მხითარიანი: “ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეგვიძლია”

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალში გასვლა შეუძლია.

“რატომ ვერ უნდა გავიდეთ ფინალში? საჭირო ძალა გვაქვს ამის გასაკეთებლად. შეგვიძლია, კვლავ ვითამაშოთ ფინალურ მატჩში და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის”, – ციტირებს მხითარიანის სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ “ბორუსია” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლონდონის “არსენალთან”, “გალათასარაისთან” და “ანდერლეხტთან” ერთად არის მოხვედრილი. გერმანული გუნდი ტურნირზე პირველ მატჩს შინ, “არსენალის” წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 16 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

პოლონეთის ნაკრებს თბილისში ბლაშჩიკოვსკი დააკლდება?

პოლონეთის ნაკრების კაპიტან იაკუბ ბლაშჩიკოვსკის ქრონიკულად არ უმართლებს. 28 წლის ნახევარმცველმა ძლივს მუხლის ტრავმა მოირჩინა, თუმცა უმალ ახალი დაზიანება მიიღო.

ბლაშჩიკოვსკიმ ამჯერად ბარძაყის ოთხთავა კუნთი დაიშავა. ამ ტრავმის გამო, პოლონელ ნახევარმცველს ოთხიდან ექვს კვირამდე უქმობა მოუწევს. არსებობს უფრო პესიმისტური ვარაუდიც, რომლის მიხედვითაც, პოლონეთის ნაკრების კაპიტანი მოედანზე გასვლას ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. თუ ეს პროგნოზი გამართლდება, მისი თამაში საქართველოს ნაკრებთანაც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. ჩვენი გუნდი პოლონელებს 14 ნოემბერს უმასპინძლებს.

ამრიგად, იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ვერ მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრები 11 და 14 ოქტომბერს ჩატარდება.

 

მარკო როისი ფორმაშია – გოლი და საგოლე პასი “აუგსბურგის” წინააღმდეგ

29 აგვისტოს, გერმანიის ბუნდესლიგაში “აუგსბურგსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართულ მატჩში მარკო როისმა მეტოქის კარში მე-11 წუთზე გოლის გატანა შეძლო, შემდეგ კი, მე-14 წუთზე საგოლე პასიც გააკეთა.

ლამი: “სასურველ ფორმაში ჯერ არ ვართ”

მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანმა ფილიპ ლამმა დორტმუნდის “ბორუსიასთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ჯერ მიუნხენელები სასურველ კონდიციებში არ იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ 13 აგვისტოს გერმანიის სუპერთასის მატჩში “ბორუსიამ” “ბაიერნი” მხითარიანისა და აუბემაიანგის გოლების წყალობით, ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

“გუნდში საკმაოდ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს. ასევე, არიან ისეთებიც, რომლებმაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაიწყეს ვარჯიში. შეიძლება, ითქვას, სასურველ ფორმაში ჯერ არ ვართ”, – ამბობს ლამი.

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალი კაპიტანი ჰყავს

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალ სეზონში ახალი კაპიტანი ეყოლება. გუნდის კაპიტნის სამკლავურს მატს ჰუმელსი მოირგებს.

“ჰუმელსი ჩვენი გუნდის ახალი კაპიტანი იქნება. როისი და ვაიდენფელერი ვიცე-კაპიტნები გახდებიან”, – ნათქვამია “ბორუსიას” პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუნდს აქამდე სებასტიან კელი კაპიტნობდა, რომელმაც სამკლავური თავისივე ნებით დათმო.

 

“ლივერპულმა” დორტმუნდის “ბორუსია” გაანადგურა

“ლივერპულსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის “ენფილდ როუდზე” გამართული ამხანგური მატჩი მერსისააიდული გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის მე-10 წუთზე დანიელ სტარიჯმა გახსნა. ზუსტად სამ წუთში გოლი გაიტანა “ლივერპულის” ხორვატმა მცველმა დეიან ლოვრენმა, რომელიც მერსისაიდულ გუნდში “საუთჰემპტონიდან” მიმდინარე სატრანსაფერო პერიოდში 23 მილიონ ევროდ გადავიდა.

მეორე ტაიმში “წითლებმა” კიდევ ორი უპასუხო გოლი გაიტანეს: 49-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ გამოიჩინა თავი, 61-ე წუთზე კი გოლი ჯორდან ჰენდერსონმა გაიტანა.

ამხანაგური მატჩი:
“ლივერპული” — “ბორუსია” (დორტმუნდი) 4:0 (2:0)

“ლივერპული”: მინიოლე, მანკილიო (კელი 86′), ჯონსონი (ხოსე ენრიკე 64′), ლოვრენი, შკრტელი, ჯერარდი, კოუტინიო (იბე 72′), ჯანი, ჰენდერსონი, სტერლინგი, სტარიჯი (ლამბერტი 73′).
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.

“ბორუსია”: ლანგერაკი, გინტერი (კნიშტოკი 83′), შმელცერი, პიშჩეკი (გროსკროიტცი 58′), პაპასტატოპულოსი (სარი 82′), იოიჩი (ამინი 76′), კელი (ბენდერი 47′), კირხი (ჰოფმანი 47′), მხითარიანი (დონგ-ვონ ჯი 65′), რამოსი (იმობილე 47′), ობამეიანგი (ბანდოვსკი 71′).
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

გოლები: სტარიჯი 10′, ლოვრენი 13′, კოუტინიო 49′, ჰენდერსონი 61′.

მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).

იურგენ კლოპი მხითარიანის წინააღმდეგ

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა კადრები, რომლებშიც აღბეჭდილია, თუ რა ხდება დორტმუნდის “ბორუსიას” ერთ-ერთ ვარჯიშზე.

ვატცკე: “როისი “ბორუსიაში” დარჩება”

დორტმუნდის “ბორუსიას” გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ კიდევ ერთხელ უარყო მარკო როისის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებული ინფორმაციის მართებულობა.

“ამ ზაფხულს უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ როისი გუნდს არ დატოვებს. მარკო მომდევნო სეზონშიც ჩვენთან იქნება. იმის შანსი არ არსებობს, რომ მან სხვა კლუბში ითამაშოს. ვეცდებით, მასთან კონტრაქტი გავახანგრძლივოთ და დარწმუნებული ვარ, როისიც მოისურვებს კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას”, – ვატცკეს სიტყვები გერმანულმა გამოცემა “კიკერმა” გამოაქვეყნა.

მარკო როისს “ბორუსიასთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ფეხბურთელით მიუნხენის “ბაიერნი”, “ბარსელონა” და “ლივერპული” იყვნენ დაინტერესებულნი.

 

კლოპი: “თუ ჰუმელსი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა, ცოცხის ტარს შევჭამ”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მატს ჰუმელსის შესახებ პრესაში გავრცელებულ ამბებს გამოეხმაურა.

გერმანელ მცველს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. როგორც ბრიტანულ გამოცემებში იწერება, მანჩესტერელები ჰუმელსში 20 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

“თუ ეს ამბავი სიმართლეა, მაშინ მე ცოცხის ტარს შევჭამ”, – განაცხადა დორტმუნდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ “ბორუსიას” რიგები უკვე დატოვა და “ბაიერნში” გადავიდა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომლის შემცვლელადაც გუნდში იტალიელი თავდამსხმელი ჩირო იმობილე მოიყვანეს.

როისი შესაძლოა „ბაიერნში“ აღმოჩნდეს

ბრიტანული „დეილი ექსპრესის“ ცნობით, დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა მარკო როისმა „ლივერპულში“ გადასვლაზე უარი თქვა, რითაც მიუნხენის „ბაიერნის“ შანსი გაიზარდა.

წყაროს თანახმად, გერმანელი ფეხბურთელი მომდევნო ზაფხულს შესაძლოა სწორედ ბავარიულ კლუბში აღმოჩნდეს.

„ბაიერნი“ მზად არის, როისის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გაიღოს. გერმანელი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის გაჩარხვით თავად ხოსეპ გვარდიოლა არის დაინტერესებული, რომელიც როისის ნიჭს დიდად აფასებს.

 

მარკო როისი სამ თვეს გამოტოვებს

დორტმუნდის „ბორუსიას“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველ მარკო როისს მინიმუმ სამი თვე გაუცდება.

სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩის მიმდინარეობისას გერმანელმა ფეხბურთელმა მარცხენა ტერფის მყესები გაიგლიჯა. მიღებული ტრავმა გაცილებით სერიოზული აღმოჩდა, ვიდრე ამას ექიმები ვარაუდობდნენ.

მარკო როისს არამხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის, არამედ გერმანიის ბუნდესლიგის დამდეგი სეზონის სასტარტო ტურების გამოტოვებაც მოუწევს.

ბექა დოგრაშვილი

იმობილე დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადავიდა

„ტორინოს“ თავდამსხმელი ჩირო იმობილე, როგორც მოსალოდნელი იყო, დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადაბარგდა.

დღეს იტალიელი ფეხბურთელი დორტმუნდს ეწვია და გერმანულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იმობილე „ბორუსიაში“ 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც მანამდე რობერტ ლევანდოვსკის ემოსა. როგორც მოგეხსენებათ, პოლონელი ფორვარდი მიუნხენის „ბაიერნში“ გადადის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანულმა კლუბმა 24 წლის იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 19,5 მილიონი ევრო გაიღო.

„მოხარული ვარ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა. მოუთმებლად ველი სადებიუტო მატჩს“, – აღნიშნა იტალიელმა თავდამსხმელმა.

იტალიის სერია A-ს აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში ჩირო იმობილემ 33 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბექა დოგრაშვილი