ტონი ადამსი: „ინგლისის ნაკრები ასეთი მცველებით კარს მშრალად ვერ შეინახავს“

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა კაპიტანმა ტონი ადამსმა ინგლისის ნაკრების სამუნდიალო განაცხადი გააკრიტიკა. კერძოდ, ადამსის შეშფოთებას „სამი ლომის“ დაცვითი ხაზი იწვევს.

„ინგლისის ნაკრების დაცვა მაშფოთებს. ეს მცველები არ არიან იმ დონისანი, რომ ტოპ-გუნდების წინააღმდეგ მატჩებში კარი მშრალად შეინახონ.
დაცვითი ხაზი ჩვენი სისუსტეა და ეს მაშფოთებს. განაცხადში ჯონ ტერი უნდა შეეყვანათ“, – ციტირებს ადამსის სიტყვებს „თოქსპორტი“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა სამუნდიალო განაცხადს მიღმა დატოვა „ჩელსის“ კიდევ ერთი მცველი ეშლი კოული.

„ჰოჯსონმა შეცდომა დაუშვა, როცა განაცხადში ეშლი კოული არ შეიყვანა. ის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მარცხენაფლანგელი მცველია. შესაძლოა, სეზონის განმავლობაში ის უმაღლეს დონეზე ვერ თამაშობდა, მაგრამ ბოლო შვიდ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ეშლი კოული დიდებული მცველია. მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოცდილება აუცილებელი ფაქტორია. ჩემი აზრით, მისი სამუნდიალო განაცხადს მიღმა დატოვება შეცდომაა“, – აღნიშნა ტონი ადამსმა.

ბექა დოგრაშვილი

ეშლი კოული, შესაძლოა, მადრიდის „რეალში“ გადაბარგდეს

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის „ჩელსის“ მცველი ეშლი კოული, დიდი ალბათობით, მადრიდის „რეალში“ გადავა.

ცნობისთვის, „არისტოკრატებთან“ მოქმედი კონტრაქტი კოულს 2014 წლის ივნისამდე აკავშირებს. აღნიშნული ხელშეკრულების გახანგრძლივების ალბათობა კი ამჟამად საკმაოდ მცირეა.

„ბლანკოსში“ ეშლის ხილვა კარლო ანჩელოტის სურს, რომელიც 33 წლის მცველს ლონდონურ კლუბში მუშაობით იცნობს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ეშლი კოული ანრის თანაგუნდელი გახდება

სავარაუდოდ ეშლი კოული იანვარში “ჩელსის” რიგებს დატოვებს და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იურკში გაემგზავრება, სადაც იქაურ “რედ ბულსთან” გააფორმებს კონტრაქტს.

ბოლო დროს, კოული “ჩელსის” შემადგენლობაში ვეღარ ხვდება, რაც მის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების შანსებსაც ამცირებს. მცველს რეგულარუგლი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს და სწორედ ამის გამო დიდი შანსია, რომ დათანხმდეს ამერიკულ წინადადებას, სადაც მისი თანაგუნდელი ცნობილი ფრანგი ფორვარდი, ტიერი ანრი იქნება.

 

“ჩელსის” ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა ბუქარესტში კიბოთი დაავადებული ბავშვები მოინახულეს

რუმინეთში გამგზავრებულმა ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელებმა, ბუქარესტის ერთ-ერთ საავადმყოფოში, კიბოთი დაავადებული ბავშები მოინახულეს, რომელთაც საჩუქრები და ავტოგრაფები გადასცეს.

გთავაზობთ ფოტომასალას:

ეშლი კოული — მინდორზე და მინდორს მიღმა

ლონდონის „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრები მცველი ეშლი კოული, როგორც წესი, მედიის წარმომადგენლებს თავს არიდებს ხოლმე, თუმცა Green Soccer Journal-ისთვის გამონაკლისი გააკეთა და აღნიშნული გამოცემის ჟურნალისტს სხვადასხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა.

კოული „სტემფორდ ბრიჯზე“ ბევრს უყვარს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ის მთელი ინგლისის მასშტაბით არის ქომაგების საყვარელი ფეხბურთელი. ტრიბუნებიდან ხშირად მის მიმართ შეურაცხმყოფელ ფრაზებს გაიგონებთ და ეს არა მარტო პრემიერლიგის მატჩების დროს ხდება.

2008 წელს კოულს ქომაგებმა თვით „უემბლის“ სტადიონიდან უსტვინეს, როცა მისი უხეში შეცდომა ყახაზმა მოთამაშეებმა გამოიყენეს და „სამი ლომის“ კარის ბადე შეარხიეს.

