გიორგი ტუღუში – „წინ ძალიან ცხელი ივლისი გველის“

უკვე გადაწყვეტილია, რომ 21 ივლისს გორის „დილა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრას ბელგრადის „პარტიზანის“ წინააღმდეგ საკუთარ ქალაქში გამართავს.

მნიშვნელოვანი მატჩის გორში ჩატარების ნებართვა უეფამ კლუბს მას შემდეგ მისცა, რაც გორს უეფას ტექნიკური ინსტრუქტორი სტუმრობდა, რომელმაც სტადიონზე არსებული მდგომარეობა კომპლექსურად შეისწავლა და კლუბს გარკვეული რეკომენდაციები მიაწოდა.

ამ დროისთვის, ქალაქ გორის მერიის დახმარებით თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს უეფას მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცესი. სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით ტარდება.

უეფას ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენდა სტადიონის აღმოსავლეთ ტრიბუნასთან არსებული ,,L ოილის ბენზინგასამართი სადგურის ფუნქციონირების ორი დღით შეჩერება, კლუბის წერილობითი მიმართვის შემდეგ შპს ,,L ოილის ხელმძღვანელობამ „დილას“ რეკომენდაციით განსაზღვრულ თარიღებში, 20-21 ივლისს ბენზინგასამართი სადგურის შეჩერების გადაწყვეტილება დაუდასტურა.

უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, სტადიონის ჩრდილოეთ ნაწილის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც წარმოადგენს  ქვებითა და ხრეშით დაფარულ სივრცეს, მთლიანად ევლება ორი მეტრის სიმაღლის ღობე. ამავდროულად დაიწყო არსებული სივრცის მოასფალტების პროცესი.

სტადიონის დასავლეთ ტრიბუნასთან,  სადაც კლუბის ოფისი, ასევე ფეხბურთელთა, მწვრთნელებისა და ოფიციალური პირების შესასვლელია, კეთდება დამცავი ღობე და იქ მოხვედრა მხოლოდ გუნდების, მათი წარმომადგენლებისა და შესაბამისი უფლების მქონე პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ გულშემატკივართა სტადიონზე მოხვედრა ოთხი შესასვლელიდან იქნება შესაძლებელი.

გულშემატკივრისთვის სტადიონზე შესასვლელი კეთდება აღმოსავლეთ ტრიბუნიდანაც. მაყურებელს სტადიონზე მოხვედრა ახლა უკვე გურამიშვილის ქუჩის მხრიდანაც შეეძლება.

მიმდინარეობს სტუმარი გუნდის გულშემატკივართა ტრიბუნის გამაგრების, საიზოლაციო და კოსმეტიკური სამუშაოები, რაც ასევე მოიცავს  სკამების დანომვრის პროცესს მთელს სტადიონზე, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება ბილეთების გაყიდვის სისტემის დანერგვა, რაც ასევე წარმოადგენს უეფას რეკომენდაციას ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე კლუბებისათვის.

აღმოსავლეთ ტრიბუნის ნაწილში  უეფას სტანდარტების შეაბამისად ეწყობა 3 ტუალეტი (ორი მამაკაცებისთვის და ერთიც ქალებისთვის) 21 ივლისამდე შეიღებება სტადიონის სამხრეთით არსებული კდელი და მოხდება ელექტრონული ტაბლოს განახლება.

პრაქტიკულად მზად არის ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ოთახები, რომლებიც სულ მალე აღიჭურვება საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. ამავდრულად მიმდინარეობს ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები.

ორი დღის წინ გორის „დილამ“ ხელშეკრულება გააფორმა ინტერნეტპროვაიდერ „ახალ ქსელებთან“რომელიც სტადიონს 100 მეგაბიტი წამი შიჩქარის ინტერნეტით მოამარაგებს. მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიღება შესაძლებელი იქნება როგორც უკაბელოდ (WI FI) აგრეთვე კაბელის საშუალებით, რომელიც კლუბებისა და პრესის წარმომადგენლების მუშაობას გაცილებით ეფექტურსა და მოსახერხებელს გახდის.

უკვე დასრულდა VIP ზონისა და საპრესკონფერენციო ოთახის განახლება. ინფრასტრუქტურული  სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს მოედნის საფარის განახლება სპეციალური ტექნიკის საშუალებით, რომლის გორში ჩამოყვანაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით მოხერხდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამოსწორდა მოედნის საფარის დაზიანებული ნაწილი.

უეფას რეკომენდაციის შესაბამისად დაიწყო სტუმარი და მასპინძელი გუნდების გასახდელებში არსებული საშხაპეების განახლება.

21 ივლისიდან გორის ,,დილას“ ექნება მოედანზე გასასვლელი გვირაბი, რაც უზრუნველყოფს გუნდებისა და მსაჯაბის უსაფრთხო გასვლას სათამაშო მოედნაზე. სტადიონის ჩრდილოეთ ნაწილში უკვე მიმდინარეობს საიზოლაციო ბანერების განთავსება, სადაც კლუბის ლოგო და სახელწოდებაა გამოსახული.

მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის „დილას“ სტადიონი დააკმაყოფილებს უეფას სტანდარტებს და შეეძლება ჩემპიონთა ლიგის I და II საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების მასპინძლობა.

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონსა და მის გარშემო მიმდინარე სამუშაოებზე კომენტარი გააკეთა გორის ,,დილას“ დირექტორმა გიორგი ტუღუშმა:

,,საფეხბურთო კლუბ ,,დილას“ განვითარება გრძელდება და მოხარული ვარ, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვა კლუბს ორგანიზაციული კუთხით შეუძლია. მას შემდეგ რაც გორის „დილა“ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა, მიზნად დავისახეთ, რომ ჩვენი გუნდისთვის ისტორიული მატჩი ბელგრადის ,,პარტიზანის“ წინააღმდეგ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულიყო, რასაც ცხადია სპორტულ მხარესთან ერთად, უდიდესი სოციალური, ორგანიზაციული და პერსპექტივაში ეკონომიკური დატვირთვაც ექნება. ჩვენი ინიციატივა და ინტერესი მატჩის გორში გამართვასთან დაკავშირებით ქალაქ გორის მერიას გავაცანით და მათი ცალსახა მხარდაჭერაც მივიღეთ. რამდენიმე დღის წინ ,,დილას“ უეფას წარმომადგენელი სტუმრობდა, რომელმაც სტადიონზე არსებული მდგომარეობა შეისწავლა და რეკომენდაციებიც მოგვცა, რის შემდეგაც მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით საფეხბურთო კლუბ ,,დილას“ სტადიონის სტანდარტიზაცნია მიმდინარეობს უეფას რეკომენდაციების შესაბამისად.

ჩვენი გუნდი უკვე ბელგრადშია და 14 ივლისს ,,პარტიზანთან“ შეხვედრისთვის ემზადება. ქ. გორში ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში უდიდესი მიღწევაა ისეთი მცირე ბიუჯეტიანი კლუბისათვის, როგორიც გორის ,,დილაა“, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არსებულ მიღწევას დავჯერდეთ. წინ ძალიან ცხელი ივლისი გველის“.

 

 

,,დილას“ პრესსამსახური

“დილამ” თურქული გუნდი გაანადგურა

„დილამ“ თურქეთში მესამე ამხანაგური შეხვედრა გამართა პირველი ლიგის „ალანიასპორთან“.

ჩვენი მეტოქე შერეული შემადგენლობით წარსდგა გორელების წინაშე. მათ ძირითად ფეხბურთელებთან ერთად რამოდენიმე ახალწვეული და ასევე დუბლშემადგენლობის რამოდენიმე ფეხბურთელიც ყავდათ.
შეხვედრა მთლიანად „დილას“ უპირატესობით წარიმართა. გორელებმა საწყის 5 წუთში ორი გოლის გატანა მოახერხეს. პირველ შემთხვევაში გიორგი პაპავამ მარცხენა ფლანგზე ნავალოვსკის გადააწოდა, ნავალოვსკიმ კედელი ილურიძესთან გაითამაშა და დაბალი ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში – 0:1.
ორ წუთში „დილა“ წინ ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. მოედნის ცენტრიდან ლუკა რაზმაძემ ბურთი მარცხენა ფრთაზე მყოფ ნავალოვსკის გადააწოდა, რომლის გადაცემის შემდეგ ანგარიში ირაკლი მოდებაძემ გაზარდა – 2:0.

პირველ ნახევარში „დილას“ კიდევ რამოდენიმეჯერ შეეძლო ანგარიშის გაზრდა, ხოლო „ალანიასპორის“ ფეხბურთელები შორეული დარტყმებით ცდილობდნენ „დილას“ კარის აღებას, მაგარმ შევჩენკო საიმედოდ გამოიყურებოდა. პირველ ნახევარში უჩა სოსიაშვილს იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა, როდესაც გიორგი ილურიძის ნაცვლად 39’-ე წუთზე მიხეილ გორელიშვილი შევიდა.
მეორე ნახევარიც გორელთა უპირატესობით დაიწყო. „დილას“ ფეხბურთელები სწრაფად და კომბინირებულად მოქმედებდნენ. მეტოქეს მისსავე ნახევარზე ავიწროვებდნენ და ხშირად მათ ნახევარზე რიცხვობრივ უპირატესობაში რჩებოდნენ. 52’-ე წუთზე საკმაოდ ლამაზი სანახავი გამოდგა ამ მატჩში გორელთა მესამე და ირაკლი მოდებაძის მეორე გატანილი გოლი. მარცხენა ფრთიდან კვლავ ნავალოვსკიმ იაქტიურა, რომელმაც ბრწყინვალე გადაცემა გააკეთა მეტოქის საჯარიმოში და ირაკლი მოდებაძემ ერთი შეხებით ზუსტად გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში – 3:0.

საკმაოდ აქტიური იყო „დილას“ მარჯვენა ფლანგი და დავით ხურცილავა, რომელმაც არაერთხელ დაჯაბნა საკუთარი მეურვე და როგორც თვითონ ჰქონდა გატანის შესაძლებლობა, ასევე რამოდენიმე მწვავე გადაცემაც გააკეთა. მატჩის მიწურულს „დილამ“ ტემპს კიდევ უფრო მოუმატა და 76’-ე წუთზე იხეირა კიდევაც. მიხეილ გორელიშვილის მოწოდებულ კუთხურზე ლუკა რაზმაძემ ითამაშა თავით, რომლის დარტყმულიც მეკარემ მოიგერია და ბურთი იქვე მდგომ ალექსანდრე კვახაძეს მიუვიდა. „დილას“ კაპიტანს უკვე აღარ გაჭირვებია გოლის გატანა – 4:0.
79’-ე წუთზე უკვე ოთარ მარცვალაძემ შეძლო ძალიან ლამაზი სოლორეიდის შემდეგ „ალანიასპორის“ კარის დალაშქვრა – 5:0.

80’-ე წუთზე „დილას“ შემადგენლობაში ირაკლი მოდებაძის ნაცვლად გიორგი ერისთავი შევიდა, რომელიც საკმაოდ ეფექტურად ჩაერთო თამაშში. 83’-ე წუთზე სწორედ ერისთავის მოწოდებულ კუთხურს მოყვა თურქების კარში გატანილი მე-6 გოლი, როდესაც მოწოდებულ ბურთს კვახაძე დაუხვდა და ბურთი გორელიშვილს მიუვიდა. მანაც ეფექტური დარტყმით მეექვსე გოლი გაიტანა მეტოქის კარში – 6:0.
შეხვედრის დამატებულ წუთზე კი გიორგი ერისთავის ბრწყინვალე გოლი ვიხილეთ, რომელმაც ინდივიდუალური სოლო რეიდი გატანილი გოლით დაასრულა. საბოლოოდ „დილამ“ შთამბეჭდავი ანგარიშით 7:0 დაამარცხა მეტოქე.

გორის „დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შევჩენკო, ხურცილავა, კვახაძე, პაპავა, ნავალოვსკი, კვირკველია, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, ილურიძე (გორელიშვილი), მარცვალაძე, მოდებაძე (ერისთავი).
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

„დილას“ პრესსამსახური

7 ივლისს ,,დილა“ ,,ალანიასპორს“ ამხანაგურად გაეჯიბრება

თურქულ შეკრებაზე მყოფი გორის ,,დილა“ 7 ივლისს მორიგ ამხანაგურ შეხვედრას თურქულ,,ალანიასპორტთან“ გამართავს, რომელიც თურქეთის პირველ ლიგაში მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა უმაღლესში გადამსვლელთა პლეი-ოფში დამარცხდა. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზედაიწყება.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდისთვის ,,დილა“ მზადებას ქალაქ აფიონში განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა ორი ვარჯიში აფიონ არენაზეც ჩაატარა.

ლუცკის ,,ვოლინთან“ გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, გორელებმა მეორე დღეს მხოლოდ ერთხელ ივარჯიშეს. 6 ივლისს კი უჩა სოსიაშვილმა შეგირდები ორჯერ ავარჯიშა. შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს გორის „დილა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას სერბეთში, ბელგრადის ,,პარტიზანის“ წინააღმდეგ გამართავს.

 

 

„დილას“ პრესსამსახური

“ვოლინმა” “დილასთან” საპასუხო მატჩის ჩატარება არ ისურვა

გორის “დილასა” და ლუცკის “ვოლინს” შორის დღეს დაგეგმილი ამხანაგური მატჩი არ ჩატარდა. შეხვედრის გამართვაზე უკრაინულმა მხარემ უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას “დილა” ავრცელებს.

