საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” “სალერის თასის” გათამაშების მეორე სათამაშო დღეს დნეპროპეტროვსკის “დნიპრო” 3:0 დაამარცხა და “ატლეტიკოსთან” ერთად ვადაზე ადრე მოიპოვა ფინალში თამაშის უფლება.
თქმაც არ უნდა, ჩვენი ჭაბუკები უდიდეს გამოცდილებას იღებენ, რაც მომავალში ქართველ ფეხბურთელებს უთუოდ წაადგებათ. გუშინ “მაკაბისთან”, დღეს “დნიპროსთან” მოსინჯეს ძალები, ახლა დარჩენილ დღეებში კი უკვე ორჯერ მადრიდის “ატლეტიკოს” გაეჯიბრებიან – ხვალ ჯგუფის შეხვედრაში, 22 დეკემბერს კი ფინალურ მატჩში. ტურნირის რეგლამენტიდან გამომდინარე, ჯგუფური მატჩების დასრულების შემდეგ პირველ-მეორე ადგილებზე გასული კლუბები ფინალში ხვდებიან ერთმანეთს. მეორე ტურის შემდეგ კი ცნობილი გახდა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
ქართულ-უკრაინული გუნდების თამაშს ვიპ ლოჟიდან თვალს მრავალი სტუმარი ადევნებდა. მათ რიცხვში იყო ინგლისის “ლივერპულის” სკაუტი, რომელიც სპეციალურად ამ ტურნირისთვის ჩამოვიდა ჩვენს დედაქალაქში.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, თემურ შალამბერიძის ბიჭებს მრავლად ჰქონდათ კარის აღების საშუალება, მაგრამ “დნიპროს” კარის ბადის შერხევა სამჯერ შეძლეს. შეხვედრის დებიუტში ტანმაღალმა გაგი მარგველაშვილმა სტანდარტულის შემდეგ თავური დარტყმით დააწინაურა თავისიანები. 30-ე წუთისთვის კი ანგარიში უკვე 2:0 იყო – გურამ გოშთელიანმა დასწრებაზე კარგად ითამაშა და მეკარეს ოსტატურად დაურტყა ბურთი.
მეორე ნახევარში კვლავ მასპინძლები დომინირებდნენ, გოლის გატანის შანსები იმავ გოშთელიანმა,წივილაშვილმა და ბლიაძემ ვერ გამოიყენეს. ერთი-ორჯერ სტუმრებსაც შეეძლოთ ანგარიშის შემცირება, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში ვერ იყოჩაღეს. საბოლოო ანგარიში ირაკლი რუხაძემ დააფიქსირა და სტადიონზე მოსული გულშემატკივარი გატანილი გოლით კიდევ ერთხელ გაახარა. უნდა ითქვას, რომ დღევანდელ შეხვედრაში ტრავმები მიიღეს დავით წოწონავამ და რატი კაკიაშვილმა. ამ უკანასკნელმა კი საერთოდ მინდორზე გასვლაც ვერ მოახერხა – “საბურთალოს” მცველი მოთელვაზე დაშავდა.
რაც შეეხება ხვალინდელ დღეს – 12:00 საათზე “დნიპრო”- “მაკაბის”, ხოლო 16:00 საათზე “საბურთალო” – “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება.
19 დეკემბერი: “ბენდელა”. 350 მაყურებელი
საბურთალო – დნიპრო 3:0 (2:0).
საბურთალო: ქურდაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, მამუჩაშვილი, გოშთელიანი, ხარაიშვილი, ბარამიძე, ბლიაძე, წოწონავა, წივილაშვილი.
ცვლილებაზე შევიდნენ: ბეროშვილი, რუხაძე, გვარაძე, ნადარაია, ალთუნაშვილი.
დნიპრო: შუტკო, კოშელევი, ბაგინსკი, ნალიბაიკო, ჩებერკო, კოლოჩანი, ბალაკანი, ფხაკაძე, უსაჩევი, ბაჩივანჯი, ვიტენკო.
ცვლილებაზე შევიდნენ: ლედნიოვი, სინკევიჩი, ვენედიკტოვი, პროვკინი.
გოლები: 1:0 მარგველაშვილი (3), 2:0 გოშთელიანი (30), 3:0 რუხაძე (89).
მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი
1. ატლეტიკო 2 2 0 0 6:2 6
2. საბურთალო 2 2 0 0 5:1 6
3. მაკაბი 2 0 0 2 1:4 0
4. დნიპრო 2 0 0 2 2:5 0
http://fcsaburtalo.ge