„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ფაბიო სხვა კლუბის რიგებში გადასვლაზე დაფიქრდა.
23 წლის ბრაზილიელს თამაში არც ისე ხშირად უწევს. სწორედ მცირე სათამაშო პრაქტიკის გამო იგი შესაძლოა, ბრაზილიურ „ფლუმინენსეში“ დაბრუნდეს.
„ვთვლი, რომ ცვლილებების დრო დადგა. შესაძლოა, მანჩესტერი უკვე შემდეგი სატრანსფერო ფანჯრის დროს დავტოვო. გამორიცხული არ არის, ეს შემდეგი წლის ზაფხულის თვეებშიც მოხდეს. ჩემი აზრით, უნდა წავიდე, რადგან კარგი პერსპექტივები მაქვს“, – აცხადებს ფაბიო.
„ამ მომენტისთვის ახალ კლუბს ვეძებ. მსურს ბედნიერი ვიყო, ხშირად ვითამაშო და ჩემი ოჯახის წევრებთან ვიყო ახლოს. ბრაზილიაში დაბრუნებასაც არ გამოვრიცხავ. აგენტთან ერთად სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ. „ფლუმინენსე“ მიყვარს, ამ კლუბით ვამაყობ და მის ფერებს შვიდი წლის განმალობაში ვიცავდი. შესაძლოა, უახლოეს მომავალში კვლავ მისი მაისურით დავიწყო თამაში“, – დაასრულა სამხრეთ-ამერიკელმა.