან კარგად მოერგო. მას ესპანეთში უკეთ გაიცნობენ და ეს ისევ ჩვენს ნაკრებს წაადგება.

ბექა დოგრაშვილი

მუნდიალის მატჩების მიმდინარეობისას გუნდებს ორი წუთით დასვენების უფლება მიეცათ

გუშინ ფიფა-ს ხელმძღვანელები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მთავარ მწვრთნელებს შეხვდნენ და იტალიის ნაკრების თავკაცის ჩეზარე პრანდელის იდეა განიხილეს.

„სკუადრა აძურას“ დამრიგებელს სურდა, რომ ფეხბურთის საერთაშორისო მმართველ ორგანოს მუნდიალის მატჩების დროს გუნდებისათვის ორი წუთით დასვენების უფლება მიეცა, რისი მიზეზიც გაუსაძლისი კლიმატური პირობებია.

აღნიშნულ შეხვედრაზე ფიფა-მ იტალიელი სპეციალისტის ამ იდეას გადახედა და საბოლოო ჯამში, დააკმაყოფილა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში ჩასატარებელი პლანეტის პირველობის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დღეს გაიმართება.

ალექსანდრე მატევოსოვი

სახალისო ვიდეო: რონალდო ნეიმარს ურეკავს

ბრაზილიურმა მობილურმა ქსელმა “კლარო ფიქსომ” რეკლამა გადაიღო, რომელშიც მონაწილეობა ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდომ მიიღო. ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ ურეკავს რონალდო ნეიმარს და მას სხვადასხვა ხმაზე ესაუბრება.

2014 წლის მუნდიალი – კალათების ოფიციალური შემადგენლობა

ფიფამ ოფიციალურად გაამხილა კალათების შემადგენლობა, რითაც მოხდება 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრის განსაზღვრა.

კალათა I: არგენტინა, ბრაზილია, ბელგია, კოლუმბია, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, ურუგვაი;

კალათა II: ალჟირი, კამერუნი, ჩილე, კოტ დივუარი, ეკვადორი, განა, ნიგერია;

კალათა III: ავსტრალია, კოსტა რიკა , ჰონდურასი, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა, მექსიკა, ამერიკის შეერთებული შტატები;

კალათა IV: ბოსნია/ჰერცეგოვინა, ხორვატია, ინგლისი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუსეთი.

როგორც ხედავთ, მეორე კალათაში 7 გუნდია, მეოთხეში კი – 9. წილისყრის დაწყებამდე მეოთხე კალათიდან შემთხვევითი წესით ერთი გუნდი მეორე კალათაში გადაინაცვლებს. შესაბამისად, 32 გუნდი ოთხ კალათაში თანაბრად გადანაწილდება, რის შემდეგაც ნაკრებები A, B, C, D, E, F, G და H ჯგუფებში განითესებიან.

წილისყრა 6 დეკემბერს გაიმართება.