ჟორჟე მენდეშის კომპანიამ რონალდუსა და “პსჟ”-ს შორის მოლაპარაკება უარყო

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ და “პარი სენ-ჟერმენი” მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ. ამის შესახებ პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტის, ჟორჟე მენდეშის კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა.

“ეს სრული აბსურდია”, – აღნიშნა მენდეშის კომპანიის თანამშრომელმა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “ვოლფსბურგთან” გამართული მატჩის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ პარიზში “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის შეხვდა.

 

“რეალმა” რონალდუს ჰეთთრიკით “ვოლფსბურგი” გაანადგურა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალისა” და “ვოლფსბურგის” წყვილში საბოლოო გამარჯვება ესპანელებს დარჩათ. როგორც მოგეხსენებათ, პირველი მატჩი გერმანელებს 2:0 ჰქონდათ მოგებული, თუმცა “სამეფო კლუბმა” ამ სხვაობის აღმოფხვრა საპასუხო შეხვედრის საწყის 17 წუთში შეძლო: კრიშტიანუ რონალდუმ მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა, მე-17 წუთზე კი უპირატესობა გაზარდა. მეორე ტაიმში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჰეთთრიკი გაიფორმა და “რეალს” საბოლოო გამარჯვება მოუტანა – 3:0.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
საპასუხო მატჩი
“რეალი” — “ვოლფსბურგი” 3:0 (2:0)

გოლები: რონალდუ 15′, 17′, 77′.
გაფრთხილებები: რონალდუ 80′ — არნოლდი 45+2′, ლუის გუსტავო 76′, დანტე 85′, ვიეირინია 90+1′.
მთავარი მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).

რონალდუ: “ახალი გამოწვევისთვის ძალებს ვიღდგენ” (ფოტო)

პორტუგალიის ნაკრების ლიდერი ბულგარეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის შემდეგ ძალებს იღდგენს. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიაში წუხელ გამართული ეს ამხანაგური მატჩი ბულგარელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. რონალდუმ შეხვედრა სრულად ჩაამთავრა. პორტუგალიელები 29 მარტს უკვე ბელგიელებს მიიღებენ.

“ახალი გამოწვევისთვის ძალებს ვიღდგენ”, – დაწერა სოციალურ ქსელში კრიშტიანუ რონალდუმ და წარწერას ფოტოც დაურთო.

CR7 training

რონალდუმ, ბენზემამ და ბეილმა პრიმერადივიზიონში 2013 წლიდან 200 გოლი გაიტანეს

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 30-ე ტურში მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “სევილია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა. გოლები კარიმ ბენზემამ, კრიშტიანუ რონალდუმ, გარეტ ბეილმა და ხესემ გაიტანეს.

ამრიგად, მას შემდეგ, რაც ბეილი “რეალში” გადავიდა, ანუ 2013 წლიდან, “სამეფო კლუბის” შემტევმა ტრიომ პრიმერადივიზიონში 200 გოლი გაიტანა. კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე 107 გოლია, კარიმ ბენზემამ 50 ბურთი გაიტანა, ბეილმა კი მეტოქე 43-ჯერ დაამწუხრა.

 

რონალდუს უნიკალური მიღწევა

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ “სამეფო კლუბის” რიგებში 350-ე გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა ევროპელ ფეხბურთელებს შორის ამ რაოდენობის გოლის გატანა ყველაზე მოკლე პერიოდში მოახერხა. რონალდუმ 350 გოლი 335 მატჩში გაიტანა.

სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, 1937-45 წლებში პრაღის “სლავიას” ფეხბურთელმა იოზეფ ბიცანმა 395 გოლის გატანა 217 მატჩში მოახერხა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რონალდუმ ესპანეთის პრიმერადივიზიონში 250 გოლი ყველაზე მოკლე პერიოდში გაიტანა.

 

Sport.es: “რეალი” კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვას 60 მილიონად აპირებს

ესპანური სპორტული პორტალი Sport.es იუწყება, რომ მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდის “გაცხრილვას” აპირებს.

კერძოდ, “სამეფო კლუბი” ათიოდე ფეხბურთელთან შელევას გეგმავს, რომელთა შორის კრიშტიანუ რონალდუ და სერხიო რამოსიც არიან. 31 წლის პორტუგალიელის გაყიდვას 60 მილიონ ევროდ, ხოლო სერხიო რამოსის 25 მილიონ ევროდ აპირებენ. შეგახსენებთ, რომ ესპანელი მცველით “მანჩესტერ იუნაიტედი” იყო დაინტერესებული.

გარდა ამისა, გუნდი შესაძლოა, დანილუმ, ალვარო არბელოამ, კაზემირუმ, ისკომ, ტონი კროოსმა, ხამეს როდრიგესმა და ხესე როდრიგესმა დატოვონ.

 

რონალდუ სისწრაფის შენარჩუნების მიზნით წონას იკლებს

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ უმაღლეს დონეზე წარმატებულად თამაშის გაგრძელების მიზნით საკუთარ დიეტასა და ფიზიკურ მომზადებაში ცვლილებები შეიტანა.

კერძოდ, 31 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ახალი დიეტის წყალობით 2015 წლის იანვრიდან კუნთოვანი მასის ორი კილოგრამი მოიკლო, თუმც ნავარაუდევი იყო, რომ 30 წლის შემდეგ რონალდუ ყოველწლიურად ერთი კილოგრამით დაიკლებდა.

შემცირებული კუნთოვანი მასა ფეხბურთელს მოქნილობასა და სისწრაფის შენარჩუნებაში დაეხმარება. ახლა კრიშტიანუ რონალდუ 78 კილოგრამს იწონის და აპირებს, რომ კუნთოვანი მასა კიდევ მოიკლოს.

 

რონალდუ: “ადრე თუ გვიან, დიდ კინოში ვითამაშებ”

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მისთვის კინომსახიობის ამპლუაში ძალების მოსინჯვა საინტერესო იქნებოდა.

“რატომაც არ შეიძლება, რომ ძალები ჰოლივუდის ფილმში მოვსინჯო? ჯერჯერობით ამას მიზნად არ ვისახავ, მაგრამ შემოთავაზებები უკვე მივიღე. ჩემი დღევანდელი ცხოვრების წესთან ეს რთული შესათავსებელია, თუმცა სამომავლოდ საინტერესო იქნებოდა.

ვფიქრობ, რომ ვერც მთავარ და ვერც მეორეხარისხოვან როლს ვერ გავუმკლავდები. შესაძლებელია, რომ ეპიზოდური როლი შევასრულო. მიყვარს სწავლის პროცესი, სამსახიობო ოსტატობას კი მხოლოდ კარგი მსახიობების გარემოცვაში დაეუფლები. სამსახიობო ნიჭით ვერ დავიკვეხნი, თუმცა თუ მოვინდომებ, შესაძლებელია, უნარები დავხვეწო.

ვთვლი, რომ მსახიობის საქმე დიდად განსხვავდება ფეხბურთელის სამუშაოსგან. მსახიობობა ლამაზი და რთული პროფესიაა. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, დიდ კინოში ვითამაშებ. დავიწყებ პატარა როლებით, გამოცდილებას დავაგროვებ და მერე ვნახოთ”, – რონალდუს კომენტარი ესპანურმა გამოცემა “ასმა” გამოაქვეყნა.

 

ზიდანი: “მესი თუ რონალდუ? კრიშტიანუ საუკეთესოა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის თვლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად.

“მესი თუ რონალდუ? კრიშტიანუ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა.
მასზე ბევრს ლაპარაკობენ, თუმცა სინამდვილეში მას კეთილი გული აქვს და კარგი ადამიანია.
მესი მისი კონკურენტია და ეს მეტოქეობა ფეხბურთისთვის კარგია. სწორედ ამის ხილვა სურს ხალხს ფეხბურთში”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს “მარკა”.

 

“რეალს” ბეილზე მეტად რონალდუს ტრანსფერი უფრო ძვირი დაუჯდა

როგორც აღმოჩნდა, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” მადრიდის “რეალში” კრისტიანუ რონალდუს ტრანსფერი ყველაზე ძვირადღირებულად რჩება.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა “სამეფო კლუბში” გარეტ ბეილის ტრანსფერის ფინანსური დეტალები.

ხელშეკრულების თანახმად, მადრიდელებმა უელსელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება რამდენიმე ნაწილად გაყვეს. ესპანელები “ტოტენჰემ ჰოთსპურს” ამ თანხის ბოლო ნაწილს დამდეგ ზაფხულს ჩაურიცხავენ. საერთო ჯამში კი, “რეალს” ბეილის გადმობირება 99 743 542 ევრო დაუჯდა.

რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერს, ოფიციალური მონაცემების თანახმად, “რეალმა” პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 97 მილიონი ევრო გაიღო, თუმცა ეს თანხა სამ ნაწილად გაიყო.

“მარკას” ცნობით, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის განხორციელებისთვის “რეალმა” თავის დროზე სესხი აიღო. შესაბამისად, გადასახდელი პროცენტების გათვალისწინებით, “სამეფო კლუბს” პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერი 104,7 მილიონი ევრო დაუჯდა.

 

“რეალმა” რონალდუს მაროკოში ხშირი ვიზიტები აუკრძალა

მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს მაროკოში მეგობართან რეგულარული ვიზიტები კლუბის მიერ აეკრძალა.

პორტუგალიური გამოცემა A Bola წერს, რომ “ბლანკოსის” ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს მაროკოში ხშირი ვიზიტების შეწყვეტა მოსთოვა, რათა გუნდის დისციპლინა დაცულ იქნეს და “რეალის” იმიჯი არ შეილახოს.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელი მაროკოში თავის მეგობარს ხვდება და ჩრდილოეთ აფრიკის ამ ქვეყანაში საკმაოდ თავზეხელაღებულ ცხოვრებასაც ეწევა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა რონალდუ მაროკოში პირდაპირ ვარჯიშის შემდეგ წასულა.

 

მესისა და რონალდუს კარიერის განმავლობაში ჯამში 1000-მდე გოლი აქვთ გატანილი

“ბარსელონას” თავდამსხმელ ლიონელ მესისა და მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს ერთად კარიერის განმავლობაში დაახლოებით 1000 გოლი აქვთ გატანილი.

თუ უფრო დავაკონკრეტებთ, მესიმ დღემდე 608 შეხვედრა ჩაატარა და 479 გოლი გაიტანა. რონალდუს კი კარიერის მანძილზე ჩატარებულ 771 მატჩში 516 გატანილი ბურთი აქვს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ კარიერა ლისაბონის “სპორტინგში 2002/03 წლების სეზონში დაიწყო. რაც შეეხება მესის, მას “ბარსელონაში” დებიუტი ორი წლის შემდეგ ჰქონდა.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა 25 გოლი გაიტანა, არგენტინელმა კი – ოთხით ნაკლები.