ზაგრების “დინამოს” თავკაცს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა

ზაგრების “დინამოს” აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ ზორან მამიჩს პატიმრობა მიესაჯა. უზენაესმა სასამართლომ მას 4 წლისა და 8 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა. 49 წლის სპეციალისტს ბრალად სატრანსფერო მაქინაცია ედება. ამავე საქმეზე 6 წლისა და 5 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მის ძმას ზდრავკო მამიჩს, რომელიც კლუბის სპორტული დირექტორის პოსტს იკავებდა. ახლა ის ბოსნიაში იმყოფება. პატიმრობა მიესაჯათ კლუბის ყოფილ დირექტორ დამირ ვრბანოვიჩსა (3 წ.) და საგადასახადო ინსპექტორ მილან პერნარს (3 წ. და 2 თვე).

ზორან მამიჩი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს იღებს და გუნდის თავკაცის პოსტს ტოვებს. “დინამოს” დამირ კრზნარი უხელმძღვანელებს, რომელის სპორტული დირექტორის ფუნქციებსაც შეითავსებს.

შეგახსენებთ, რომ ზაგრების “დინამო” ევროპის ლიგაზე ასპარეზობს და ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე “ტოტენჰემ ჰოთსპურს” ეჯიბრება. წყვილის პირველი შეხვედრა ლონდონელებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს.

“დინამომ” “რუსთავი” დაამარცხა (ვიდეო)

ეროვნული ლიგის მეცხრამეტე ტურში თბილისის “დინამო” რუსთავის “რუსთავს” დაუპირისპირდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა. აკაკი შულაიამ დავით კობოურის გადაცემის შემდეგ გაიტანა. ზუსტად 16 წუთში ნიკა ნინუამ ორამდე გაზარდა სხვაობა. მეორე ნახევარში, ელგუჯა ლობჯანიძემ მინიმუამდე შეამცირა ჩამორჩენა. თუმცა, მეტი გოლი აღარ გასულა. საბოლოოდ – 2-1 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.

ამ გამარჯვების შემდეგ “დინამო” 41 ქულით მეორეა. ხოლო, “რუსთავს” 21 ქულა აქვს და მეექვსე ადგილს იკავებს.

 

კიტეიშვილი: “ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც წინ ახალი ნაბიჯი უნდა გადადგა”

ოთარ კიტეიშვილმა, თბილისის “დინამოდან” გრაცის “შტურმში” გადასვლის შემდეგ გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.

“დინამოში 3.5 წელიწადი გავატარე და ეს არის კლუბი, რომელიც მუდამ ჩემს გულში იქნება. როგორც ფეხბურთელმა და როგორც პიროვნებამ ამ კლუბში უდიდესი გამოცდილება მივიღე. ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც წინ ახალი ნაბიჯი უნდა გადადგა. ვთვლი, რომ ეს მომენტი ჩემთვის ახლა დადგა. დინამოში ყოფნის მანძილზე იყო იმედგაცრუებაც და იყო დიდი სიხარულიც და ტიტულები- ეს ყველაფერი მუდამ დარჩება ჩემს გულში.

მინდა მადლობა გადავუხადო გუნდის ხელმძღვანელობას, კლუბის პრეზიდენტის – რომან ფიფიას თამადობით, რომსაც მუდამ ქონდა ჩემი იმედი. ასევე ყველა იმ ფეხბურთელს, მწვრთნელსა და გუნდში მომუშავე პერსონალს, რომელთა დამსახურებაცაა ყოველი წარმატება. მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. მადლობა დინამოს გულშემატკივარს, რომელიც მუდამ ამხნევებს დინამოს და ყოველთის ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას და სიყვარულს.

ვამაყობ, რომ დინამოში ვთამაშობდი და ვიყავი ამ დიდი გუნდის კაპიტანი. მადლობა დინამო,” – წერს კიტეიშვილი.

ამხანაგური მატჩი: თბილისის “დინამოს” 19-წლამდე გუნდმა “სპაერი” დაამარცხა

თბილისის “დინამოს” 19-წლამდე შემადგენლობამ ჩემპიონატის განახლებამდე მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა, რომელშიც საფეხბურთო კლუბ “სპაერს” უმასპინძლა და ხორხელის გოლით 1:0 დაამარცხა მეტოქე.

პირველობის განახლებამდე, რომელშიც “დინამოელები” ბათუმელ თანაკლუბელებს 30 აგვისტოს მიიღებენ, გუნდი კიდევ რამდენიმე სპარინგ მატჩს გამართავს. ვლადიმერ კაკაშილის შეგირდები 4 აგვისტოს “შევარდენს” უმასპინძლებენ. 6 რიცხვში საუდის არაბეთის “ნაჰდას” შეხვდებიან. 11 და 14 აგვისტოს კი “საბურთალოს” და “ლოკომოტივს” გაეჯიბრებიან.

თბილისის “დინამოს” აკადემიაში ვარჯიშები განახლდა

“დინამოს” აკადემიაში საზაფხულო პაუზა დასრულდა და გუნდებმა წვრთნა განაახლეს. ამის შესახებ აკადემიის გუნდების მენეჯერი, ირაკლი ხუჯაძე ესაუბრა კლუბის ოფიციალურ გვერდს.

“უკვე ერთი კვირაა, რაც “დინამოს” აკადემიაში ვარჯიშები განახლდა და ასაკობრივი გუნდები ინტენსიურ მზადებას შეუდგნენ. ჩვენი სკაუტები საქართველოს მასშტაბით აგრძელებენ მოზარდი ფეხბურთელების მოძიებას. მომავალში სწორედ ეს ახალგაზრდები დაეხმარებიან ჩვენს პირველ გუნდს და ასევე ეროვნულ ნაკრებს. 18-23 აგვისტოს ჩვენი აკადემიის U14 და U11 გუნდები გაბალაში ადგილობრივ თანატოლებს ორჯერ დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება უფრო პატარა ასაკებს (U10, U11, U12, U13 გუნდები) ისინი შარშანდელის დარად მონაწილეობას ლიეტუვაში მიმდინარე ატეიტის თასზე მიიღებენ. ეს ტურნირი ახალგაზრდებისთვის და სამწვრთნელო შტაბისთვის გამოცდილების მისაღებათ და კვალიფიკაციის ასამაღლებლათ საკმაოდ მნიშვნელოვანია. ტურნირზე ევროპის არაერთი გრანდის ახალგაზდული გუნდი მიიღებს მონაწილეობას და მათთან ასპარეზობა უდავოდ წაგვადგება,” – ამბობს ხუჯაძე.

კიტეიშვილი: “მაყურებელს მოვუწოდებ, რომ მოვიდეს “დინამო არენაზე” და მხარი დაგვიჭიროს!” (ვიდეო)

დღეს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში (პირველი მატჩი, სლოვაკეთში, ფრედ, 1:1 დასრულდა) თბილისის “დინამო” საკუთარ მოედანზე “დუნაისკა სტრედას” მიიღებს. პრინციპული დაპირისპირების წინ, დედაქალაქელთა ლიდერმა და კაპიტანმა, ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა.

“ხვალინდელი შეხვედრა არა მარტო “დინამოსთვის”, არამედ, ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო წლებში ქართულ გუნდებს ევროთასებზე, თუნდაც, ერთი ეტაპის გადალახვა გვიჭირს. ახლა კი გვაქვს შანსი და თან გაგვაჩნია მცირედი უპირატესობა გასვლაზე გატანილი ბურთის წყალობით. მაგრამ ეს რამე განსაკუთრებულს არ ნიშნავს. ურთულესი თამაში გველოდება ხვალ. ვნახეთ წინა მატჩი და იქ დაშვებული შეცდომები ახლა აღარ უნდა გავიმეოროთ. მაყურებელს მოვუწოდებ, რომ მოვიდეს სტადიონზე და მხარი დაგვიჭიროს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი გულშემატკივრობა. დიდი მადლობა ფანებს, წინასწარ!,” – ამბობს კიტეიშვილი.

“დინამო” – “დუნაისკა სტრედა”: სად და როდიდან შეგიძლიათ ბილეთების შეძენა?

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში (პირველი მატჩი, სლოვაკეთში, 1:1) თბილისის “დინამო” “დინამო არენაზე” “დუნაისკა სტრედას” დაუპირისპირდება.

19 ივლისს, 21:00 საათზე ჩანიშნული მატჩისთვის ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს 16 ივლისიდან 19 ივლისამდე, 11:00-19:00 საათების პერიოდში, “დინამო არენის” სალაროებში შეუძლიათ. გასათვალისწინებელია, რომ შეხვედრის დღეს სალაროები თამაშის დაწყებამდე იმუშავებს.

რაც შეეხება ონლაინით ყიდვას, ამისათვის დააჭირეთ აქ. გაფრთხილებთ, რომ აუცილებელია, ამობეჭდილი ბილეთის ქონა.

ევროპის ლიგა: თბილისის “დინამოს” ფრე სლოვაკეთში

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის “დინამომ” სლოვაკეთში, “მოლ არენაზე” “დუნაისკა სტრედასთან” ითამაშა.

შეხვედრაში ანგარიში ჩვენმა გუნდმა გახსნა. კონკრეტულად, მე-14 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა თავი. თუმცა, ზუსტად 16 წუთში მასპინძელთა 21 წლის თავდამსხმელმა,  ვაკუნ ისუფ ბაიომ გათანაბრება შეძლო. მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა გოლი აღარ გასულა. შესაბამისად, მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

განმეორებითი შეხვედრა უკვე თბილისში, “დინამო არენაზე” შედგება. ეს დაპირისპირება 19 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება.

“დინამომ” “დილა” გაანადგურა (ვიდეო)

ეროვნული ლიგის მეთვრამეტე ტურში ერთმანეთს თბილისის “დინამო” და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ.

ანგარიში მეთხუთმეტე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. ზუსტად შვიდ წუთში ლაშა თოთაძემ ულამაზესი ჯარიმა გაიტანა. ხოლო, 26-ეზე უკვე ბუდუ ზივზივაძემ მოახერხა სხვაობის სამამდე გაზრდა. ტაიმის მიწურულს კიტეიშვილმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის კარი. მეორე ნახევარში, 54-ე წუთზე “დინამოელთა” კაპიტანი ანზორ სუხიაშვილს გასცდა და მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა ნახსენებმა გორელმა ფეხბურთელმა უკნიდან დაარღვია თამაშის წესი და ასე შეაჩერა ოთარი. სუხიაშვილმა წითელი ბარათი მიიღო. 59-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში, 5-0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ “დინამო” 38 ქულით მეორეა. ხოლო, “დილა” დედაქალაქელებს ოთხი ქულით ჩამორჩება და მესამე პოზიციას იკავებს.

 

ოფიციალურად: მათე ვაწაძე თბილისის “დინამოში” ითამაშებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მათე ვაწაძე თბილისის “დინამოში” გააგრძელებს კარიერას.

როგორც ცნობილია, 29 წლის თავდამსხმელმა მშობლიურ კლუბთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა. ვაწაძე “დინამოში” 2005 წლიდან 2010 წლის ბოლომდე ასპარეზობდა და ჩემპიონატში ჩატარებულ 68 მატჩში 32 გოლი აქვს გატანილი.

მათე ბოლოს დანიური “სილკებორგის” ღირსებას იცავდა, მანამდე კი იმავე ქვეყნის წარმომადგენელ “ვიბორგში” და “ორჰუსში” გამოდიოდა. ფეხბურთელს, ასევე, “ვოლგაში”, გორის “დილაში” და თბილისის “ლოკომოტივში” უთამაშია.

“დინამომ” “კოლხეთს” დიდი სხვაობით მოუგო (ვიდეო)

დღეს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ფოთის კოლხეთმა დინამო თბილისს უმასპინძლა.

მატჩი ორივე გუნდმა დაბალ რიტმში დაიწყო, ამას ხელი მაღალმა სიცხემაც შეუწყო. პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს. მეშვიდე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა ზუსტი გადაცემით ბუდუ ზივზივაძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, თუმცა ბოლო მომენტში მასპინძელთა მცველმა ითამაშა ზუსტად. საპასუხოდ იაროსლავ კვასოვმა გაისროლა შორი მანძილიდან, მაგრამ არაზუსტად. მატჩის 27- ე წუთზე დინამოელებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს, მარჯვენა ფრთიდან ნიკა ნინუამ ჩააწოდა, გიორგი კუციას კი ცოტა დააკლდა და ბურთს კარგად ვერ შესწვდა. შეხვედრაში ანგარიში 32- ე წუთზე გაიხსნა. ილია მიხალიოვმა სტუმართა მცველების არაზუსტი თამაშით ისარგებლა და კოლხეთი დააწინაურა. დინამოელებმა უმატეს შეტევებს და ორიოდე წუთში ოთარ კიტეიშვილის ტექნიკურად დარტყმული სანტიმეტრებში აცდა კოლხთა კარს. თბილისელთა მასირებულ შეტევებს შედეგი საბოლოოდ 42- ე წუთზე მოჰყვა. ლაშა თოთაძემ დაახლოებით 30 მეტრიდან თავისი საფირმო საჯარიმო დარტყმით აღადგინა სტატუს ქვო და ტაიმიც 1:1 მორჩა.

მეორე ტაიმი გუნდებმა აქტიურად განაახლეს. ჯერ მასპინძლებს ჰქონდათ სწრაფი და სხიფათო შეტევა, საპასუხოდ კი ბუდუ ზივზივაძეს მართებდა ხელსაყრელი პოზიციიდან გატანა, მაგრამ ოდნავ არაზუსტად ითამაშა დინამოელთა შემტევმა. დედაქალაქელებმა სრულად მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და მორიგი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს, დასწრებაზე ზივზივაძის დარტყმული გამოდგა არაზუსტი. 59- ე წუთზე კი ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა მარცხენა ფლანგზე ტექნიკურად, მიუახლოვდა საჯარიმოს ხაზს და ძლიერი ტარყმით დინამო დააწინაურა. გოლიდან ერთ წუთში ბუდუ ზივზივაძე გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ბოლო მომენტში ვეღარ აჯობა მეტოქეს. 69- ე წუთზე დინამომ კიდევ ერთხელ აიღო მასპინძელთა კარი. ლაშა თოთაძემ ტავის ნახევრიდან ზუსტი გადაცემით ლევან ხარაბაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა, ხარაბაძემაც ზუსტად ითამაშა და დინამო კიდევ უფრო დააწინაურა. 76- ე წუთზე მასპინძლებმა შეძლეს ერთი ბურთის გაქვითვა. ზუსტად იაროსლავ კვასოვმა ითამაშა. დინამოელების შეტევები გაგრძელდა და ორი რეალური საგოლე მომენტი ვერ იქნა გამოყენებული. 3 წუთში ფოთელებმა კიდევ ერთხელ იყოჩაღეს და ლუკა იმნაძის დარტყმულით ანგარიში 3:3 გახდა. დინამოელები მასიურ შეტევებზე გადავიდნენ და ორი გოლიც გაიტანეს. 82- ე წუთზე თავი შეცვლაზე შემოსულმა მიხეილ ერგემლიძემ გამოიჩინა. სამიოდე წუთში კი ოთარ კიტეიშვილმა ლამაზი გოლით დუბლი მიითვალა 3:5. 89-ე წუთზე ნიკა ნინუამ ზუსტი დარტყმით მეექვსედ აიღო მასპინძელთა კარი.

ამ გამარჯვების შემდეგ მეგრულ კლუბს 14 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა. ხოლო, დინამო 35 ქულით მეორეა.

კოლხეთი 3:6 დინამო

გოლი: 1:0 მიხალიოვი 32’ 1:1 თოთაძე 42’ 1:2 ო. კიტეიშვილი 59’ 1:3 ხარაბაძე 69’ 2:3 კვასოვი 76’ 3:3 იმნაძე 79’ 3:4 ერგემლიძე 82’ 3:5 ო. კიტეიშვილი 85’ 3:6 ნინუა 89’

გაფრთხილება: პანამარიოვი 17’ კვასოვი 34’ მიხალიოვი 37’ ივანიშილი 50’ გოგბერაშვილი 68’

კოლხეთი: გურგენიძე, მახარაძე, გოგონაია, პონომარიოვი, დანილოვი, მიხალიოვი (არზიანი 77), კაბორე, იმნაძე, ჭეიშვილი (ჯიმშელეიშვილი 80), კვასოვი, გოგბერაშვილი (კაკულია 91)

დინამო: ბულისკერია, რუხაია, კობოური, თოთაძე, ხარაბაძე, ნინუა, დარცმელია(პ. კიტეიშვილი 89), ივანიშვილი (ბაბუნაძე 82), ო. კიტეიშვილი, კუცია (ერგემლიძე 67), ზივზივაძე

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

“დინამომ” “სიონი” დაამარცხა (ვიდეო)

“დინამო არენაზე” ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის “დინამომ” ბოლნისის “სიონს” უმასპინძლა.

ძლიერმა წვიმამ, რომელიც მატჩის სტარტამდე დაიწყო, თავისი დაღი დაასვა მთლიანად პირველ ტაიმს. 20 წუთი მასპინძელთა სათამაშო უპირატესობით მიილია, მაგრამ რეალურ ხიფათამდე საქმე არ მისულა. ტაიმის ბოლოსკენ “დინამო”, რომელსაც სრული სათმაშო უპირატესობა ჰქონდა, კიდევ უფრო გააქტიურდა. 39-ე წუთზე კი ნიკა ნინუას ჩამოწოდებულ კუთხურს ლევან ხარაბაძის ზუსტი თამაში მოჰყვა, რომელმაც თავით დაარტყა და გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმი ასე დასრულდა.

მეორე ნახევრის დებიუტი დედაქალაქელთა სახიფათო შეტევით დაიწყო: ბუდუ ზივზივაძემ კარგად ითამაშა მეტოქის საჯარიმოსთან, ზუსტი გადაცემით ოთარ კიტეიშვილი მოძებნა, რომელმაც სახიფათოდ ჩააწოდა. ბურთს დმიტრო ივანისენია ვერ შეწვდა, ნიკა ნინუას თავური კი მეკარემ უკუაგდო. საპასუხო შეტევაში კი “სიონმა” აღარ გაუშვა ხელიდან თავისი შანსი, ზუსტი დარტყმა გიორგი მიქაბერიძემ შეასრულა 1:1. 62-ე წუთზე თბილისელებმა კიდევ ერთხელ გაუშვეს ხელიდან კარის აღების რეალური შესაძლებლობა. კიტეიშვილის გადაცემას ერთი შეხებით გიორგი ივანიშვილი აგვირგვინებდა, ბურთი კი ზევიდან გადაცდა კარს. კიდევ ორიოდე წუთში უკვე ბუდუ ზივზივაძის დასწრებაზე თამაში და მისი თავურიც სანტიმეტრებში აცდა თორნიკე ზარქუას კარს. მატჩის ბოლოსკენ ოთარ კიტეიშვილის საჯარიმო დარტყმა ბოლო წამს ზარქუამ კუთხურზე მოიგერია. ამ მომენტის შემდეგ კი დმიტრო ივანისენიას მართებდა გოლის გატანა და ისევ უიღბლობა, მან ახლო მანძილიდან ააცილა ბურთი. საბოლოოდ “დინამოს” მასირებულ შეტევებს შედეგი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე მოჰყვა. კიტეიშვილის ჩაწოდებული ბურთი ლუკა ლოჩოშვილმა კარში გადაგზავნა და დინამომ 2:1 იმარჯვა. მომდევნო შეხვედრას კახი კაჭარავას გუნდი 29 ივნისს ზესტაფონში, ფოთის კოლხეთთან გამართავს.

დინამო 2:1 სიონი

გოლი: 1:0 ხარაბაძე 39’ 1:1 მიქაბერიძე 54’ 2:1 ლოჩოშვილი 90+2’

გაფრთხილება: მიქაბერიძე 59’ სიხარულია 75’ კუცია 80’ ლოჩოშვილი 85’ ივანისენია 91’

“დინამო”: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, ლოჩოშვილი, კობოური, ნინუა (კუცია 76), ივანისენია, ივანიშვილი (ერგემლიძე 79), ო. კიტეიშვილი, ხარაბაძე, ზივზივაძე (ბაბუნაძე 70)

“სიონი”: ზარქუა, გურეშიძე, ნოზაძე, მინდორაშვილი, გიორბელიძე, ქიქავა, ხმალაძე, სიხარულია (კოშკაძე 88), ბერიაშვილი (უგულავა 80), გაფრინდაშვილი, მიქაბერიძე (მანაგაძე 82)

მსაჯი: გ. ავაზაშვილი