“უკრაინულ “ვოლინთან” მეორე მატჩი დღეს აღარ გაიმართება, რადგან ჩვენმა მეტოქემ თამაშზე უარი განაცხადა. მომდევნო მატჩს გორის “დილა” 4 ივლისს თურქეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ “გაზიანთეპსპორთან” ჩაატარებს”, – წერია “დილას” გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ “დილასა” და “ვოლინს” შორის გუშინ გამართული მატჩი ქართული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

 

„დილამ“ უკრაინულ ,,ვოლინთან” ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ თამაში შემოატრიალა

გორის „დილამ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა უკრაინის უმაღლეს ლიგელ ლუცკის „ვოლინთან“ და შეხვედრა, მიუხედავად ორბურთიანი ჩამორჩენისა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

თამაში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, განსაკუთრებით შეხვედრის მეორე ნახევარი. პირველ ტაიმში ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა. ხშირი იყო ორთაბრძოლები, თუმცა პირველ ნახევარში მეტოქემ შეძლო ორი ბურთის გატანა. ორივე შემთხვევაში მეტოქემ თავური დარტყმით აიღო ჩვენი გუნდის კარი. აღსანიშნავი იყო, უკრაინელი ფეხბურთელების სიმაღლეში უპირატესობა. პირველი ბურთი ჩვენს კარში ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გავიდა, ხოლო მეორე კუთხურიდან მოწოდებულს მოჰყვა.

ორი გაშვებული გოლის შემდეგ, სათამაშო უპირატესობას „დილა“ დაეუფლა. სახიფათოდ ურტყამდა ირაკლი ძარია, რომლის დარტყმულიც მცირე მანძილით აცდა „ვოლინის“ კარს. აქტიურობდა მარცვალაძე-მაშუკოვი, ფლანგებიდან კი ხურცილავა და ნავალოვსკი.

ტაიმის ბოლო წუთზე „დილამ“ ანგარიშის შემცირების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. მარცხენა ფრთაზე ნავალოვსკის გადაცემის შემდეგ, ბურთი მაშუკოვს მიუვიდა, რომელიც საჯარიმოში მარცხენა ფრთიდან შევიდა, გაცდა ორ მოწინააღმდეგეს და გადაცემა გაუკეთა გვალიას, რომელმაც ერთი შეხებით მარცვალაძეს დაუგდო. გოლი თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ოთარის დარტყმული უკრაინელთა მეკარემ მოიგერია.

მეორე ნახევარში „დილას“ თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა რამოდენიმე ცვლილებას მიმართა. კვახაძის ნაცვლად მოედნის დაცვის ცენტრში გიორგი პაპავას გივი ქარქუზაშვილი შეუწყვილა, ძარიას მაგივრად კი კვირკვია შევიდა, ხოლო მაშუკოვის ნაცვლად ერისთავი.

ამის შემდეგ, მეორე ნახევარი მთლიანად „დილას“ უპირატესობით წარიმართა. აღსანიშნავია კვირკვიას და ერისთავის საკმაოდ კარგი ჩართვა თამაშში. გოლი გორელებმა ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ გაიტანეს. მეტოქის მარცხენა ფრთიდან ოთარ მარცვალაძის გრძელ ფლანგურ გადაცემას დავით ხურცილავას თავით დაგდებული ბურთი და ასევე ერთი შეხებით მათე კვირკვიას მეტოქის კარში ლამაზად გადაგზავნილი გოლი მოჰყვა – 2:1. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მოწნააღმდეგის რიგებში გამოჩნდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სანდრო კობახიძე.

შეხვედრა კვლავ გორელთა უპირატესობით გაგრძელდა. გატანილი გოლის შემდეგ, ერთი-მეორეს მიყოლებით ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ: ერისთავს, მარცვალაძეს, კვირკვიას და გვალიას.

მეორე გოლი „დილამ“ თერთმეტმეტრიანით გაიტანა. 71’-ე წუთზე მარცხენა კუთხიდან გორელებმა საჯარიმოს ჩაწოდების უფლება მოიპოვეს. გიორგი ერისთავის სახიფათოდ ჩაწოდებულ ბურთზე, მეტოქის მცველმა ხელით ითამაშა. თერთმეტმეტრიანი კი ლუკა რაზმაძემ უზადოდ შეასრულა – 2:2.
ანგარიშის შემცირებისა და გათანაბრების შემდეგ უჩა სოსიაშვილმა კიდევ რამოდენიმე ცვლილება განახორციელა და მოედანზე შევიდნენ: გუგა ფალავანდიშვილი, თეიმურაზ ღონღაძე, და გიორგი ილურიძე.
ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, გორელებმა მოსაგებლად გაიწიეს და რამოდენიმე წუთში დაწინაურდნენ კიდევაც. დავით კვირკველიამ საკუთარი ნახევრიდან გრძელი გადაცემა გააკეთა მეტოქის საჯარიმოსთან, სადაც მათე კვირკვიამ „ვოლინის“ ტანმაღალ მცველთან ორთაბრძოლაში მიიღო ბურთი და ლამაზი დარტყმით მეკარისაგან მარჯვენა შორეულ კუთხეში გადაგზავნა ბურთი – 2:3.

