ფაბიო კანავარო: “ის ერთადერთი ფეხბურთელი იყო, ვისიც ნამდვილად მეშინოდა”

“ტიანცზინ ცუანცზიანის” მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კანავარომ ძველი დრო გაიხსენა და ის ერთადერთი ფეხბურთელი დაასახელა, ვინც მას მოედანზე შიშის ზარს გვრიდა.

“ჩემი ეპოქის საუკეთესო მოთამაშე და იმ თაობის ნამდვილი სიმბოლო ბრაზილიელი რონალდო გახლდათ. იგი ერთადერთი ფეხბურთელი იყო, ვისიც მართლაც მეშინოდა. რონალდო ჩემში შიშს იწვევდა. იგი ნამდვილი მოვლენაა, ფენომენია.

რონალდოს წინააღმდეგ პირველად 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე გამართულ ამხანაგურ მატჩში ვითამაშე. იგი საოცრად სწრაფი, ძლიერი და უბრალოდ შეუჩერებელი თავდამსხმელი იყო. თუ გოლის გატანა ძალიან უნდოდა, იტანდა კიდეც. მის მიმართ სიფრთხილე სასტარტო სასტვენამდეც კი გვმართებდა” – ციტირებს კანავაროს სიტყვებს “დეილი მეილი”.

ფაბიო კანავარო: “კარიერის დასაწყისში მცველის პოზიციაზე თამაში არ მინდოდა”

2016 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფაბიო კანავარო გამოტყდა, რომ კარიერის დასაწყისში მცველის პოზიციაზე თამაში არ სურდა.

“როდესაც ადამიანები იტალიურ ფეხბურთზე საუბრობენ, დიდწილად დაცვით თამაშს გულისხმობენ. შესაძლოა, ბავშვების უმეტესობას ახლა კერპებად მართლაც ჰყავთ ჯორჯო კიელინი ან ლეონარდო ბონუჩი, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ასე არ იყო.

როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, მცველის პოზიციაზე ყოფნა არ მინდოდა. საერთოდაც, ვის სურდა მაშინ დაცვის ხაზში თამაში? ჩვენ საკუთარი თვალით გვქონდა ნანახი, როგორ გაიტანა პაოლო როსიმ 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსი გოლი.

როდესაც “ნაპოლიში” მივედი, ბურთის მომწოდებელი ვიყავი და ლეგენდების ვარჯიშის ხილვის შესაძლებლობა მქონდა. შემდეგ ახალგაზრდულ გუნდში ჩავირიცხე და ვთამაშობდი ნახევარმცველად, როგორც მარკო ტარდელი. ერთ დღესაც აკადემიის ერთ-ერთმა დირექტორმა დამიბარა და მითხრა, რომ ჩემი ხილვა მცველის პოზიციაზე სურდათ. არანაირი განმარტება, არანაირი მიზეზი… სხვებთან შედარებით ტანდაბალი გახლდით, ამიტომ მცველის პოზიცია ჩემთვის შეუფერებელი გახლდათ, მით უფრო დაცვის ცენტრში თამაში, მაგრამ იმ მომენტიდან სწორედ ცენტრალურ მცველად ვთამაშობდი. საბედნიეროდ, ეს ამპლუა კარგად მოვირგე და ამ პოზიციაზე თამაში შემიყვარდა კიდეც”, – კანავაროს კომენტარი “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.

“ალ ნასრიმ” კანავარო გაათავისუფლა

იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კანავარო “ალ ნასრის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებულია.

კანავარომ საუდის არაბეთის ამ გუნდს მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში უხელმძღვანელა. მისი თავკაცობით ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა 14 მატჩიდან მხოლოდ 6 შეხვედრა დაასრულა გამარჯვებით.

“ალ ნასრის” სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიცია უკავია და ლიდერ “ალ ჰილალს” 18 ქულით ჩამორჩება.

 

ფაბიო კანავარომ “ალ ნასრი” ჩაიბარა

ფაბიო კანავარო “ალ ნასრის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. გუნდი საუდის არაბეთის ჩემპიონატში გამოდის.

მხარეებს შორის რვათვიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ კონტრაქტი შესაძლოა, ერთი წლით გახანგრძლივდეს.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კანავარო 2014-2015 წლებში ჩინურ “გუანჩჟოუ ევერგრანდს” ხელმძღვანელობდა.

საუდის არაბეთის პრო ლიგაში უკვე ოთხი ტური ჩატარდა. “ალ ნასრს” 5 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი უკავია.

 

რა გააკეთა გაბრაზებულმა სილესენმა წუხანდელი შეცვლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ევროპელებმა 4:3 იმარჯვეს და ნახევარფინალური რაუნდის საგზური მოიპოვეს.

მატჩის 119-ე წუთზე ჰოლანდიელთა თავკაცმა ლუი ვან გაალმა მეკარე იასპერ სილესენი ტიმ კრულით ჩაანაცვლა, რამაც ძირითადი კიპერის გაღიზიანება გამოიწვია. სათადარიგო ფეხბურთელთა შორის გადანაცვლებულმა სილესენმა ბრაზისგან წყლის ბოთლებს ფეხიც მიარტყა. ტიმ კრულს რაც შეეხება, მან დაკისრებულ დავალებას თავი შესანიშნავად გაართვა, ორი დატყმული მოიგერია და ჰოლანდიის ნაკრებს ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოუპოვა.

გაბრაზებული სილესეენის ნამოქმედარი

 

მატჩის შემდეგ სილესენმა ბოდიში მოიხადა:

„მატჩის დასრულებისთანავე ფრანკ ჰუკს (მეკარეების მწვრთნელი) მოვუბოდიშე. ბოდიშს მთელ გუნდს მოვუხდი. ჩვენ ყველანი ერთ საქმეს ვაკეთებთ. ეს მართებული ცვლილება იყო, ტიმმა ფანტასტიურად ითამაშა“.

კრულმა ვან გაალის იმედები გაამართლა

 

ფაქტზე კომენტარი გააკეთა ვან გაალმაც:

„ეს ჯერ კიდევ მატჩამდე გვქონდა დაგეგმილი. ნაკრების თითოეულ წევრს კონკრეტული დავალება აქვს. ჩვენს გუნდში პენალტების მოგერიების მხრივ კრული საუკეთესოა. მატჩამდე სილესენს არაფერი არ ვუთხარით, რათა ამას მასზე ცუდი გავლენა არ მოეხდინა“.

კანავარომ ვან გაალის საქციელი არ მოიწონა

 

აი, ფაბიო კანავაროს კი ვან გაალის საქციელი არ მოეწონა:

„ვიცი, რომ ამ ცვლილების შემდეგ ვან გაალზე ყველა ისე ისაუბრებს, როგორც ლეგენდაზე, მაგრამ პირადად მე ასეთი რაღაცები არ მომწონს. ეს სილესენის მიმართ უპატივცემულობაა. რომელ მეკარეს დააყენებს მომდევნო შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში? სილესენს უკვე ეცოდინება, რომ მწვრთნელი მას 100 პროცენტით არ ენდობა“.

ლინეკერმა სტატისტიკა მოიხმო

 

მეკარის შეცვლაზე კომენტარი გააკეთა ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმაც, რომელმაც კრულის სტატისტიკა მოიხმო:

„ვან გაალმა მეკარე მხოლოდ პენალტების სერიის გამო შეცვალა. სილესენის შეცვლა მისი გეგმის ნაწილი იყო, მაგრამ ის თუ მაინც იცის, რომ „ნიუკასლის“ შემადგენლობაში კრულმა ოციდან მხოლოდ ორი პენალტი მოიგერია?!“

ასეა თუ ისე, ვან გაალის შეცვლამ გაამართლა, ჰოლანდიის ეროვნულმა გუნდმა მუნდიალის ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა10 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

შესაძლოა, კანავარომ იტალიის ნაკრებს უთავკაცოს

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშის ფაბიო კანავაროს სახელი”სკუადრა აძურას” შესაძლო მწვრთვნელთა შორის ფიგურირებს.

ცნობილია, რომ იტალიელთა ამჟამინდელი თავკაცი ჩეზარე პრანდელი, უახლოეს მომავალში თავისი კონტრაქტის გახანგძლივებას არ გეგმავს. შეგახსენებთ, რომ არსებული შეთანხმება მხარეებს შემდეგი წლის ზაფხულის ბოლომდე აკავშირებთ.

კანავაროს გარდა, იტალიის ნაკრების შესაძლო თავკაცებად მასიმილიანო ალეგრი, რობერტო მანჩინი, ლუჩანო სპალეტი, ანტონიო კონტე, ფაბიო კაპელო და ალბერტო ძაკერონი მოიაზრებიან.

Sport Mediaset-ის ცნობით, პირველ რიგში იტალიის ფეხბურთის ფედერაცია სწორედ კანავაროს ვარიანტის განხილვას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონს სამწვრთვნელო გამოცდილება საერთოდ არ გააჩნია.

მართალია, ფინანსური თვალსაზრისით, ფაბიოს დანიშვნა საკმაოდ მისაღები უნდა იყოს, რადგან იტალიელები ნაკრების მთავარი მწვრთვნელის ხელფასისთვის გაცილებით ნაკლები თანხის გამოყოფას გეგმავენ. ამჟამად, პრანდელის ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო კანავაროს მოსვლის შემთხვევაში, ფეხბურთის ფედერაციას შესაძლოა მხოლოდ 600 ათასი ევროს დახარჯვა მოუწიოს.

ალექსანდრე მატევოსოვი