„ფეხბურთელისთვის, რა თქმა უნდა, ძალზედ რთულია ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. არ გინდა, რომ სტვენა გაიგონო. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ მე ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ და საქმე ნორმალურად უნდა შევასრულო.
თამაშის მიმდინარეობისას სტვენას ყურადღება არ უნდა მივაქციო. არავის მოსწონს, როცა ქომაგი ფეხბურთელებსა და გუნდს უსტვენს. უნდა გვესმოდეს, რომ ფეხბურთი რთული თამაშია, ყველაფერს ვერ მოიგებ“, – ამბობს კოული.
ეშლი კოულმა ინგლისელ ქომაგთა გული 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიგო, როცა ის გულშემატკივართა წლის ფეხბურთელად დაასახელეს. მიუხედავად მორიგი სანაკრებო იმედგაცრუებისა, ინგლისელებმა კოული აღიარეს.

შემდეგ იყო მე-100 სანაკრებო მატჩი, რომელიც ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას დაემთხვა.

„ინგლისის ნაკრების ფორმის ჩაცმა, შენი ქვეყნის წარდგენა უდიდესი პატივია. ეს გრძნობა არასდროს შეიცვლება. აი, მე-100 მატჩი სრულიად განსხვავებული რამ გახლავთ.
შეხვედრამდე ცოტაოდენ ვნერვიულობდი და ალბათ, ისე ვერც ვითამაშე, როგორც უნდა მეთამაშა. გულახდილად რომ გითხრათ, ალბათ, ასე არცერთი მატჩის წინ არ მინერვიულია.
ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული შემთხვევაა, თანაც მატჩი ჩვენთვის დადებითი შედეგით დასრულდა. ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 100 შეხვედრის ჩატარება მართლაც საოცარი მიღწევაა“, – აღნიშნავს ეშლი კოული.

ინგლისის ნაკრების მცველი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ფეხბურთელებსა და ქომაგებს შორის ურთიერთობა შეიცვალა.

„მას შემდეგ, რაც ფეხბურთში მოვედი, ბევრი რამ შეიცვალა. ჩემი აზრით, ახლა ფეხბურთში უფრო მეტი შეხედულება არსებობს. ბევრს ისე შეუძლია შენზე ლაპარაკი, რომ შენს მიღწევებს ყურადღებასაც არ აქცევს, არც ის ანაღვლებს, რამდენად კარგი მოთამაშე ხარ.
ვინმესთან სახლში ან ოფისში რომ მივიდე, ჯერ მათ გაკეთებულ საქმეს შევხედავდი და მერეღა შემეძლებოდა იმის თქმა, რომ ისინი არასწორად მოქმედებენ.
როგორც ფეხბურთელს, მესმის, რომ გულშემატკივრები თანხას იხდიან და უფლებაც აქვთ, რომ საკუთარი გრძნობების შესახებ ისაუბრონ, თქვან ის, რასაც ხედავენ“, – ციტირებს გამოცემა კოულის სიტყვებს.

ყველაფერთან ერთად, ინგლისელმა მცველმა ისიც თქვა, რომ დარტსის დიდი მოყვარულია.

„24 საათის განმავლობაში მხოლოდ ფეხბურთით დაკავებული ვერ იქნები.
ხანდახან მატჩებს სახლში ვუყურებ, თუმცა თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ბილიარდის თამაში მირჩევნია. როდესაც საფეხბურთო მატჩი სათამაშო არ მაქვს, თავს დარტსის თამაშით ვიქცევ და დიდ სიამოვნებასაც ვიღებ.  გოლფის თამაშიც მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ გოლფს მაინცდამაინც კარგად ვერ ვთამაშობ, ამით კარგად ვისვენებ ხოლმე“, – აღნიშნავს ინგლისის ნაკრების მარცხენაფლანგელი.

კოულს მუსიკაც ჰყვარებია.

„როგორც წესი, ჩემს აიპოდს ჯოლეონ ლესკოტს ვაძლევ ხოლმე. მან იცის, როდის გამოდის ახალი სიმღერები. ჰიპ-ჰოპი მიყვარს, თუმცა ნებისმიერი ტიპის მუსიკას ვუსმენ.
გასახდელ ოთახში თანაგუნდელები თავიანთ მუსიკას რთავენ ხოლმე და მეც იძულებული ვარ, ყველა მუსიკალურ ტიპს შევეგუო.
არ ვცეკვავ. მხოლოდ მაშინ, როცა არდადეგებზე ვარ. ანუ, ინგლისში არ ვცეკვავ“, – დაასრულა ეშლი კოულმა.

ბექა დოგრაშვილი