უეფას ყველა წევრი ასოციაცია შეუერთდა დეკლარაციას, რომელიც გმობს სუპერლიგას

დღეს, უეფას 55-მა წევრმა ასოციაციამ, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ერთხმად დაამტკიცა დეკლარაცია, რომელიც მკაცრად გმობს სუპერლიგას.

უეფას მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ:


“უეფას 55 ასოციაცია და კონგრესის წევრები გმობენ ე.წ. “სუპერლიგას”. უეფას კონგრესი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ დახურული “სუპერლიგა” ეწინააღმდეგება ევროპელობის იდეას – ერთიანობის, გახსნილობის, ურთიერთდახმარებისა და სპორტული ღირებულებების პრინციპებს. უეფასა და მის წევრ ასოციაციებს სჯერათ ევროპული მოდელის ჭეშმარიტების, რომელიც ეფუძნება ღია შეჯიბრებითობას, სოლიდარობასა და გადანაწილებას, რაც უზრუნველყოფს ფეხბურთის მდგრადობასა და განვითარებას ყველას სასარგებლოდ, ასევე ასტიმულირებს ევროპულ ღირებულებებსა და სოციალურ შედეგებს.

შეთქმულების მონაწილე კლუბები გულწრფელად ვერ ხედავენ, რომ მათ დღევანდელ სტატუსს მიაღწიეს არა იზოლაციის პირობებში, არამედ ევროპული სისტემის დინამიურ ფარგლებში, რომელშიც დიდმა, საშუალო და პატარა კლუბებმა საერთო წვლილი შეიტანეს თითოეულის წარმატებასა თუ წარუმატებლობაში. იმის წარმოდგენა, თითქოს მათ აქვთ ცალკე გამოყოფის და ერთად შექმნილი მემკვიდრეობის მოთხოვნის უფლება, მათი მხრიდან ევროპული ღირებულებების შეურაცხყოფაა.

უეფა, მისი ასოციაციები და ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მტკიცედ დგას, მაქსიმალურად შეეწინააღმდეგება და იბრძოლებს ამ კლუბების მფლობელებისა და მათი მხარდამჭერების აღნიშნული ნაბიჯის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა მორალური ღირებულებებია საფრთხეში და ფეხბურთს დავიცავთ ეგოისტური კლანისგან, რომელსაც არ ადარდებს ეს თამაში. ევროპული ფეხბურთი ჩვენ ვართ და არა – ისინი”.


შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში ამ დროისთვის 12 კლუბია გაერთიანებული: “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. დაანონსებულია კიდევ რვა კლუბის დამატება.

თავის მხრივ, ფიფა და უეფა ახალი პროექტის მონაწილე კლუბებს ეროვნული, ევროპული და მსოფლიო ტურნირებიდან მოკვეთით, მათ ფეხბურთელებს კი სანაკრებო დონეზე თამაშის აკრძალვით ემუქრება.

ფიფამ აფრიკული ფეხბურთის ხელმძღვანელი საქმიანობას 5 წლით ჩამოაშორა

ფიფამ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტ აჰმად აჰმადის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. დამოუკიდებელი კომიტეტის სასამართლო პალატამ აფრიკული ფეხბურთის ხელმძღვანელი კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 60 წლის ჩინოსანი ნებისმიერ საფეხბურთო საქმიანობას ხუთი წლის ვადით ჩამოაშორა. გარდა ამისა, აჰმედ აჰმედს ჯარიმის სახით 200 ათასი შვეიცარიული ფრანკის გადახდა დაეკისრა.

ცნობისათვის, აჰმედ აჰმედი აფრიკული ფეხბურთის მმართველ ორგანოს სამწელიწადნახევრის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ის ფიფას ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციებსაც ასრულებდა.

კორონაპანდემიის მიუხედავად, წელს ფიფას საუკეთესო ფეხბურთელთა დაჯილდოება ჩატარდება

კორონავირუსული პანდემიის მიუხედავად, ფიფას საუკეთესო ფეხბურთელთა დაჯილდოების ცერემონია მაინც შედგება, თუმცა მას ონლაინღონისძიების სახე ექნება. ცერემონია 17 დეკემბერს არის ჩანიშნული, ღონისძიებაზე 11 ნომინაციაში გამარჯვებულს დაასახელებენ. ეროვნული ნაკრებების მთავარ მწვრთნელებსა და კაპიტნებს, აგრეთვე მედიის წარმომადგენლებს 15 დღის განმავლობაში – 25 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე გამოკითხავენ. მიღებული ხმებით წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის ვინაობა გაირკვევა, სულ კი 11 ნომინაციაში გამარჯვებულს დაასახელებენ:

  • საუკეთესო ფეხბურთელი
  • საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
  • კაცთა საუკეთესო მწვრთნელი
  • ქალთა საუკეთესო მწვრთნელი
  • კაცთა წლის გუნდი
  • ქალთა წლის გუნდი
  • საუკეთესო კაცი მეკარე
  • საუკეთესო ქალი მეკარე
  • ჯილდო სამართლიანი თამაშისთვის
  • პუშკაშის ჯილდო წლის საუკეთესო გოლისთვის
  • გულშემატკივრის ჯილდო

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი, ხოლო საუკეთესო მწვრთნელი იურგენ კლოპი გახდა. გეტყვით იმასაც, რომ კორონაპანდემიის გამო “ოქროს ბურთის” დაჯილდოება წელს არ გაიმართება.

ჯანი ინფანტინოს ფიფას პრეზიდენტად, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ვადით აირჩევენ

ფიფას მოქმედი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აღნიშნულ პოსტზე, სავარაუდოდ, კიდევ ერთი სამწლიანი ვადით იქნება არჩეული.

“ფაინენშელ თაიმსის” ცნობით, 211-დან 196-მა ეროვნულმა ფედერაციამ ინფანტინოს მხარდაჭერის მზადყოფნა უკვე გამოთქვა.

ჯანი ინფანტინოს მთავარი ოპონენტი რამონ ვანგა იქნება, რომელმაც ეროვნული ასოციაციებისგან დიდი გაჭირვებით მოაგროვა ხუთი ხმა, რათა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურა წარედგინა.

ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის საბოლოო ვადა 5 თებერვალია, ხოლო თავად არჩევნები მიმდინარე წლის 5 ივლისს, პარიზში ჩატარდება.

FiFa/Coca-Cola-ს განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა წინ წაიწია

გუშინ FiFa-მ განაახლა ქვეყნების რეიტინგი. საგულისხმოა, რომ საქართველს ნაკრებმა ხუთი პოზიციით წინ წაიწია და ის 101-ედან 96-ე ადგილზე გადავიდა.

ჩვენმა ბიჭებმა გასულ თვეში ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. 24 მარტს ლიტვას სძლიეს ანგარიშით, 4-0, სამ დღეში კი ბალტიისპირეთის მეორე ქვეყანაც მიაყოლეს და ესტონეთი ანგარიშით, 2-0 დაამარცხეს. საქართველოს ახლა 362 სარეიტინგო ქულა აქვს.

რაც შეეხება პირველ ხუთეულს, იგი ასე გამოიყურება:

1.გერმანია

2.ბრაზილია

3.ბელგია

4.პორტუგალია

5.არგენტინა

 

FIFA-ს ყოველი ვერსიის საუკეთესო ფეხბურთელები

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველასათვის ცნობილი საფეხბურთო სიმულატორი FIFA უკვე 25 წლის არის. FIFA, რომლის პირველი ვერსიაც 1993 წელს გამოიცა, პირველი ვიდეოთამაშია, რომელმაც ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერა მიიღო და დღესაც პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.

საინტერესოა, თუ რომელი ფეხბურთელი (ან ფეხბურთელები) მიიჩნეოდნენ საუკეთესოდ ვიდეოთამაშის ამა თუ იმ ვერსიაში.


FIFA 96. რობერტო ბაჯო (96) – “იუვენტუსი”

1996 წელს ფეხბურთის ექსპერტები რობერტო ბაჯოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ასახელებდნენ და ღირსეულადაც. ბაჯომ 1993 წელს ოქროს ბურთი მოიგო, 94-ში კი იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატში გაიყვანა. მართალია, EA (თამაშის შემქმნელი კომპანია) ბაჯოს “მილანში” გადასვლას არ ითვალისწინებდა, მაგრამ პიქსელების მიერ შექმნილი ბაჯო ნამდვილად საუკეთესო იყო თამაშის იმ ვერსიაში.


FIFA 97. ჯორჯ ვეა (96) – “მილანი”

დიახ, იმ დროს “მილანი” მართლაც რომ დომინირებდა და რეიტინგის საუკეთესო პირველი ორი ფეხბურთელი სწორედ “როსონერიდან” იყო. ის გუნდი ყველა ტურნირის ფავორიტად ითვლებოდა და საუკეთესო ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ვეამ იმ წელს ბაჯოსა და კაპელოსთან ერთად “სკუდეტო” მოიგო. გარდა ამისა მის კოლექციას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება და “ოქროს ბურთიც” შეემატა. დღეს კი ეს უკანასკნელი მშობლიური ლიბერიის პრეზიდენტია.


FIFA 98 და FIFA 99. რონალდო (97) – “ინტერი”

ორივე წელს “კიჭა” საუკეთესო იყო და ამაზე სადავო არაფერია – რონალდო იტალიის ჩემპიონი გახდა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად იქნა დასახელებული FIFA-ს მიერ, “ოქროს ბურთი” და “ოქროს ბუციც” მოიგო. და კიდევ, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ის საუკეთესოდ დაასახელეს. ამ ორი წლის მანძილზე EA-ს დიდი ფიქრი არ დასჭირვებია, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ნომერ პირველი.


FIFA 2000. ზინედინ ზიდანი(96) – “იუვენტუსი”

ერთადერთი, ვისაც რონალდოსთვის საუკეთესოს ტიტული ჩამორთმევა შეეძლო, ზინედინ ზიდანი იყო და ასეც მოხდა. ფრანგი სპეციალისტი თამაშის გამოშვებისას უკვე ფლობდა “ოქროს ბურთსა” და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. ზიზუ “იუვენტუსსაც” ეხმარებოდა – მან “ბებერ ქალბატონთან” ერთად ჩემპიონობა 97, 98 და 99 წლებში მოიპოვა და კლუბს ინტერტოტოს თასიც მოაგებინა.


FIFA 2001. პოლ სქოულზი(95) – “მანჩესტერ იუნაიტედი”

ვიდეოთამაშში იტალიის ჩემპიონატის “მხატვრების” ჰეგემონია პირველად პოლ სქოულზმა დაარღვია. თუმცა, ბევრი EA-ს გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა და ალბათ, მართალიც იყვნენ – იმ წელს ოქროს ბურთი რივალდომ მიიღო, ევროპის ჩემპიონი კი ზიდანი გახდა. შესაძლოა, სქოულზი ნამდვილად არ იმსახურებდა ამ ტიტულს, მაგრამ ეს ყველაზე უცნაური შემთხვევა არ არის, რომელიც ჩვენს რეიტინგში მოხვდა.


FIFA 2002. ლუიშ ფიგუ (97) – “რეალი”

ფიგუ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად 2000 წელს იყო აღიარებული. მისი ხმაურიანი ტრანსფერი “ბარსელონადან” “რეალში” იმ დროს განხილვის მთავარი თემა იყო და ალბათ, ამანაც იქონია გავლენა ვიდეოთამაშის მფლობელთა გადაწყვეტილებაზეც.


FIFA 2003. მატეო ბრიგი (97) – “პარმა”

2003 წელს სიმულატორში საუკეთესო მატეო ბრიგი იყო, რომელიც მაქსიმუმ საუკეთესო ახალგაზრდა იტალიელის სტატუსს იმსახურებდა. არ არის გამორიცხული, თამაშის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე EA-ს ოფისში დიდი ჩემოდნით ბრიგის აგენტი მისულიყო. ფაქტია, რომ ბრიგი დღესაც აქტუალურია თამაშში – “პერუჯიას” რიგებში.


FIFA 2004. რონალდო (98) – “რეალი”

რონალდო 2004 წლის ვერსიაშიც საუკეთესო იყო, თუმცა, ამჯერად, ამასთან დაკავშირებით გაცილებით მეტი კითხვა იყო. საქმე ისაა, რომ იმ დროს საუკეთესოობაზე პრეტენზიას სამართლიანად აცხადებდნენ პრეტენზიას ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ანდრეი შევჩენკო და პაულ ნედვედი.


FIFA 2005. ჯანლუიჯი ბუფონი (97) – “იუვენტუსი”, ტიერი ანრი (97) – “არსენალი”

შეიძლება ითქვას, რომ 2005 წლიდან FIFA-მ მეკარეების დაფასება დაიწყო და საუკეთესოების ტიტულს ერთმანეთში იკერ კასილასი და ჯიჯი ბუფონი იყოფდნენ. ბუფონთან ერთად ვიდეოთამაშის იმ ვერსიაში საუკეთესო “ოქროს ბურთის” მფლობელი ტიერი ანრიც გახლდათ.


FIFA 2006. რონალდინიო (95) – “ბარსელონა”, იკერ კასილასი(95) – “რეალი”

მეკარეებს შორის 2006-ში საუკეთესო კასილასი იყო, რაც საკმაოდ უცნაურია – “რეალმა” იმ სეზონში ყველაფერი წააგო, ნაკრებსაც არაფერი მოუგია. გარდა ამისა, საერთაშორისო ასპარეზზე ბუფონის გარდა პეტერ ჩეხი, იენს ლემანი და ვან დერ საარი უნაკლოდ ასპარეზობდნენ. იკერს კი არაფერი გაუკეთებია, რომ ასეთი რეიტინგი დაემსახურებინა.

რაც შეეხება რონალდინიოს, ბრაზილიელმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საუკეთესოდ ეღიარებინათ (ოქროს ბურთი და ესპანეთის ჩემპიონობა).


FIFA 2007. ჯანლუიჯი ბუფონი (92) – “იუვენტუსი”, უეინ რუნი (92) – “მანჩესტერ იუნაიტედი”

2007 წელს საუკეთესოების რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა. მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ბუფონმა კასილასს გადაასწრო, რონალდინიო კი რუნიმ შეცვალა, რომელიც იმ დროს საუკეთესო ნამდვილად არ იყო. რამდენადაც ვხვდებით, EA-მ რუნის არჩევისას მისი სამომავლო პერსპექტივა უფრო გაითვალისწინა, ვიდრე რეალობა.


FIFA 2008. ჯანლუიჯი ბუფონი (91) – “იუვენტუსი”, რონალდინიო (91) – “ბარსელონა”, კრიშტიანუ რონალდუ (91) – “მანჩესტერ იუნაიტედი”

ჯანლუიჯი ბუფონი კვლავ საუკეთესოდ მიიჩნეოდა და მას ორი “რო” დაუწყვილეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ დროს იწყებოდა ბრაზილიელი რონალდინიოს დასასრულის დასაწყისი და კრიშტიანუს ბრწყინვალების პირველი ეტაპი.


FIFA 2009. იკერ კასილასი (91) – “რეალი”, კრიშტიანუ რონალდუ (91) – “მანჩესტერ იუნაიტედი”

კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგისა და ოქროს ბურთის მოგებით ყველა კითხვას თავად გასცა პასუხი – მიუხედავად ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გამოსვლისა, კრიშტიანუ მაინც საუკეთესო იყო იკერ კასილასთან ერთად.


FIFA 2010. იკერ კასილასი (90) – “რეალი”, ლიონელ მესი (90) – “ბარსელონა”

მართალია, კრიშტიანუსთვის ეს სეზონის საკმაოდ პროდუქტიული იყო, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ ფინალი ლეო მესის “ბარსელონასთან” დათმო, ყველაფერი გადაწყვიტა.მართალია, კასილასმა საუკეთესოს ტიტული დაიბრუნა, თუმცა ეს ბოლო შემთხვევა იყო, როდესაც თამაშში საუკეთესო რეიტინგი მეკარეს ჰქონდა.


FIFA 2011-2016 – ლიონელ მესი (91, 94, 94, 94, 93, 94) – “ბარსელონა”


FIFA 2017 და 2018 – კრიშტიანუ რონალდუ (94,94) – “რეალი”

ბუნებრივია, EA Sport-იც იძულებულია, დღევანდელ რეალობას შეეგუოს და შესაბამისად, ბოლო 7 წელია, რაც ხელმძღვანელები საუკეთესოს მსოფლიო ფეხბურთის ორი მეფიდან ირჩევენ – კრშტიანუსა და ლიონელისგან.

FIFA-ს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი (ფოტო)

კომპიუტერული საფეხბურთო თამაში FIFA უკვე 24 წელია ყოველწლიურად გამოდის.

Goal.Com-ი გვთავაზობს FIFA-ს ისტორიაში საუეკთესო (რეიტინგის მიხედვით) ფეხბურთელთა თერთმეტეულს.

ბუფონი, კარლოსი, ნესტა, იერო, ტურამი, რონალდუ, რონალდინიო, ზიდანი, ფიგუ, ანრი, რონალდო.

 

ფიფამ მალის ფეხბურთის ფედერაციას წევრობა შეუჩერა

ფიფამ მალის ფეხბურთის ფედერაციას ორგანიზაციის წევრობა შეუჩერა. ამის მიზეზი ფედერაციის საქმიანობაში ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევა გახდა. მალის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი დაიშალა. როგორც ირკვევა, ამის ინიციატორი მალის სპორტის მინისტრი ჰუსეინ ამიონ გინდო იყო, რაც გახდა კიდეც ფიფაში წევრობის შეჩერების საფუძველი.

ფედერაციის მართვის მიზნით შეიქმნა დროებითი კომიტეტი.

ფიფა აღნიშნავს, რომ მალის ფეხბურთის ფედერაციას ორგანიზაციის წევრობა იმ შემთხვევაში აღუდგება, თუ სპორტის სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილების ანულირება მოხდება.

რონალდუ: “მე ფეხბურთის ისტორიის ნაწილი ვარ”

9 იანვარს FIFA-ს გრანდიოზული დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ რამდენიმე ნომონაციაში. საგულსიხმოა, რომ წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ჯილდო პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ მოიპოვა.

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ჯილდოს მოგების შემდეგ, FIFA-ს ოფიციალურ გევრდთან ისაუბრა.

“უკვე აღარ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ფეხბურთის ისტორიის ნაწილი ვარ.”

“როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე, ჩემი მთავარი მიზანი არა მხოლოდ პროფესიონალი ფეხბურთელობა, არამედ ვარსკვლავობა და უმაღლესი მიზნების მიღწევა იყო. ვფიქრობ, ეს ყველაფერი შევძელი. ეს მხოლოდ სიტყვები არაა. ჩემს ნათქვამს მოგებული გუნდური ტიტულები და ინდივიდუალური ჯილდოები ადასტურებს.”

“მინდა, გითხრათ, რომ ამ ასაკშიც არ ვაპირებ გაჩერებას. ნებისმიერი პატარა წარმატებაც კი მაძლევს, უფრო და უფრო, მეტ მოტივაციას. ნებისმიერი ტიტული თუ ჯილდო მაძლიერებს და ბევრი შრომის სტიმულს მაძლევს,” – განაცხადა 31 წლის სპორტსმენმა.

ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა

ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებებს შორის 12 ნოემბერს გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობისას დაფიქსირებული დარღვევების გამო მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სფფ-ს ფულადი ჯარიმა დაუწესა.

კერძოდ, ტრიბუნაზე ცეცხლგამჩენი მოწყობილობების აღმოჩენისა და მოედანზე უცხო ნივთების სროლის გამო სფფ-ს ჯარიმის სახით 3 ათასი შვეიცარული ფრანკის გადახდა მოუწევს. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ ფიფასგან გაფრთხილებაც მიიღო.

დარღვევები საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებებს შორის 5 სექტემბერს გამართულ შეხვედრაშიც დაფიქსირდა, მაგრამ მაშინ ფიფა მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს 23 პრეტენდენტი დაასახელა

ფიფამ 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს პრეტენდენტები დაასახელა.

ამ წოდების მოპოვებისთვის ერთმანეთს შემდეგი 23 მოთამაშე შეეცილება:

  • სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”)
  • გარეტ ბეილი (“რეალი”)
  • ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”)
  • კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”)
  • კევინ დე ბრეინე (“მანჩესტერ სიტი”)
  • ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”)
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
  • ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”)
  • ნგოლო კანტე (“ლესტერ სიტი”)
  • ტონი კროოსი (“რეალი”)
  • რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”)
  • რიად მაჰრეზი (“ლესტერ სიტი”)
  • ლიონელ მესი (“ბარსელონა”)
  • ლუკა მოდრიჩი (“რეალი”)
  • მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”)
  • ნეიმარი (“ბარსელონა”)
  • მესუთ იოზილი (“არსენალი”)
  • დიმიტრი პაიე (“ვესტ ჰემი”)
  • პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
  • სერხიო რამოსი (“რეალი”)
  • ალექსის სანჩესი (“არსენალი”)
  • ლუის სუარესი (“ბარსელონა”)
  • ჯეიმი ვარდი (“ლესტერ სიტი”)

გამოკითხვა დიფერენცირებული სისტემით ჩატარდება. ხმათა 50 პროცენტი ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელებისა და კაპიტნების გამოკითხვით შეიკრიბება, დანარჩენ 50 პროცენტში კი ჟურნალისტთა და გულშემატკივართა პოზიცია იქნება გამოხატული. 2 დეკემბერს ფიფა ჯილდოს მოპოვების სამ პრეტენდენტს დაასახელებს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 2017 წლის 9 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

ფიფას განახლებული რეიტინგი: რომელ ადგილზეა საქართველო?

დღეს, 15 სექტემბერს ფიფამ კაცთა საფეხბურთო ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ფიფას მონაცემებით ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა 19 ადგილით უკან დაიწია და ახლა 137-ე პოზიციას იკავებ.

რაც შეეხება ქვეყნების პირველ ათეულს, ეს სია ასე გამოიყურება: