მოგეხსენებათ, მიმდინარე კვირას, „გალათასარაის“ ხელმძღვანელობამ გუნდის თავკაცი ფათიჰ თერიმი გაუშვა. ამის შემდეგ, ევროპულ პრესაში საკმაოდ საინტერესო ჭორები გავრცელდა. სხვადასხვა გამოცემების აზრით, თურქეთის მოქმედი ჩემპიონის შესაძლო მთავარ მწვრთვნელად ამ ეტაპზე ორი იტალიელი სპეციალისტი – რობერტო მანჩინი და რობერტო დი მატეო განიხლება.
ამის მიუხედავად, დღეს პრესამ მეტად საინტერესო ცნობა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, თურქულ გრანდს, შესაძლოა, სათავეში 35 წლის ფორვარდი დიდიე დროგბა ჩაუდგეს. „გალას“ ხელმძღვანელთა აზრით, დროგბას გუნდის თავკაცად ყოფნისთვის საჭირო გამოცდილება და თვისებები გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების სეზონის გამარჯვებული, „გალათასარაის“ ღირსებას მიმდინარე წლის იანვრის თვიდან იცავს.
ალექსანდრე მატევოსოვი