მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს პირადი ცხოვრების შესახებ ბოლო პერიოდში პრესაში უამრავი ინფორმაცია ჩნდება. მის მიმართ არც აქამდე იყო ნაკლები ინტერესი, თუმცა მას შემდეგ, რაც პორტუგალიელი ვარსკვლავი ირინა შეიკს დაშორდა, რონალდუს ხან ვისთან აკავშირებენ, ხანაც – ვისთან. როგორც ჩანს, “რეალის” ლიდერს ეს ყველაფერი მობეზრდა და საკუთარ ფანებს ვიდეოს მეშვეობით მიმართა:
“გამარჯობა, ფანებო. ეს გზავნილი თქვენთვის არის. მადლობას გიხდით ამ წლის განმავლობაში მხარდაჭერისთვის. რთული წელი იყო, თუმცა თქვენ მუდამ ჩემთან ერთად იყავით. თქვენ ჩემ მიმართ ერთგულება გამოავლინეთ. მე აქ ვარ, ვისვენებ. ჩემი ბიჭიც აქვეა, აუზში.
ამ ვიდეოს გადაღება გადავწყვიტე. არ ვიცი, რატომ და ნუ მკითხავთ ამას. პრესისთვის არასდროს ვსაუბრობ. ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ არ ვსაუბრობ, მაგრამ მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გითხრათ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პრესა ჩემ შესახებ ტყუილებს ავრცელებს. წერენ, რომ მე ახალი გელფრენდი მყავს, დღიდან დღემდე წერენ, რომ ხან რას ვაკეთებ, ხან – რას. შემეშვით.
ნება მომეცით, ვაკეთო ის საქმე, რასაც ყოველწლიურად ვაკეთებ. ნუ ეცდებით, ჩემს იმიჯს ზიანი მიაყენოთ, რადგან ეს არ გამოგივათ. ეს გზავნილი თქვენთვის არის. ჩვენ ერთად ვართ დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე. დიდი მადლობა, ბიჭებო”.