ანჩელოტიმ “მილანის” გამო “ინტერს” უარი უთხრა

“კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობა კარლო ანჩელოტის მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნამდე “ნერაძურის” თავკაცის თანამდებობას სთავაზობდა.

61 წლის იტალიელმა სპეციალისტმა იტალიის ჩემპიონს უარი უთხრა, რადგან არ სურდა “მილანის” წყენინება, სადაც მრავალი წელი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი “მილანის” ღირსებას მოთამაშის რანგში 1987-დან 1992 წლამდე იცავდა, რა დროის განმავლობაშიც შვიდი ტიტული მოიგო. ის “როსონერიში” 2001 წელს უკვე მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და 2009 წლამდე იმუშავა. ანჩელოტის მიერ დამოძღვრილმა “მილანმა” რვა ტიტული დაისაკუთრა, მათ შორის ერთხელ – სკუდეტო, ორჯერ კი – ჩემპიონთა ლიგა.

როგორც მოგეხსენებათ, კარლო ანჩელოტიმ პირველ ივნისს “ევერტონის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და მადრიდის “რეალთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის “სამეფო კლუბს” 2013-დან 2015 წლამდე უკვე წვრთნიდა. მისი თავკაცობით გუნდმა ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი და ესპანეთის თასი მოიგო.

ანჩელოტი: “ნაპოლიში” სკუდეტოს მოსაგებად ვარ”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდის მიზნების შესახებ ისაუბრა.

“აქ მთელი სეზონი გავატარე და მივხვდი, თუ რა მიმართულებით მივდივართ. “ნაპოლის” გაზრდა უნდა, ჩვენ სერიოზული და გონივრული პროექტი გვაქვს. რაც შეეხება შემადგენლობის გაძლიერებას, არ მინდა, რომ კლუბი ვალებში ჩაეფლოს. მე აქ სკუდეტოს მოსაგებად ვარ და არა – დასასვენებლად”, – თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი “ნაპოლის” გასული წლის მაისიდან თავკაცობს. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს.

“ნაპოლიმ” იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მეორე ადგილი უკვე გაინაღდა.

ანჩელოტის საიუბილეო მატჩი და ორიგინალური საჩუქარი

გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში, მიუნხენის “ბაიერნსა” და “ჰამბურგს” შორის გამართული შეხვედრა ბავარიელთა თავკაც კარლო ანჩელოტისთვის საიუბილეო იყო.

იტალიელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერაში მე-1000 მატჩი ჩაატარა. შეხვედრის დაწყებამდე “ბაიერნის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ანჩელოტის საჩუქრის სახით ბრეცელი გადასცა. ბრეცელი გერმანიაში გავრცელებული პურ-ფუნთუშეული პროდუქტია.

“ბაიერნმა” მეტოქე ანგარიშით 8:0 გაანადგურა.

გერმანიის ფეხბურთის კავშირმა ანჩელოტი დააჯარიმა

გერმანიის ფეხბურთის კავშირმა მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დააჯარიმა. შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის 21-ე ტურში ბერლინის “ჰერტასა” და “ბაიერნს” შორის გამართული მატჩის (1:1) შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა მასპინძელი გუნდის ქომაგებს შუა თითი უჩვენა.

კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ “ჰერტას” ფანები მას აფურთხებდნენ და სწორედ ამის გამო უჩვენა მათ უხამსი ჟესტი.

ამის გამო იტალიელ სპეციალისტს ჯარიმის სახით 5 ათასი ევროს გადახდა მოუწევს, რაც საქველმოქმედო საქმიანობაში დაიხარჯება.

ანჩელოტიმ “ჰერტას” ფანებს უხამსი ჟესტი უჩვენა

გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში ბერლინის “ჰერტასა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ბავარიელებმა ქულის გადარჩენა 96-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკის მიერ გატანილი გოლის წყალობით შეძლეს, თუმც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ძირითად დროს ხუთი წუთი დაამატა.

შეხვედრის შემდეგ “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “ჰერტას” ფანებს შუა თითი უჩვენა.

“დიახ, მე მათ ეს ჟესტი მართლაც ვუჩვენე, ვინაიდან ისინი მაფურთხებდნენ”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს “შპიგელი”.

ანჩელოტი: “რონალდო ფენომენი იყო მაშინაც კი, როცა 100 კგ-ს იწონიდა”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ძველი დრო გაიხსენა, როდესაც “მილანში” ბრაზილიელ რონალდოს თავკაცობდა.

“რონალდო ფენომენი გახლდათ. იგი ნამდვილი ფენომენი იყო მაშინაც კი, როდესაც დაშავებული გახლდათ ან ას კილოგრამს იწონიდა”, – ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს “ასი”.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი და რონალდო “მილანში” ერთად 2007 წელს მუშაობდნენ. იმ პერიოდში ბრაზილიელმა თავდამსხმელმა იტალიის სერია A-ს გათამაშებაში ოცი მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.

ანჩელოტი: “როსტოვმა” გამარჯვება დაიმსახურა”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “როსტოვმა” შინ მიუნხენის “ბაიერნი” ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ბავარიული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

“თამაში კარგად დავიწყეთ და გოლიც გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ ბევრი შეცდომა დავუშვით. მძიმე პერიოდი გვაქვს და ამაზე პასუხისმგებლობა მე უნდა ავიღო. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ აქ თამაში რთული იქნებოდა, ბევრი შეცდომა დავუშვით.

ძლიერი შემადგენლობა დავაყენე, მოედანზე დასვენებული ფეხბურთელები გავიყვანე სწორედ ამ მიზეზით დარჩა თომას მიულერი სათადარიგოთა სკამზე.

“როსტოვმა” კარგი თამაში აჩვენა და გამარჯვება დაიმსახურა. მეტოქეს ამ წარმატებას ვულოცავ”, – აღნიშნა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ანჩელოტიმ.

ანჩელოტიმ “მანჩესტერ იუნაიტედს” უარი უთხრა

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ თავის დროზე “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის პოსტზე მუშაობას სთავაზობდნენ.

იტალიელი სპეციალისტი ამბობს, რომ ინგლისური კლუბიდან მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც “წითელი ეშმაკები” ალექს ფერგიუსონმა დატოვა, თუმცა ანჩელოტი მადრიდის “რეალთან” იყო მოლაპარაკებული და ნისლიან ალბიონზე გადაბარგებაზე უარი თქვა.

“მანჩესტერ იუნაიტედზე” უარი 2013 წელს ვთქვი, ვინაიდან “რეალთან” უკვე ვიყავი შეთანხმებული. ეს იყო უარის თქმის ერთადერთი მიზეზი. “მანჩესტერ იუნაიტედი”, რა თქმა უნდა, ფანტასტიური გუნდია. “ოლდ ტრაფორდზე” მუშაობას ნებისმიერი მოისურვებდა, მაგრამ მე იმხანად “რეალთან” ვიყავი მოლაპარაკებული”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს “დეილი მეილი”.

საბოლოო ჯამში, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დევიდ მოიესს ანდეს, რომელმაც აღნიშნულ პოზიციაზე ცხრა თვის განმავლობაში იმუშავა.

ანჩელოტი: “ატლეტიკოსა” და “ბარსელონაში” არასდროს ვიმუშავებ”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსთან” გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

“ჩემს გუნდებსა და “ატლეტიკოს” შორის გამართული ყველა მატჩი მძიმე გამოვიდა და ახლაც ასე იქნება. იმედი მაქვს, რომ “ვისენტე კალდერონზე” გავიმარჯვებთ, ეს ვერც “ჩელსიში” და ვერც “რეალში” მუშაობის პერიოდში ვერ მოვახერხე.

“ბაიერნი” “ატლეტიკოს” გასული სეზონიდან კარგად იცნობს, ფეხბურთელებს ის მატჩები არ დაუვიწყებიათ. ჩავიბარებ თუ არა ოდესმე “ატლეტიკოს”? არა, “ატლეტიკოსა” და “ბარსელონაში” არასდროს ვიმუშავებ. ამ კლუბებს დიდ პატივს ვცემ, თუმცა “რეალში” ორწელიწადნახევარი გავატარე და ასეთ ნაბიჯს არ გადავდგამ”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Football Italia.

“ატლეტიკოსა” და “ბაიერნს” შორის პირველი მატჩი 28 სექტემბერს, მადრიდში გაიმართება.

ანჩელოტის ინგლისში დაბრუნება სურს

კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე სამწვრთნელო კარიერის განახლებას არ აპირებს. იტალიელმა სპეციალისტმა იქვე ისიც აღნიშნა, რომ ინგლისში დაბრუნების წინააღმდეგ არ არის, სადაც 2009-დან 2011 წლამდე ლონდონის “ჩელსის” თავკაცობდა.

“ჩემთვის მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი კლუბის პოვნა. საუკეთესო ვარიანტი ინგლისში დაბრუნება იქნება, თუმცა ამ სეზონში მუშაობის განახლებას არ ვგეგმავ. ახალი კლუბის მოძებნას მომავალი სეზონისთვის ვაპირებ. აუცილებელი არ არის, რომ ეს კლუბი ინგლისური იყოს.

რაც შეეხება “ჩელსის”, ეს გუნდი უმაღლეს დონეზე დაბრუნდება. ფეხბურთელებმა ცოტა კი დაკარგეს საკუთარი თავის რწმენა, მაგრამ ჟოზე მოურინიო ამ დაბრკოლებას გადალახავს”, – ანჩელოტის კომენტარი BBC-მ გამოაქვეყნა.

 

ფერგიუსონმა ანჩელოტი შეაქო

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა კარლო ანჩელოტის შესახებ ისაუბრა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა ანჩელოტი ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მოიხსენია.

“ანჩელოტი ჩემი მეგობარი და ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვინც კი ოდესმე მინახავს. იგი დიდებული პიროვნებაა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე განაახლებს სამწვრთნელო მუშაობას. ასეთი ადამიანები უსაქმოდ დიდი ხნით არ რჩებიან.

ჩვენი შეხვედრებიდან საუკეთესო მოგონება 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, როდესაც ჩვენ ტურინში “იუვენტუსი” დავამარცხეთ.

კარლომ ევროთასებზე საუცხოო შედეგი აჩვენა როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა. ბევრი ვერ დაიკვეხნის ასეთი მიღწევებით”, – ფერგიუსონის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

 

“ბაიერნი” ანჩელოტის დაუკავშირდა

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი დამდეგ ზაფხულს შესაძლოა, მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნოს.

ბავარიული კლუბი უკვე დაუკავშირდა იტალიელს და შესაძლო თანამშრომლობა შესთავაზა.

გერმანული წყაროების ცნობით, “ბაიერნის” პრიორიტეტად კვლავ ხოსეპ გვარდიოლა რჩება, რომელსაც საკმაოდ სარფიან კონტრაქტს უმზადებენ. თუ ესპანელი სპეციალისტი მაინც მოისურვებს მიუნხენიდან აბარგებას, მეორე ვარიანტად სწორედ ანჩელოტის კანდიდატურა განიხილება. იტალიელ სპეციალისტთან კავშირზე სწორედ ის აგენტი გავიდა, რომელიც 2012 წელს გვარდიოლასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.