პედრო: “მესის შეჩერება ძალიან გაგვიჭირდება”

ლონდონის “ჩელსის” ესპანელმა ნახევარმცველმა, პედრომ,”ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის ეგიდით გასამართ მატჩზე ისაუბრა.

“საბედნიეროდ, ძველ ფორმაში დაბრუნება შევძელით და ჩვენს შესაძლებლობებში სრულად დარწმუნებულები ვართ. ასეთი დონის მატჩში წარმატების მისაღწევად თვითრწმენა აუცილებელი რამ არის.

რა თქმა უნდა, ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ თამაში უცნაური და ამავდროულად სასიამოვნოც იქნება. იქ ბევრი მეგობარი მყავს, რომლებთან ერთადაც დიდ დროს ვატარებდი.

რაც შეეხება მესის, ის კვლავ დიდებულ ფეხბურთს აჩვენებს. არ ვიცი, ისეთი რა ვთქვა, რაც აქამდე არ მითქვამს. მას მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია, მესის შეჩერება წარმოუდგენლად რთული იქნება,” – აცხადებს პედრო.

კონტეს აგენტმა იტალიელი სპეციალისტის მომავალზე ისაუბრა

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს აგენტმა, ფედერიკო პასტორელომ პრესასთან თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონტეს კლუბის დატოვება არ სურს.

“კონტეს უკვე აქვს ნაკრებში მუშაობის გამოცდილება და თვლის, რომ მისი საქმე საკლუბო ფეხბურთი უფროა, ვიდრე სანაკრებო. ამასთანავე, მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, რაც ბევრს ნიშნავს.

ვფიქრობ, ის მომდევნო სეზონსაც “სტემფორდ ბრიჯზე” გაატარებს. კონტეს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2019 წელს ეწურება, მას კი, ნამდვილად არ უყვარს საქმის შუა გზაზე მიტოვება,” – აცხადებს პასტორელო.

კონტე: “ხელმძღვანელების დარწმუნება ტრანსფერების საჭიროებაში არ გამომდის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კლუბი მის სურვილებს არ იზიარებს. იტალიელმა სპეციალისტმა საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები გააკეთა, რითიც “ხელმომჭირნე” რომან აბრამოვიჩს გაჰკრა კბილი.

როდესაც კონტეს ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა რომელიმე სპეციალისტი არსებული რესურსის უკეთ გამოყენებას, მან განაცხადა:”არ ვიცი, ვერ გიპასუხებთ. როგორც წესი, ჩემი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს ვიღებ. მე მწვრთნელების იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც 6-ქულიან ფეხბურთელი 8-მდე აჰყავს, ხოლო რვაქულიანი ათქულიანამდე.

ჩემი მოვალეობა თითოეული მათგანის გაძლიერებაა, ყოველ ასპექტში – მათ შორის მენტალიტეტის მხრივაც. მე მათ ბრძოლის სურვილი უნდა ჩავუნერგო. ჩემი საქმე ესაა და ამას ძალიან კარგად ვაკეთებ. თუმცა ხელმძღვანელების დარწმუნება, რომ ტრანსფერები გვჭირდება, არ გამომდის.

ამ ასპექტში გასაუმჯობესებელი ბევრი მაქვს. სხვა მწვრთნელებისგან უნდა ვისწავლო, მათთან უფრო მეტი უნდა ვისაუბრო. უნდა მივბაძო იმ მწვრთნელებს, რომლებიც კლუბს ბევრს ახარჯვინებენ უმაღლესი დონის ფეხბურთელების ტრანსფერებში. ალბათ, ერთ-ერთი გზა ფეხბურთელების გაძლიერების შეწყვეტაა… დიახ, ეს ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ,” – აცხადებს კონტე.

კონტე: “ასეთ დროს კლუბს ვერ დავტოვებ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის კლუბის დატოვებას გეგმავს.

“კლუბის დატოვებაზე ერთი წუთითაც არ ვფიქრობ. “ჩელსის” წარმატებისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ამ დამოკიდებულებაში ეჭვი არასოდეს შემპარვია.

ფეხბურთში ხშირად მთავარი მწვრთნელის ბედს შედეგები წყვეტს. ჩვენს მიერ ნაჩვენები შედეგები კი ნამდვილად არასახარბიელოა. დიდი ყურადღება გვმართებს მომდევნო მატჩებში.

