“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული თავდამსხმელი ერიკ კანტონა თვლის, რომ დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ხავიერ პასტორეა. ფრანგი მიიჩნევს, რომ პასტორეს სათანადოდ ვერ აფასებენ.
“დღესდღეობით საუკეთესო და ყველაზე საინტერესო ფეხბურთელად პასტორეს ვთვლი. რატომ? მე მინახავს მატჩები მისი მონაწილეობით. პასტორე განსაკუთრებულად აკეთებს გადაცემებს, განსაკუთრებულად თამაშობს. ის აკეთებს იმას, რასაც სხვები არ აკეთებენ. პასტორეს ყოველთვის შეუძლია, რომ გაგაკვირვოს. საუბარია არამხოლოდ გოლებსა და ეფექტურ მატჩებზე, არამედ უბრალოდ პასებზეც. ის ძალზედ შემოქმედი ფეხბურთელია, მსოფლიოში ყველაზე კრეატიულია. სწორედ ამიტომ, მე მას საუკეთესოდ ვთვლი. მე მომწონს ამ ტიპის მოთამაშეები”, – კანტონას სიტყვები “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.
ხავიერ პასტორეს “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში ჩატარებულ 174 მატჩში 32 გოლი აქვს გატანილი. ის პარიზულ კლუბში 2011 წელს “პალერმოდან” გადავიდა. ფრანგებმა მის სანაცვლოდ 28 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღეს.