პრიმერადივიზიონის რომელ კლუბს აქვს ყველაზე დიდი მოედანი?

საფეხბურთო წესების თანახმად, სათამაშო მოედნის ზომები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს. დღევანდელი დებულებით გვერდითი ხაზის ზომა 90-120 მეტრი, კარის ხაზის ზომა კი – 45-90 მეტრი უნდა იყოს. საინტერესოა, ესპანეთის პრიმერადივიზიონში მოთამაშე კლუბებიდან, რომელს აქვს ყველაზე დიდი მოედანი.

გასაკვირია, მაგრამ პრიმერადივიზიონში ყველაზე დიდი მოედანი არც მადრიდის „რეალს“ და არც „ბარსელონას“ არ ეკუთვნის.

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის თანახმად, ყველაზე დიდი მოედანი „ელჩეს“ აქვს. „მანუელ მარტინეს ვალეროს“ სტადიონის მოედნის ზომებია 108×70 მეტრზე. სიდიდით მეორე ადგილზეა „ბეტისის“ არენა „ბენიტო ვილამარინის“ მოედანი – 107×68 მეტრზე. მესამე–მეოთხე პოზიციებს იყოფენ „ხეტაფეს“ სტადიონ „კოლიზეუმ ალფონსო პერესისა“ და „რეალ სოსიედადის“ სტადიონ „ანოეტას“ მოედნები, რომელთა ზომებია 105×70 მეტრზე.

ყველაზე პატარა მოედნები „რაიო ვალეკანოსა“ და „ოსასუნას“ არენებზეა – შესაბამისად, 100×65 მეტრზე და 105×67.5 მეტრზე.

„სანტიაგო ბერნაბეუს“, „კამპ ნოუს“, „ვისენტე კალდერონის“ და პრიმერადივიზიონში მოთამაშე უმეტეს კლუბთა სტადიონების მოედნებს ფიფას მიერ რეკომენდირებული ზომები აქვს: 105×68 მეტრზე.

ბექა დოგრაშვილი

“ბარსელონას” ფეხბურთელები FIFA 14-ის ჩემპიონატში

გასულ დღეებში, ესპანეთში, FIFA 14-ის თამშში ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები შეეჯიბრნენ, რომელშიც საბოლოოდ, გამარჯვებულები მარტინ მონტოია და კრისტიან ტელო გახდნენ.

ზეპ ბლატერმა სტატისტიკური შეცდომა დაუშვა

ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის განხილვის დროს უხეში შეცდომა დაუშვა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა „რაჯა კასაბლანკა“ ტურნირის მასპინძელ პირველ გუნდად მოიხსენია, რომელმაც ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

„აფრიკის ჩემპიონი („ალ აჰლი“) ტურნირიდან გამოვარდა, მასპინძელი კი ფინალისთვის ემზადება. ისტორიაში პირველად მოხდება, რომ ფინალურ მატჩში ერთმანეთს ორი კონტინენტის ჩემპიონი არ შეხვდება, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ფინალის მონაწილეები ტურნირის საუკეთესო გუნდებია“, – აღნიშნა ბლატერმა.

თავად ბლატერმა 2000 წლის 14 იანვარს პირადად გადასცა „კორინთიანსის“ კაპიტან ფრედი რინკონს საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის თასი. მაშინ „კორინთიანსი“ ტურნირზე სწორედ მასპინძლის სტატუსით თამაშობდა. ბრაზილიურმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის „რეალს“ აჯობა, ფინალურ მატჩში კი, პენალტების სერიაში „ვასკო და გამა“ დაამარაცხა. ეს იყო პირველი საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი. კომერციული მიზეზის გამო, მომდევნო ტურნირი 2005 წელს შედგა, ჩემპიონი კი „სან პაულო“ გახდა.

ბექა დოგრაშვილი

ფიფას დეკემბრის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა

დღეს ფიფას დეკემბრის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა. საქართვლოს კუბისა და ლიტვის ნაკრებებს შორის ამჯერადაც 101-ე პოზიცია აქვს დაკავებული.

რაც შეეხება რეიტინგის ზედა ათეულს, არც აქ მომხდარა რაიმე ცვლილება. სიას კვლავ ესპანეთის ნაკრები ლიდერობს, მეორე ადგილი გერმანიას აქვს დაკავებული, მესამე კი არგენტნა გახლავთ.

ადგილი: ნაკრები:
1. ესპანეთი esp
2. გერმანია esp
3. არგენტინა esp
4. კოლუმბია esp
5. პორტუგალია esp
6. ურუგვაი esp
7. იტალია esp
8. შვეიცარია esp
9. ჰოლანდია esp
10. ბრაზილია esp

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „ჩემთვის „ოქროს ბურთი“ აღარ არსებობს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვა ყალბდება, რის გამოც მისთვის ეს ჯილდო აღარ არსებობს.

„ამის შესახებ ყველამ იცის, თუმცა არაფერი არ იცვლება. ოფიციალურად არავინ არაფერს არ ამბობს, თუმცა ყველამ ყველაფერი იცის. გასულ წელს მთლიანი ინფორმაცია გადააკეთეს. აქედან გამომდინარე, მტკიცებულება არ არის საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ ყველაფერს ერთი კაცი წყვეტს.

პანდევმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი ხმა გააყალბეს, თუმცა მის სიტყვებს არავინ გამოეხმაურა. ამის შემდეგ ჩემთვის „ოქროს ბურთი“ აღარ არსებობს“, – აღნიშნა მოურინიომ.

ბექა დოგრაშვილი

კასილასმა მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის პროცედურა დაიწუნა

ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა იკერ კასილასმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის შედეგები შეაჯამა და თქვა, რომ „ფურია როხა“ საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ესპანელები B ჯგუფში ჰოლანდიის, ჩილეს და ავსტრალიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ. კასილასმა არც თავად წილისყრის პროცედურა მოიწონა.

„ხანდახან რთულია იმის გაგება, თუ როგორ ტარდება წილისყრა. ეს განსაკუთრებით კოეფიციენტებს ეხება. მეტოქეებს ჩვენ არ ვირჩევთ. ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, ეს თამაში და მოგების იმედია.

არ ვეთანხმები წილისყრის ამგვარ პროცედურას. საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით: ჰოლანდიის ნაკრები, რომელმაც შესანიშნავად განვლო შესარჩევი ეტაპი, ჩილეს ნაკრები, რომელთანაც ბოლო სამი წელიწადია, ცუდად ვთამაშობთ.

ოთხი წლის წინათ, სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში დავმარცხდით, თუმცა შემდეგ ისეთ გუნდებს მოვუგეთ, როგორებიც გერმანია და იტალია გახლავთ.

ასე რომ, ტურნირი რაც შეიძლება კარგად უნდა დავიწყოთ, რათა სამი ქულა ავიღოთ. ვიცი, რომ ხალხი ესპანეთის ნაკრებს ფავორიტად თვლის, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაფერი მოვიგეთ.

თუმცა, ისიც მესმის, რომ ჩვენი მეტოქეები ჩვენს წინააღმდეგ 100 პროცენტით თამაშობენ. ყველას სურს ჩემპიონობა.

ბრაზილიაში იმისთვის მივდივართ, რომ სამხრეთ აფრიკაში მოგებული ტიტული დავიცვათ. ვეცდებით, ხალხმა ჩვენით ისევ იამაყოს. გპირდებით, რომ ამისთვის დიდ ძალისხმევას გავიღებთ და სასურველი შედეგის მიღწევის იმედიც გვაქვს“, – კასილასის სიტყვები Football Espana-მ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

2014 წლის მუნდიალი – ქვეჯგუფები ოფიციალურად დაკომპლექტდა

დასრულდა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა. 32 გუნდი 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა, თუმცა წილისყრის პროცესის დაწყებამდე ვნახეთ რამდენიმე ვიდეორგოლი, მოვუსმინეთ მუსიკალურ კომპოზიციებსაც.

თავდაპირველად სცენა ორმა პრეზიდენტმა დაიკავა – დილმა რუსეფმა – ბრაზილიის პირველმა პირმა და ზეპ ბლატერმა – ფიფას ხელმძღვანელმა. ჯერ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ნელსონ მანდელას ხსოვნას, შემდეგ კი, მეტად ემოციურ ფორმებში ისაუბრეს დამდეგი მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ. „ფეხბურთი გულშემატკივართა თამაშია“, – ალბათ, ეს გახლდათ მათი გამოსვლის მთავარი სათქმელი.

შემდეგ სცენაზე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე მუნდიალის ტიტულით ხელში გამოვიდა – ესეც ერთგვარი რიტუალი თასის გადაცემისა.

ტურნირის ოფიციალური ბურთი „ბრაზუკა“ რონალდომ წარადგინა, ოფიციალური თილისმა „ფულეკო“ კი – ბებეტო და მარტამ.

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა სიტყვით ისიც გამოვიდა.

წილისყრის დაწყებამდე მეოთხე კალათიდან შემთხვევითი წესით იტალიის ნაკრებმა მეორე კალათაში გადაინაცვლა. შესაბამისად, კალათებში გუნდების რაოდენობა გათანაბრდა და როგორც იქნა, წილისყრისთვის ყველაფერი გამზადდა. საბოლოო ჯამში, ნაკრებები ასე გადანაწილდნენ:

 ჯგუფი A
 1.  ბრაზილია  
 2.  ხორვატია  
 3.  მექსიკა  
 4.  კამერუნი  

 

 ჯგუფი B
 1.  ესპანეთი  
 2.  ჰოლანდია  
 3.  ჩილე  
 4.  ავსტრალია  
 ჯგუფი C
 1.  კოლუმბია  
 2.  საბერძნეთი  
 3.  კოტ დივუარი  
 4.  იაპონია  
 ჯგუფი D
 1.  ურუგვაი  
 2.  კოსტა რიკა  
 3.  ინგლისი  
 4.  იტალია  
 ჯგუფი E
 1.  შვეიცარია  
 2.  ეკვადორი  
 3.  საფრანგეთი  
 4.  ჰონდურასი  
 ჯგუფი F
 1.  არგენტინა  
 2.  ბოსნია-ჰერცეგოვინა  
 3.  ირანი  
 4.  ნიგერია  
 ჯგუფი G
 1.  გერმანია  
 2.  პორტუგალია  
 3.  განა  
 4.  აშშ  
 ჯგუფი H
 1.  ბელგია  
 2.  ალჟირი  
 3.  რუსეთი  
 4.  კორეა  

 ბექა დოგრაშვილი

ფიფამ წლის საუკეთესო ნახევარმცველთა სია გამოაქვეყნა

ფიფამ იმ ნახევარმცველთა სია გამოაქვეყნა, რომელთაც წლის სიმბოლურ ნაკრებში შესვლის შანსი ექნებათ.

სიაში მადრიდის „რეალის“, კატალონიის „ბარსელონასა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელები სჭარბობენ.

წლის საუკეთესო ნახევარმცველთა გაფართოებული სია ასე გამოიყურება:

ჩაბი ალონსო, გარეტ ბეილი, ისკო (ყველა „რეალი“), სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა, ჩავი (ყველა „ბარსელონა“), მესუთ იოზილი („არსენალი“), სტივენ ჯერარდი („ლივერპული“), არტურო ვიდალი, ანდრეა პირლო (ორივე „იუვენტუსი“), მარკო როისი („ბორუსია“ დ.), ფრანკ რიბერი, არიენ რობენი, ბასტიან შვაინშტაიგერი (ყველა „ბაიერნი“), იაია ტურე („მანჩესტერ სიტი“).

საუკეთესო თავდამსხმელების გაფართოებული სია 9 დეკემბერს გამოქვეყნდება.

ბექა დოგრაშვილი

რონალდო: „ბრაზილიისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის შეხვდება“ (ინტერვიუ)

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ, რომელმაც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ელჩის როლი მოირგო, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ რონალდოსთან ჩაწერილ ინტერვიუს.

– ვინ არიან დამდეგი მუნდიალის ფავორიტები?
– რა თქმა უნდა, მე მშობლიურ ბრაზილიას დავასახელებ. მთავარი კონკურენტი გერმანიის ნაკრები იქნება. შემდეგ ესპანელები და არგენტინელები მოდიან, რომელთაც არასასიამოვნო სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლიათ. ლუიშ ფელიპე სკოლარის მჯერა. მან იცის, რას აკეთებს და ეს კონფედერაციის თასზეც დაამტკიცა. ვის ველი მეტოქედ? არა მგონია, ბრაზილიისთვის ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.

– ბრაზილიის ნაკრები ამდენად ძლიერია?
– ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ პირველად მოხდა, რომ შემადგენლობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ არის. სკოლარის გუნდში საუკეთესოები არიან. ის უდიდესი მოტივატორია და ნაკრებიც სწორ გზაზე დგას.

– არ ფიქრობთ, რომ დიდმა მოლოდინმა შეიძლება ცუდი სამსახური გაგიწიოთ?
– არა. პირიქით კი მგონია. ხალხის სიყვარული გვეხმარება. როდესაც კონფედერაციის თასის ფინალური მატჩის წინ მთელი სტადიონი ბრაზილიის ჰიმნს ხმის ჩახლეჩამდე მღეროდა… იცით, ეს არის ფეხბურთის ნამდვილი სული.

– რას ფიქრობთ ფიფას რეიტინგზე, რომლის თანახმადაც, ისეთი გუნდები, როგორებიც არის იტალია და ჰოლანდია, განთესილებს მიღმა აღმოჩდნენ?
– ჩემი აზრით, ეს რეიტინგი სამართლიანად აღწერს გუნდების ძალას მსოფლიოს მასშტაბით. ფიფას რეიტინგი გვიჩვენებს, თუ რომელი გუნდია ძლიერი კონკრეტულ მომენტში. მაღალი რეიტინგი ჩემპიონატის მოგების გარანტიას არ იძლევა. მაგალითად, განთესილებს შორის არ არის ბევრი ძლიერი ნაკრები, რადგან ეს გუნდები ბოლო პერიოდში კარგად არ გამოიყურებოდნენ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუნდიალზე მათ ხელები უნდა ჩამოუშვან.

– როგორ ფიქრობთ, ის ფაქტი, რომ მატჩები უჩვეულო დროს გაიმართება, რამდენად დიდ როლს ითამაშებს მუნდიალზე?
– მატჩები არც ისე ადრე დაიწყება. ვიცი, რომ ფიფამ ექიმებთან, ფიზიოთერაპევტებთან და მწვრთნელებთან გარკვეული სახის კონსულტაციები გაიარა. წინათ მსოფლიოს ჩემპიონატები ცხელ ამინდში იმართებოდა და მატჩებიც ადრე იწყებოდა. ვიცი, რასაც ვამბობ. 1994 წლის აშშ-ის მუნდიალზე დღის საათებში ვთამაშობდით.

– ბევრს აშფოთებს სტადიონების მდგომარეობა სან-პაულუში, კუიაბასა და კურიტიბაში.
– ადრე თუ გვიან სტადიონები მზად იქნება, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს, თუმცა რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება. ეს სატესტო ღონისძიების, მოედნების, ტრიბუნების, ტექნიკური დეტალების შემოწმების საშუალებას მოგვცემს. დიდი იმედი მაქვს, არენებს ჩემპიონატის სტარტამდე გამოვცდით.

– მსოფლიოს ჩემპიონატებზე 15 გოლი გაქვთ გატანილი და ეს სარეკორდო მაჩვენებელია, თუმცა მიროსლავ კლოზეს დამდეგ ზაფხულს ამ რეკორდის გაუმჯობესების შანსი მიეცემა…
– კი ბატონო, ძალიან მომიახლოვდა და იმედი მაქვს, ვერ დამეწევა (იცინის). სერიოზულად თუ მივუდგებით, რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ ისინი დაამხო. მე თავად გავაუმჯობესე ვიღაცის მიღწევა და ერთხელაც მოვა დრო, როცა სხვები აჩვენებენ ჩემზე კარგ შედეგებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გოლებს ღირებულება დაეკარგება. თითოეული გატანილი გოლით დღემდე ვამაყობ.

– რას იტყვით ნეიმარის პროგრესის შესახებ?
– ნეიმარი ევროპაში სრულიად ახალგაზრდა წავიდა, თუმცა ვფიქრობ, ის ადაპტირებას გაივლის და ბევრ რამესაც ისწავლის. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობ, უფრო სწრაფად პროგრესირებ. დარწმუნებული ვარ, ნეიმარი პლანეტის უდიდეს მოთამაშედ იქცევა. ის „ბარსელონას“ ძალიან კარგად მოერგო. მას ესპანეთში უკეთ გაიცნობენ და ეს ისევ ჩვენს ნაკრებს წაადგება.

ბექა დოგრაშვილი

რონალდოს ვარაუდი, თუ ვინ მოიგებს „ოქროს ბურთს“

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს შორის თავისი ფავორიტი დაასახელა. ფეხბურთის სპეციალისტები სამ მთავარ კანდიდატს გამოყოფენ – მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ, „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი და მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი.

„ვფიქრობ, „ოქროს ბურთს“ კვლავ მესი მოიგებს.

მესიმ გასულ ხუთ წელიწადში საკმაოდ ბევრი მატჩი ჩაატარა და მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს ვარსკვლავად იქცა. მისი ტრავმა სერიოზული არ არის და დასვენებით ბატარეების შევსება შეუძლია“, – რონალდოს სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

თავად რონალდოს „ოქროს ბურთი“ კარიერაში ორჯერ აქვს მოგებული – 1997 და 2002 წლებში.

ბექა დოგრაშვილი

2014 წლის მუნდიალი – კალათების ოფიციალური შემადგენლობა

ფიფამ ოფიციალურად გაამხილა კალათების შემადგენლობა, რითაც მოხდება 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრის განსაზღვრა.

კალათა I: არგენტინა, ბრაზილია, ბელგია, კოლუმბია, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, ურუგვაი;

კალათა II: ალჟირი, კამერუნი, ჩილე, კოტ დივუარი, ეკვადორი, განა, ნიგერია;

კალათა III: ავსტრალია, კოსტა რიკა , ჰონდურასი, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა, მექსიკა, ამერიკის შეერთებული შტატები;

კალათა IV: ბოსნია/ჰერცეგოვინა, ხორვატია, ინგლისი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუსეთი.

როგორც ხედავთ, მეორე კალათაში 7 გუნდია, მეოთხეში კი – 9. წილისყრის დაწყებამდე მეოთხე კალათიდან შემთხვევითი წესით ერთი გუნდი მეორე კალათაში გადაინაცვლებს. შესაბამისად, 32 გუნდი ოთხ კალათაში თანაბრად გადანაწილდება, რის შემდეგაც ნაკრებები A, B, C, D, E, F, G და H ჯგუფებში განითესებიან.

წილისყრა 6 დეკემბერს გაიმართება.

 

რონალდუ: „ტელეფონი არ მაქვს“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა, რომ ზეპ ბლატერი მას ბოდიშის მოსახდელად ვერ დაურეკავდა, რადგან პორტუგალიელს ტელეფონი არ აქვს. რონალდუმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელთან დაკავშირებული ისტორია ნაკლებად აინტერესებს. დაახლოებით ერთი თვის წინათ, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ბლატერმა რონალდუს მესისთან შედარებისას აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას.
მოგვიანებით ბლატერმა ამ სიტყვებისთვის ბოდიშიც მოიხადა.

რადიო „მარკას“ ჟურნალისტი პაკო გარსია კარიდადი დაინტერესდა, დაურეკა თუ არა ბლატერმა რონალდუს პირადად ბოდიშის მოსახდელად.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ასეთი პასუხი გასცა:

„ტელეფონი არ მაქვს. (იცინის) ჩემს მდივანს კი აქვს, მაგრამ მე არ ვიყენებ. არ მადარდებს“.

ესპანური გამოცემა „მარკას“ მიერ დაწესებული ალფრედო დი სტეფანოს ჯილდო, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისთვის არის განკუთვნილი, გუშინ სწორედ რონალდუს გადაეცა.

ჟურნალისტი იმითაც დაინტერესდა, დაესწრება თუ არა რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალს. პორტუგალიელმა ამ კითხვას თავი დიპლომატიურად აარიდა.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დი სტეფანოს ჯილდოს მიღება. დიდი პატივია, რომ პრიზი თავად მან გადმომცა. ძალიან გახარებული ვარ. აი, რა არის ჩემთვის ღირებული“.

 

ბექა დოგრაშვილი