ხაზგასასმელია ფანების ფაქტორიც. ისინი მუდამ გვენდობიან და ჩვენი სჯერათ, ეს დამატებით მოტივაციას წარმოადგენს ჩვენთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მხარდაჭერა დავუფასოთ,” – აცხადებს კონტე.

კარიკატურა: “ჩელსის” ფეხბურთელები და მწვრთნელი ცირკის ჯამბაზების როლში

გუშინ ლონდონის “ჩელსი” ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში “უოტფორდთან” ანგარიშით, 1-4 განადგურდა.

ომარ მომანიმ ანტნიო კონტე, ოლივიე ჟირუ, ედენ აზარი და დავიდ ლუისი ცირკის მონაწილე ჯამბაზებს შეადარა.

 

კონტე სატრანსფერო პოლიტიკაზე: “ორი-სამი ფეხბურთელი უნდა იყიდო და არა რვა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ “არისტოკრატთა” ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა და წარუმატებლობის ძირითად მიზეზებზეც ისაუბრა.

“რეალისტები უნდა ვიყოთ და სწორად შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა – ოთხეულში მოხვედრისთვის ვიბრძვით. ერთიენები უნდა ვიყოთ და მომავალში, შესაძლებლობის შემთხვევაში ორი-სამი ფეხბურთელი უნდა დავიმატოთ და არა – რვა.

წარმატების საწინდარი კარგი გუნდია, რისთვისაც 16 ფეხბურთელია საჭირო. გასულ ზაფხულს რვა ფეხბურთელი ვიყიდეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდში ბირთვი, საფუძველი არ არსებობდა.

ბოლო წლებში მნიშვნელოვანმა ფეხბურთელებმა დაგვტოვეს. მოთმინება და რწმენა გვმართებს. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენს გზას გავყვეთ,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

ამ დროისთვის “ჩელსი” 50 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და ორი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ “ტოტენჰემს”.

კარიკატურა: ორი L ჟირუს – ფრანგმა ერთ ტურში ორჯერ წააგო

ოლივიე ჟირუს ყოფილმა გუნდმა, ლონდონის “არსენალმა” 25-ე ტურში “სუონსისთან” ანგარიშით, 1-3 წააგო სტუმრად.  ამ დროს ფრანგი თავდამსხმელი ჯერ კიდევ “მეთოფე” იყო. თუმცა, შემდეგ ტრანსფერი განხორციელდა და ის “ჩელსიში” გადავიდა. ჟირუს ახალმა კლუბმა იმავე ტურში 0:3 წააგო “ბორნმუთთან”.

ომარ მომანიმ შენიშნა, რომ ოლივიეს ერთ ტურში ორი წაგება აქვს.

 

ედინ ჯეკო: “ჩელსის” ინტერესი რეალური და ძალიან სასიამოვნო იყო”

“რომას” ბოსნიელი თავდამსხმელი, ედინ ჯეკო ადასტურებს ცნობებს, რომლის მიხედვითაც, ლონდონის “ჩელსი” მისი ტრანსფერით იყო დაინტერესებული. როგორც იცით, ეს ტრანსფერი ჩაიშალა “ჩელსიმ” საბოლოო ჯამში ჯეკოს ნაცვლად ოლივიე ჟირუ დაიმატა.

“მართალია, რომ ჩვენს შორის გარკვეული სახის მოლაპარაკებები არსებობდა, თუმცა ეს ყველაფერია, რისი თქმაც შემიძლია. “ჩელსი” ის კლუბია, რომელიც ძალიან მომწონს და ბუნებრივია, მათი ინტერესი ჩემდამი ძალიან სასიამოვნო იყო.

ბოლო კვირების მანძილზე ძალიან ბევრს საუბრობდნენ “რომადან” ჩემს წასვლაზე, მაგრამ, როგორც ხედავთ, მე კვლავ აქ ვარ. რომი უკვე ჩემი სახლია და აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ.

ჩემი ორივე შვილი, უნა და დანი რომში დაიბადა და სწორედ აქ ვეზიარე მამობის სიამოვნებას. რომი უკვე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და წასვლას არ ვგეგმავ,” – აცხადებს ჯეკო.

ტიერი ანრი ოლივიე ჟირუს ტრანსფერს გამოეხმაურა

ლონდონის “არსენალის” ლეგენდა, ტიერი ანრი თავისი თანამემამულის, ოლივიე ჟირუს ტრანსფერს გამოეხმაურა. როგორც იცით, ჟირუ “ემირეიტსზე” გატარებული 6 წლის შემდეგ “ჩელსისთვის” გაიტანს გოლებს.

“ძალიან უცნაური იქნება მისი ლურჯ ფორმაში ხილვა, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ნაკრების მაისურს თუ არ გავითვალისწინებთ. მე მას მუდამ თეთრ-წითელ მაისურში წარმოვიდგენდი.

ყველას ძალიან კარგად ესმოდა, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა. ამაში, ბუნებრივია, ჟირუს ვერ დავადანაშაულებთ, ეს უფრო მოტივაციისა და სათამაშო დროის დაკარგვის ბრალია.

მჯერა, რომ ჟირუ კარიერის “ჩელსიში” გაგრძელებაზე არ ფიქრობდა. უბრალოდ, ახლა მისთვის მთავარი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა, რისთვისაც მას სათამაშო დრო სჭირდება. იმედია, ფანები მასზე ცუდს არ იტყვიან, რადგანაც ის ამას არ იმსახურებს,” – აცხადებს ანრი.

“ჩელსიმ” “არსენალთან” ოლივიე ჟირუს ტრანსფერი შეათანხმა

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა თანაქალაქურ “არსენალთან” ოლივიე ჟირუს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ამ ინფორმაციას Telegraph და Guardian ადასტურებს.

ბრიტანული ტაბლოიდების ცნობით, “არისტოკრატებს” ფრანგი შემტევის ტრანსფერი სულ რაღაც 18 მილიონი ფუნტი დაუჯდა და 31 წლის ჟირუმ უკვე შეათანხმა ტრანსფერის ყოველი დეტალი კლუბთან.

გეტყვით იმასაც, რომ ჟირუს გაფორმებისთანავე, “ჩელსი” მიში ბატშუაის დორტმუნდის “ბორუსიაში” გაუშვებს. გერმანული კლუბი კი თავის მხრივ, პიერ-ემერიკ ობამეიანგს მიჰყიდის “არსენალს”.

მიმდინარე სეზონში ჟირუმ 24 მატჩი ჩაატარა “არსენალის” რიგებში (10 მათგანი სასტარტოდან დაიწყო) და შვიდი გოლი გაიტანა.

კონტე: “დიდი სიამოვნებით დავიმატებდი ფეხბურთელებს, მაგრამ მე მწვრთნელი ვარ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ გუნდში ახალი ფეხბურთელების მიყვანის მომხრეა თუმცა, ეს მისი გადასაწყვეტი არ არის.

“ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ამ კლუბის ფეხბურთელებთან მუშაობას გავაგრძელებ. ბედნიერი მაქვს, რომ ჩემი საქმის კეთების საშუალება მეძლევა. დიდი სიამოვნებით მივიღებდი რამდენიმე ახალწვეულს.

ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ – მე მწვრთნელი ვარ და ჩემი საქმე არსებული რესურსის მაქსიმალურად გამოყენებაა. ფეხბურთელებს გაძლიერებასა და განვითარებაში უნდა დავეხმარო.

რაც შეეხება ბარკლის, მას დრო სჭირდება გამოსაჯანმრთელებლად,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი, რომელსაც “არისტოკრატ” ჩინოვნიკებთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს.

ჯეკო “ჩელსიში” გადასვლაზე უარს აცხადებს

“რომას” თავდამსხმელის, ედინ ჯეკოს ტრანსფერი ლონდონის “ჩელსიში” ჩაშლის პირასაა. ამ ინფორმაციას წამყვანი ბრიტანული და იტალიური გამოცემები ადასტურებენ.

როგორც ცნობილი ხდება, გუნდებმა ერთმანეთში შეთანხმებას მიაღწიეს. მხარეებმა ემერსონ პალმიერის ტრანსფერზეც მიაღწიეს შეთანხმება. მაგრამ თავად ბოსნიელმა ფეხბურთელმა კატეგორიული უარი განაცხადა “ჩელსიში” გადასვლაზე.

პრესის ცნობით, ედინ ჯეკო მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდება “არისტოკრატთა” რიგებში გაწევრიანებას, თუ ლონდონელები 31 წლის ფეხბურთელს ორწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ.

გეტყვით იმასაც, რომ ამ ორ ტრანსფერში ინგლისელები 60 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.