ვან პერსი: “ყველაფერს გავაკეთებ, რომ “ფენერბაჰჩეს” ფანები გავახარო”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი რობინ ვან პერსი კარიერას “ფენერბაჰჩეში” გააგრძელებს. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა საზოგადოებას საკუთარი შთაბეჭდილება გაუზიარა.

“მოხარული ვარ, რომ სტამბულში ვიმყოფები. ფანტასტიური ფანების წინაშე ვითამაშებ.
ათი წლის განმავლობაში დირკ კიუიტთან ერთად ვთამაშობდი ნაკრებში. ჩვენ მეგობრები ვართ. სანამ აქ ჩამოვფრინდებოდი, მასთან ვისაუბრე. დირკმა მითხრა, რომ ეს დიდი კლუბია. იგი აქაური ქომაგების შესახებაც მესაუბრა.
ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფანები გავახარო”, – ვან პერსის კომენტარი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჰოლანდიელი ფეხბურთელი სტამბულში ოჯახთან ერთად ჩაფრინდა. რობინ ვან პერსი “ფენერბაჰჩესთან” კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს.

 

ლუიშ ნანი “ფენერბაჰჩეში” გადავა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ლუიშ ნანი კარიერას “ფენერბაჰჩეში” გააგრძელებს. 28 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი სტამბულში უახლოეს საათებში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ ლუიშ ნანიმ გასული სეზონი იჯარის წესით ლისაბონის “სპორტინგში” გაატარა. ფეხბურთელმა პორტუგალიის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

“ფენერბაჰჩეზე” მორიგი თავდასხმა განხორციელდა (ფოტოები)

“ფენერბაჰჩეს” ანკარის ფილიალზე თავდამსხმა მოხდა. თავდამსხმელებმა ოფისის მინის კარი ჩაამსხვრიეს, დააზიანეს კომპიუტერები და სხვა საოფისე ტექნიკა. გარდა ამისა, ჩამტვრეულია ოფისის ფანჯარაც. სამართალდამცველებს თავდამსხმელების ვინაობა ჯერ არ დაუდგენიათ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ, რიზეს პროვინციაში თავს დაესხნენ “ფენერბაჰჩეს” ავტობუსსაც, რომლითაც პირველი გუნდის ფეხბურთელები ტრაპიზონის აეროპორტისკენ მიემართებოდნენ. მაშინ თავდამსხმელებმა ავტობუსი დაცხრილეს, რის შედეგადაც მძღოლი მძიმედ დაშავდა.

 

დირკ კიუიტი “ფეინოორდში” დაბრუნდება

“ფენერბაჰჩეს” ჰოლანდიელი თავდამსხმელი დირკ კიუიტი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. კერძოდ, 34 წლის ფეხბურთელი “ფეინოორდში” დაბრუნდება.

მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც ძალაში ამა წლის ივლისში შევა.

შეგახსენებთ, რომ კიუიტი “ფეინოორდის” ღირსებას 2003-დან 2006 წლამდე იცავდა.

თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში დირკ კიუტმა 25 მატჩში რვა გოლი გაიტანა.

 

“ფენერბაჰჩეს” უახლოესი მატჩები გადაიდო

თურქეთის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ფენერბაჰჩესა” და “მერსინ იდმანიუდრუს” შორის გასამართი მატჩი გადაიდო.

შეხვედრა 7 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა რიზეს პროვინციაში მომხდარი ინციდენტის გამო მატჩი გადაიდო.

გარდა ამისა, მოგვიანებით გაიმართება თურქეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში “ფენერბაჰჩესა” და “ბურსასპორს” შორის გასამართი შეხვედრაც. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია მატჩის ჩატარების თარიღს დღეს გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ სტამბულური კლუბის ავტობუსს ორი დღის წინათ ცეცხლი გაუხნეს. ინციდენტი თურქეთის სუპერლიგის 26-ე ტურში “რიზესპორსა” და “ფენერბაჰჩეს” შორის გამართული მატჩის შემდეგ მოხდა, როდესაც გუნდი ტრაპიზონის აეროპორტისკენ გადაადგილდებოდა. მძიმედ დაშავდა ავტობუსის მძღოლი.

 

“ფენერბაჰჩეს” ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს (ფოტოები)

შაბათს, რიზეს პროვინციაში სტამბულის “ფენერბაჰჩეს” ავტობუსზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევის შედეგად ავტობუსის მძღოლი მძიმედ დაშავდა.

თურქული გამოცემა Sabah-ი იუწყება, რომ ინციდენტი თურქეთის სუპერლიგის 26-ე ტურში “რიზესპორსა” და “ფენერბაჰჩეს” შორის გამართული მატჩის შემდეგ მოხდა. აღნიშნული შეხვედრა სტუმრების დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. ავტობუსი მაშინ დაცხრილეს, როდესაც “ფენერბაჰჩეს” ფეხბურთელები ტრაპიზონის აეროპორტისკენ მიემართებოდნენ.

ავტობუსის მძღოლი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი მონაცემებით, ფეხბურთელები დაზიანებებისგან გადარჩნენ. სამართალდამცველებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.

ოქროს სტამბული

ვგონებ, არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე დერბიში გამარჯვების შემდეგ საჩემპიონო ტიტულის დაბევება. სწორედ ასეთი შანსი აქვს სტამბულის „ფენერბაჰჩეს“, რომელსაც დღეს თანაქალაქელ „ბეშიქთასთან“ უწევს დაპირისპირება.

სეზონის ფინიშამდე ხუთი ტურით ადრე „ყვითელ-ლურჯები“ 12 ქულით უსწრებენ სლავენ ბილიჩის გუნდს და თითქმის გადაწყვეტილია საჩემპიონო ბედი, თუმცა მაინც სასიამოვნოა, როცა პრინციპული მეტოქის დამარცხების შემდეგ ინაღდებ ტიტულს. თუ მატჩს „ფენერბაჰჩე“ გამარჯვებით დაასრულებს, თურქეთის ჩემპიონის ვინაობას ოფიციალურად შევიტყობთ. შეხვედრის საყაიმო შედეგით დასრულების შემთხვევაში, „ბეშიქთაში“ თეორიულ შანსს ინარჩუნებს.

„ყვითელ-ლურჯებმა“ თურქეთის ჩემპიონატი უკანასკნელად 2010-11 წლების სეზონში მოიგეს. „ფენერბაჰჩეს“ თავკაცმა ერსუნ იანალმა, მართალია, სადებიუტო სეზონის სტარტზე სუპერთასისთვის ბრძოლა „გალათასარაისთან“ დათმო (0:1), თუმცა მისმა გუნდმა ჩემპიონატი ყინჩად გაიარა და ახლა ქვეყნის მთავარი ტიტულის დასაკუთრებას სულ ცოტა უკლია.

სტამბულის დერბი დღეს, ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

„ტრაბზონსპორი“—„ფენერბაჰჩე“ გულშემატკივართა აგრესიული ქმედებების გამო შეწყდა

თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში „ტრაბზონსპორსა“ და „ფენერბაჰჩეს“ შორის გამართული მატჩი მეორე ტაიმში მასპინძელი გუნდის ქომაგების მხრიდან გამოვლენილი აგრესიული ქმედებების გამო შეწყდა.

მას შემდეგ, რაც სტუმართა თავდამსხმელმა ემანუელ ემენიკემ ანგარიში გახსნა, „ტრაბზონსპორის“ გულშემატკივრებმა მოედანზე სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს. მატჩის მთავარი არბიტრი იძულებული გახდა, თამაში გაეჩერებინა.

სავარაუდოდ, „ტრაბზონსპორს“ ტექნიკური მარცხი 0:3 ჩაეთვლება.

 

შოთა არველაძის „ქასიმფაშა“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა

კიდევ ერთი მარცხი იწვნია შოთა არველაძის „ქასიმფაშამ“, რომელიც თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში „ფენერბაჰჩეს“ ესტუმრა. მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ გაილია, 64-ე წუთზე მასპინძელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა ემრე ბელიოზოღლუმ ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა, 79-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა სანჰარიბ მალკიმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა ორ წუთში ბექირ ირტეგიუნმა მასპინძლები კვლავ დააწინაურა და მათ 3 ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ 57-ე წუთიდან „ქასიმფაშა“ მოედანზე 10 კაცით თამაშობდა, რადგან ნახევარმცველ ქერემ სერასს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს.

ამრიგად, „ქასიმფაშამ“ ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, მოუგებელი სერია კი 10 მატჩამდე გაიზარდა, შოთა არველაძის გუნდმა უკანასკნელად გასული წლის 9 ნოემბერს „გაზიანთეფი“ დაამარცხა (3:0). შედეგად, „ქასიმფაშას“ თუ ერთი პერიოდი სატურნირო ცხრილის მეორე ადგილი ჰქონდა დაკავებული, ახლა 30 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა. რაც შეეხება „ფენერბაჰჩეს“, გუნდი სატურნირო ცხრილს 47 ქულით ლიდერობს.

„ფენერბაჰჩეს“ პასტორეს შეძენა სურს

თურქული „ფენერბაჰჩეს“ მთავარმა მწვრთვნელმა ერსუნ იანალმა განაცხადა, რომ მისი კლუბი „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ნახევარმცველის ხავიერ პასტორეს შეძენაზე ფიქრობს.

„კლუბის ხელმძღვანელობას პარიზში გაფრენა და პასტორეს შესაძლო ტრანსფერის დეტალების განხილვა ვთხოვე. „ფენერბაჰჩეს“ მაღალი დონის შემტევი ნახევარმცველი სჭირდება. იმედია, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება“, – აღნიშმა იანალმა.

ალექსანდრე მატევოსოვი