დარჩენილ დროში გორელებს, კერძოდ კი მარცვალაძეს შეეძლო მეოთხე გოლის გატანა. ოთარ მარცვალაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, კუთხე ოდნავ მახვილი იყო და მეკარემ შეძლო ხიფათის განმუხტვა.

შეხვედრის მიწურულს, უკრაინელებს რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრებისა, თუმცა ხიფათამდე საქმე არ მისულა. შეხვედრა საბოლოოდ „დილას“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ასევე გვინდა გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადოთ ტექნიკური შეფერხებისთვის, რომელიც ჩვენი ტექსტური ტრანსლაციის დროს შეექმნა საიტს.
„დილა“ ხვალ 2 ივლისს კიდევ ერთხელ გაეჯიბრება უკრაინულ „ვოლინს“. შეხვედრა ჩვენი დროით 12:00 საათზე დაიწყება.

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შევჩენკო, ხურცილავა, კვახაძე (კაპ.), პაპავა, კვირკველია, ნავალოვსკი, გვალია, რაზმაძე, ძარია, მარცვალაძე, მაშუკოვი.
შეცვლაზე შევიდნენ: ქარქუზაშვილი, კვირკვია, ერისთავი, ფალავანდიშვილი, ღონღაძე და ილურიძე.

„დილას“ პრესსამსახური

ლუკა რაზმაძე : „შევეცდებით წარმატებით დავძლიოთ სერბული გუნდის ბარიერი.“

ლუკა რაზმაძე გორის „დილაში“ ერთ-ერთი გამოცდილი ნახევარმცველია, რომელმაც ფეხბურთის თამაში გორში დაიწყო.

შემდეგ, წლების განმავლობაში გამოდიოდა თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ შემადგენლობაში, სადაც საქართველოს ჩემპიონი ორჯერ გახდა. ასევე გახლდათ რუსთავის „ოლიმპის“ ფეხბურთელი. ჰექტორ რაულ კუპერის ფორმაციის ეროვნულ ნაკრებში არაერთი თამაში აქვს ჩატარებული და იგი ყოველთვის გამოიჩევა თავისი ბრძოლისუნარიანობით სათამაშო მინდორზე.

ვიტ ჯორჯიაში ორგზის საქართველოს ჩემპიონი გახდი, „დილაში“ დაბრუნების შემდეგ უკვე მშობლიურ კლუბთან ერთად იზეიმე ჩმპიონობა, რას იტყვი ამასთან დაკავშირებით?

„მართლაც, გარკვეული წლების განმავლობაში მომიწია სხვადასხვა გუნდებში თამაში. ჩემპიონობა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ჩემთვის ორმაგად სასიხარულო გახლდათ მშობლიურ გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა და მოხარული ვარ რომ გუნდის გაჩემპიონობაში მეც მივიღე მონაწილეობა და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენს გულშემატკივარს კიდევ არაერთი ტიტულით გავახარებთ.“

გუნდი თურქეთში გადის მოსამზადებელ ეტაპს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისა და ეროვნული ჩემპიონატისათვის. რას იტყვით მომზადების შესახებ?

„კარგ პირობებში გვიხდება მომზადება. ეს ჩვენი მეორე შეკრებაა და ნელ-ნელა გუნდი შედის ოპტიმალურ ფორმაში. რაც მთავარია გუნდი იკვრება, ახალწვეულებიც კარგად შეეწყვნენ გუნდს და მომზადების მხრივ ყველაფერი ნორმალურადაა, დანარჩენი უკვე თითოეულ ჩვეთაგანზეა დამოკიდებული.“

თქვენს პოზიციაზე, სადაც თამაშობთ განსაკუთრებული კონკურენციაა…

„მარტო შუა ხაზზე არა, ყველა რგოლშია კონკურენცია. ეს ბუნებრივი და ჯანსაღი სიტუაციაა. ყველა კარგ გუნდში სწორედ ასე უნდა იყოს და ჩვენთანაც ასეა. მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება კონკრეტულ მომენტში ვის მისცეს თამაშის საშუალება.“

გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რას იტყვით მათზე?

„ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, აქვთ ძალიან კარგი მომავალი და მწვრთნელი მათ ენდობა. ჩვენც გუნდში მყოფი გამოცდილი ფეხბურთელები ყველანაირად გვერდში დავუდგებით და იმედი გვაქვს, რომ თითოეული მათგანი დიდი ფეხბურთისაკენ გაიკვლევს გზას.“

მომავალ მეტოქეზე ბელგრადის „პარტიზანზე“ რას გვეტყვით?

„პარტიზანის სახით საკმაოდ სერიოზული მეტოქე შეგვხვდა, თუმცა ამ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მეტოქე სერიოზულ ძალას წარმოადგენს. ჯერჯერობით ფეხბურთელებს არ გვინახავს მეტოქე გუნდის თამაში. მწვრთნელები ნახავენ და შეაფასებენ მინ სიძლიერეს, შემდეგ უკვე ფეხბურთელებიც ვნახავთ ამ თამაშებს. იმედია გამოვიტანთ სწორ დასკვნებს და შევეცდებით წარმატებით დავძლიოთ სერბული გუნდის ბარიერი.“

და ბოლო რას ეტყვით გულშემატკივარს…

„ვიცით რომ გულშემატკივრის მოლოდინი მოახლოვებულ თამაშთან დაკავშირებით ძალიან დიდია. ქომაგი ჩვენთვის მეთორმეტე მოთამაშეა და მთელი სეზონის მანძილზე მათ მხარდაჭერას ვგრძნობდით. დარწმუნებული ვარ, „პარტიზანთან“ მოახლოვებული დაპირისპირების დროს მათი მხარდაჭერა ორმაგად იქნება საჭირო და ღმერთის წყალობით ყველანი ერთად შევძლებთ და ვიზეიმებთ ამ რთული ბარიერის გადალახვას.“

„დილას“ პრესსამსახური

ნავალოვსკიმ, პაპავამ და შევჩენკომ „დილასთან“ ერთად მზადება დაიწყეს

„დილა“ განაგრძობს თურქულ შეკრებაზე მზადებას. 27 ივნისს უჩა სოსიაშვილმა საკუთარი გუნდი სრული დატვირთვით ავარჯიშა.

დღეს გუნდს შეუერთდნენ გიორგი ნავალოვსკი, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი საკმაოდ კარგად იცნობს. ასევე 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი პაპავა, რომელიც თბილისის „დინამოში“ გამოდიოდა, ხოლო ბოლო 6 თვის განმავლობაში კვიპროსულ „ნეა სალამისა“-ში გახლდათ. პაპავას არაერთი შეხვედრა აქვს საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში ჩატარებული და ასევე ეროვნულ ნაკრებშიც გახლდათ გამოძახებული.

ასევე დღეს გუნდს შეუერთდა კიევის „დინამოს“ ერთ-ერთი გოლკიპერი ალექსეი შევჩენკო, რომელიც გასრულებული ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა.

ინდივიდუალურად ივარჯიშეს: გიორგი ნავალოვსკიმ, გიორგი პაპავამ და გუგა ფალავანდიშვილმა.

ხვალ გუნდი ორ ნაწილად გაიყოფა და სხვა გუნდებთან სპარინგ-მატჩამდე, ერთმანეთში ითამაშებენ.

„დილას“ პრესსამსახური

“დილამ” შევჩენკო დაიმატა

კიევის “დინამოს” მეკარე ალექსეი შევჩენკო კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს.

შევჩენკო, გასული სეზონის მეორე ნახევარში იჯარის წესით “ტორპედოში” თამაშობდა. შევჩენკოს ზაპოროჟიეს “მეტალურგში”, “ჰოვერლაში” და “ოლიმპიკშიც” უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ “დილას” მეკარის პოზიციაზე ნუკრი რევიშვილი ეგულებოდა, თუმცა ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა და გორელებიც ჩემპიონთა ლიგის წინ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

გორის „დილა“ თურქეთში მზადებას შეუდგა

გორის „დილა“ დანიშნულების ადგილას შუადღეს, 13:00 საათისთვის იყვნენ. სადილის შემდეგ გუნდმა დაისვენა და საღამოს 19:00 საათზე პირველი მსუბუქი წვრთნა გამართა.

გუნდთან ერთად ივარჯიშა 22 წლის ცენტრალურმა მცველმა ალბერტ ცხოვრებოვმა. იგი წელიწადნახევრის განმავლოვბაში რუსეთის პირველი დივიზიონის „ტოსნოში“ გამოდიოდა. მისი სიმაღლე 1.95 სანტიმეტრია.

