პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფალურ ფინალზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
— გამოტყდით: როდესაც მოედნიდან საკაცით გაგიყვანეს, გჯეროდათ, რომ მატჩი თქვენი ტრიუმფით დასრულდებოდა?
— იმ დროს შესამჩნევი იყო, რაოდენ დამწუხრებული ვიყავი. ცრემლები თავისთავად წამსკდა თვალებიდან. გავიფიქრე, რომ აქ ყველაფერი დასრულდა. ფრანგებმა მატჩი კარგად დაიწყეს და რამდენიმე მომენტში სასწაულებრივად გადავურჩით გაშვებულ გოლს. შემდეგ ასეთი სამწუხარო ფაქტი შემემთხვა. თამაშის გაგრძელებას მაქსიმალურად ვცდილობდი, მაგრამ მივხვდი, რომ არ შემეძლო და შეცვლა ვითხოვე.
— როგორც აღმოჩნდა, ამან გუნდზე დადებითად იმოქმედა…
— სათადარიგოთა სკამიდან მეც ასე მომეჩვენა. პირველ რიგში, ჩვენი თამაში უფრო არაპროგნოზირებადი გახდა. ფრანგებმა არ იცოდნენ, ყველაზე დიდი ყურადღება რომელი ფეხბურთელისთვის დაეთმოთ. გოლიც იმისგან მიიღეს, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად მოელოდნენ – შეცვლაზე შემოსული ედერისგან. დიდებული დარტყმა გამოუვიდა, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მას დარტყმის საშუალება მისცეს. მეორე რიგში, ჩემი ტრავმის შემდეგ ფეხბურთელებმა მეტი მობილიზება მოახდინეს და ერთ მუშტად შეიკრნენ.
— ნაწყენი ხართ დიმიტრი პაიეზე, რომელმაც დაგამტვრიათ?
— არა, არ ვარ ნაწყენი. მატჩის შემდეგ დედაჩემმა გამარჯვება მომილოცა და თან მითხრა, რომ იმ მომენტში მზად იყო, პაიესთვის თავი გაეჩეჩქვა. დედამ იფიქრა, რომ პაიემ ტრავმა განზრახ მომაყენა.