საქართველო – ხორვატია 76:77. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ექსსიუგოსლავიური საკალათბურთო სკოლის ერთ-ერთ ძლიერ წამომაგდენელთან 1 ქულით, მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე მიღებული ბურთით წააგო. ეს ის შემთხვევაა, როცა მატჩის ბედს ერთი ბურთი წყვეტს. სამწუხაროდ, ეს ბურთი ხორვატებმა – კონკრეტულად კი ანტე ტომიჩმა ჩააგდო.
ზუსტად აღნიშნა მატჩის შემდეგ ხორვატთა მთავარმა მწვრთნელმა: „ეს ისეთი თამაში იყო, მოგებას ორივე გუნდი იმსახურებდაო. საბედნიეროდ, ჩვენ გაგვიმართლა და მოვიგეთ“. სწორედაც რომ გაუმართლათ ხორვატებს. მათმა მოთამაშეებმა 22 ცდიდან 11 სამქულიანი ჩააგდეს, საიდანაც გარკვეული წილი ისეთი იყო, რომლისგანაც თავს ვერ დაიცავ. ბოლო 2 წუთში დანტეი დრეიპერმა და დამირ მარკოტამ სწორედ ასეთი სამქულიანები ჩააგდეს, თუმცა ქართველებს მაინც ჰქონდათ მატჩის მოგების რეალური შანსი. ვიქტორ სანიკიძემ მატჩის დასრულებამდე 21 წამით ადრე უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და ქართველები 76:75 დააწინაურა. სწორედ ბოლო შეტევაში ჩააგდეს ხორვატებმა გამარჯვების ბურთი, რომლის შესახებაც თავში აღვნიშნეთ.
საქართველოს ნაკრები ისე საიმედოდ ვერ თამაშობდა დაცვაში, როგორც წინა მატჩში, პოლონეთთან. ქართველების პრობლემა ხორვატების შორის სროლები იყო, თუმცა ფარქვეშაც დამაჯერებლად თამაშობდნენ ხორვატები და თითქმის მთელი პირველი ტაიმი იგებდნენ – ხან 1-2, ხანაც 6-8 ქულით. ტაიმის მიწურულს ქართველებმა მოახერხეს ქულით დაწინაურება, რაც უმეტეს წილად რიკი ჰიკმანის 3 სამქულიანისა და რამდენიმე ზუსტი გარღვევის შედეგი იყო. აღსანიშნავია გიორგი შერმადინის დამაჯერებელი გარჯაც, რომელიც ანტე ტომიჩს გაქანების საშუალებას არ აძლევდა.
პირველი ტაიმი ხორვატებმა 1 ქულით მოუგეს, მესამე პერიოდიდან კი ამოქმედდა გიორგი ცინცაძე, რომელიც უმეტეს წილად საკუთარ თავზე იღებდა თამაშს და გარღვევებს თითქმის უშეცდომოდ აგვირგვინებდა. მესამე პერიოდი ქართველებმა 18:15 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ 2 ქულით – 52:50 დაწინაურდნენ.
ბოლო პერიოდი დრამატული გამოდგა. ქართველები ჰიკმანის 2-ქულიანის შემდეგ 54:50 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ ბოიან ბოგდანოვიჩის ჯერი დადგა, რომელმაც რამდენიმე ბურთი მიჯრით ჩააგდო, მას დრეიპერმაც აუბა მხარი და მატჩის დასრულებამდე 7,52 წუთით ადრე ხორვატები 57:56 დაწინაურდნენ. ბალკანელები მალე 5 ქულით გალიდერდნენ: დამირ მარკოტამ და დანტეი დრეიპერმა მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდეს.
შემდეგ იყო გიორგი ცინცაძის საპასუხო გარღვევები, რომელიც არ აძლევდა ხორვატებს წინ გაჭრის საშუალებას. სწორედ ცინცაძის მიერ ჩაგდებული სამქულიანის შემდეგ საქართველო კვლავ დაწინაურდა – 68:67 დასრულებამდე 2,50 წუთით ადრე. ამის შემდეგ ჩააგდეს დრეიპერმა, შემდეგ კი მარკოტამ ზემოთნახსენები სამქულიანები და საფინალო სირენამდე 1:41 წუთით ადრე ხორვატები 73:70 გალიდერდნენ.
შემდეგ ქართველები კარგად თამაშობენ დაცვაში და ცინცაძე ჯერ საჯარიმოს, შემდეგ კი ორქულიანს ადგებს – 73:73 დასრულებამდე 57 წამით ადრე. მალევე მანუჩარ მარკოიშვილი ტომიჩზე ჯარიმდება, რომელიც ორივე სროლას აგდებს და 38 წამით ადრე ბალკანელები 2 ქულით გადიან წინ. მატჩში ქართველებისთვის ყველაზე დრამატული მომენტიც ამ დროს მოხდა, როცა ვიქტორ სანიკიძემ ოქროს 3-ქულიანი ჩააგდო და დასრულებამდე 21 წამით ადრე საქართველო 76:75 დააწინაურა.
ბოლო წამები ქართველებისთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო, ანტე ტომიჩმა დრეიპერის პასი შეირგო და გარღვევა მარცხენა ხელით წარმატებით დააგვირგვინა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი