“ტორპედო” საკუთარი ტელევიზიის გახსნას გეგმავს

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” საკლუბო ტელევიზიის გახსნას გეგმავს.

“ტორპედო TV” ინტერნეტსივრცეში ყოველდღე 24-საათიან რეჟიმში იმაუწყებლებს და მაყურებლებს პირდაპირ ეთერში ასაკობრივი გუნდების მატჩებს, ინტერვიუებს, სიუჟეტებსა და სხვადასხვა სახის გადაცემებს შესთავაზებს. ტელევიზიის გახსნა მომდევნო სეზონიდან არის დაგეგმილი და “ტორპედო” პირველი ქართული კლუბი იქნება, რომელსაც საკუთარი ტელემაუწყებლობა ექნება.

“ტორპედოს” ახალი ლოგო და ფორმა

ქუთაისის “ტორპედოს” ახალ ლოგოსა და სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით კონკურსი ჩატარდა. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამარჯვებულად კონკურსზე წარმოდგენილი ლოგოს მე-12 ვარიანტი და მაისურის მე-6 ვარიანტი დაასახელა, რომელთა ავტორი სოსო ბაბუნაშვილი აღმოჩნდა.

გამარჯვებულს თითოეულ ნომინაციაში გათვალისწინებული საპრიზო თანხა – 150 ლარი (ჯამურად 300 ლარი) ერგო.

“სასიამოვნოა, რომ კლუბის ისტორიაში უპრეცედენტო იყო ამ სახით ახალი ლოგოსა და ძირითადი სათამაშო ფორმის დიზაინის მიღება. მინდა მადლობა გადავუხადო კონკურსის ყველა მონაწილეს, რომლებიც არამარტო ქუთაისიდან იყვნენ წარმოდგენილნი. გამარჯვებული ლოგო მუდამ იქნება ქუთაისის „ტორპედოს“ იმიჯისა და წარმატების შემადგენელი ნაწილი. მოხარული ვარ, რომ კლუბისთვის ასეთი ისტორიული ფაქტი სიმბოლურად დაემთხვა ჩემი შვილის, ნიკას დაბადების დღეს, აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ მას დღევანდელ დღეს”, – ციტირებს “ტორპედოს” აღმასრულებელი დირექტორის, ზურაბ ჩაკვეტაძის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

წარმოგიდგენთ კლუბის ახალ ლოგოსა და სათამაშო მაისურის დიზაინს.

Torpedo logoTorpedo kit

„ტორპედოს“ ესპანელი სპეციალისტი ეწვია

ქუთაისის „ტორპედოსთან“ ურთიერთობების დასამყარებლად დღეს, ქუთაისურ კლუბს ესპანელი სპეციალისტი ფერნანდო გასპარი ეწვია, რომელსაც წლების მანძილზე ესპანურ კლუბებში: „რეალში“, „მალაგაში“, „რასინგში“, „ვალიადოლიდში“ „რაიოსა“ და პორტუგალიურ „ბენფიკაში“ უმუშავია მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. ასევე, იყო ჩინეთის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც. ამჟამად კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელ-ინსტრუქტორი გახლავთ. იგი ერთ-ერთ უძლიერეს ფიზმომზადების სპეციალისტად ითვლება ევროპაში.

სტუმარი უკვე დაესწრო „ტორპედოს“ დღევანდელ ვარჯიშს და ხვალ, კვლავ ადევნებს თვალს მისი თანამემამულე ჟერარდ სარაგოსას ხელმძღვანელობით გამართულ სამწვრთნელო პროცესს. გასპარი ზეგინდელ „ქართულ კლასიკოზე“ დასწრების შემდეგ გაემგზავრება საქართველოდან.

გთავაზობთ მის კომენტარს:

„მოხარული ვარ საქართველოში ჩამოსვლით, თქვენი ქვეყანა ძალიან ლამაზია. „ტორპედოს“ ვარჯიშს დავესწარი, რისთვისაც მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ ამის საშუალება მომეცა და ამაყი ვარ, რომ ამ გუნდს ესპანელი მწვრთნელები თავკაცობენ. ნიჭიერი ბიჭები გყავთ და ასეთი კურსით აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგებს. შაბათს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გაქვთ და როგორც ამ თამაშში, ასევე ზოგადად ყველა ტურნირზე წარმატებებს გისურვებთ. აქ მოპატიჟება იმდენად გამიხარდა, რომ ესპანურ „კლასიკოს“ ქართული ვამჯობინე და იმედია, ამ შეხვედრაში „ტორპედოსგან“ გაწბილებული არ დავრჩები“.

„ტორპედოს“ ოფიციალური ვებ-გვერდი