 

გუნდი საკმაოდ კარგ პირობებში დაბინავდა. მასპინძელთა მხრიდან სასიამოვნო მოულოდნელობა გახლდათ, როდესაც გუნდს სასტუმროს ცენტრალურ შესასვლელთან გამოკრული გორის „დილას“ პლაკატი დახვდა, ხოლო შიგნით სასტუმროს ტერიტორიაზე გორის „დილას“ ჰიმნი არაერთხელ გაისმა.

27 ივლისიდან გორელები ორჯერად ვარჯიშებს ჩაატარებენ. როგორც მოგეხსენებათ, დაგეგმილია ამხანაგური შეხვედრები, რომელთა ზუსტ თარიღსა და მოწინააღმდეგე გუნდების ვინაობას მალე მოგაწვდით.

თურქეთში შემდეგი ფეხბურთელები გაემგზავრნენ: მარიამიძე, მუჯრიშვილი, ქარქუზაშვილი, კვირკველია, ბაგაევი, კვახაძე, ღონღაძე, ხურცილავა, დუდუჩავა, ლომიძე, სამხარაძე, ფალავანდიშვილი, რაზმაძე, წიქარიძე, გვალია, ახალკაცი, ძარია, კვირკვია, გორელიშვილი, ერისთავი, ილურიძე, მარცვალაძე, მოდებაძე, მაშუკოვი.

„დილას“ პრესსამსახური

კვეკვესკირი: „ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი, რომ „ინტერში“ გადავედი“

გორის „დილადან“ ბაქოს „ინტერში“ გადასული ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი azerisport.com-ს გაესაუბრა და ახალ კლუბში პირველი შთაბეჭდილებების შესახებ უამბო.

„მიხარია, რომ „ინტერის“ მსგავს კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი“.

– რა იცით „ინტერის“ შესახებ?

„ვიცი, რომ ეს ის გუნდია, რომელიც ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძოდა. აქ ბევრ ქართველს უთამაშია“

– ზაურ სვანაძეს, ალბათ, უკვე ესაუბრეთ

„მიხარია, რომ ასეთ სპეციალსიტთან ვიმუშავებ. ის მართლა მაღალი დონის სპეციალისტია“

– თქვენი „ინტერში“ მოსვლის მიზეზი რა გახდა?

„ლეგიონერის ცხოვრების გაგება მინდოდა. იმედია, გუნდს წარმატებას მოვუტან. შევეცდები, მაქსიმუმი გავაკეთო, რათა „ინტერმა“ ახალ სეზონშიც წარმატებულად ითამაშოს“

– ვარჯიშს როდის დაიწყებთ?

„პირველ ვარჯიშზე უკვე ვიყავი“

– სავარაუდოდ, თქვენს გადაწყვეტილებაზე იმ გარემოებამაც იმოქმედა, რომ „ინტერი“ დედაქალაქური კლუბია…

„ბაქო ძალიან მომეწონა. ეს ნამდვილად ლამაზი ადგილია“

– კონტრაქტი რამდენი ხნით იმოქმედებს?

„ერთწლიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ“

– „ინტერში“ ერთადერთი ქართველი არ იქნებით. ადაპტაციის პრობლემა არ უნდა იყოს…

„აქ ისეთ ფეხბურთელები შეიკრიბნენ, რომ ჩემი თანამემამულეების გარეშეც ყველაფერი გამოვიდოდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ზაურ სვანაძისა და გიორგი ლომაიას ხილვა მიხარია.

– „ინტერის“ ფინანსური პრობლემების შესახებ თუ იცით?

„ეს ჩემი საქმე არ არის. ამ თემაზე საუბარი არ მსურს. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ყველაფერი კარგად იქნება“

– როდესაც „დილას“ ტოვებდით, ალბათ, სხვა კლუბების წიანდადებაც გექნებოდათ

„ამჟამად „ინტერის“ ფეხბურთელი ვარ. არამგონია, სხვა კლუბების წიანდადებებზე საუბარი ეთიკური იყოს. სხვა კლუბები არ მაინტერესებს, მაგრამ „დილას“ ყოველთვის ვუგულშემატკივრებ“

,,დილამ“ შეკრება გამარჯვებით დაასრულა

გორის ,,დილამ“ შეკრების დასასრულს  საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში გიუმრის ,,შირაქს“ უმასპინძლა და მეტოქე თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ამხანაგურ მატჩს დაძაბულობა არ აკლდა, რის გამოც მატჩის მთავარ არბიტრს ,,შირაქის“ფეხბურთელების მოედნიდან გაძევება მოუხდა.

გორელი მაყურებელი ინტერესით ელოდა გუნდის ახალწვეულების გამოჩენას. როგორც მოგეხსენებათ ამ დროისთვის ,,დილა“ უკვე შვიდი ფეხბურთელით გაძლიერდა. პირველი ნახევარი გორელთა უპირატესობით წარიმართა. ჩვენი გუნდი მოედნის ცენტრში დაბალი, სწრაფი პასებით კომბინირებდა.

შეიძლება ითქვას, რომ საწყისი 15 წუთი ,,დილამ“ ,,შირაქს“ ბურთი დაუმალა. პირველ ნახევარში სომეხთა კართან სახიფათო მომენტებიც მრავლად შეიქმნა. შანსი გვალიას შორეული დარტყმის შემდეგ ჯერ მოდებაძეს ჰქონდა რომელმაც ბურთი ძელს მოარტყა, შემდეგ კი გადმოვარდნილი ბურთით იქვე მყოფმა ბაგაევმააც ვერ იხეირა. გამორჩეული იყო გიორგი ერისთავი, რომელმაც ერთ ეპიზოდში მეკარის მოტყუება განიზრახა თუმცა კიპერმა მის მიმართ თამაშის წესები დაარღვია რის გამოც მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი 43’ წუთზე ლუკა რაზმაძემ ოსტატურად შეასრულა და ანგარიშიც გახსნა – 1:0. პირველ ნახევარში ახალწვეულთაგან მოედანზე მუჯრიშვილი, კვირკველია, მარცვალაძე და ილურიძე ირჯებოდნენ, რომლებმაც ტაიმი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს.

მეორე ნახევარში ,,დილა“ მოედანზე განახლებული შემადგენლობით გამოვიდა და მინდორზე გამოჩნდნენ სათადარიგოთა სკამზე მყოფი ახალწვეულებიც. მეორე ტაიმის საწყის წუთებზე სომეხმა ფეხბურთელებმა აქტიურობას უმატეს. აგრესიული თამაში ხშირად სრულდებოდა მათი დაჯარიმებით. ,,შირაქის“ რიგებიდან აქტიურობდნენ სამხრეთ აფრიკელი ლეგიონერები, თუმცა ,,დილას“ მცვლები მათ იერიშებს სტაბილურად  იგერიებდნენ.

მოწოდების სიმაღლეზე იყო მუჯრიშვილი, რომელმაც რამდენიმე ძლიერი დარტყმული კუთხურზე მოიგერია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გუნდის კიდევ ერთი ახალწვეულის, კვირკვიასეფექტური გარჯდა. ის აქტიურად ერთვებოდა შეტევებში და ბურთის მოსაპოვებლად უშეღავათოდ იბრძოდა.

მეორე თერთმეტმეტრიანი საჯარიმოში სეთურიძის ჩაწოდებას მოჰყვა, რა დროსაც მეტოქე გუნდის მცველმა საჯარიმოს სიღრმეში წასული ბურთი ხელით შეაჩერა. ეპიზოდს ,,შირაქის“ ფეხბურთელთა პროტესტი მოჰყვა, მაგრამ ამ შემთხვევაში არბიტრი შეუვალი აღმოჩნდა, მეორე თერთმეტმეტრიანი კი ზუსტად გიორგი სეთურიძემ შეასრულა. 2:0.

საბოლოოდ მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით  2:0 დასრულდა.

 

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მუჯრიშვილი, კვირკველია, ბაგაევი, კვახაძე (კაპ.), ხურცილავა, გვალია, რაზმაძე, ილურიძე, მარცვალაძე, ერისთავი, მოდებაძე.

მეორე ნახევარში შევიდნენ: ქარქუზაშვილი, სამხარაძე, ღონღაძე, წიქარიძე, სეთურიძე, კვირკვია, გორელიშვილი, მაშუკოვი.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

 

 

„დილას“ პრესსამსახური

რევიშვილი და ცხოვრებოვი გორის „დილაში“ გადადიან

„ტოსნოს“ მეკარე ნუკრი რევიშვილი და მცველი ალბერტ ცხოვრებოვი კარიერას საქართველოს მოქმედი ჩემპიონის გორის „დილას“ შემადგენლობაში გააგრძელებენ.

განვლილ სეზონში რუსეთის პირველ დივიზიონში „ტოსნოს“ შემადგენლობაში რევიშვილმა 21 შეხვედრა ჩაატარა. გაზაფხულში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერგეი ნარუბინის მოსვლის შემდეგ ქართველს თამაშის შანსი არ ჰქონია.

რაც შეეხება ცხოვრებოვს, განვლილ სეზონში მან მხოლოდ რვა შეხვედრაში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ერთი საათის წინ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში გორელთა მეტოქის ვინაობა გაირკვა.