„დილამ“ თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა

გორის „დილამ“ 9 თებერვალს თურქულ შეკრებაზე ბოლო სპარინგ-მატჩი რუმინული ბუქარესტის „რაპიდის“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ჩვენმა გუნდმა უცხოური მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში 4 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. აქედან ორი ფრედ პოლონურ „იაგელონიასთან“ და გერმანულ „აურბახთან“ ერთნაირი ანგარიშით 1:1 დაასრულა, ხოლო ბოლო ორი დაპირისპირება გამარჯვებით დაასრულა. ჯერ შვეიცარიული „იანგ ბოიზი“, დღეს კი ბუქარესტის „რაპიდი“ მინიმალური ანგარიშებით 1:0 დაამარცხა.

ბუქარესტის „რაპიდი“ რუმინული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. დღევანდელ შეხვედრაში კი გორის „დილა“ თუ არ ჯობნიდა მეტოქეს, ტოლი მაინც არაფერში დაუდო. პიველმა ნახევარმა ჩვენი ფეხბურთელების უპირატესობით ჩაიარა და შეიქმნა რამოდენიმე ხელსაყრელი მომენტი. პირველი წუთები თანაბარი ბრძოლით მიმდინარეობდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უპირატესობა „დილას“ ფეხბურთელებმა იგდეს ხელთ. დასაწყისშივე გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე კვახაძემ თავისი გუნდის შეტევა წამოიწყო და ლუკა რაზმაძეს მოძებნა, რომელმაც გიორგი სეთურიძეს კარგი გადაცემა გაუკეთა. რომ არა რუმინელთა მეკარის კარგი თამაში ანგარიში დიდი ალბათობით გაიხსნებოდა. საწყის წუთებში გიორგი ხიდეშელმა თამაშის გაგარძელება ვეღარ შეძლო და ცვლილება მოითხოვა, მის მაგივრად კი ალან ბაგაევი შევიდა სათამაშოდ.

მე-15 წუთზე მოდებაძეს შეექმნა ძალიან კარგი მომენტი. კვეკვესკირმა ფლანგზე ხურცილავა მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მოდებაძემ ყველას დაასწრო, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
მე-18 წუთზე სახიფათო საჯარიმო ნიკა კვეკვესკირმა შეასრულა, რომლის დარტყმულიც ცოცხალ კედელში მყოფ ფეხბურთელს მოხვდა და მოედნის ფარგლები ისე დატოვა.

31-ე წუთზე რუმინელებმა ნიკულაიას სახიფათო დარტყმით უპასუხეს, რომელიც სომხიშვილმა ნახტომით მოიგერია. შემდეგ თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა და პირველი ნახევარი უცვლელად 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმის პირველი ნაწილი თანაბარი ბრძოლით მიმდინარეობდა. ჩვენი ფეხბურთელები ყველა მომენტში ბოლომდე ბრძოლობდნენ და მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ. 57-ე წუთზე გორელებმა გააზრებული შეტევა განახორციელეს, რომელიც ბოლოს ფალავანდიშვილის დარტყმით დასრულდა, რომელსაც მცველი გადაეფარა და გადაარჩინა საკუთარი გუნდი. სამ წუთში კი რუმინელების სახიფათოდ შესრულებული ჯარიმა სომხიშვილმა უპრობლემოდ აიღო. მეტოქის კიდევ ერთი შორეული დარტყმა კვლავ გიორგი სომხიშვილმა მოიგერია.

„რაპიდის“ ფეხბურთელებმა ყველაზე რეალური მომენტი 66-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში არეულობის შედეგად ერთ-ერთ რუმინელ ფეხბურთელს მიუვიდა და დარტყმული ხარიხას მოახვედრა. საპასუხო შეტევაზე კი მოდებაძეს მეკარემ სულ ოდნავ დაასწრო.

69’-ე წუთზე სლავკო მარიჩის ჩაწოდებული ბურთი მეკარემ გაჭირვებით მოიგერია. ბოლო ოცი წუთი უკვე მთლიანად ჩვენი ფეხბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა. ჯერ კვეკვესკირმა მცირედით ააცდინა მიზანს, შემდეგ კი თექთურმანიძემ ახლო მანძილიდან დაარტყა და რომ არა მცველის თავგანწირული თამაში გოლი გარდაუვალი იქნებოდა.

თამაშის მიწურულს ჩვენი ფეხბურთელები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ. 87-ე წუთზე ლაშა გვალიამ და ირაკლი მოდებაძემ მოედნის ცენტრში ბურთი კარგად გაითამაშეს, ამ უკანასკნელმა კი ფლანგზე შეტევაში ჩართულ დავით ხურცილავას გადაუგზავნა ბურთი, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში კარგად ჩააწოდა. რომან ახალკაცმა მეტოქეს დუელი მოუგო, თუმცა თავით ძლიერად დარტყმული მცველს მოხვდა.

90-ე წუთზე გორელმა ფეხბურთელებმა საწადელს მაინც მიაღწიეს. ორმა ახალწვეულმა ლეგიონერმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ამ ეპიზოდში. მარიჩის მიერ მოწოდებული კუთხური მცველებმა გამოიტანეს, ბურთი მოედნის ცენტრში გვალიამ მიიღო, რომელმაც კვლავ მარიჩს დაუბრუნა, ამ უკანასკნელმა კი ზუსტი და კარგი ჩაწოდებით ალან ბაგაევს, რომელმაც თავური დარტყმით საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანა და გუნდს ბოლო ამხანაგური სპარინგი მოგებით დაასრულებინა – 0:1.

ჩვენი გუნდი საქართველოსკენ გეზს 10 თებერვალს აიღებს და მეორე წრეს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალური პირველი დაპირისპირებით გახსნის, რომელიც გორში „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე 18 თებერვალს თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ გაიმართება.

მატჩის შემდეგ ჩვენი ვებ-გვერდისთვის რამოდენიმე ფეხბურთელს გავესაუბრეთ:

ალან ბაგაევი: „თამაში საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. მოედნის ცენტრში გარკვეულ უპირატესობას ვფლობდით. მეტოქე იყო საკმაოდ ძლიერი და კარგი გუნდი. მიხარია რომ ბოლო წუთებზე შევძელით გატანა. რაც შეეხება გოლს კარგი გადაცემა გამიკეთა სლავკო მარიჩმა და მე ისღა დამრჩენოდა ეს შანსი გამომეყენებინა.“

გიორგი სომხიშვილი: „ვიცოდით რომ საკმაოდ სერიოზულ გუნდთან გვქონდა თამაში. შეკრების ბოლო თამაში იყო და გვინდოდა რომ გამარჯვებით დაგვემთავრებინა. წინ საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მეორე წრე გველის. სეზონს თბილისის „დინამოსთან“ თასის პირველი 1/4 ფინალური დაპირისპირებით ვხსნით. ამ გამარჯვებას ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს და თითოეულ ფეხბურთელს.“

ირაკლი მოდებაძე: „საინტერესო შეხვედრა გამოდგა. ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი თამაში იყო ამ შეკრებაზე. ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა და „დინამოს“ თამაშის წინ საკმაოდ კარგი სპარინგი გამოგვივიდა. სასიხარულოა რომ ბოლო შეხვედრა გამარჯვებით დავასრულეთ.“

ლუკა რაზმაძე: „დინამოსთან“ მატჩის წინ ბოლო საკონტროლო მატჩი გავმართეთ. მეტოქე საკმაოდ სერიოზული გვყავდა. საერთოდ რუმინული გუნდები გამოირჩევიან ხისტი თამაშით და მადლობა ბიჭებს რომ ორთაბრძოლებში არაფერი დაუთმეს მეტოქეს და საკმნაოდ კარგი განწობა შევიქმენით სათასო დაპირისპირების წინ.“

დავით ხურცილავა: „მოწინააღმდეგე სერიოზული გვყავდა. ჩვენი მეტოქე დიდი ხანია რაც შეკრებილია და ვფიქრობ რომ მწვრთნელის დავალებები კარგად შევასრულეთ და საკმაოდ კარგი განწყობით ვბრუნდებით საქართველოში.“

„რაპიდი“ (ბუქარესტი) 0:1 „დილა“ (გორი)

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: სომხიშვილი, ხიდეშელი, კვახაძე, ჯაფარიძე, რაზმაძე, ხურცილავა, სეთურიძე, კვეკვესკირი, ფალავანდიშვილი, გორელიშვილი, მოდებაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ბაგაევი, მარიჩი, ახალკაცი, გვალია, თექთურმანიძე.
გოლი: ბაგაევი (90’) 0:1.

„დილას“ პრესსამსახური

გუგა ფალავანდიშვილი: „ვეცდებით გულშემატკივარს მადლობა ჩვენი კარგი თამაშით გადავუხადოთ“

XXVI ეროვნული ჩემპიონატის დასაწყისში გორის „დილაში“ საკმაოდ საინტერესო და ნიჭიერი ნახევარცველი გუგა ფალავანდიშვილი გამოჩნდა. თავიდანვე თავისი შრომისუნარიანობითა და თავდადებული თამაშით გულშემატკივრებში დიდი სიმპათია დაიმსახურა და იგი დღეს „დილას“ ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად მოიაზრება. მან ჩვენი ვებ-გვერდისთვის მცირე კომენტარი გააკეთა.

 

გუგა ფალავანდიშვილი: „კარიერა გაგრის საფეხბურთო კლუბში დავიწყე, სადაც ბავშვობის პერიოდში პაატა გოცირიძემ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს სწორად განვითარებაში. შემდეგ გადავედი თბილისის „დინამო 2“-ში, რომელსაც ჩვენი ამჟამინდელი თავკაცი უჩა სოსიაშვილი წვრთნიდა. უჩამ თავიდანვე გამომიცხადა ნდობა და სწორედ მისი დამსახურებაა ჩემი გორის „დილაში“ მოწვევაც. რაშიც მისი ძალიან დიდი მადლიერი ვარ.

გორის „დილა“ ჩემი პირველი უმაღლესი ლიგის გუნდი გახლდათ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო უჩა სოსიაშვილს ნდობისთვის და ვფიქრობ, რომ ვამართლებ ჩემდამი გამოცხადებულ ნდობას. მოვხვდი ძალიან კარგ გუნდში როგორც მწვრთნელების, ასევე ხელმძღვანელების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ჩვენს მიერ ჩატარებულ პირველ წრეს, ვთვლი რომ შედეგი დამაკმაყოფილებელია. რომ არა რამოდენიმე შეხვედრაში დასანანად დაკარგული ქულები, პირველ წრეს პირველ ადგილზე დავასრულებდით. ამჟამად გუნდი თურქეთში ნაყოფიერ შეკრებას გადის. ჩავატარეთ სამი ამხანაგური შეხვედრა და ჩემი აზრით, ამ მატჩებში ურიგოდ არ გვიასპარეზია. ამ ეტაპზე აქცენტი გადატანილია თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ვფიქრობ, რომ ეს შეკრება ნაყოფიერად ჩაივლის და გუნდი კვლავ ითამაშებს ლამაზ და გააზრებულ ფეხბურთს.

აქვე მინდა ჩვენს გულშემატკივრებს თანადგომისათვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომელსაც ისინი ჩვენს მიმართ იჩენენ და ამას ყველგან ვგრძნობთ. გორში თითოეული შეხვედრა ზეიმის ტოლფასია და ჩვენც ფეხბურთელებს გვინდა მადლობა გულშემატკივრებს კარგი და შედეგიანი თამაშით გადავუხადოთ.“

„დილას“ პრესსამსახური

„დილამ“ მესამე სპარინგში შვეიცარიულ „იანგ ბოიზთან“ იმარჯვა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა გორის „დილამ“ ტიტულოვანი „იანგ ბოიზი“ 1:0 დაამარცხა. ეს თურქულ შეკრებაზე მყოფი ჩვენი გუნდის პირველი გამარჯვებაა. შევეიცარიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ჩვენს გუნდს შერეული შემადგენლობით დაუპირისპირდა, გორელები კი თავის მხრივ მრისხანე მეტოქეს მაღალი მოტივაციითა და სრული ფიზიკური მზადყოფნით შეხვდნენ.

შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო. პირველივე წუთებიდან გორელებმა აგრესიული და შემტევი ფეხბურთი შესთავაზეს მეტოქეს. უკვე შეხვედრის მე-2 წუთზე მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, ერისთავისგადაცემით მოდებაძე აღმოჩნდა  ხელსაყრელ პოზიციაზე, თუმც შვეიცარიელთა მეკარემ გუნდის გადარჩენა ეფექტური თამაშით მოახერხა.

შეხვედრის მე-5 წუთზე თექთურმანიძემ მისსავე ნახევარზე ორთაბრძოლა მოიგო და ბურთო ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ მოდებაძეს გადააწოდა, რომელსაც ამჯერადაც  მეკარემ აჯობა.

მე-10 წუთზე „დილამ“ მორიგი ეფექტური იერიში წამოიწყო. მოედნის ცენტრში გათამასებული კომბინაციის შემდეგ, მარცხენა ფლანგზე ბურთი გიორგი ერისთავს მიუვიდა, რომელმაც შეტევაში კარგად ჩართული სამხარაძე მოძებნა, ვინც სწრაფადვე  ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ მოდებაძეს გაუკეთა გადაცემა, რომლის დარტყმულიც ძელმა აისხლიტა, ხოლო დამატებაზე თექთურმანიძემ ყველას დაასწრო და  შეხვედრაში ერტადერთი გოლი გაიტანა – 1:0. რაც ჩვენი გუნდის გამაჯვების წინაპირობად იქცა.

მე-14 წუთზე შვეიცარიელმა ფეხბურთელმა 30 მეტრიდან დაარტყა და ხარიხასის მეშვეობით ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა. პირველი ნახევრის შუა წელიდან შეხვედრა გათანაბრდა. ბურთი მეტწილად მოედნის ცენტრში მოძრაობდა. პირველი ტაიმის მიწურულს, გორელებმა სცადეს რამოდენიმე შეტევის განხორციელებმა. 44-ე წუთზე მოდებაძის შორეული დარტყმა ოდნავ აცდა მეტოქის კარს.

მეორე ნახევარში უჩა სოსიაშვილმა რამოდენიმე ცვლილებას მიმართა და მეორე ტაიმის მსვლელობის დროს „დილამ“ სახეცვლილი შემადგენლობით გააგრძელა თამაში. პირველი წუთები თანაბარი ბრძოლით მიმდინარეობდა. როგორც „დილა“ ასევე „იანგ ბოიზი“ შორეული დარტყმებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. 51-ე წუთზე მელქაძემ დაარტყა შორიდან, თუმცა არაზუსტად. 55-ე წუთზე მეტოქის ფეხბურთელებმა მარცხენა ფრთიდან მწვავედ შეგვიტიეს, თუმცა შვეიცარიელი ფეხბურთელის გადაცემას თანაგუნდელებიდან არავინ გამოეხმაურა.

65-ე წუთზე ჩვენს კართან სახიფათო საჯარიმო დაინიშნა, რომელიც მცირედით აცდამიგინეიშვილის კარს. მეორე ტაიმის მეორე ნახევრიდან „დილამ“ კვლავ მოუმატა ტემპს. შეხვედრის 71-ე წუთზე გორელიშვილმა მარცხემნა ფრთიდან მიიღო ბურთი და მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა რომან ახალკაცი, რომლის დარტყმულიც მეკარემ კუთხურზე სასწაულებრივად მოიგერია.სეთურიძის მოწოდებულ კუთხურს კი ბაგაევის თავით დარტყმული მოჰყვა, რომელიც მცირედ არაზუსტი გამოდგა. შეხვედრის მე-80 წუთზე ბაგაევს თითქმის ასპროცენტიანი შესაძლებლობა მიეცა ანგარიშის გაზრდისა. სეთურიძის შესრულებული საჯარიმოს შმედგე იგი მეკარის ბაქნიდან ურტყამდა თავით, ბურთმა სანტიმეტრებით ჩაუარა მეტოქის კარის ჩარჩოს. შვეიცარიელები ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა „დილას“ მცველები და მეკარე საკმაოდ საიმედოდ გამოიყურებოდნენ. 85-ე წუთზე გორელებმა კიდევ ერთი ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან. მოედნის ცენტრში ჭეჭელაშვილმა აართვა ბურთი მეტოქეს და კარგი გადაცემა გაუკეთა გორელიშვილს, რომელიც ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა. მიხეილი ცდილობდა მეკარისგან შორეულ მაღალ კუთხეში გადაეგზავნა ბურთი, თუმცა მეკარემ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და გადაარჩინა გუნდი გაშვებულ გოლს. საერთო ჯამში თითოეულმა ფეხბურთელმა რომელიც მოედანზე იმყოფებოდა მაქსიმუმი გაიღო წარმატების მისაღწევად. აღნიშნული შეხვედრა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარეს: გვალიამ, ფალავანდიშვილმა, ერისთავმა და ბაგაევმა.

მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გორის „დილა“ 9 თებერვალს რუმინული ბუქარესტის „რაპიდის“წინააღმდეგ გამართავს.

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:მიგინეიშვილი, კვახაძე, ხიდაშელი, ჯაფარიძე, სამხარაძე, თექთურმანიძე, ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი, ერისთავი, გვალია, მოდებაძე.

შეცვლაზე შევიდნენ:ბაგაევი, მარიჩი, ხურცილავა, სეთურიძე, ჭეჭელაშვილი, რაზმაძე, გორელიშვილი, ახალკაცი, მელქაძე.

„დილას“ პრესსამსახური

„დილას“ მეორე სპარინგი და მეორე ფრე თურქულ შეკრებაზე

პოლონურ “იაგელონიასთან” შედარებით გერმანულ „აურბახთან“ სასტარტო შემადგენლობა ოდნავ განსხვავდებოდა, რადგან ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა რამოდენიმე ცვლილებას მიმართა.

შეკრებაზე გუნდს შეუერთდნენ 23 წლის რუსი ცენტრალური მცველი ალან ბაგაევი, რომელსაც ვლადიკავკასის „ალანიაში“ და ეკატერინბურგის „ურალში“ აქვს ნათამაშები, ასევე 30 წლის გამოცდილი სერბი მარცხენა მცველი სლავკო მარიჩი, რომელიც „რადნიჩკში“ და „ლამიაში“ თამაშობდა. გუნდს შეკრებაზე ირაკლი ძარიაც შეუერთდა, რომელიც ბოლოს თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. თითქმის მთელი მატჩი ჩვენი გუნდის კარნახით მიმდინარეობდა. გოლის გატანის შესაძლებლობები ჰქონდათ გიორგი ერისთავს (რომელიც დღეს იუბილარი გახლავთ და 21 წელი შეუსრულდა), გორელიშვილსა და გიორგი მელქაძეს, რომელმაც 20 მეტრიდან სულ მცირე მანძილით ააცდინა მიზანს.

მატჩის მე-60’ წუთზე გორელებმა გახსნეს ანგარიში. „დილას“ გამოცდილმა ნახევარმცველმა ლუკა რაზმაძემ მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო ბურთი კარგად დაამუშავა და მეკარისაგან შორეულ ცხრიანში გადაგზავნა. უნდა აღინიშნოს, რომ გოლი საკმაოდ ლამაზი გამოუვიდა. გერმანელებმა კი 75’-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს. საბოლოოდ პოლონელებთან გამართული მატჩის მსგავსად, ეს დაპირისპირებაც ფრედ 1:1 დასრულდა.

მომდევნო შეხვედრას გორის „დილა“ 6 თებერვალს შვეიცარიული „იანგ ბოიზის“ წინააღმდეგ გამართავს.

 

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: სომხიშვილი, ხურცილავა, ჯაფარიძე, კვახაძე, ქარქუზაშვილი, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი, სეთურიძე, ერისთავი თექთურმანიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: გვალია, გორელიშვილი, ხიდეშელი, ბაგაევი, მარიჩი, ჭეჭელაშვილი, კურმაშვილი, ახალკაცი, მელქაძე.

 

„დილას“ პრესსამსახური

,,დილა“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა

გორის „დილა“ 29 იანვარს გამთენიისას თურქულ შეკრებაზე ანტალიაში გაემგზავრა. გუნდი სიდეში სასტუმრო „Side Star“-ში დაბინავდა, სადაც 10 თებერვლამდე დაჰყობს და ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

უჩა სოსიაშვილმა თურქულ შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები იახლა: ომარ მიგინეიშვილი, გიორგი სომხიშვილი, დავით მარიამიძე, ალექსანდრე კვახაძე, გიორგი ხიდეშელი, გივი ქარქუზაშვილი, ლაშა ჯაფარიძე, დავით ხურცილავა, გიგა სამხარაძე, ლუკა რაზმაძე, გუგა ფალავანდიშვილი, ლაშა გვალია, გიორგი კურმაშვილი, გიორგი მელქაძე, გიორგი ერისთავი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი თექთურმანიძე, გიორგი სეთურიძე, ირაკლი მოდებაძე, მიხაილ გორელიშვილი, რომან ახალკაცი.

შეკრებაზე გუნდს ირაკლი ძარია შეუერთდება, რომელიც ბოლოს თბილისის „დინამოში“ ასპარეზობდა. მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები, სადაც 9 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო.

„დილას“ პრესსამსახური

ირაკლი მოდებაძე: „მსურს „დილასთან“ ერთად ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშო“

გორის ,,დილას’’ პრესცენტრის მიერ, გუნდის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წამოწყებულ რუბრიკას სახელწოდებით ,,დაუსვი კითხვა დილას ფეხბურთელს’’ სოციალურ ქსელში გულშემატკივარი აქტიურად გამოეხმაურა. რუბრიკის მიზანს ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს შორის მჭიდრო და უშუალო კომუნიკაციის ჩამოყალიბება წარმოადგენს.

კითხვა ,,დილას’’ ფეისბუქ გვერდზე ათობით გულშემატკივარმა დასვა, საიდანაც ყველაზე მეტი, ცხრა კითხვა ,,დილას’’ ფორვარდის, ირაკლი მოდებაძის მიმართ იქნა დასმული. ამრიგად, გულშემატკივრის უმრავლესობის ინტერესის შესაბამისად, დღეს კითხვებს სწორედ ჩვენი გუნდის თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე პასუხობს.

 

„პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც არამარტო ჩემს მიმართ, არამედ ყველა ჩვენთანაგანის მიმართ იჩენს დიდ ინტერესს. მე კი დიდი სიამოვნებით გავცემ მათ კითხვებს პასუხს.“

 

რვა გოლი დაგიგროვდათ უკვე მიმდინარე სეზონში და 2 ბურთით მხოლოდ ჯაბა დვალი გისწრებთ. მაინტერესებს რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ბომბარდირობა და საჭირო რომ გახდეს, შეასრულებთ თუ არა თერთმეტმეტრიანებს ამ ჯილდოს მოსაპოვებლად?

 

„რაც შეეხება პირველ კითხვას, თერთმეტმეტრიანებს გამოვიყენებ არამარტო  პირადი მიღწევისთვსის, არამედ  პირველ რიგში გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე.“

 

ყველა გოლი გასახარია და მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინტერესებს ამ სეზონში გატანილი გოლებიდან რომელს გამოარჩევდით ?

 

„ჩემთვის ყველა გოლი გამორჩეულია, რადგან თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია. მახსენდება „სიონთან“ შეხვედრაში ჩემს იუბილეზე გატანილი გოლი. ამ დოს გულშემატკივრებმა კარგი ფორმით მომილოცეს დაბადების დღე და ორმაგად მინდოდა იმ მატჩში გოლების გატანა, რომელიც ჩვენი გუნდის ქომაგებს მივუძღვენი.“

 

„დილადან“ გადასვლის შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე რომელ კლუბში ისურვებდით თამაშს ყველაზე მეტად?

 

„დილადან“ გადასვლას არ ვისურვებდი. ამ კლუბში ბედნიერად ვგრძნობ თავს და მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად არის.“

 

რომელ კლუბს გამოარჩევდით ევროპაში და რომელი ფეხბურთელია თქვენთვის მისაბაძი?

 

„ევროპაში თამაშის სტილით „ბარსელონას“ გამოვარჩევდი, თუმცა ბარსას გულშემატკივარი არ გახლავართ.  მე ამ გუნდის გზა და საფეხბურთო ფილოსოფია მომწონს. მისაბაძი ფეხბურთელი პორტუგალიელი რონალდუა, კრიშტიანუ წარმატებისთვის ძალიან ბევრს შრომობს და ჩემი აზრით, უფრო მრავალფუნქციური ფეხბურთელია.“

 

რას ნიშნავს თქვენთვის გორის „დილა“?

 

„გორის „დილა“ ამ კლუბში გადმოსვლისთანავე შემიყვარდა და ვიტყვი, რომ კლუბი ჩემს მეორე ოჯახად იქცა. ამ გუნდთან ძალიან ბევრი ემოცია და დაუვიწყარი მომენტები მაკავშირებს.“

 

რა არის თქვენი მთავარი მიზანი საფეხბურთო კარიერაში?

 

„ჩემი მთავარი მიზანი გუნდურ ტიტულებს უკავშირდება. მსურს, რომ ,,დილასთან’’ ერთად ევროპის საკლუბო ჩემპიონატში ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშო.“

 

რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით ,,დილაში’’ იუმორის გრძნობით?!

 

გუნდში ყველაზე ხუმარა ფეხბურთელი გიორგი სომხიშვილია.

 

რით გამოარჩევთ გორის „დილას“ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე კლუბებისგან?

 

„დღევანდელი „დილა“ ალბათ ყველაზე შეკრული, კარგად შეთამაშებული და შეტევით სტილზე ორიენტირებული კლუბია. შედეგთან ერთად ჩვენ სანახაობრივ ფეხბურთზეც ვართ ორიენტირებული.“

 

მოგვიყევით თქვენი კარიერის პირველი ნაბიჯების, საბავშვო ფეხბურთისა და პირველი კლუბის შესახებ?!

 

„პირველი ნაბიჯები თბილისის „დინამოს“ ბავშვთა საფეხბურთო სკოლას უკავშირდება, სადაც 5 წელი საშა ვაშაკიძესთან გავიარე. რაც შეეხება პროფესიულ ფეხბურთს, პირველი კლუბი უკრაინული ზაპოროჟიეს  ,,მეტალურგი’’ გახლდათ, სადაც 7 წლის განმავლობაში ვთამაშობდი.

და ბოლოს მინდა, რომ გორელ გულშემატკივარს გორის ,,დილას’’ წინსვლისა და წარმატების იმედი ჰქონდეს. ნამდვილად  არ გახლავთ ოცნება ,,დილას’’ ევროპული შანსები. მეტიც, მე ვიფქრობ გუნდს აქვს შესაძლებლობა, რომ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშოს.“

 

 

„დილას“ პრესსამსახური

გვალიამ და გორელიშვილმა “დილაში” ივარჯიშეს

გორის ,,დილა’’ მეორე წრისთვის მზადებას განგრძობს და 27 იანვარს მორიგ ამხანაგურ შეხვედრას ბოლნისის ,,სიონის“ წინააღმდეგ გამართავს. 29 იანვარს კი გუნდი შეკრებაზე ანტალიაში გაემგზავრება.
,,დილას’’ ყოფილმა წევრებმა, მიხაილ გორელიშვილმა და ლაშა გვალიამ დღეს გორში ინდივიდუალურად ივარჯიშეს. გორელიშვილმა 2012-13 წლების სეზონი და XXV ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე ,,დილაში’’ გაატარა, ამის შემდეგ კი კარიერა რუსეთის პირველი ლიგის კლუბ ,,ტოსნოში’’ განაგრძო. ლაშა გვალიამ კი 2012-13 წლების სეზონის შემდეგ, რუსეთის პრემიერ ლიგის ბინადარ ეკატერინბურგის „ურალში“ განაგრძო კარიერა, ბოლოს კი ს. კ. „ზესტაფონში“ თამაშობდა, სადაც მან მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრე ჩაატარა. როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთელები ჩვენს გუნდში წარმატებით თამაშოდნენ და დიდ ძალას წარმოადგენდნენ.
გთავაზობთ მიხაილ გორელიშვილისა და ლაშა გვალიას კომენტარებს, რომელიც მათ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის გააკეთეს.

მიხაილ გორელიშვილი: „გორის ,,დილასთან’’ ძალიან თბილი მოგონებები მაკავშირებს. გუნდი ბოლო პერიოდში კარგ შედეგებს აჩვენებს შიდა ჩემპიონატსა და ევროტურნირებზე. გულშემატკივართან მქონდა და მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და შევეცდები მათი მოლოდინებიც გავამართლო. ,,დილაში’’ ხელმძღვანელობა შეიცვალა და მახარებს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ამბიციური მწვრთნელი ახალგაზრდა ფეხბურთელებს ნდობას უცხადებს“.

ლაშა გვალია: „მოხარული ვარ ,,დილაში’’ დაბრუნებით. კლუბს დიდი ისტორია გააჩნია. შეიძლება ითქვას, რომ ,,დილაში’’ ასპარეზობის დროს გამიცნო საფეხბურთო სამყარომ. გუნდს ყოველთვის ჰქონდა დიდი ამბიცია და დღესაც ასეა. შევეცდები, რომ მიზნების მიღწევაში მაქსიმალურად დავეხმარო. „დილას“ გულშემატკივარი ძალიან კარგად მახსოვს, მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდით. გუნდში ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ. მათთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და შევეცდები გულშემატკივრის იმედები გავამართლო“.

„დილას“ პრესსამსახური

„მეტალურგმა“ „დილასთან“ იმარჯვა

რუსთავის „მეტალურგი“ საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადებას აგრძელებს. გუნდმა დღეს მორიგი ამხანაგური შეხვედრა გორის „დილას“ წინააღმდეგ გამართა. თამაში რუსთაველთა უპირატეობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 0-2 დასრულდა. ანგარიში 43-ე წუთზე ვასაძემ გახსნა. ორამდე სხვაობა ტორონჯაძემ 48-ე წუთზე გაზარდა.

„მეტალურგმა“ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

პირველი ტაიმი:
ბედიაშვილი, მჭედლიშვილი, მიქაუტაძე, ნოზაძე, გელაშვილი, სარიშვილი, ვასაძე, სტეფნიაშვილი, ჯოხაძე, ხაბელაშვილი, სიხარულიძე

მეორე ტაიმი:
ნადირაძე, მიქელაძე, ჩაგელიშვილი, ექვთიმიშვილი, შალიკაშვილი, გუჯაბიძე, მამასახლისი, ასათიანი, გოცაძე, გაბაშვილი, ტორონჯაძე

„მეტალურგის“ პრესამსახური

„დილამ“ წელი გამარჯვებით დაიწყო

გორის ,,დილამ,, ახალი წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრა  შინ ,,ვიტ ჯორჯოასთან’’ გამართა და სტუმრებს დამაჯერებელი ანგარიშით – 4:2 სძლია.

ამხანაგურ შეხვედრას ,,დილას’’ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გორელი გულშემატკივარი მრავლად დაესწრო. შეხვედრის პირველი ნახევარი ჩვენი გუნდის უპირატესობით და სრული კარნახით წარიმართა, რაც შეხვედრის დებიუტში ირაკლი მოდებაძის მიერ გატანილი გოლით დასრულდა.

მეოთხე წუთზე ,,ვიტელთა’’ გუნდის კიპერმა ჯონი შეროზიამ ხელით საკუთარი საჯარიმოს გარეთ ითამაშა, რასაც სეთურიძის მიერ შესრულებული სტანდარტი მოყვა. საჯარიმოში შექმნილი არეულობა კი,,დილას’’ფორვარდმა სარფიანად გამოიყენა – 1:0.

თამაშის დაწყებიდან მალევე ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელმა თენგიზ წიქარიძემ მოედნის ცენტრში ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო, რის გამოც თამაშის ნაადრევად დატოვება მოუწია.

,,დილამ’’ მეთვრამეტე წუთზე  ანგარიში ორამდე გაზარდა. ფლანგიდან ჯაფარიძის მიერ მოწოდებულ ბურთს მეტოქის საჯარიმოში სეთურიძე დაუხვდა და ძლიერი დარტყმით ჩვენი გუნდი დააწინაურა –2:0.

პირველი ნახევრის 22-ე წუთზე ირაკლი მოდებაძემ საკუთარ ანგარიშზე დუბლი მიითვალა. შეროზიასთან ერთი-ერთზე დრჩენილმა მოწინააღმდეგის კარი აუღელვებლად დალაშქრა – 3:0.

მცდელობის მიუხედავად პირველი ტაიმის მეტი ნაწილი ,,ვიტ ჯორჯიას’’ ფეხბურთელები ,,დილასთან’’ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დამარცხდნენ. გორელები მოედნის ცენტრს სტაბილურად აკონტროლებდნენ და შეტევებზეც იოლად გადადიოდნენ. 35-ე წუთზე ,,ვიტ ჯორჯიმ’’ ანგარიში შეამცირა. საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა ძლიერი დარტყმითმიგინეიშვილს ცხრიანში გაუტანა – 3:1.

ტაიმის მიწურულს მოდებაძემ ჰეთთრიკი შეასრულა და მიმდინარე მატჩში ,,დილას’’ გოლების სერიას წერტილი დაუსვა. ახალკაცთან კომბინაციის შემდეგ ირაკლის თბილისელთა კარის დალაშქვრა არ გასჭირვებია – 4:1.

პირველი ტაიმი ,,დილას’’ სრული სათამაშო უპირატესობით ანგარიშით 4:1 დასრულდა.

მეორე ნახავარში ჩვენი გუნდის შემადგენლობა ძირეულად შეიცვალა, რაც მატჩის მსვლელობაზეც აისახა. მეორე ტაიმში თამაში თანაბარი ბრძოლით მიმდინარეობდა.

სტუმრებმა მეორე ნახევრის დასაწყისში კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს და შეხვედრაშო საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 4:2. აღსანიშნავია, „დილას“ თავდამსხმელის ილია ბუძალაძისხელსაყრელი მომენტი, როდესაც საჯარიმოს შუა ნაწილიდან მეტოქის კარისკენ ძლიერად დაარტყა და მიზანს მცირე მანძილით ააცდინა. ასევე „დილას“ ახალწვეულ დავით კაპანაძის შანსი, როდესაც მისი ახლო მანძილიდან დარტყმული მეკარემ მოიგერია, თუმცა გოლის გატანა ვერ მოხერხდა. საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწია.

,,დილა’’ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 24 იანვარს რუსთავის „მეტალურგის“ წინააღმდეგ 14:00საათზე გამართავს. მატჩი ,,დილას’’ ხელოვნურსაფარიან სტადიონზე გაიმართება.

 

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მიგინეიშვილი, ჯაფარიძე, ქარქუზაშვილი, კვახაძე (კაპ.), ხურცილავა, ფალავანდიშვილი, წიქარიძე, სეთურიძე, ერისთავი, ახალკაცი, მოდებაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: სომხიშვილი, სამხარაძე, ჭეჭელაშვილი, ოქროპირიძე, დუდუჩავა, რაზმაძე, სეთურიძე, მელქაძე, თექთურმანიძე, კაპანაძე, ბუზალაძე.

 

მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა.

 

 

„დილას“ პრესსამსახური

,,დილა” ვარჯიშს განაგრძობს

თურქულ შეკრებამდე გორის ,,დილა’’ ამხანაგურ შეხვედრებს ადგილზე გამართავს.
როგორც იცით, 20 იანვარს „დილა“ თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლებს, 24 იანვარს კი რუსთავის „მეტალურგს“ მიიღებს. შეხვედრები ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე 14:00 საათზე გაიმართება. თურქეთში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, 27 იანვარს „დილა“ მორიგ ამხანაგურ მატჩს თბილისში, ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ,,დილამ’’ მეორე წრისთვის მზადება 10 იანვარს დაიწყო. 14 იანვარს ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარეს და ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდნენ.

,,დილას’’ პრესსამსახური

„დილამ“ სამედიცინო შემოწმება გაიარა

თურქულ შეკრებამდე გორის ,,დილა’’ ამხანაგურ შეხვედრებს ადგილზე გამართავს.

როგორც იცით, 20 იანვარს „დილა“ თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლებს, 24 იანვარს კი რუსთავის „მეტალურგს“ მიიღებს. შეხვედრები ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე 14:00საათზე გაიმართება. თურქეთში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, 27 იანვარს „დილა“ მორიგ ამხანაგურ მატჩს თბილისში, ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ,,დილამ’’ მეორე წრისთვის მზადება 10 იანვარს დაიწყო. 14 იანვარს ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარეს და ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდნენ.

 

,,დილას’’ პრესსამსახური

უჩა სოსიაშვილი – დინამოსთან მხოლოდ წარმატებას ვგეგმავთ

მეორე წრის სამზადისთან ერთად გორის „დილას“ გულშემატკივრის ინტერესის გათვალისწინებით გთავაზობთ კლუბის მთავარი მწვრთნელის უჩა სოსიაშვილის კომენტარს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც გუნდის პრესსამსახურმა მოამზადა.

FCDila.GE