რონალდუ ალვესს: “მოეშვი ამ იდიოტობას და აიღე მაგალითი ინიესტასგან”

Libertad Digital-ის ცნობით, მადრიდის “რეალის” ლიდერმა “ბარსელონას” მცველ დანიელ ალვესს იდიოტი უწოდა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კატალონიური გუნდის მცველს ასე “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე მიმართა.

“სოციალურ ქსელებში იდიოტურ გამოხდომებს მოეშვი. ასე შეცდომას უშვებ და ორ კლუბს შორის ურთიერთობას ძაბავ. მოეშვი “რეალზე” საუბარს და საკუთარ თავზე ილაპარაკე. შენ გვერდით ანდრეს ინიესტას სახით ნამდვილი სპორტსმენი და რაინდი თამაშობს. აიღე მაგალითი მისგან”, – წყაროს თანახმად, სწორედ ასე მიმართა რონალდუმ დანი ალვესს.

კრიშტიანუ რონალდუს გულისწყრომა დანი ალვესის კომენტარმა გამოიწვია. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “ელ კლასიკოს” შემდეგ რონალდუ ეგოცენტრიზმში დაადანაშაულა და თქვა, რომ პორტუგალიელი თავდამსხმელი მარცხს საკუთარი თავის გარდა ყველას აბრალებს.

 

„ოქროს ბურთი 2015“ — ვის ერგო ქართველთა ხმები

როგორც მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ ვის ერგო ქართველთა ხმები.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“, პოლონეთი).

საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას ხმები ასე გადანაწილდა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანია).

საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 3. ლუის სუარესი („ბარსელონა“, ურუგვაი).

 

დღეს “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია შედგება

დღეს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში “ოქროს ბურთის” 2015 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

გამოკითხვაში ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

“ოქროს ბურთისთვის” “ბარსელონას” თავდამსხმელები ლიონელ მესი და ნეიმარი და მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ იბრძვიან. შეგახსენებთ, რომ მესის ეს ჯილდო ოთხჯერ აქვს მოგებული, რონალდუს კი – სამჯერ.

გარდა ამისა, გამოვლინდება წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა, წლის სიმბოლური გუნდი, 2015 წლის საუკეთესო გოლი და წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი.

სპორტულ პორტალ Goal.com-ისთვის ცნობილი გახდა, რომ წლის სიმბოლურ გუნდში პოლ პოგბა იქნება.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

რა ფუნქციები დაეკისრება ზიდანის თავკაცობის პერიოდში რონალდუს?

მადრიდის “რეალის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა ფუნქციები დაეკისრება მისი თავკაცობის პერიოდში გუნდის ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს.

“რონალდუ ფლანგზე ითამაშებს, თუმცა გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვა არ ექნება. იგი, რა თქმა უნდა, კვლავ გააგრძელებს საჯარიმო დარტყმების შესრულებას.
რონალდუ გუნდის სულია და სანამ აქ ვიქნები, იგი არსად არ წავა.
მე მას გარკვეული მითითებები მივეცი, თუმცა მისი სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. მხოლოდ ის მინდა, რომ კრიშტიანუმ თავი ბედნიერად იგრძნოს”, – ზიდანის კომენტარი “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

 

პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

ესპანური პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის უნდა გადაეცეს “ოქროს ბურთი”. შეგახსენებთ, რომ ჯილდოზე წარდგენილნი არიან ლიონელ მესი, ნეიმარი და კრიშტიანუ რონალდუ.

“ჩემი აზრით, “ოქროს ბურთს” მესი მოიგებს. თავად რონალდუც აღიარებს, რომ დღესდღეობით მას მესი სჯობია”, – აღნიშნა ტებასმა.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 11 იანვარს ჩატარდება.

 

დავიდსი: “მესი ანომალიაა, რონალდუ – უბრალოდ სპორტსმენი”

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ედგარ დავიდსმა “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა შესახებ ისაუბრა.

“მესი ანომალიაა. მას შეუძლია დრიბლინგი, გოლების გატანა, გადაცემის გაკეთება. მას თავისებური ხედვა აქვს, ესმის ფეხბურთი.

კრიშტიანუ რონალდუ უბრალოდ სპორტსმენია. იგი ძალიან ბევრს შრომობს, მაგრამ შესაძლებელია თუ არა ბევრი მუშაობით მესის დამარცხება? არა, ეს შეუძლებელია. შესაძლებელია თუ არა, გახდე ისეთი, როგორიც არის რონალდუ? დიახ, გარკვეულწილად ეს შესაძლებელია.

ნეიმარი ჯერ მზად არ არის იმისთვის, რომ მესი და რონალდუ შეცვალოს, თუმცა თითქმის იმავე დონეზეა”, – განაცხადა დავიდსმა FIFA TV-ს ეთერში.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 11 იანვარს ჩატარდება.

 

ბრავომ რონალდუს სასწაულებრივი ბურთი მოუხსნა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში “ბარსელონამ” გასვლაზე მადრიდის “რეალი” ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას “სამეფო კლუბის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს თავური დარტყმით გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა კატალონიელთა კიპერმა კლაუდიო ბრავომ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

 

ბექჰემი: “რონალდუ “რეალში” ბედნიერია, მაგრამ არასდროს თქვა არასდროს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა კრიშტიანუ რონალდუს ინგლისში შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ რონალდუ აქაურ ფანებს უყვარდათ. იგი არამარტო ნიჭიერი ფეხბურთელი, არამედ შრომისმოყვარეც გახლავთ. ხალხი ამას აფასებს.

როდესაც რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” პირველად გამოჩნდა, მას აქტიურად აკრიტიკებდნენ, მაგრამ არა კლუბის ფანები. რონალდუ განსაკუთრებულად თამაშობს. იგი ბევრს შრომობს, რაც ზოგიერთს უკვირს. სწორედ ეს სძენს მას ასეთ განსაკუთრებულობას.

რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” დიდებული პერიოდი გაატარა, წარმატებებს მიაღწია და შემდეგ მსოფლიოს კიდევ ერთ უდიდეს კლუბში, მადრიდის “რეალში” გადავიდა. ვფიქრობ, იგი მადრიდში ბედნიერია, მაგრამ არასდროს თქვა არასდროს. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში”, – ბექჰემის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

რონალდუ: “ოქროს ბურთს” მესი მოიგებს”

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა შანსებზე ისუაბრა. მისი თქმით, წლევანდელ “ოქროს ბურთს” ლიონელ მესი მოიგებს.

“ამ ტიტულის მფლობელის ვინაობა გამოკითხვის შედეგად ვლინდება და გამარჯვებული მესი იქნება. მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი.

ინდივიდუალური თვალსაზრისით, ალბათ, კარიერის საუკეთესო სეზონი მქონდა. ევროპაში ყველაზე მეტი გოლი გავიტანე.

მე და მესი ამ ტიტულს უკვე მერვე წელია ვინაწილებთ. ასეთი რამ მანამდე არ მომხდარა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ძველი მეგობრები ვართ, მაგრამ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს და ერთმანეთს პატივს ვცემთ.

მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ვფიქრობ, კიდევ მოვიგებ “ოქროს ბურთს”. მინდა, რომ კიდევ ვითამაშო ექვსი-შვიდი წელი და ვფიქრობ, გუნდური ტიტულების მოგება კვლავ შემიძლია. გუნდური ტიტულების გარეშე ინდივიდუალურ ჯილდოებს ვერ მოიგებ”, – რონალდუს კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, 11 იანვარს გაიმართება.

 

რონალდუ: “იგი საუკეთესო მწვრთნელია”

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ასეთად მისივე თანამემამულე ჟოზე მოურინიო მოიხსენია.

“საუკეთესო მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს ვთვლი და ამას ყოველთვის ვამბობდი.

იგი შესანიშნავი თავკაცია, სხვადასხვა კლუბებისთვის ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა და ბევრი ტიტულიც მოიგო.

ამჟამად ჩემი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი გახლავთ. მასთან თავს კარგად ვგრძნობ. გვინდა, მოვიგოთ ყველა ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას ვიღებთ”, – რონალდუს კომენტარი “დეილი მირორმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ და ჟოზე მოურინიო “რეალში” 2010-დან 2013 წლამდე თანამშრომლობდნენ.

 

რონალდუ: “მე ვარ საუკეთესო, მე ვარ ლეგენდა”

მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ საკუთარ თავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს და ამის თქმას არც ერიდება.

“არ მჭირდება იმის თქმა, რომ ფეხბურთის ისტორიაში უკვე შევედი. მე ვარ ლეგენდა. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს.

კიდევ უფრო გაუმჯობესება რთულია.

ჩემი აზრით, მე ვარ ყოველთვის საუკეთესო. არ მადარდებს, რას ფიქრობს და ამბობს ხალხი. ჩემი აზრით, არამხოლოდ წელს, არამედ ყოველთვის მე ვიყავი საუკეთესო.

პატივს ვცემ სხვების აზრს. შესაძლოა, თვლიდეთ, რომ მესი ჩემზე უკეთესია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მე მას ვჯობივარ”, – რონალდუს ეს კომენტარი BBC-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალის” ღირსებას 2008 წლიდან იცავს. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ 314 მატჩში 326 გოლი გაიტანა.

 

“პსჟ” რონალდუს ტრანსფერისთვის 100 მილიონს ამზადებს

უცხოურ პრესაში კვლავ ვრცელდება ინფორმაცია “პარი სენ-ჟერმენის” მხრიდან კრიშტიანუ რონალდუსადმი დაინტერესების შესახებ. გავრცელებული ცნობის თანახმად, პარიზელები ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “სამეფო კლუბს” 30 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი აცხადებს, რომ მისი კლუბი რონალდუს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, თუმცა იქვე დასძინა, რომ ასეთი მოლაპარაკების არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია გასაიდუმლოებული იქნებოდა.