17 ივლისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილამ“ მორიგ ამხანაგურ მატჩში თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა.
უჩა სოსიაშვილის გუნდი პირველ ნახევარში დომინირებდა. გორელთა ერთ-ერთი პირველი შეტევის დროს ახალკაცმა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემით მოდებაძესკარგი შანსი მისცა, თუმცა ეს უკანასკნელი მცველმა წააქცია და მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ბურთთან ნიკა კვეკვესკირი მივიდა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
ამის შემდეგაც ძირითადად გორელები ფლობდნენ უპირატესობას და 27’ე წუთზე პირველი გოლის ავტორმა ლამაზი ბურთი გაიტანა და დუბლის შეასრულება შეძლო. ისევ ახალკაცმა წამოიწყო ეს შეტევა, კურმაშვილს გადაცემა გაუკეთა, რომელიც თავის ფლანგზე მარტო იმყოფებოდა, საჯარიმოსკენ დაიძრა და კვეკვესკირი მოძებნა. ნიკა კარისკენ ზურგით იმყოფებოდა და ერთი ცრუ მოძრაობის შემდეგ, დაბალი დარტყმით შეროზიას შანსი არ დაუტოვა – 2:0.
თითქოს პირველი ნახევარი წყნარად დასასრულისკენ მიდიოდა, როდესაც ბოლო წუთებზე მასპინძელთა კართან კუთხური დაინიშნა. ჩაწოდების შემდეგ ლუკა რაზმაძემ ფეხით მოგერიება ცადა, მაგრამ ასხლეტილი ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი ამჯერად უკვე ჩვენ კარში დაინიშნა.ღიბრაძემ ამ ნიშნულიდან უშეცდომოდ დაარტყა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა – 2:1.
მეორე ნახევარი ძირითადად თანაბარი ბრძოლით გაგრძელდა. პირველი სახიფათო მომენტი გორელებმა შექმნეს. კვახაძის გრძელ გადაცემას კურმაშვილი თავით კარგად ვერ შეწვდა და კარიდან გამოსულ მეკარეს ამ მომენტში გაუმართლა, შემდეგ თბილისელთა მცველებმა დაუშვეს შეცდომა და ბურთი კვეკვესკირმა აართვა, ამ შეტევის ბოლოს ფალავანდიშვილი ცდილობდა დარტყმას, თუმცა მცველს მოხვდა ბურთი.
55’-ე წუთზე „ვიტ ჯორჯიამ“ ერთ-ერთი იერიშისას ბურთი ცენტრში სახიფათო სიტუაციაში დაკარგა და კვეკვესკირმა ზუსტი გადაცემისთ ირაკლი მოდებაძე ფაქტიურად მეკარესთან პირისპირ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ მცველი დაეწია, მოდებაძემ მახვილი კუთხიდან დარტყმა მაინც მოახერხა და ოდნავ არ გაუმართლა, მეტოქე ძელმა იხსნა.
ამის შემდეგ, მოედანზე შესულ ერისთავს ორი მომენტი ჰქონდა. ერთხელ ფაქტიურად ერთი-ერთზე გაიყვანეს, თუმცა კარგად ვერ დაარტყა. ამ მომენტის საპასუხო შეტევა სტუმრებმა გოლად აქციეს.ზარქუამ პირველი დარტყმა კი მოიგერია, თუმცა დამატებაზე კურდღელაშვილმა უშეცდომოდ ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
მეორე შემთხევაში ერისთავმა კარიდან გამოსული მეკარის შეცდომით ისარგებლა და ბურთი აართვა, რის შემდეგაც შორი მანძილიდან კარში ზუსტად დაარტყა, მაგრამ თბილისელებს გაუმართლათ და მცველმა ცარიელი კარიდან თავით შეძლო ბურთის მოგერიება. ბოლოს სტუმრებმა შორიდან სახიფათოდაც დაარტყეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
გუნდების შემადგენლობა
„დილა“: ზარქუა, თომაშვილი, კვახაძე (კაპ.), ი. ლომიძე, მჭედლიშვილი, ფალავანდიშვილი, რაზმაძე, კვეკვესკირი, კურმაშვილი, ახალკაცი, მოდებაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ერისთავი, სადაღაშვილი, მახარობლიძე, ნოზაძე, ქარქუზაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.
„ვიტ ჯორჯია“: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი (კაპ.), იაშვილი, ჭეჭელაშვილი, ღიბრაძე, მაისურაძე, დემეტრაშვილი, სიჭინავა, ლობჯანიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: დავლაშელიძე, წყაროზია, კურდღელაშვილი.ასპილაშვილი, ხვისტანი, დადიანი.
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე.
გოლები: კვეკვესკირი (პენ. 19’; 27’) 2:0, ღიბრაძე (პენ. 39’) 2:1, კურდღელაშვილი (64’) 2:2.
„დილას“ პრესსამსახური