ჩემპიონთა ლიგაზე “დილას” მეტოქე ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი და მეორე რაუნდების წილისყრა ჩატარდა.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ჩემპიონი გორის “დილა” ტურნირს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუერთდება.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “დილას” მეტოქე სერბეთის “პარტიზანი” იქნება.

წყვილის პირველ შეხვედრას სერბეთი უმასპინძლებს, განმეორებითს კი – საქართველო.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 14-15 ივლისს, საპასუხო კი 21-22 ივლისს ჩატარდება.

 

ვინ შეხვდება “დილას”? – 6 სავარაუდო მეტოქე ცნობილია

დღეს, თბილისის დროით 2 საათზე ნიონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგება.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა გორის “დილას” სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა.

ესენი არიაან: სტიაუა (რუმინეთი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), დინამო ზაგრები (ხორვატია), ვიდეოტონი (უნგრეთი), პარტიზანი (სერბეთი) და შკენდერბეუ (ალბანეთი).

 

ოფიციალურად: ილურიძე, კვირკველია და მარცვალაძე “დილაში” ითამაშებენ

დასრულებული XXVI ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული გორის „დილა“ მოახლოვებული ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდისა და ეროვნული ჩემპიონატისათვის მზადებას 11 ივნისს საკუთარ ქალაქში განაახლებს, ხოლო ადგილზე „დილა“ პირველ შეკრებას 12 ივნისს დაიწყებს და 12 დღის განმავლობაში მოემზადება.

26 ივნისს დაგეგმილია მეორე უცხოური შეკრება. თუ სად გაივლის გუნდი მეორე მოსამზადებელ ეტაპს, ამას უახლოეს მომავალში გაცნობებთ.

ჯერჯერობით კლუბი ოფიციალურად სერბმა ლეგიონერმა სლავკო მარიჩმა დატოვა. 11 ივნისს გუნდს შეუერთდებიან ახალწვეულები: გიორგი ილურიძე და დავით კვირკველია. ორივე მათგანი როგორც ქართველი, ასევე „დილას“ ქომაგთათვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელები არიან. ილურიძეც და კვირკველიაც „დილას“ შემადგენლობაში წარმატებით ასპარეზობდნენ. ასევე გუნდს შეუერთდება ოთარ მარცვალაძე, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში არაერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ბოლოს იგი რუსეთის პირველი დივიზიონის „ტოსნო“-ში გახლდათ.

„დილას“ პირველ ვარჯიშზე შეუერთდება 20 წლის თავდამსხმელი ისლამ მაშუკოვიც, რომელიც ასევე რუსეთის პირველი დივიზიონის „სკა-ენერგიაში“ გამოდიოდა, სადაც ჩვენი თანამემამულეები გოგიტა გოგუა და კახა ალადაშვილი ასპარეზობდნენ. მაშუკოვის გადაბირება „დილას“ გასრულებული ჩემპიონატის მეორე წრეშიც სურდა, მაგრამ მაშინ ეს ტრანსფერი არ შედგა. ახლა კი იგი სავარაუდოდ „დილას“ ფორმას მოირგებს.

„დილას“ პრესსამსახური

,,დილა” საქართველოს ჩემპიონია! (ვიდეო)

22 მაისს, გორის “დილამ” საკუთარ მოედანზე “ვიტ ჯორჯია” ანგარიშთ 3:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, გორელებს თასი გადაეცათ და მათ ჩემპიონობა გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს.

ვინ გახდება საქართველოს საუკეთესო ბომბარდირი?

საქართველოს უმაღლესი ლიგის 2014/15 წლების სეზონი დასასრულს უახლოვდება. მთავარი კითხვაზე პასუხი ცნობილია – გორის „დილას“ სახით საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს. შიდა ქართლელებმა ჩემპიონობა 28-ე ტურში გაინაღდეს, როდესაც გასვლაზე ალექსანდრე კვახაძის გოლით მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვეს. ამჟამად გორელებს 61 ქულა აქვთ და მეორე და მესამე ადგილზე მყოფ ბათუმისა და თბილისის „დინამოელებს“ 6-6 ქულით უსწრებენ.

ამის მიუხედავად, ჩემპიონატში რამდენიმე ინტრიგა დარჩა. მაგალითად, უცნობია მეორეადგილოსანისა და იმ გუნდის ვინაობა, რომელიც უმაღლეს ლიგაში დასარჩენად პლეიოფში ითამაშებს. ცხრილის ქვედა ნაწილში გადარჩენისთვის ერთდროულად „სიონი“, „ვიტ ჯორჯია“ და „მეტალურგი“ იბრძვიან. ამ მხვრივ, ყველაზე კარგ მდგომარეობაში ბოლნისელები არიან, რომლებსაც 29 ქულა აქვთ და ამჟამად პლეიოფის ზონაში მყოფ „ვიტ ჯორჯიას“ 3 ქულით უსწრებენ. რაც შეეხება „მეტალურს“, ქვემო ქართლელები ბოლო ადგილზე იმყოფებიან და ქულით მოპოვების შემთხვევაში, „ზესტაფონს“ გაუთანაბრდებიან, რომელიც ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება და მეორე წრის მეორე ნახევრიდან ყველა შეხვედრაში ტექნიკური წაგება ეთვლება.

ასევე საინტერესოა, ვინ გახდება ჩემპიონატის საუკეთესო ბობმარდირი. ამჟამად ბომბარდირთა დავას 14 გოლით გორის „დილას“ თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე ლიდერობს, თუმცა „დინამოს“ ნახევარმცველი, 19 წლის გიორგი პაპუნაშვილი მას მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება. მესამე ადგილზე 11 გოლით „ცხინვალის“ თავდამსხმელი ნიკა კაჭარავაა.

ირაკლი მოდებაძე

მოდებაძე „დილაში“ 2012 წელს ჩაირიცხა, როდესაც გორელებს რუსთავის „მეტალურგიდან“ შეუერთდა. სადებიუტო სეზონში უმაღლეს ლიგაში ირაკლიმ 21 მატჩი ჩაატარა და თავი 11-ჯერ გამოიჩინა, შემდეგ სეზონში კი 17 შეხვედრაში9 გოლი გაიტანა. გასული სეზონის მეორე წრიდან მოდებაძე თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, თუმცა მაშინდელ მალხაზ ჟვანის გუნდში მხოლოდ 7 მატჩის ჩატარება მოუწია, რომელშიც თავის გამოჩენა ვერ შეძლო. ამ სეზონის დაწყების წინ 30 წლის მოთამაშე „დილაში“ დაბრუნდა და ჯერჯერობით მის შემადგენლობაში თავის საუკეთესო სეზონს ატარებს. აღსანიშნავია, რომ უმაღლეს ლიგაში და ზოგადად კარიერაში ირაკლისთვის საუკეთესო 2010/11 წლების სეზონი იყო, რომელშიც ის 34 შეხვედრაში 16 გოლით გამოირჩა, თუმცა სეზონის საუკეთესო ბობმარდირი ვერ გახდა – ორი გოლით მას მაშინდელი ჩემპიონის „ზესტაფონის“ ფორვარდმა ნიკა გელაშვილმა აჯობა.

ბოლო ტურში „დილა“ უმაღლეს ლიგაში გადასარჩენად მებრძოლ ნახსენებ „ვიტ ჯორჯიას“ მასპინძლობს, რაც მოდებაძეს ბომბარდირთა დავაში ლიდერობის შენარჩუნების შანსს აძლევს.

გიორგი პაპუნაშვილი

ნიჭიერი ნახევარმცველი თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში გასულ სეზონში გამოჩნდა. „ლურჯ-თეთრების“ რიგებში ცამეტ მატჩში გიორგიმ თავი სამჯერ გამოიჩინა. თითო გოლი მან რუსთავის „მეტალურგს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და საჩხერის „ჩიხურას“ გაუტანა.

ზაფხულში თბილისურ კლუბში ბევრი ცვლილება განხორციელდა. გუნდის შემადგენლობა თითქმის მთლიანად ახალგაზდა მოთამაშეებით დაკომპლექტდა, 2014 წლის ბოლოს კი „დინამო“ გამოცდილმა ჩისკომ და ირაკლი ძარიამაც დატოვეს. ესპანელი სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო ძარია გორის „დილას“ შეუერთდა. სეზონის დასაწყისში მომხდარი ცხლილებების წყალობით არაერთ ახალაგზრდა მოთამაშეს თავის გამოჩენის რეალური შანსი მიეცა. პაპუნაშვილი ის ფეხბურთელია, რომელმაც ამ შანსის ყველაზე კარგად გამოყენება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მან პირველ ადგილზე მყოფ მოდებაძეზე ერთით ნაკლები შეხვედრა ჩაატარა, შესაბამისად, პროცენტული მაჩვენებლით გორელთა ლიდერს არ ჩამოუვარდება.

გიორგი პაპუნაშვილი_07754

ყველაზე შედეგიანი გიორგისთვის ცხინვალის „სპარტაკთან“ პირველი წრის შეხვედრაა, რომელშიც მან ჰეთთრიკი შეასრულა, მისმა გუნდმა კი მეტოქე ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

ბოლო დროს 19 წლის ტალანტის „დინამოდან“ შესაძლო წასვლსთან დაკავშირებული საუბრები გავრცელდა. პაპუნაშვილის სახელს ქართველებისთვის ცნობილ კვიპროსულ „ანორთოსისს“ უკავშირებდნენ.

ბოლო ტურში „დინამო“ საჩხერის „ჩიხურას“ მასპინძლობს, რომელსაც მიმდინარე სეზონში მეხუთე ადგილი უკვე გარანტირებული აქვს. საჩხერლები ვერც მეოთხე ადგილისთვის ბრძოლას შეძლებენ და ვერც მეექვსე ადგილზე აღმოჩნდებიან.

ნიკა კაჭარავა

ასაკის მიუხედავად, 21 წლის თავდამსხმელს უცხოეთშიც იცნობენ. 2011/12 წლების სეზონში ნიკა „დინამო თბილისის“ ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა, რის შემდეგაც ყაზანის „რუბინში“ გადაბარგდა, რომლის ახალგაზრდულ გუნდში არც თუ ისე ცუდად თამაშობდა. 2014 წელს კაჭარავა საქართველოში დაბრუნდა. გასული სეზონის ბოლოს მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩატარება მოუწია, ამ სეზონში კი „ცხინვალის“ საუკეთესო ბობმარდირად ჩამოყალიბდა. თავისი სიმაღლის დახმარებით, ნიკა მეორე ასართულზე ორთაბძროლებს, ძირითადად, ადვილად იგებს.

ნიკა კაჭარავა_95434

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა პირველ ადგილზე მყოფ მოდებაძეს სამი გოლით ჩამორჩება, მას ბომბარდირობაზე ფიქრის მიზეზი მაინც უნდა ჰქონდეს. „მეტალურგთან“ 29-ე ტურის შეხვედრაში მან ჰეთთრიკი შეასრულა, მისმა გუნდმა კი ანგარიშით 7:2 მოიგო.

ბოლო ტურში ცხინვალელები, რომლებიც ვერც სამეულშ შევლენ და ვერც მეოთხე ადგილის ქვემოთ აღმოჩნდებიან, მეათე ადგილზე მყოფ ფოთის „კოლხეთს“ ხვდებიან.

იხილეთ კაჭარავას ინტერვიუ Fanebi.com-თან

შალვა ნათელაშვილმა გორის “დილას” ჩემპიონობა მიულოცა

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გორის “დილამ” ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გუნდმა მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა პირველი ადგილი.

ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც სოციალური ქსელის მეშვეობით გორელებს ჩემპიონობა მიულოცა:

“გორის “დილა” ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონია. ბიჭებო, სულით და გულით გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას. დაე, ქართული ფეხბურთს მალე დაეპყროს ქვეყნები და კონტინენტები”.

 

როგორ იზეიმეს “დილას” ჩემპიონობა გორში (ვიდეო)

როგორც იცით, 13 მაისს, უმაღლესი ლიგის 28-ე ტურში გორის “დილამ” “სამტრედია” სტუმრად მინიმალური სხვაობით დაამარცხადა და ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

გორში ჩასულ “დილას” ფეხბურთელებს გულშემატკივრები დახვდნენ, მათ კი ჩემპიონობა ერთად იზეიმეს.

საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს – გორის “დილას” ტრიუმფალური გზა

საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ქვეყნის საუკეთესო გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია. მიმდინარე სეზონში ყველას გორის “დილამ” აჯობა და სამტრედიაში მინიმალურად მოგებული მატჩით ტიტული ოფიციალურად გაინაღდა.

გორული კლუბის საჩემპიონო ისტორია ჯერ კიდევ აგვისტოში დაიწყო. გასულ სეზონში “დილამ” მე-7 პოზიცია დაიკავა, რაც დამაკმაყოფილებელი შედეგი არ ყოფილა და გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის შემადგენლობის დიდი ნაწილი და რაც მთავარია კლუბის მენეჯმენტი. ახალი კადრების და მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის მოსვლასთან ერთად კი “დილას” მყარი ფინანსური მხარდაჭერა გაუჩნდა, რაც უმაღლეს ლიგაში ავტომატურად ფავორიტთა შორის ყოფნას ნიშნავს.

ახალი “დილა” ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეიკრიბა და სრულფასოვანი შეკრების გავლაც ვერ მოასწრო, თუმცა მიუხედავად ამისა პირველი წრე გორელებმა ღირსეულად ჩაატარეს. აი ზამთრის პაუზის დროს კი სოსიაშვილმა გუნდი სრულფასოვნად მოამზადა, უცხოური შეკრებაც მოუწყო და მეორე ეტაპის წინ “დილა” გვარიანად გააძიერ. მრავლად იყო საკადრო ცვლილებებიც, რომელთა შედეგადაც გუნდიდან წასული 8 ფეხბურთელი საქართველოში გამორჩეულმა მოთამაშეებმა შეცვალეს. “დილა” ლეგიონერებმაც გააძლიერეს და ამ მხირვ გასანკუთრებით წარმატებული რა თქმა უნდა ალან ბაგაევის ტრანსფერია. რუსი მცველი საქართველოს ჩემპიონატში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუეკთესოა და გორული კლუბის წარმატებაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

“დილას” წარმატებაში დიდი წვლილი რა თქმა უნდა უჩა სოსიაშვილის მიუძღვის. 25 წლის სპეციალისტისთვის უმაღლეს ლიგაში პირველი სეზონის ტრიუმფალური აღმოჩნდა და შესაძლოა ეს შემთხვევა არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით იყოს უპრეცენდენტო. სოსიაშვილმა გუნდმა კონკურენტებთან შეხვედრებში დამაჯერებლად ითამაშა და მათთან შედარებით ყველაზე კარგი შედეგებიც აჩვენა. გარდა ამისა, “დილა” ბათუმის და თბილისის “დინამოებისგან” განსხვავებით ქულებს უაზროდ არ კარგავდა, რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.

ნათელია, რომ საქართველოს ჩემპიონატის მოგება, განსაკუთრებით წლევანდელ სეზონში, დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, თუმცა ეს “დილას” წარმატებას რა თქმა უნდა არ აკნინებს. მაგრამ, ფაქტია, რომ მთავარი გამოცდა გორულ კლუბს ზაფხულში ელის, როდესაც “დილა” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება. მანამდე კი გორში ნამდვილი ზეიმია, რომელიც გუშინ გვიან ღამით დაიწყო.

სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ გორელებმა პირველად იზეიმეს ჩემპიონობა, დაირღვა წლeბის მანძილზე დამკვირდრებული ტრადიციაც, რომლის მიხედვით ჩემპიონი აუცილებლად ის გუნდი ხდებოდა, რომელიც ზამთრის ჩემპიონის არაოფიციალურ წოდებას მოიპოვებდა. პირველად დაფიქსირდა ის ფაქტიც, რომ ჩემპიონობა ასეთი ახალგაზრდული ასასკის მწვრთნელმა მოიგო.

უმაღლესი ლიგის დასრულებამდე კი ჯერ კიდევ ორი ტურია დარჩენილი და გასარკვევიც საკმაოდ ბევრი რამაა, თუმცა გორელები უკვე მშვიდად არიან და ჯერ მარტვილს ესტუმრებიან, ხოლო დასკვნით ტურში “თენგიზ ბურჯანაძეზე” “დილა” “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლებს და ნანატრს თასსა და ოქროს მედლებსაც ჩაიბარებს.

 

გორის “დილას” საჩემპიონო მატჩი (ვიდეო)

უმაღლესი ლიგის 28-ე ტურში გორის “დილამ” “სამტრედიაში” გაიმარჯვა და არსებობის ისტორიაში პირველი ჩემპიონობა მოიპოვა.

მატჩის ბედი 45-ე წუთზე ალექსანდრე კვახაძის მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა.

Fanebi.com გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას და საჩემპიონო ზეიმის ამსახველ კადრებს.

 

„დილას“ ფეხბურთელების მოწოდება გულშემატკივარს – „მოდი სტადიონზე“!!!

საქართველოს ერონული ჩემპიონატის XXV ტურის შეხვედრაში გორის „დილა“ ქობულეთის „შუქურას“ მასპინძლობს. აღნიშნული შეხვედრა სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე, გორის „დილა“ ჩემპიონატის ცხრილის სათავეში იმყოფება, უახლოეს მდევართან სხვაობა კი მხოლოდ ერთ ქულას შეადგენს.

პრინციპული შეხვედრის წინ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები გორელ ქომაგებს სტადიონზე მოსვლის და „დილას“ გულშემატკივრობისკენ მოუწოდებენ. „შუქურასთან“ შეხვედრისთვის საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად ემზადება „დილას“ ფანკლუბიც. „ლომკაცების“ თქმით „დილას“ მხარდასაჭერად ისინი ენერგიას არ დაზოგავენ და საყვარელი გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე დაიხარჯებიან.

FCDila.GE

“დილამ” “სიონს” სძლია და ლიდერობა მოიპოვა

დღეს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გორის “დილამ” ბოლნისის “სიონს” უმასპინძა და მიუხედავად დიდი უპირატესობისა, მეტოქეს მხოლოდ მინიმალური ანგარიშით სძლია.

შეხვედრა ბოლნისელებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა პირველი მომენტი მე-9 წუთზე მასპინძებმა შემქნეს. კვეკვესკირის მოწოდებული ჯარიმის შემდეგ ბაგაევის დარტყმული ბათიაშვილმა მოიგერია.

მე-15 წუთზე გატანა თექთურმანიძეს შეეძლო, მაგრამ მასპინძლთა ნახევარმცველმა საკმაოდ მახვილი კუთხიდან ბრძოლაში დაარტყა და მიზანს ვერ მიაღწია. მალევე შანსი გორელიშვილი მიეცა, თუმცა მის დარტყმას მცველები გადაეღობნენ და ბურთი კუთხურზე გადავიდა. სტანდარტი „დილამ“ სახიფათოდ გაათამაშა, ჩაწოდების შემდეგ შორეულ კუთხესთან დარჩენილმა ერისთავმა ძლიერად დაარტყა, თუმცა ბათიაშვილი კვლავ დამაჯერებელი იყო.

მასპინძელთა უპირატესობა ძალიან დიდი იყო და „სიონიც“, რამდენიმე კონტრშეტევას თუ არ ჩავთვლით, ფაქტობრივად მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. მიუხედავად გორელთა ასეთ დომინირებისა შესვენებამდე ანგარიშის გახსნა „დილამ“ ვერ შეძლო და ტაიმიც ფრედ, 0:0 დასრულდა.

„დილამ“ მეორე ნახევარშიც პირველ ნომრად ითამაშა და კარის დალაშქვრის მორიგი შესაძლებლობა 47-ე წუთზე, ისევ ბაგაევმა გაუშვა ხელიდან.

კიდევ ერთხელ სტუმრები მე-60 წუთზე, კვეკვესკირის დარტყმის შემდეგ გადარჩნენ, რომელიც ხარიხამ მოიგერია. ამის შემდეგ „სიონმა“ გამოიღვიძა და რამდენიმე შეტევის განხორციელება სცადა, თუმცა განსაკუთრებული ხიფათის გარეშე და უპირატობას კვლავ გორელები დაეუფლნენ. საბოლოოდ ბოლნისელთა დაცვამ 73-ე წუთამდე გაძლო. საჯარიმოში შეჭრილმა ერისთავმა რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი და ანგარიში გახსნა – 1:0.

მე-80 წუთზე  გორელიშვილის გარღვევა დარტყმით და გოლით დასრულდა , თუმცა ბურთი ერისთავს მოხვდა, რომელიც თამაშგარეში იყო და შედეგიანი დარტყმაც გაუქმდა.

დარჩენილ წუთებში მოედაზე აღარაფერი შეცვლილა და გორელებმა მორიგი გამარჯვებით სატურნირო ცხრილის პირველი პოზოცია ბათუმის “დინამოსთან” ერთად მოიპოვეს.

დილა 1-0 სიონი

გოლი: ერისთავი 73’ 

დილა: მიგინეიშვილი, მარიჩი, ქარუზაშვილი, ბაგაევი, სეთურიძე, ფალავანდიშვილი, გვალია, თექთურმანიძე (ახალკაცი 56’) , კვეკვესკირი, ერისთავი (რამაძე 84’)  , გორელიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

სიონი: ბათიაშვილი, სვანიძე, ჯინჭარაშვილი, მოსემღვდლიშვილი, გიორბელიძე, გაფრინდაშვილი, მიქაბერიძე (ფოფხაძე 64’) , და სილვა (გოგობერიშვილი 55’), ლობჯანიძე, ჭიკაიძე, სიჭინავა (ცხადაია 55’)  .

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული

სლავკო მარიჩი: „მინდა გორელი გულშემატკივარი გავახარო“

ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში გორის „დილას“ სერბი მცველი სლავკო მარიჩი შეუერთდა. გამოცდილმა ფეხბურთელმა ჩვენი გნდის დაცვის მარცხენა ფლანგი გააძლიერა. სერბი ლეგიონერი „დილას“ ძირითად შემადგენლობაში ბოლო პერიოდში სტაბილურად ხვდება, აქტიურად ერთვება შეტევებში, სტანდარტებსა და საჯარიმოებსაც ხშირად ასრულებს.

სლავკო მარიჩმა „დილას“ პრესსამსახურს კლუბში არსებულ ვითარებასა და მის განვლილ კარიერაზე უამბო.

როგორ დაიწყეთ საფეხბურთო კარიერა?

„ფეხბურთის თამაში შვიდი წლის ასაკში დავიწყე. დავიბადე პატარა ქალაქ ნოვა ვაროშში. პირველი გუნდი კი „ზლატარი“ იყო, რომლის შემდეგაც შვიდი წლის განმავლობაში ბელგრადში, ,,ჰაიდუკ ლიონის“ რიგებში ვირიცხებოდი. ბოლო პერიოდში რამოდენიმე კლუბში მომიწია თამაში, „დილაში“ გადმოსვლამდე კი ექვსი თვე ბერძნულ კლუბ „ლამიაში“ გავატარე.“

გორის ,,დილაში“ მარცხენა მცველის პოზიციაზე ირჯებით. ზოგადად თქვენი საფეხბურთო პრაქტიკიდან გამომდინარე რომელია სლავკო მარიჩის საყვარელი პოზიცია?

„ბოლო ექვსი წლის მანძილზე მარცხენა მცველის პოზიციაზე ვთამაშობ, თუმცა ადრეულ წლებში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც მიწევდა თამაში. მარცხენა მცველის ამპლუაში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ.“

როგორ გრძნობთ თავს კლუბში?

„გორის „დილაში“ თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობ. კლუბში მოსვლისთავანე გუნდისგან სრული მხარდაჭერა ვიგრძენი. ფეხბურთელები ძალიან კარგად შემხვდნენ.”

გვიამბეთ „დილაში“ არსებული ატმოსფეროს შესახებ?!

„კლუბში ძალიან კარგი ატმოსფეროა. ფეხბურთელების განწყობა მეგობრული და გუნდურია. კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები მხოლოდ ერთი მიზნის, „დილას“ წარმატებისკენ ვართ ორიენტირებული.“

რას იტყვით გუნდის მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის შესახებ?

„უჩა სოსიაშვილი ახალგაზრდა და ჩემი აზრით, საკმაოდ პერსპექტიული, ნიჭიერი და მიზანდასახუული სპეციალისტია. მას საქმისადმი საკმაოდ პროფესიონალური მიდგომა აქვს.“

გუნდთან ერთად რა არის თქვენი მთავარი გამოწვევა და მიზანი?

„ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ტური რჩება. მე ვფიქრობ, რომ ჩემპიონატის მოგების საკმაოდ რეალური შანსი გვაქვს.“

გაიარეთ თუ არა ადაპტაცია კლუბთან და ქალაქთან?

„გორი პატარა, ძალიან მშვიდი და საინტერესო ქალაქია. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. „დილამ“ ყველა პირობა შემიქმნა სწრაფი ადაპტაციისთვის.“

რას იტყვით საქართველოს ეროვნული ემპიონატის და გორის „დილას“ პოზიციების შესახებ?

„საქართველოში ფეხბურთს ძალიან ტექნიკურად თამაშობენ, თუმცა ინფრასტრუქტურული გაუმართავობა ფეხბურთის განვითარებას გარკვეულ პრობლემებს უქმნის. რაც შეეხება „დილას“ პოზიციებს ჩვენ ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გუნდი ვართ და ამით ყველაფერი ნათქვამია.“

რაიმე მსგავსებას ხომ არ ხედავთ ქართულ და სერბულ ფეხბურთს შორის?

„საქართველოში როგორც უკვე აღვნიშნე ძალიან ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, სერბეთში კი ყურადღება უფრო ძალისმიერ ფეხბურთს ექცევა.

და ბოლოს, რას ეტყოდით გორელ გულშემატკივარს?

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ბოლომდე, თავდაუზოგავად გვიდგანან მხარში. სურვილი მაქვს, რომ  სეზონის ბოლოს მათ სახეზე მხოლოდ ღიმილს ვხედავდე.“

„დილას“ პრესსამსახური